FM97.5 / LIVE

ხმაურით შეჩერებული პროექტი ურაველში – რატომ ვერ გრძელდება საირიგაციო სისტემის მშენებლობა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 11.09.2018
ურაველში, ადგილობრივების პროტესტით შეჩერებული პროექტი, რომელიც ექვსი სოფლის გასარწყავიანებას გულისხმობს, 30 წლის წინ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. ამ პროექტის ნაწილი გასაიდუმლოებულია, მშენებლობას კი აწარმოებს ახალციხის მერის ყოფილი კომპანია, რომელსაც ახლა მისი ცოლისძმა ფლობს.

ხმაურით შეჩერებული პროექტი ურაველში  – რატომ ვერ გრძელდება საირიგაციო სისტემის მშენებლობა

ახალციხეში, სოფელ წყორძაში მცხოვრებ ნონა კორტს წელს კარტოფილის ცუდი მოსავალი აქვს. მიზეზი უწყლობაა: „არ იკეთებს თავებს, ძალიან წვრილი ბოლქვები აქვს. თუ არ იწვიმა იმ წელს მოსავალი არასდროს გვაქვს“.

წყორძაში თითო კომლს, დაახლოებით ერთი ჰექტარი მიწა აქვს, თუმცა იმის გამო, რომ სარწყავი სისტემა არ არსებობს, მხოლოდ ნაწილზე თესავენ, ნაწილზე კი ბალახს თიბავენ. იქაურებს სჯერათ, რომ სოფლიდან ხალხის წასვლის მიზეზიც ესაა, მოსახლეობა განახევრებულია, 50–მდე კომლიდან ახლა წყორძაში 27 ოჯახიღა ცხოვრობს.

ხმაურით შეჩერებული პროექტი ურაველში  – რატომ ვერ გრძელდება საირიგაციო სისტემის მშენებლობასახნავ–სათესი ფართობების ნაწილი აუთვისებელია ანდრიაწმინდაშიც. „ჰექტარნახევარი მაქვს, მაგრამ რომ დავთესო რა აზრი აქვს?! უწყლოდ არაფერი მოდის. აქ რომ წყალი იყოს, მეტ მოსავალს მივიღებდით, გლეხი წინ წავიდოდა, მეხილეობაც განვითარდებოდა და სოფლიდან წასვლაზე აღარავინ იფიქრებდა“, – გვეუბნება ანდრიაწმინდელი გოჩა ინასარიძე.

ახალციხის მერიაში ამბობენ, რომ ამ ორი სოფლის გასარწყავიანება მხოლოდ ურავლის წყლით შეიძლება.

თუმცა, ურავლის წყალზე იმ პროექტის მშენებლობა, რომელიც ახალციხეში ექვსი სოფლის და მათ შორის, ანდრიაწმინდა–წყორძის გასარწყავიანებასაც გულისხმობს, ოთხი თვის წინ შეჩერდა.

შეჩერებული პროექტი


პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ (CIPDD) იაპონიის საელჩოს დაფინანსებით ახორციელებს. საელჩომ ღრელის, ჭაჭარაქის, მინაძის, წყორძის, ახალშენისა და ანდრიაწმინდის თვითდინებით გასარწყავიანებისთვის 209 575 ლარი გამოყო. ამ თანხას ახალციხის ბიუჯეტიდან 37 723 ლარიც დაემატა. საირიგაციო სისტემით 287 ჰექტარი უნდა გასარწყავიანდეს.

სისტემა სათავეს ურავლის წყაროს წყლებიდან იღებს. აქედან წლების წინ ახალციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა. პროექტი სწორედ იმ არსებული სისტემის აღდგენას და ექვსი სოფლის ნაკვეთებამდე ქსელის მოეწყობას გულისხმობს.

ურაველში პროექტის განხორციელება ისე დაიწყო, რომ ამის შესახებ ადგილობრივებმა მხოლოდ სოფელში მშენებლების გამოჩენის შემდეგ გაიგეს. მათ ახალციხის მერს ზაზა მელიქიძეს წერილობით (21.05.2018) მიმართეს, უსაყვედურეს და პროექტის შეჩერება მოითხოვეს.

