FM97.5 / LIVE

ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.07.2018
აწყურის ტაძრის პროექტის ავტორი ამბობს, რომ ძეგლის რესტავრაცია დარღვევებით მიმდინარეობს. მშენებელი კი პირიქით, ავტორს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პროექტი არასწორადაა შედგენილი. ქვები, რომლითაც ძეგლი შენდება ურთიერთბრალდებების მიზეზი გახდა.

ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია

აწყურის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის პროექტის ერთ–ერთი ავტორი გოგოთურ მასრიაშვილი ამბობს, რომ ძეგლის რეაბილიტაცია საგანგაშო დარღვევებით მიმდინარეობს: „ტაძარს მისივე ძველი ქვების ნაცვლად, სხვა ახალი ქვებით აკეთებენ, ასე ისტორია მახინჯდება“.

ძირითადი პროექტი 2008 წელს სწორედ მან შექმნა, 2015 წელს კი ეს პროექტი დაკორექტირდა. თუმცა, ვიდრე მასრიშვილი აწყურის ტაძრის პროექტზე მუშაობას დაიწყებდა, მას 1980–იანი წლებიდან იოსებ ბანძელაძე ამუშავებდა. ის იყო გოგოთურის მასწავლებელიც. თუმცა, ბანძელაძის ჯანმრთელობის პრობლემების გამო საბოლოოდ პროექტზე მუშაობა სწორედ გოგოთურს მოუხდა.

„ტაძრის 4000–მდე ქვას მარკირება 1980–იანი წლებიდან მოყოლებული, სხვადასხვა დროს სამჯერ ჩაუტარდა. ბოლოს ამ ქვების მარკირება, პროექტის დაფინანსების შემდეგ, 2008 წელს მე გავაკეთე“, – გვიყვება მასრიაშვილი და ამატებს, რომ რამდენიმე დღის წინ აწყურში ჩასულს მთავარი კარის დუღაბი ახალი ქვებით ამოყვანილი დახვდა – „პროგრამაში რაც მაქვს ქვების აზომვები გაკეთებული, იმის მიხედვით და იმით უნდა აეშენებინათ. ამ პოგრამას, ანუ სადაც ზუსტადაა გაწერილი რომელი ძველი ქვა სად უნდა დაიდოს, არ იყენებენ და ტაძარს კორპუსივით აშენებენ“.

ქვები, რომლებზეც გოგოთური საუბრობს, სოფელში სხვადასხვა ტერიტორიაზე, ძირითადად კი გაღმა აწყურშია მიმოფანტული, ნაწილი დამტვრეულიცაა, თუმცა აღწერილი. ავტორი ამბობს, რომ მშენებლობის დროს სწორედ ისინი უნდა გამოეყენებიანათ: „გარდა ქვებისა, დეკორი და ჩუქურთმებიც არ არის გამოყენებული, ორნამენტებს ცვლიან. ახალი ძველს ისე უნდა შეურიონ, რომ ქრონოლოგია გაარჩიოს თვალმა, მაგრამ ასე არ აკეთებენ“.

აწყურის ტაძრის რესტავრაციისას ზედამხედველობა, როგორც პროექტის ავტორს მასრიაშვილს უნდა გაეწია, თუმცა როგორც თავად ამბობს, კომპანიამ მისი მხრიდან მიცემული შენიშვნები თავიდანვე არ მიიღო: „ამიტომ მომიცილა და თავისი ჯგუფი მოიყვანა, არაკომპეტენტურები და არაპროფესიონალები არიან. არ ვიცი ეს კომპანია რატომ ახორციელებს აქ სამუშაოებს, ალბათ რაღაც გარიგებას აქვს ადგილი. თორემ ეს საკითხი ძეგლთა დაცვის სააგენტოშიც არაერთხელ დავაყენე და რეაგირება არ მოუხდენიათ“.

მშენებელი კომპანიის „ივერთმშენის“ პოზიცია


აწყურის ტაძრის რესტავრაციას სამშენებლო კომპანია „ივერთმშენი“ ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ახორციელებს. კომპანია საქართველოს საპატრიარქოში ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების საბჭომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოსთან ერთად შეარჩია. ეკლესიის აღსადგენად აწყურში „ივერთმშენი“ „ქართუსგან“ 9 200 2000 ლარით ფინანსდება.

„ამ პროექტის აღება ჩემი ინიციატივა არ ყოფილა, ფონდი ტენდერს არ აცხადებს და ხელშეკრულებას უფორმებს იმას ვისაც ენდობა“, – ამბობს კომპანია „ივერთმშენის“ გენერალური დირექტორი ედიშერ ჯანჯულია.

მისი თქმით, გოგოთურ მასრიაშვილს პროექტის განხორციელება თავად სურდა და რადგან ეს არ მოხდა, განაწყენდა, ამის გამო კი როგორც ავტორმა ზედამხედველობაზეც უარი თქვა და სამუშაოები დატოვა. თუმცა, ამ ყველაფერს წინ ობიექტზე არაერთი კონფლიქტი უძღოდა.

ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაციამშენებელ კომპანიაში ადასტურებენ, რომ რესტავრაცია გოგოთურის პროექტის მიხედვით ნამდვილად არ მიმდინარეობს. მიზეზი კი ისაა, რომ კომპიუტერში გაწერილი პროექტი რეალობას არ შეესაბამებოდა და არც ის ქვები არსებობდა იმ ზომებით, როგორც ეს ავტორს პროგრამაში ეწერა. ამიტომ მშენებლობის დაწყების პირველივე დღიდან პროექტში ცვლილებების შეტანა მოუხდათ. ამჯერად ცვლილებებზე მუშაობა პროექტის პირველ ავტორს სოსო ბანძელაძეს მოუწია.

„მასრიაშვილის პროექტით გათვალისწინებული მცირე ზომის მარკირებული ქვების განთავსება ტაძრის ქსოვილში მიზანშეუწონელი გადაწყვეტილება იყო. ამიტომ უმეტეს სეგმენტებზე ახლადგათლილი, 15-30 სმ სისქის, ქვებით აშენება გადავწყვიტეთ“, – ამბობს ბანძელაძე.
თუმცა, ეს არ იყო მისი მხრიდან პროექტში შეტანილი ერთადერთი ცვლილება.

„ერთ სწორ დეტალს ვერ მივაგენით ამ პროექტში, ერთი სწორი ნაბიჯი ვერ გადავდგით მის მიხედვით. გოგოთურის გაწერილი არცერთი ქვა არ წავიდა მშენებლობის პროცესში. რიყის ქვები ნახა და იმათ დააწერა ნომრები. ეს კაცი ცრუპენტელა და მატყუარაა“, – აცხადებს ჯანჯულია.

მისივე თქმით, ამჟამად აწყურის ტაძრის ასაშენებლად სოფელშივე მდებარე კარიერიდან მოტანილ ქვას იყენებენ: „თუ პროექტში მიწერია, რომ ძველი ქვა უნდა დავდო და მის ნაცვლად ახალს დავდებ, იმას დამკვეთი არ ამინაზღაურებს, რადგან ის მე ფულს გაწერილი პროექტის მიხედვით მაძლევს. ამიტომ ამ ხარჯს კომპანია ფარავს და ვერ ვხვდები რაში უნდა მაწყობდეს“.

რაც შეეხება კადრების პროფესიონალიზმს ჯანჯულია ამბობს, რომ რესტავრაციის პროცესში გამოცდილი ექსპერტები და სპეციალისტები არიან ჩართული: „ისეთი ადამიანები მუშაობენ ამ პროექტის განხორციელებაზე ათეული წლებია ხარაჩოებზე რომ დგანან. ეს სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტია, ამიტომ კონტროლი და მონიტორინგი ყოველდღიურად ხორციელდება“.

