FM97.5 / LIVE

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.09.2018
ბორჯომში, გუჯარეთისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 1600 მეტრის სიმაღლეზე, ცხრა მიტოვებული სოფელია. აქ გასული საუკუნის ბოლოს ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ. ახლა ძველი ხის ორსართულიან სახლებს დროებით თავს ის აფარებს, ვინც ზაფხულობით მთაში საქონელს აძოვებს. ზამთარში კი სოფლებში მხოლოდ სამი ოჯახი რჩება.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]
ნათელა ლომიძე


ბორჯომში, წაღვერის მიმართულებით, ქვაღორღიან გზას უღრან ტყეში, ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, მთის წვერამდე მივყავართ.

მაჭარწყალი


გზაზე პირველი ძველი სოფელი, მაჭარწყალი გვხვდება. აქ ხის ათი ორსართულიანი სახლი დგას, რიკულებიანი აივნებით და შუშაბანდებით. სახლების უმეტესობა უკვე დანგრეულია, ნაწილს კი ჭიანაჭამი და დაფუტუროვებული ბოძები ამაგრებს. ღობეშემორღვეული ეზოების ნაწილში კი ჯერ კიდევ აწყვია წლების წინ მიტოვებული საოჯახო ნივთები, ბოტები, ფოცხი, ფიწალი, რძის შესანახი ბალონები და „სადღვებელა“, რაშიც ნაღებისგან კარაქს ამზადებდნენ.

მაჭარწყალში აგვისტოში ბორჯომის მიმდებარე სოფლებიდან ადგილობრივები ამოდიან და ბალახს თიბავენ, ნაწილი კი მთელი ზაფხული აქ რჩება და საქონელს აძოვებს: „ამ ზამთარს დიდი თოვლი თუ იყო სახლები აღარ დაგვრჩება, თოვლის სიმძიმე მიწასთან გაასწორებს აქაურობას“, – ამბობენ ადგილობრივები.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]39 წლის მანუშაკ ნარსესიანი ხუთი წელია რაც მაჭარწყალში ცხოვრობს. სოფელში ერთ–ერთი მიტოვებული, მაგრამ კარგად შენახული სახლი აირჩია და ახალციხეში უკან დაბრუნებაზე უარი თქვა: „ამ სახლის პატრონი ორჯონიკიძეში ცხოვრობს, ხშირად ჩამოდის და ნახულობს–ხოლმე, უხარია მის კარ–მიდამოს რომ ვუვლი. დაზიანებულ ადგილებზე სახურავი შევცვალე, გადავარჩინე დანგრევას“.

მანუშაკი მაჭარწყალში სამუშაოდ, ძროხების მოსაწველად ავიდა და ისე მოეწონა მთა, რომ დარჩენა გადაწყვიტა: „მივეჩვიე, რა ჯობია სუფთა ჰაერს, საქონელი ჩემთვისაც ვიყიდე, 12 სული მყავს ახლა. ბოსტანიც მაქვს. ჩემნაირები ქალაქისთვის არ არიან გაჩენილები, აქ კარგად ვარ. დენი არ გვაქვს, მაგრამ ტელეფონით ინტერნეტი იჭერს, „დვიჟოკს“ ვრთავ და მობილურს ისე ვტენი“.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]მისი დილა ექვს საათზე ძროხების მოწველით იწყება, მერე ყველი ამოჰყავს და მთელი დღე საოჯახო საქმეებს უნდება: „კონსერვებს ვაკეთებ, ზამთარში ხომ მინდა ჭამა?! ორი შვილი მყავს, ისინი დედასთან ცხოვრობენ და იმათაც უნდა გავუგზავნო“.

მაჭარწყალში მუდმივად სამი ოჯახი ცხოვრობს. სამივე მათგანი ამბობენ, რომ ისინი მთაში გაჭირვებამ ამოიყვანა.

