FM97.5 / LIVE

არჩევნები ბრალდებებით - უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენ

მთავარისაზოგადოება » განათლება 02.07.2013
კორუფცია, გარანტირებული ჩარიცხვები და დუქნადქცეული უნივერსიტეტი თუ გამოგონილი ბრალდებები, რის გამოც შესაძლოა საქმე სასამართლომდე მივიდეს; რაში ადანაშაულებენ ერთმანეთს სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები არჩევნებამდე;

არჩევნები ბრალდებებით - უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენ


გურამ კუტალაძე ახალციხეში ისევ კენჭს იყრის

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ახალციხეში გურამ კუტალაძე, წაგებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კვლავ მესხეთში დაბრუნებას გეგმავს. იგი ამჯერადაც არჩევნებში იღებს მონაწილეობას - კუტალაძე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატია.

უნივერსიტეტში რექტორს 3 ივლისს აირჩევენ. 8 პროფესორისგან შემდგარი აკადემიური საბჭო არჩევანს ორ კანდიდატს შორის გააკეთებს. რეგიონში უნივერსიტეტის დამაარსებელმა, სრულმა პროფესორმა და ამჟამად რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მერაბ ბერიძემ საბჭოს საარჩევნო პროგრამა უკვე გააცნო. უნივერსიტეტის განვითარების გეგმით საბჭოს წინაშე ისტორიის დოქტორი გურამ კუტალაძეც წარსდგა.
ბერიძე სასწავლებლის გახსნიდან დღემდე უნივერსიტეტში მუშაობს. ათ წელზე მეტი დაჰყო სხვადასხვა თანამდებობაზე ამავე დაწესებულებაში გურამ კუტალაძემ.

„10 წელიწადი ვიმუშავე მერაბთან ერთად, მაგრამ 2000 წელს უნივერსიტეტიდან ჩემი სურვილით წამოვედი, რადგან მან სასწავლებელი დუქანს დაამსგავსა“, - ამბობს იგი.

მოგვიანებით კუტალაძე უნივერსიტეტში სამუშაოდ კვლავ დაბრუნდა, მაგრამ ამჯერად სასწავლებლიდან გაათავისუფლეს. 2007 წელს შრომითი ხელშეკრულება კუტალაძეს ბიბლიოთეკის წიგნებისა და სასწავლებლის ძვირადღირებული ტელეფონის მითვისების, ლექციების გაცდენისა და სხვა მიზეზების გამო შეუწყვიტეს. თუმცა მისი გათავისუფლების მიზეზი ბერიძე არ ყოფილა. მაშინ სასწავლებლის დამფუძნებელს დირექტორის პოზიცია აღარ ეკავა.

მიუხედავად უნივერსიტეტიდან გათავისუფლებისა, ყოფილ კოლეგებთან დაპირისპირებისა, შემდგომ წაგებული არჩევნებისა და ახალციხეში კოალიციის წევრებთან არც თუ ისე კარგი დამოკიდებულებისა, კუტალაძე მესხეთში კონკრეტული მიზნით ბრუნდება: „მინდა რეგიონში ადამიანებმა დაიჯერონ, რომ არსებობს სამართალი და პატიოსნება. უნივერსიტეტი უნდა დაადგეს აკადემიურ გზას, პატიოსნებამ უნდა იზეიმოს. უნივერსიტეტი უნდა დაემსგავსოს უნივერსიტეტს და არა ანტიკულტურულ კერას, რასაც დღეს წარმოადგენს“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ სიურპრიზი კუტალაძეს

არჩევნები ბრალდებებით - უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენსამსახურიდან გათავისუფლების ბრძანების შესახებ კუტალაძე ამბობს: „როცა დეპუტატად მოვდიოდი, სიურპრიზი გამიკეთეთ და „სამხრეთის კარიბჭეში“ ეს განცხადება დაბეჭდილი დამახვედრეთ, თითქოს ეს დოკუმენტი ჩემთვის სამარცხვინო ყოფილიყო. სამარცხვინო არის ის, ვინც ეს დოკუმენტი შექმნა და შემდეგ თქვენ გადმოგცათ“.