„მდინარეზე განვითარებულია სათევზე მეურნეობა. ამჟამად ფუნქციონირებს, 15–მდე მოზრდილი საკალმახე, მათი წლიური ერთობლივი სიმძლავრე 25–30 ტონა სასაქონლო თევზია. ზაფხულობით ისედაც წყლის ნაკლებობაა და ეს დეფიციტი წყლის სარწყავად გამოყენების შემთხვევაში კიდევ უფრო გაიზრდება, რის გამოც თევზის წარმოება შემცირდება“, – ვკითხულობთ წერილში. ურავლელები ირწმუნებიან, რომ თუ სოფლიდან 300–მდე ჰექტრის მოსარწყავად წყალს წაიყვანენ, ხეობა დაშრება.

ხმაურით შეჩერებული პროექტი ურაველში  – რატომ ვერ გრძელდება საირიგაციო სისტემის მშენებლობათვითმმართველობაში წერილის შეტანიდან 18 დღის შემდეგ ზაზა მელიქიძემ ურავლელებთან საჯარო შეხვედრა გამართა. სხდომა ხუთსაათიანი ხმაურის ფონზე წარიმართა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ 300–მდე ჰექტრისთვის თვითდინებით წყლის წაყვანას არ დაუშვებდნენ, რადგან უწყლო სოფელი დაიცლებოდა, საკუთარი პოზიციის დასაცავად კი სასამართლოში ჩივილსაც არ მოერიდებოდნენ. მერი დიდხანს უმტკიცებდა ურავლელებს, რომ ხეობის დაშრობა გამორიცხული იყო, წყალს 270 მმ დიამეტრის მქონე მილებით გაიყვანდნენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ წყლის რაოდენობა დაიკლებდა, გადაკეტავდნენ.

საბოლოოდ, შეხვედრა ისე დასრულდა, რომ ადგილობრივებმა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მერმა და ურავლელებმა შეთანხმებას ვერც ამის შემდეგ, დაახლოებით, ერთ თვეში გამართულ შეხვედრაზე მიაღწიეს.

პროექტი 30 წლის წინ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა


„სამხრეთის კარიბჭემ“ იმის გასარკვევად თუ რას გულისხმობს პროექტი და რაზე დაყრდნობით ხორციელდება ის, CIPDD–დან და ახალციხის მერიიდან პროექტი, ასევე, მის განხორციელებამდე ჩატარებული კვლევები გამოითხოვა.

10–დღიანი ლოდინის შემდეგ, მერიიდან მივიღეთ პროექტის ხარჯთაღრიცხვა და გუგლის ამობეჭდილი რუკა, რომელზეც ის ადგილები იყო მონიშნული, სადაც მილები უნდა აღდგეს. არც ერთ, და არც მეორე დოკუმენტში არ ჩანს, თუ რა რაოდენობის წყლის აღებაა დაგეგმილი ურავლის ხეობიდან და აღდგენილი სისტემა რა პრინციპით იმუშავებს.

ხმაურით შეჩერებული პროექტი ურაველში  – რატომ ვერ გრძელდება საირიგაციო სისტემის მშენებლობაშეკითხვაზე, ჩატარდა თუ არა პროექტის დაწყებამდე რამე კვლევა, ახალციხის მერმა გარემოს დაცვის სამინისტროს 1963-1988 წლების კვლევაზე მიგვითითა. მისივე თქმით, ამ კვლევის მიხედვით, ურავლის წყლის რესურსი იმხელაა, რომ ახალ პროექტს თავისუფლად ეყოფა, - „მაისში წამში ჩამონადენი არის 10 500 ლიტრი, ივნისში 6 800, ივლისში 3 500, ანუ ეს იმ პერიოდში როცა რწყვის სეზონია. ყველაზე წყალმცირე პერიოდში, აგვისტო–სექტემბერში კი ჩამონადენი წამში 2 500 ლიტრია. ჩვენ კი აქედან, მხოლოდ 40 ლიტრი უნდა ავიღოთ. ეს ამ მდინარისთვის იმდენად მცირეა, რომ ვერც კი იგრძნობს“.

რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ სწორედ ამ ადგილზე შეკრებილი წყაროებით ახალციხე სასმელი წყლით მარაგდება, ზაზა მელიქიძე ამბობს, რომ ეს ირიგაციის პროექტის განხორციელებასთან კავშირში არ არის, რადგან წყლის დებეტი საკმარისზე მეტია: „430 დიამეტრის მილით მოდის დღეს ქალაქში წყალი. ის წამში 185 კუბურ მეტრზე მეტს ვერ ატარებს. პრაქტიკულად, 40 ლიტრზე მეტს ვერც ის 270 მმ დიამეტრის მქონე მილები გაატარებს, რომლებითაც ურაველში საირიგაციო პროექტს ვახორციელებთ“.

შეკითხვაზე, რამდენად შეიძლება დავეყრდნოთ 30 წლის წინანდელ მონაცემებს, მაშინ როცა ამ პერიოდში ქალაქის დიდი ნაწილი განაშენიანდა და წყლის მოხმარება გაორმაგდა კიდეც, ახალციხის მერი გვპასუხობს:„სულ რომ შემცირებული იყოს მარაგი და დავუშვათ დებეტი იყოს 3 500 ლიტრი წამში და აქედან ქალაქმა სასმელად 500 ლიტრი წამოიღოს, 3 000 ლიტრი მაინც გვრჩება და ეს დიდი მარაგია“.

CIPDD: სარეაბილიტაციო პროექტებს კვლევები და ნებართვები არ სჭირდება


პროექტის განმახორციელებელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან CIPDD–დან, წერილობით გამოთხოვილ ინფორმაციაზე, ვერცერთი დოკუმენტი ვერ მივიღეთ.

ორგანიზაციიდან მოგვწერეს, რომ მათ მიერ შემუშავებული პროექტი მერიიდან გამოთხოვილ ოფიციალურ ცნობებს დაეყრდნო. ეს დოკუმენტებია: „წყლის დებეტის (280 ლ/წმ), სისტემის დატვირთვის შედეგად მდინარის ხარჯის (4.3%); პროექტის შედეგად გასარწყავებული ნაკვეთების მიახლოებული ფართობის (287ჰა); ბენეფიციარების სავარაუდო რაოდენობის (638 შინამეურნეობა); სამუშაოების განხორციელების ადგილის და სარეაბილიტაციო წყალსადენის მუნიციპალიტეტის მფლობელობაში არსებობის; მდინარის წყლის სარწყავად ვარგისიანობის; რეაბილიტაციის შემდეგ ა(ა)იპ მელიორაციის მიერ სისტემის რეგულირების; სოფლებს შორის წყლის განაწილების და დაზიანების შემთხვევაში რეაბილიტაციის შესახებ“.

შეკითხვაზე, რამდენად მიზანშეწონილად მიაჩნიათ, წყლის დებეტთან დაკავშირებით, 30 წლის წინ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობა, პროექტის მენეჯერი, მერაბ ცინდელიანი გვპასუხობს: „სახელმწიფომ მოგვაწოდა ის ინფორმაცია რაც აქვს, რაც არ აქვს იმას ხომ ვერ მოგვაწვდიდა“.

მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, როცა პროექტი ეხება მხოლოდ არსებულის რეაბილიტაციას და არა რაიმე ახლის გაკეთებას, მას საქართველოს მთავრობის დადგენილებით (N 57. 2009 24 მარტი) ნებართვა, ან რაიმე კვლევის განხორციელება წინასწარ არ სჭირდება. ორგანიზაციაში, ვერც პროექტის სრული ვერსიის გასაჯაროების აუცილებლობას ხედავენ.

„რა უნდა გავასაჯაროვოთ?! მერიამ მოგცათ ტექნიკური რეგლამენტი, სადაც მოცემულია რა კეთდება, სად რომელი ქანჩი ეჭირება, სხვა რა გაინტერესებთ?!“ – კითხულობს ცინდელიანი და ამატებს, რომ სხვა ყველაფერი დანარჩენი სამმხრივი ხელშეკრულების ნაწილია და მისი გასაჯაროვების უფლება არ აქვს.

იყო თუ არა საჭირო წინასწარი კვლევა


„ეს სოფლების გასარწყავიანების პროექტია და რაიმე განსაკუთრებულთან შეხება არ გვაქვს. მითუმეტეს რომ ამაში ახალციხის მერია მონაწილეობს. ალბათ გაუჭირდება თვითმმართველობას დაასაბუთოს, თუ რატომ არაა საჯარო პროექტის დანარჩენი ნაწილი, ან თუნდაც სამმხრივი ხელშეკრულება“, – ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტი გიგი ჩიხლაძე.

მის პოზიციას იზიარებს გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე. მისი თქმით, ცინდელიანის განცხადება იმის შესახებ, რომ სარეაბილიტაციო პროექტებს ნებართვა და კვლევების ჩატარება არ სჭირდება, არასწორია: „2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნები, რომელის მიხედვითაც გარემოზე ზემოქმედების შეფასებას შეიძლება დაექვემდებაროს „სამელიორაციო სისტემის მოწყობა და ექსპლუატაციაც“.

ხმაურით შეჩერებული პროექტი ურაველში  – რატომ ვერ გრძელდება საირიგაციო სისტემის მშენებლობაქეთი გუჯარაიძის აზრით, ვინაიდან პროექტის მახასიათებლები უცნობია, გადაჭრით რთულია იმის თქმა, სჭირდება თუ არა დაგეგმილ საქმიანობას წინასწარი გარემოსდაცვითი შეფასება, თუმცა, ასეთი კვლევა რომ გაკეთებულიყო, ურაველში მოსახლეობის მღელვარებას თავიდან აიცილებდნენ, რადგან მოსახლეობას, შესაძლებლობა ექნებოდა, მონაწილეობა მიეღო გადაწყვეტილების მიღების პროცესში: „ამ ეტაპზე ყველაზე პრობლემურად მესახება ის, რომ პროექტი, როგორც ჩანს, არ ეფუძნება მდინარის წყლის ხარჯზე მრავალწლიანი დაკვირვების შედეგებს. 1963-1988 წლების დაკვირვების მონაცემები საკმარისი არაა წყლის გადანაწილებაზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. 80–იანი წლების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, განსაკუთრებით კი კლიმატი და გარემო“.

CIPDD–ში გვარწმუნებენ, რომ წყლის სანიტარულ ხარჯის კლება დაუშვებელია. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა და წყლის შესახებ კანონით ბუნებრივი რესურსები სახელმწიფოს საკუთრებაა, მერია კი ვალდებულია, რომ მასზე ხელმისაწვდომობა ყველას თანაბრად მისცეს. ასევე, თვითმმართველობას არ აქვს უფლება, წყლის სანიტარული ხარჯის კლების შემთხვევაში ვინმეს მისი გამოყენების უფლება მისცეს, იქნება ეს სარწყავი ნაკვეთები თუ საკალმახე მეურნეობები. ასეთ დროს წყალი ყველასთვის დაიკეტება.

CIPDD–ში დასძენენ, რომ „პროექტის ფარგლებში ღრელსა და წყორძაში, კომუნისტების დროს არსებული წყლის ავზების რეაბილიტაციაც მოხდება და მაგალითად, ღამით, წყალი როცა არავის სჭირდება, ავზები გაივსება, შემდეგ კი აქედან სოფლებში განაწილდება“.

იმ ხარჯთაღრიცხვაში, რომელიც მერიამ მოგვაწოდა, წყლის ძველი ავზების რეაბილიტაციაზე არაფერია ნათქვამი.

მშენებელი კომპანია


ურავლელების უნდობლობას ადგილობრივი თვითმმართველობის მიმართ მშენებელი კომპანიაც აძლიერებს. პროექტს ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის ცოლის ძმის, ხვიჩა ალავიძის შპს „მესხეთი XX“ ახორციელებს.

