
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, კიბოს რეგისტრის სამი წლის მონაცემებს აქვეყნებს. მათი ინფორმაციით, 2015–2017 წლებში ქვეყნის მასშტაბით, კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა 8 700- 11 000-ის ფარგლებში მერყეობს.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში კიბოს ავადობის მაჩვენებელი 100 000 მოსახლეზე 241-ს შეადგენს. ხოლო 18 მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი ქვეყნის მაჩვენებელს აღემატება. ამ 18 მუნიციპალიტეტს შორის კი ყველაზე მაღალი მაჩვენებლები ოზურგეთსა (370) და ახალციხეში (344) ფიქსირდება.
ორგანიზმში ავადობის გამოვლენის ადგილი (ლოკალიზაცია) სხვადასხვაა. ახალციხეში, ქალებში კიბოს ხუთი ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა: სარძევე ჯირკვალი (54.9), ქალის სასქესო ორგანოები (36.1), ფარისებრი ჯირკვალი (29.5) , საშვილოსნოს ყელი (26.2), ლიმფოიდური, ჰემოპოეზური და მონათესავე ქსოვილები (16.4).
მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მამაკაცებში კიბოს ხუთი ყველაზე ხშირი ლოკალიზაციაა: ფილტვი(47.2), საშარდე სისტემა (43.2), სასუნთქი სისტემას და გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოები (29.7), კანის სხვა კიბო (27.0), თვალი, თავის ტვინი და ცენტრალური ნერვული სისტემა (22.2).
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაში ვკითხულობთ, რომ „კიბოს რეგისტრის მონაცემთა დაგროვების (სულ მცირე 5 წელი) შემდეგ, შესაძლებელი გახდება გადარჩენის მაჩვენებლების დათვლა, ასევე, საყოველთაო ჯანდაცვის მონაცემებთან შედარების საფუძველზე, შედარებით ჩაღრმავებული ანალიზის ჩატარება“.
კიბოს პოპულაციური რეგისტრი, 2015 წლის 1 იანვრიდან, საქართველოში ავთვისებიანი სიმსივნეების გავრცელების შესახებ ხარისხიანი მონაცემების შეგროვების მიზნით ამოქმედდა. რეგისტრის მონაცემებით, ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების 57% ქალებში აღირიცხება, 44% კი კაცებში.
ასაკის მიხედვით, ავადობის შემთხვევების 70% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან ჯგუფში - 30–დან 70–წლამდე.
0-დან 15 წლამდე და 15-დან 20 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზე შემთხვევათა 1% მოდის.
ქვეყნის მასშტაბით, ქალებში რეგისტრირებულ კიბოს ახალ შემთხვევებში, ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მეორე ადგილი უკავია. 2015 წლიდან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს, როგორც შემთხვევათა რაოდენობამ, ასევე ინციდენტობის მაჩვენებელმა მოიმატა.
ქალებში ფარისებრი ჯირკვლის კიბო რეგისტრირებულია თითქმის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. 2017 წელს, 25 წლამდე გოგონებში, 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ამავე ასაკის გოგონებში ყველა ლოკალიზაცის კიბოს ახალი შემთხვევების 50%-ს შეადგენს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით, ფარისებრი ჯირკვლის კიბო საქართველოში, დარგის ეროვნულ და საერთაშორისო ექსპერტთა განსაკუთრებულ განხილვას საჭიროებს.
მათივე თქმით, კიბოს ავადობის ქვეყნებად მიიმჩნევა ის ქვეყნები, სადაც 100 000 ქალზე ავადობის მაჩვენებლი 10–ს შეადგენს. საქართველოში კიბოს პოპულაციური რეგისტრის მიხედვით კი აღნიშნული მაჩვენებელი 100 000 ქალზე 39–ია.
[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]