სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მთის დიასახლისი

მთავარიბლოგები 01.07.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

მთის დიასახლისი

ჯავახეთზე უთქვამთ: ერთხელ ნახავ და ვეღარასოდეს შეელევიო. თუმცა ყოფილა ბევრი უკანმოუხედავად გაქცეულიც და ისეთიც, ვისაც ამ მხარემ წარმატების დიდი შანსი მისცა. გიამბობთ, როგორ დამკვიდრდა ზღვის პირას დაბადებულ-გაზრდილი გოგონა სოფელ ბალანთაში.

მთის დიასახლისიზღვის დონიდან 1860 მეტრზე, ჯავახეთის ზეგანზე მდებარე ბალანთა გურული ნინო ვასაძის გამოწვევად რვა წლის წინ იქცა, როდესაც განათლების სამინისტრომ მაღალმთიანი სოფლების სკოლებში საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ აამოქმედა. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მთარგმნელობითი გერმანული და ინგლისური ენების 22 წლის ბაკალავრს მაშინ წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ სად გაანაწილეს მასწავლებლად. თეთრი, გამხდარი, ნაზი აღნაგობის ნინო ასე იხსენებს იმ დროს: „სექტემბრის ცხელი დღე იყო, მანქანამ ბაკურიანის ბოლოს სვლა შეანელა და მოხრეშილ გზას დაადგა. ჯერ ტყის ნაპირზე მივდიოდით, მერე ნელ-ნელა აღმართს შევუყევით. რაც უფრო მაღლა ავდიოდით ცხრაწყაროს უღელტეხილზე, მით უფრო შიშს იწვევდა უზარმაზარი კლდეები, თუმცა მაინც საუცხოოდ ლამაზი იყო დავაკებისას, მინდორზე გაშლილი ცხვრის ფარა, იქვე მოჩანდნენ მწყემსი ბიჭები, ულამაზესი ტაბაწყურის ტბა, ტალღებზე მოლივლივე ყარყატები... ცა იყო ისე ახლოს, თითქოს ხელითაც შეძლებდი მიწვდომას, საოცრად ლურჯი და სუფთა“.

ეს რვა წლის წინ იყო. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. დროებით მთაში მოსული, მთამ მოიტაცა. ბალანთელ გიორგი ბერძენიშვილთან ერთად ოჯახი შექმნა და ქალ-ვაჟის დედაც გახდა. მთის დიასახლისი სოფელში მეგზურობას ახლა თავად გვიწევს.

ბალანთის თემი ორ სოფელს - ბალანთასა და ჭიხარულას მოიცავს. ბალანთა ქართულ-სომხური სოფელია. სკოლაშიც სწავლა ქართულ-სომხურ სექტორზე მიმდინარეობს. ჭიხარულა მთლიანად ეთნიკური სომხებითაა დასახლებული. ურთიერთობა კეთილმეზობლურია. არის შერეული ოჯახებიც.
ბალანთის მოსახლეობის ასაკოვანი ნაწილი კარგად ფლობს ქართულს, ახალგაზრდებიც მონდომებით სწავლობენ. ამას ორსექტორიანი სკოლის გარემოც უწყობს ხელს. ყველა ღონისძიება თუ პროექტი ერთობლივად იგეგმება, მოსწავლეებს ენის დაუფლების მეტი საშუალება აქვთ.

ბალანთაში გატარებულ რვა წელიწადში ნინომ კარიერულ წინსვლაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადადგა: მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და უფროსი მასწავლებლის სტატუსი მოიპოვა. შემოდგომაზე უფრო მაღალ საფეხურზე ასვლას გეგმავს. აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხს, განათლების კვლევებისა და ადმინისტრირების სპეციალობით, უახლოეს ხანში დაიცავს. ამ ეტაპზე სკოლების დაფინანსებაში არსებულ პრობლემებს იკვლევს.

და ეს ყველაფერი არ არის. 2014 წელს ნინო ვასაძემ სკოლის დირექტორების კონკურსში მაღალი ქულებისა და სამეურვეო საბჭოს ნდობის მოპოვებაც შეძლო.

„სკოლაში სულ 60 მოსწავლე სწავლობს. ქართულ სექტორზე წელს 14 მოსწავლე გვყავდა, ველოდებით კონტიგენტის გაზრდას. არაჩვეულებრივად ნიჭიერი ახალგაზრდები გვყავს. სკოლის კურსდამთავრებულები რეპეტიტორების გარეშე აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში, მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსებსა თუ ოლიმპიადებში, სკოლას 5 უფროსი მასწავლებელი ჰყავს, მომდევნო სასწავლო წლიდან კიდევ სამი აიმაღლებს სტატუსს. ყველა პედაგოგი აქტიურად არის ჩართული გადამზადების პროცესში. სკოლის ინფრასტრუქტურასაც თანდათან ვაუმჯობესებთ“, - ამბობს ბალანთის საჯარო სკოლის დირექტორი.