აღნიშნული კომპანია 2005 წლის 10 აგვისტოსაა რეგისტრირებული და მის საქმიანობას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებ–გვერდზე მოძიებული დოკუმენტების მიხედვით ზაზა მელიქიძე წარმართავს. 2001 წლიდან აღნიშნული კომპანიის 50–50%–იანი წილის მფლობელები ზაზა მელიქიძე და ხვიჩა ალავიძე არიან. 2014 წლის ივნისიდან მელიქიძე აღნიშნულ კომპანიაზე რეგისტრაციას აუქმებს რადგან იგი ამავე წელს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლად აირჩიეს. ამის შემდეგ კი კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი და მმართველი ხვიჩა ალავიძე ხდება.

„მესხეთი XX“ CIPDD–იმ შეარჩია. როგორც ორგანიზაციაში გვიხსნიან, იაპონიის საელჩოს მოთხოვნა იყო, რომ რეგიონში მოქმედი მშენებელი კომპანიები მოეძიებინათ და მათ შორის ისეთი შეერჩიათ, რომელსაც ფულადი კაპიტალიც ექნებოდა და შესაბამისი ტექნიკაც. ასეთი კი სწორედ მერის ყოფილი შპს აღმოჩნდა. გადაწყვეტილებამდე კიდევ ორი სამშენებლო კომპანია „მშენებელი 2004“ და „ელვა“ განიხილებოდა.

„მშენებელს ბევრი პირობა აქვს ჩადებული იმ ხელშეკრულებაში, რომელიც ვერ გაჩვენეთ, იმიტომ რომ მას ხელს სამი მხარე აწერს და შეთანხმება სჭირდება. გარდა ამისა ჩადებული აქვს სახელმწიფო აუდიტის შემოწმებაც, ანუ როცა პროექტი შესრულდება ყველა კაპიკი შემოწმდება“, – გვეუბნება პროექტის მენეჯერი მერაბ ცინდელიანი.

ახალციხის მერი მისი ყოფილი კომპანიის გამო გამოთქმულ ეჭვებს იმით პასუხობს, რომ ნებისმიერ მშენებელ კომპანიას აქვს უფლება კონკურსსა და ტენდერში მიიღოს მონაწილეობა: „საქართველოში ყველა ყველას ნათესავია და ეგ არაფერს ნიშნავს“.

იაპონიის საელჩოში არც მშენებლის და არც მთლიანად პროექტის ირგვლივ გაჩენილ შეკითხვებს პასუხობენ: „სალჩო მედიასთან არ საუბრობს“, – გვითხრეს უწყებაში.

დონორისგან ვერ მივიღეთ პასუხი კითხვაზე, რამდენ ხანს შეიძლება იყოს პროექტი შეჩერებული. ამას ვერც მერიაში და ვერც CIPDD-ში გვეუბნებიან.

არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარება თვითმმართველობის საქმეა: „თუ ეს პროექტი შეწყდა, მომავალში ახალციხის მერიას დონორებისგან თანხის მიღება გაუჭირდება“.

მერი იმედოვნებს, რომ ურავლელებთან მოლაპარაკებები შედეგს გამოიღებს და პროექტი განახლდება.

ურავლელები წყლის დათმობას არ აპირებენ: „თუ წყალი ექვსი სოფლისთვის უნდა წაიყვანონ და ხეობა უნდა დააშრონ, მაშინ ჯობია, სოფელი დაგვაცლევინონ ყველას“.

ხმაურით შეჩერებული პროექტი ურაველში  – რატომ ვერ გრძელდება საირიგაციო სისტემის მშენებლობა

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.11.2018 სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

14.11.2018 ‘გულშემატკივრების მხარდაჭერამ გამამარჯვებინა’ – მიშა მესხი გერმანიიდან IFC–ის ქამრით დაბრუნდა [Video]

14.11.2018 ‘გათავისუფლების ბრძანებებზე მოგვაწერინეს ხელი’ – ვალეში ბაღის თანამშრომლები ზეწოლაზე საუბრობენ

13.11.2018 ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება
ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]
‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის  მშენებლობა შეჩერდა
ზაზა მელიქიძე: ‘ურავლელები რომ დამკავშირებოდნენ, შეხვედრისთვის მოვიცლიდი’
‘მგონი დავკარგეთ გრანტი’ – ახალციხის მერი ურაველში შეჩერებულ პროექტზე
აწყურის რწმუნებული: ბასეინების ხუფები მოიპარეს და წყალი იმიტომ ბინძურდება