რაც შეეხება ახალციხეში წაგებულ არჩევნებს, ყოფილ დეპუტატობის კანდიდატს მიაჩნია, რომ მან ეს არჩევნები არათუ წააგო, არამედ მოიგო: „თავისუფლებისთვის ვიბრძოდით რეგიონში და თავისუფალი არჩევნები მოვიგე. დღეს რომ თავისუფლად დადიხართ და სუნთქავთ ახალიცხეში და მთავრობის მიმართ პროტესტი გიჩნდებათ, ეს ჩვენი დამსახურებაა“.

კოალიციის წევრებთან არჩევნების პერიოდში დაძაბული ურითიერთობების შესახებ კი ამბობს, რომ ადამიანები ახალციხეში თავის სიმაღლეზე ვერ აღმოჩდნენ: „ეს გამოწვეული იყო პიროვნებების არასათანადო მდგომარეობით“.

ბრალდებები ანდაზებით

კუტალაძე აცხადებს, რომ არც თუ უმნიშვნელო წვლილი აქვს შეტანილი ხელისუფლების შეცვლაში.

„ვამაყობ ამით“, - აცხადებს იგი და კითხვაზე, თუ რატომ დანიშნა მისმა საამაყო მთავრობამ ბერიძე უნვიერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლად (პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მისი დანიშვნის შესახებ ხელი ბრძანებას 11 დეკემბერს მოაწერა), გვპასუხობს: „ბერიძემ ჩვეულებისამებრ კავშირები გამოიყენა და შეცდომაში შეიყვანა ადამიანები. ვაღიარებ, რომ ვერ მივაქციეთ ყურადღება“.
აბსურდულს უწოდებს კუტალაძის განცხადებას ბერიძე: „უმაღლეს ეშელონებში თვითონ ბრძანდებოდა, თვითონ იყო დეპუტატობის კანდიდატი და რექტორად თვითონ რატომ არ მოვიდა, არ მესმის“.

მისი თქმით, კუტალაძის ბრალდებების მოსმენა, ბუნებრივია, არასასიამოვნოა,“ მაგრამ მისი პრობლემაა, რომ ილანძღება. მან გარკვეული ჯგუფიც შექმნა და ჩემი მისამართით სხვებიც ილანძღებიან. ქალაქში პროკლამაციებიც კი გააკრეს: „ძირს მერაბ ბერიძე“. რომელი ნიკოლოზ მეორე მე ვარ და რომელი ვლადიმერ ილიჩ ლენინი ეგ არის, რომ აცხადებს „ძირს ბერიძე?!“ ღმერთმა შეუნდოს. „კოკასა შიგან რაცა დგას იგივე წამოდინდების“. პიროვნულად კუტალაძესა და მის ოჯახზე ვერაფერს ვიტყვი“.

კუტალაძე კი აცხადებს, რომ მერაბ ბერიძე და მისი ოჯახი ქრთამს წლების განმავლობაში ღებულობდა: „ჰკითხეთ მერაბს, რამდენი ათასი ოჯახიდან აქვთ აღებული ქრთამი? ამზადებდა თუ არა მისი მეუღლე აბიტურიენტებს ხუთმაგ ფასად?! ეს იყო პირდაპირი კორუფცია, გარანტირებული ჩარიცხვები. პიროვნებებს კი არ ვეხები, მათ ჩადენილ საქმეებზე ვსაუბრობ - „თავსა ახლით ვერვინ იშობს“.

ბერიძე კუტალაძეს უჩივლებს?

არჩევნები ბრალდებებით - უნივერსიტეტში რექტორს ირჩევენბერიძე აცხადებს, რომ მისი კორუფციაში დადანაშაულება ძალიან დიდი შეურაცხყოფაა, ამიტომ არჩევნების დასრულების შემდეგ ამ ყველაფერს სამართლებრივ ფორმას მისცემს: „ეს სულელური ბრალდებები უკვე მეტისმეტია. კაცი ვარ და მიჭირს ნებისმიერ საჩივარზე ხელისმოწერა, არ ვიცი ეს სისუსტეა თუ პირიქით, მაგრამ, რაც მან და მამია ჩიხლაძემ ტალახი მესროლეს, მართლა მოუთმენელია, თუმცა ვითმენ, იმიტომმ რომ ღმერთი ხედავს ყველაფერს. მათგან კი შორსაა ქრისტიანობა და მორალი“.

ბერიძე კუტალაძის მიერ უნივერსიტეტის მისამართით გაკეთებულ სალანძღავ განცხადებებსაც ეხმაურება და ამბობს: „როცა უნივერსიტეტს ანტიკულტურულ კერას უწოდებ, სწორედ ეს არის უზნეობა, ასე მგონია. მხოლოდ ჩემი შეურაცხყოფა რომ იყოს, ვინ ჩივის. წინ არჩევნებია და ყველაფერი საბჭომ გადაწყვიტოს“.

კონკურენტები

მიუხედავად დაპირისპირებისა, ბერიძე მიიჩნევს, რომ კონკურენტის არსებობა არჩევნების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის. თუმცა ფიქრობს, რომ კუტალაძე სერიოზულ კონკურენციას ვერ გაუწევს: „23 წელიწადია უნივერსიტეტში ვმუშაობ და მისი განვითარების ყველა ნიუანსი ვიცი“.

ბერიძეს 1990 წლიდან ჯერ დირექტორის, შემდეგ კი სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ეკავა. მას სასწავლებლის დატოვება ცოტახნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მოუხდა. 2005 წელს ბერიძეს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ.

„ სასამართლოს გზით გამიშვეს აქედან, უდღეური ბრალდებებით, მაგრამ არსად წავსულვარ. ადმინისტრაციული თანამდებობა დამატოვებინეს, თუმცა, აკადემიურ თანამდებობაზე დავრჩი და 7 წლის განმავლობაში ბევრი დაგროვილი საქმის გაკეთება მოვასწარი, წიგნები რაც დასაწერი მქონდა, გამოვეცი. რევანშზე არ მიფიქრია“, - ამბობს ბერიძე და ამატებს, რომ არჩევნებზე საბჭო არამხოლოდ წარდგენლი პროგრამით, არამედ საქმისადმი დამოკიდებულების ფაქტორითა და პროფესიონალიზმის მიხედვითაც იხელმძღვანელებს.

საკუთარ გამარჯვებაშია დარწმუნებული კუტალაძე და აცხადებს, რომ მისი წაგების შანსი არ არსებობს: „იურიდიულად, მერაბის გამარჯვება ნონსენსია. აქ ადამიანებს ირჩევენ წარსული ცხოვრებითა და მომავლის ხედვით, ამიტომ ძალიან დიდი უპირატესობა მაქვს“.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი არსებობის ისტორიაში რექტორს მეორედ აირჩევს. პირველად აქ რექტორის არჩევნები 2007 წელს ჩატარდა. მაშინ არჩევანი სრულ პროფესორზე, თინა გელშვილზე გააკეთეს. ამჯერად ვის დაუჭერს მხარს აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობა, ხვალ, 2 ივლისს, გაირკვევა. „სამხრეთის კარიბჭე“ არჩევნების შედეგების შესახებაც გაცნობებთ.

შეგახსენებთ, არჩევნების დღეს საპროტესო აქციის გამართვას აპირებს უნივერსიტეტის ყოფილი პედაგოგი გიგლა გობეჩია, რომელმაც მერაბ ბებრიძის შესახებ გაზეთ 'ვერსიაში' ვრცელი სტატიები გამოაქვეყნა. გობეჩია ბერიძეს კორუფციაში სდებს ბრალს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

17.10.2019 განათლების სამინისტრო ესეების კონკურსს აცხადებს

16.10.2019 სამცხე-ჯავახეთში კომპიუტერი 200–მდე წარჩინებულ მოსწავლეს გადაეცემა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2019 ევროპა მაგარია! სოციალური რეკლამა [ვიდეო]

21.10.2019 ახალციხის ცენტრალურ სტადიონზე მძლეოსნობაში შეჯიბრი მიმდინარეობს

20.10.2019 ახალციხის თოჯინების თეატრი ხატია პარუნაშვილის დასახმარებლად სპექტაკლს გამართავს

18.10.2019 აბასთუმნელები: ‘საუბრობენ არაზინდოდან ჩვენს გასახლებაზე’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

უნივერსიტეტში დღეს რექტორს ირჩევენ
დღეს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორს აირჩევენ
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის არჩევნების ჩატარების თარიღი ცნობილია
უნივერსიტეტის რექტორი - წინასაარჩევნო პერიოდში ბევრი ტალახი მესროლეს
პირველი შეფასებები უნივერსიტეტის რექტორის არჩევის შემდეგ