FM97.5 / LIVE

არევიკ - მზე

მთავარისიახლე, ბლოგები 14.07.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

არევიკ - მზე

დროთა განმავლობაში საზოგადოება იცვლის წეს-ჩვეულებებს, გრძნობებს, გამოხატვის ფორმებს და ხდება პრაგმატული. ზოგჯერ მოვლენები საპირისპიროდაც ვითარდება და ნებიერა გოგონასთვის გაგზავნილ 23 ვარდს შეუძლია დაგვარწმუნოს, რომ სიყვარულის თანამდევი რომანტიკა არის უკვდავი.

გიორგი და ნორა


ხოსპიო, ჯავახეთის უძველესი სოფელი, ახალქალაქიდან 5 კილომეტრში, ზღვის დონიდან კი 1700 მეტრზე მდებარეობს. ხოსპიოსა და მარტუნას შუაში მდინარე ფარავანი ჩამოუდის და ერთმანეთთან ხიდით აერთებს. გაღმა ეთნიკური სომხები, ხოლო გამოღმა ქართველები ცხოვრობენ. ხიდი, რომელიც ხოსპიოელ გიორგი ყავრელიშვილსა და ჩამდურელ ნორა ჩოლახიანს აკავშირებს, მათი 30 წლის წინ შექმნილი ოჯახია.

გეპეის წითელდიპლომიანი კურსდამთავრებული და პერსპექტიული ავტოინჟინერი გიორგი ყავრელიშვილი თავის დროზე მშობლიურ სოფელში მამის ანდერძმა დააბრუნა. ბედის, ხელფასისა და იმ კომბაინის, რომლითაც ხოსპიოს მიწებზე მოსავალს იღებდა, უკმაყოფილო არასოდეს ყოფილა. მისი ლექსები და თარგმანები ხშირად იბეჭდებოდა ადგილობრივ გამოცემებში. რედაქციები ახლაც არ ივიწყებენ.

გიორგის წინაპრები ყავრისმჭრელები იყვნენ და გვარიც აქედან მომდინარეობს. ყავრელიშვილები ამ სოფელში ისტორიული მესხეთის ნაწილიდან - ტაო-კლარჯეთიდან მოსულან და დამკვიდრებულან.

76 წლის გიორგი ყავრელიშვილი პირად ცხოვებაზე გულწრფელად საუბრობს. ერთხელ, ბიძაშვილთან სტუმრად მყოფს, მეზობელსოფლელი გოგონა, ნორა გააცნეს. მოეწონა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. ცოლის შერთვის სურვილს, გრძნობასთან ერთად, კარგად გააზრებული მიზანიც ახლდა: გვერდით მკაცრი კლიმატის ამტანი, საიმედო და გამრჯე ადამიანი სჭირდებოდა. არჩევანიც ამის მიხედვით გააკეთა და არც შემცდარა.
ოცდაათი წელია შვებულების გარეშე ვმუშაობ, ოჯახს ვუვლი, საქონელს ვინახავ, 25-30 ტონა კარტოფილი მომყავს და ვყიდიო, - ამბობს ქალბატონი ნორა. ამას ჰექტრობით ნათესები, მდიდრული ბოსტანი და კარგად მოვლილი ხეხილის ბაღიც ადასტურებს.

სიურპრიზი, რომელიც ყავრელიშვილების ბაღში შევამჩნიე, ქართული ვაზია. დაუჯერებელია, მაგრამ ყურძენი თურმე დამწიფებასაც ასწრებს. ვაზი გიორგი ყავრელიშვილის პოეზიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაცაა.

მათი უფროსი ვაჟი შვიდი წელია შვედეთში ცხოვრობს, ქალიშვილი მეზობელ სოფელშია გათხოვილი, ხოლო უმცროსი ვაჟი ამირანი და რძალი არევიკი მათთან ცხოვრობენ. აქ მთავარი ამბავი სწორედ მათი ისტორიაა.

ამირანი და არევიკი


არევიკ - მზე
ამირანი და არევიკი


არევიკ ქართულად „მზეს“ ნიშნავს და სომხურ თემში ერთ-ერთ ულამაზეს სახელად ითვლება. არის ამ სახელსა და არევიკის ხასიათს შორის რაღაც მაგიური კავშირი - ცივი სინათლე ან არეკლილი სითბო. მოკლედ, ერთ დღეს მთვარემ ჭაბუკი მოაჯადოვა...
პირველად საქართველო-სომხეთის საზღვარზე მოჰკრა თვალი და მაშინვე შეუყვარდა. თუმცა უარი იყო შეუვალი. შეუვალი აღმოჩნდა ბიჭიც. ჯერ, ოჯახში მისულმა, პირდაპირ სთხოვა ხელი, გაწბილებულმა ფარხმალი არ დაყარა, სიურპრიზები ნელ-ნელა გახდა სასურველი და სასიამოვნო, თუმცა ამას ორი წელი დასჭირდა.

„ყველგან მპოულობდა და როგორღაც ახერხებდა მის გზავნილებს ჩემს სახლში, სამსახურში, უნივერსიტეტში შემოეღწია, - ეცინება არევიკს, - ყვავილებს მიგზავნიდა ყველგან, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი. ერთხელ, სიცხეში, ნაკვეთზე ვმუშაობდით და უეცრად ნაყინით სავსე პარკებით გამოგვეცხადა.

მასწავლებლის დღის მოსალოცად სკოლაში 23 ვარდი გამომიგზავნა. ამ 23-ით ჩემს ასაკს გამოეხმაურა. თან „სნიკერსებიც“ წამოაყოლა „კურიერის“ წასახალისებლად. ბოლოს ერთი მეექვსეკლასელი, ჩემი მეზობელი გედეონი დაიყოლია. მოვიდა ბიჭი ვარდებით ხელში და გაგულისებით მეუბნება: მასწავლებელო, მე არ მჭირდება მისი სნიკერსები, თუ თქვენ ეს ვარდები არ გინდათ, მითხარით და უკან მივუყრი! - არა, რატომ, - ვუთხარი ღიმილით და ვარდები გამოვართვი“.

ამირანის სიურპრიზები მხოლოდ ყვავილებით არ შემოიფარგლებოდა. უფრო შთამბეჭდავი სტრატეგიებიც გამოიყენა.

„ღამით ტელეფონზე მომწერა, გარეთ გამოიხედეო. თხოვნა არ შევუსრულე. იმავ წამს დაიქუხა და ფეიერვერკმა ცა ათასფრად გაანათა. შეშინებული ზაკელები საყვედურით მოგვცვივდნენ, ეს როგორ შეიძლება, ლამის გულები დაგვისკდესო“.

უეცრად არევიკის მამამ, რომელიც მანამდე მათი ურთიერთობის წინააღმდეგი იყო, სასიძო დაიცვა: უყვარს იმ ბიჭს ჩემი გოგო და და რა ქნას, ამ ყველაფერს არევიკისთვის აკეთებსო.

ამ დროს გოგონა ერევნის უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის მაგისტრანტი იყო, თან ზაკის საჯარო სკოლაშიც მუშაობდა მასწავლებლად, ამირანი კი - თიბისი ბანკის ახალქალაქის რესურს-ცენტრის თანამშრომელი. როდესაც არევიკი სომხეთში გამოცდის ჩასაბარებლად ჩავიდა, ამირანი მის კვალს დაადგა.

„მეგობრისთვის უთხოვია, ერთი გრძელთმიანი გოგოა, შედი და მოძებნეო. ის ბიჭიც, რამდენ გრძელთმიანსაც დაინახავდა, ყვიროდა - ამო, მგონი ვიპოვნე, ეს არის არევიკი?“

არავინ იცის რა მოხდა იმ დღეს, მაგრამ მთვარე ახალ ფაზაში შევიდა - არევიკს ამირანი შეუყვარდა. -„აი, სწორედ იმ დღეს შემიყვარდა და ყავა პირველად დავლიეთ ერთად. მერე ნიშნობაც შედგა და ქორწილიც“, - გვიამბობს არევიკი.
დაკარგული დრო მალევე აინაზღაურა. ორ წელიწადში სამი შვილის მამა გახდა. პირველ წელს გოგონა დაიბადა. მას ბებიას სახელი - ელეონორა დაარქვეს. მეორე წელს ტყუპები ანა და ემა გაჩნდნენ.

ერთდროულად სამი პატარას მოვლა არევიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საყვარელი საქმეა. შვილები ენერგიას არ მართევენ, პირიქით, ძალას მაძლევენ, კიდევ ორიც რომ იყოს, თავს გავართმევო, - თავდაჯერებით ამბობს. მეუღლე თავისი სამსახურით მუდმივად გადატვირთულია, დედამთილ-მამამთილი შვილების აღზრდაში მხარში უდგანან. კითხვაზე, დაბრუნდება თუ არა სკოლაში, ღიმილით გვპასუხობს: სკოლა ახლა სახლში მაქვსო.

გულღია და ყურადღებიან რძალს მთელი სოფელი პატივს სცემს. მიუხედავად დროის უქონლობისა, ქართველ მეზობლებთან ყავის დალევას მაინც ახერხებს. სიყვარულით არა მხოლოდ ქმარი, არამედ პატარა ელეონორაც ანებივრებს: „თუ ცუდ ხასიათზე ვარ, მეფერება და „დედას“ მეძახის. ცდილობს სითბო მაგრძნობინოს“, - ამბობს არევიკი.

არევიკ - მზექერა, ცისფერთვალება ელეონორა ერთდროულად დედასაც ჰგავს და მამასაც. მიუხედავად მწირი ლექსიკური მარაგისა, ყოველთვის იცის ვის რა ენაზე „ესაუბროს“. მამაზე გიჟდება, თუმცა უყურადღებოდ არც პაპა-ბებიას ტოვებს და ყოველთვის ახერხებს მათთვის პრობლემების შექმნას. როცა გიორგი პაპა თავის ლექსებს გადმოაწყობს, ელეონორა ქორივით დასტრიალებს და ცდილობს როგორმე ერთი მაინც ასწაპნოს. ცნობისმოყვარეობის ამბავია.

მათი ისტორია სიყვარულისთვის ბრძოლის ნამდვილი მაგალითია. ეს ულამაზესი წყვილი - ამირანი და არევიკი - პირადად ჩემთვის, ქართულ-სომხური ურთიერთობის ნამდვილი სიმბოლოა. ასეთი ოჯახები ჩვენი ქვეყნის კულტურული მრავალფეროვნების შერწყმის და საზოგადოების ჰარმონიული თანაცხოვრების მყარ საძირკველს ქმნიან.

არევიკ - მზე
ტყუპები


[ცაულინა მალაზონია]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

„ნორა“– მესხეთის თეატრში პრემიერაა
კარატეს ჩემპიონობიდან ხალხური მელოდიების შემსრულებლამდე

არის ერთი ქალი . . .
შვიდი შვილის მამა: 'მამის დღის აღნიშვნა ჩემთვის სტიმულია'
პატარა ხელოვანი
მთის დიასახლისი
16 წლის გოგონას საქმე – ოჯახი სამართალდამცველებს მიკერძოებაში ადანაშაულებს