მთის დიასახლისიკითხვაზე: რა აკლიათ ჩვენს სკოლებს წარმატებისთვის, ნინო გვპასუხობს: ხშირ შემთხვევაში დრო არ აქვთ ადგილობრივ პედაგოგებსა და მოსწავლეებს, იმდენად არიან დაკავებულნი ცხოვრებისეული საზრუნავით. ვფიქრობ მეტი ღიაობა და მიმღებლობა გვჭირდება სიახლეებისადმი. კიდევ ბევრი მცდელობაა საჭირო წარმატების მისაღწევად. მოსწავლეებს მოტივაციას მატებს მხარდაჭერა და ხელშეწყობა, როცა ამას გრძნობენ, უფრო გახსნილები და მონდომებულები ხდებიან.

ნინოს მიაჩნია, რომ ცვლილებებს განათლების სისტემაში სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ეს მომავალ თაობებს შეეხება. საინტერესოა სხვა ქვეყნების გამოცდილებების გაზიარება, მაგრამ ფუნდამენტური ცვლილებებისთვის უნიკალური მოდელის შექმნაა საჭირო, რასაც წინ კვლევაზე დაფუძნებული შესწავლა-ანალიზი უნდა უძღოდეს.

სამსახურს მიღმა ნინო მგძნობიარე დედა და მეუღლეა. გიორგი ყოველნაირად უწყობს ხელს წარმატების მიღწევაში. რვა წელია შევუღლდით, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა იმდენად თბილი და კომფორტულია, ასე მგონია, დრო საერთოდ არ გასულაო, - ამბობს ის. სამზარეულოში ტრიალი დიდად არ ხიბლავს, თუმცა რასაც აკეთებს, ყველაფერი კარგად გამოსდის, მათ შორის - სომხური ტოლმაც.

პრაგმატულობიდან გამომდინარე, მის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი შესრულებად მიზნებს უჭირავს და არა ოცნებებს. თუმცა სისუსტეები მასაც აქვს. ნინო ფიქრობს, რომ კლიმატი და გარემო ადამიანის განწყობას აყალიბებს. ჯავახეთის მხოლოს 3-4 თვიან დათბობას დღემდე ვერ შეეგუა. სიამოვნებით ვიცხოვრებდი თბილ ადგილას, სადაც კაშკაშა მზე და ხალასი ადამიანები ცხოვრობენო, - ამბობს, მაგრამ იქვე დასძენს: ჩემი ოჯახის გარემოცვაში თავს ყველგან შესანიშნავად ვგრძნობო.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ დღემდე მადლიერია. თვლის, რომ მან არა მხოლოდ მასწავლებლობისთვის, არამედ წარმატებული ცხოვრებისთვისაც გადაამზადა. ვერც იმ დღეს ივიწყებს, ბალანთაში პირველად მისულს, მთელი სოფელი თბილად რომ მიეგება. დროთა განმავლობაში ეს სითბო ორმხრივ პატივისცემაში გადაიზარდა. ბალანთა და ჭიხარულა ნინოსთვის განუყოფელია. ჭირშიც და ლხინშიც ერთად ვართო, - ამბობს.

არ იცის, რა შეიცვლება მომავალში, თუმცა იმაში მტკიცედაა დარწმუნებული, რომ ახლა სწორედ იქ არის, სადაც უნდა იყოს, შორს მშობლიური გურიიდან, თუმცა ცასთან ახლოს. ჰოდა საკითხავი ის არის, ნინო ვერ შეელია ჯავახეთს, თუ პირიქით: ჯავახეთი - ნინოს?

მთის დიასახლისი

[ცაულინა მალაზონია]


13.07.2018 პროფესიული უნარების გამოცდაზე 154 მასწავლებელი არ გამოცხადდა

13.07.2018 სამაგისტრო გამოცდების ტესტის პასუხები სავარაუდოდ წინასწარ გამოქვეყნდა

13.07.2018 ტესტების შესაძლო გადაწერის ფაქტებზე, საგამოცდო ცენტრმა მოკვლევა დაასრულა

13.07.2018 'შპარგალკის' გამო ახალციხეში მასწავლებელს გამოცდა დაატოვებინეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.07.2018 ტყიბულის შახტში კიდევ ოთხი ადამიანი დაიღუპა

15.07.2018 ბორჯომში 4 კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა

14.07.2018 ახალციხის ციხეზე დათო ევგენიძის კონცერტი მიმდინარეობს

14.07.2018 ასპინძის მერი გარბენში საქართველოს ჩემპიონებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

გალინა - ქართულის მასწავლებელი
’ბავშვებს სკოლის პერიოდში მორალური პრობლემები უჩნდებათ’
არაქართულენოვან სკოლებს რამდენიმე საგნის სახელმძღვანელო ჯერ არ მიუღიათ
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ
„ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის მონაწილეები შეარჩიეს
რატომ დადიან მოსწავლეები რეპეტიტორთან - სასწავლო გეგმის ხარვეზი თუ პრესტიჟი?