„პირველად აქ ჩემი ქმარი 15 წლის წინ, მეგობრებთან ერთად საქეიფოდ ამოვიდა, მოეწონა ეს ადგილი და სახლში თქვა, ქალაქში მაინც არაფერი გამომდის და მთაში წავიდეთო. ხაშურში ვცხოვრობდით, მაგრამ ვიყიდეთ ძროხები და წამოვედით. რძით და ყველით შვილებს ვარჩენთ, ისინი ქალაქში ცხოვრობენ და ჩვენთან მხოლოდ ზაფხულობით მოდიან“, – გვიყვება მარინა ბლიაძე.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]
მარინა ბლიაძე


წაღვერელი 68 წლის ნადეჟდა მელნიკოვა მაჭარწყალში 1992 წელს დასახლდა. ამბობს, რომ აღარც კი ახსოვს ტელევიზორს ბოლოს როდის უყურა: „ჯოჯოხეთია ასე ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, კურორტზე რა ვაკეთო?! აქ ძროხებს ვინახავ და თავს ვირჩენ. არ დამიჯერებთ, მაგრამ არც კი ვიცი დღეს რა რიცხვია. როცა ელემენტები მაქვს, რადიოს მაშინ ვუსმენ“.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]ნადეჟდა და მისი მეუღლე მკაცრი ზამთრისთვის ემზადებიან, ეზოში შეშას ჩეხავენ და რიგებად აწყობენ: „აქ ისეთი ზამთარი იცის, გარეთ ვერ გახვალ, ნადირიც მოდის–ხოლმე".

ადგილობრივები ამბობენ, რომ ისინი ამ სოფლის დროებითი ბინადრეები არიან და თუ სახლების მესაკუთრეები დაბრუნდებიან, აქაურობის დატოვება მოუწევთ. მაჭარწყალში ძირითადად სანაკოევები ცხოვრობდნენ. სოფლის განაპირას მდებარე სასაფლაოს ქვებზეც ეს გვარებია ამოტვიფრული. ყველაზე ბოლოს, 1991 წელს აქ გარდაცვლილი ჟორა სანაკოევია.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]
ნადეჟდა მელნიკოვა


წინუბანი


მომდევნო სოფელი წინუბანია, ვაშლის და მსხლის ბაღებით გარშემორტყმული. მაჭარწყლისგან განსხვავებით აქ უფრო მეტი სახლია დანგრეული. წინუბანში ზამთარშიც და ზაფხულშიც მხოლოდ კიმოთესუბნელი ნათელა ლომიძე ცხოვრობს: „1994 წლიდან აქ ვარ. დღეში 14 ძროხას ვწველი და 150 ლიტრი რძით ყველს ვაყენებ. სულ მარტო ვარ. არ მეშინია, დაღლილს განცდის დროც აღარ მრჩება“.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]წინუბანში მხოლოდ ზაფხულობით ექვსი თვით ადის რველში მცხოვრები 63 წლის ნუგზარ შაუმიანი. ამბობს, რომ წლების წინ, როცა წინუბანში ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ „ბოინში“ მუშაობდა, ამიტომ ამ სოფელში ამოსვლა ხშირად უხდებოდა. წლების შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ ძროხები ეყიდა და აქ დასახლებულიყო: "წინუბანში 25 ოჯახი ცხოვრობდა. 1991 წელს წავიდნენ აქედან, ამის მერე მთავრობამ საკირედან ის ოჯახები გადმოასახლა, რომლებსაც მეწყერისგან სახლი ენგრეოდათ, მაგრამ 5–6 წელიწადში ისინიც წავიდნენ და აღარვინ დარჩა“, – იხსენებს შაუმიანი.

მისი თქმით, ეთნიკური ოსები ნასახლარებს თითქმის ყოველ წელს ნახულობენ: „მე ყოფილი ბუღალტერის სახლში ვცხოვრობ. ახლა ის კაცი გარდაცვლილია. შვილი ორი კვირის წინ ჩამოვიდა და ნახა მამისეული სახლი. ღთისმშობლობასაც ჩამოვლენ, აქ ფიჭვნარში, წიფლის ხესთან ეკლესია და სასაფლაო აქვთ, მოსალოცად და წინაპრების საფლავებზე გასასვლელად ყოველთვის მოდიან–ხოლმე“.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]
ნუგზარ შაუმიანი


გვერდისუბანი


კიდევ ერთი სოფელი, სადაც ჩვენ მივედით გვერდისუბანია. ისევე როგორც წინუბანში, მუდმივად აქ მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობს.