სახელმწიფო


შეკითხვაზე, რატომ დამტკიცდა სახელწმიფო მნიშვნელობის პროექტი ისე, რომ მისი განხორციელების დაწყებისთანავე, მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა გახდა საჭირო, კულტურისა და ძელგთა დაცვის სააგენტოს დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ გვიპასუხა: „სანამ ფიზიკურ სამუშაოებს არ დაიწყებ, მანამდე ზუსტად ვერ განსაზღვრავ პროექტი როგორაა შედგენილი. პროექტში ცვლილებების შეტანაზე გოგოთურმა უარი გვითხრა, ის განაწყენებულია იმის გამო, რომ ტაძრის მშენებლობას თავად არ ახორციელებს, ამიტომ ამ პროცესში სოსო ბანძელაძე ჩაერთო“.

ანთიძის თქმით, გოგოთურმა ოფიციალური შეთავაზება სააგენტოსგან, რომ მას მიეღო ზედამხედველის ანაზღაურება, ემუშავა ობიექტზე და ამ პერიოდში მისთვის გამოყოფილი ბინითაც ესარგებლა, არ მიიღო: „თქვა, რომ მშენებელთან ვერ ითანამშრომლებდა. ჩვენ დღესაც მზად ვართ, თუ მოისურვებს მასთან ერთად ვიმუშაოთ“.

ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაციაქვების გამო დაწყებული კონფლიქტის არ ესმის სააგენტოს დირექტორს და ამბობს, რომ ამ დროისთვის ტაძრის მხოლოდ მესამედია გაკეთებული, ამიტომ არავინ იცის თუ სად რომელი ქვის გამოყენება იქნება შესაძლებელი: „რა იციან იქ მიმოფანტული ქვებიდან რომელი შეიძლება გამოდგეს?! ავანსად ჩხუბი რატომ ხდება ვერ გავიგე!“

რაც შეეხება ჩუქურთმებს, ძეგლთა დაცვის სააგენტოში, ასევე, მშენებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ ახლადგაკეთებული ჩუქურთმები ზუსტად აწყურის ტაძრის ჩუქურთმების ანალოგია: „ტაძრის ჩუქრუთმიანი ქვა არის სამცხე–ჯავახეთის მუზეუმის ეზოში, ის ქვა არ გადმოგვცეს რომ ჩაგვეყოლებინა ტაძრისთვის, მაგრამ ზუსტად მისი ანალოგი გაკეთდა“.

შეკითხვებზე: რის მიხედვით შეარჩია კომპანია „ივერთმშენი“ საქართველოს საპატრიარქომ, ან რა პოზიცია აქვს მას იმასთან დაკავშირებით, რომ ტაძრის აღდგენა პროექტში თავდაპირველად გაწერილი ძველი ქვებით ვერ ხერხდება, პასუხი ვერ მივიღეთ. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებთან დაკავშირებას ორი დღეა უშედეგოდ ვცდილობთ.

აწყურში კი სამშენებლო სამუშაოები, როგორც ძეგლთა დაცვის სააგენტოში აცხადებენ, იოსებ ბანძელაძის საავტორო ზედამხედველობის ქვეშ გრძელდება. ასევე, აქ მონიტორინგს საქართველოს საპატრიარქოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს არქიტექტურული საბჭოები ახორციელებენ.

მიუხედავად ამისა, გოგოთურ მასრიაშვილი ირწმუნება, რომ „თუ ტაძრის მშენებლობა ასე გაგრძელდება, მას წლების შემდეგ მაინც ქირურგიული ჩარევა დასჭირდება“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2018 ‘მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა’ – მონასტრის წინამძღვარი

22.10.2018 ‘სოფელი დაიცლება’ – ზიკილიელები დაგეგმილი ელექტროგადამცემის მშენებლობაზე

22.10.2018 ახალციხეში საქალაქო ტარნსპორტის დამატებას ითხოვენ [Video]

22.10.2018 ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დეკანოზი ბესარიონი: ‘აწყურის რესტავრაციის მიმდინარეობას საპატრიარქოს საბჭო შეისწავლის’
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე აწყურის ტაძრის რესტავრაციაზე: ‘საბჭოს შენიშვნები ჰქონდა’
ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]
აწყურის ტაძრის რესტავრაცია [Photo]
აწყურის ტაძრის აღდგენა იწყება[Video]
აღმოჩენა აწყურში
ვარძიის ტაძრის მხატვრობის რესტავრაციის პროცესს „მონოლით ჯგუფი“ დააფინანსებს