„26 წელია ცოლთან ერთად აქ ვარ. მძღოლად ვმუშაობდი, პენსიაზე რომ გავედი რაღა უნდა მეკეთებინა ვარდგინეთში და მთაში წამოვედით. მარტო კაცის ცხოვრება ძნელია, მაგრამ როცა მეუღლე გყავს უძლებ, ოღონდ ერთი კვირაა ჩემი მეუღლე ავად გახდა და ახლა საავადმყოფოშია“, – გვიყვება 86 წლის რობერტ ციცქიშვილი.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]მისი თქმით, გასულ წლებში ვარდგინეთი ეთნიკური ოსებით დასახლებული სოფლების ცენტრი იყო. აქ იყო სკოლა, კლუბი, სამშობიარო სახლი, ფურნე, მაღაზია და ლაბორატორია, სადაც მიმდებარე სოფლებიდან მოყვანილ საქონელს ანალიზებს უკეთდებდნენ. ასევე, მიმდებარე სოფლებისგან განსხვევბით აქ ხის ნაცვლად სახლები ქვით ყოფილა აშენებული, თუმცა ახლა მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი.

„მე კლუბის შენობაში ვცხოვრობ სახურავი აქვს დაზიანებული, არ ვიცი სადამდე გაძლებს“, – ამბობს რობერტ ციცქიშვილი.

თრიალეთის ქედის კალთაზე, ცხრა სოფელია მიტოვებული. აქ 1991 წლამდე ეთნიკური ოსები ცხოვრობდნენ. მათი უმეტესობა ორჯონიკიძეში დასახლდა. ახლა ეს ადგილები ნასახლარებია. ადგილობრივები ამბობენ, რომ უმეტეს სოფლებში სახლები დანგრეულია, ყველაზე კარგად შემორჩენილი შენობები მაჭარწყალში, წინუბანსა და გვერდუბანში. აიდაროვში, ვარდევანში, ოდეთში, ღინტურში, გუჯარეთსა და წითელსოფელში კი სულ რამდენიმე სახლი დგას.

ორ თვეში ნასოფლარებიდან ყველა წავა, ექვსი თვის ნაგროვებ ყველს, თივას „ურალზე“ დატვირთავენ, საქონელს გაირეკავენ და მომავალ მაისამდე დატოვებენ მთას. ცხრა სოფელში მხოლოდ სამი ოჯახი დარჩება, რომელსაც მარტო მოუწევს გამკლავება მკაცრ ზამთართან და მოძალებულ ნადირთან.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]

***

გუჯარეთის წყლის ხეობაში სოფლებს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული, თუმცა, იქ არც დროებით ამსვლელბი და არც მუდმივად მცხოვებლები არ არიან რეგისტრირებულები და ამიტომ ამ სტატუსის შეღავათებით ვერ სარგებლობენ.

ბორჯომის მერიაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს გვერდისუბნის და გუჯარეთის თემში მაცხოვრებლებს ელექტროენერგია ექნებათ. 2019 წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან მზის ბატარიების შესაძენად 150 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე წელს კი თვითმმართველობამ მძიმე ტექნიკით ამ სოფლებამდე მისასვლელი გზა მოასწორა.

მერიაში ამბობენ, რომ მოხარულები იქნებიან თუ გუჯარეთის ხეობაში მოსახლეობა კვლავ დაბრუნდება და მესაქონლეობა განვითარდება: „ეს მხარე მეცხოველეობის ბეღელი იყო. მესაქონლეობა ისე იყო განვითარებული, რომ რძის პროდუქტებით მთელი ბორჯომი მარაგდებოდა“.

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]

ნასოფლარები მთის წვერზე [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


12.07.2019 კომპეტენციის დადასტურების გამოცდაზე 74 პედაგოგი არ გამოცხადდა

11.07.2019 აბიტურიენტები ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

11.07.2019 კიკიბოს სკოლას მომავალ წელსაც ერთი მოსწავლე ეყოლება

11.07.2019 პროფესიული უნარების გამოცდაზე ახალციხეში 156 პედაგოგი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.07.2019 'კორხის ეკლესიას ფიზიკური დაცვა სჭირდება' – იურისტი უნებართვო მშენებლობაზე

12.07.2019 ახალქალაქში გაფიცულმა მუშებმა ოთხის ნაცვლად ერთი თვის ხელფასი მიიღეს

12.07.2019 ნეოლითიდან შუა საუკუნეებამდე - არქეოლოგიური ექსპედიცია და სტუდენტების მოგზაურობა დროში

12.07.2019 როგორი ამინდი იქნება 12-15 ივლისს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ცხრა სოფელი სამი კომლით [Video]
ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]
ხუთი შვილით უსახლკაროდ
მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან  [Photos]
სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი
სოფელი ნაქალაქევი შესაძლოა მიწამ ჩაიტანოს
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს