FM97.5 / LIVE

მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე

მთავარი 14.06.2011
ბენზინგასამართი სადგური საცხოვრებელ კორპუსებთან და არაინფორმირებული მოსახლეობა

მშენებლობა სამშენებლო ნებართვის გარეშე

ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, საპატრული პოლიციის გვერდით მდებარე ტერიტორია, ყოფილი კინოთეატრის ადგილი, სამშენებლო სამუშაოებისთვისაა შემოღობილი. აქ არსებული შენობის დემონტაჟი დასრულებულია და მშენებლობის დასაწყებად გაწმენდვითი სამუშაოები მიმდინარეობს.

- “მიწას ვასწორებთ და სამ დღეში “კალონკის” მშენებლობა დაიწყება”, - გვითხრა “ვისოლის” მიერ დაქირავებული კომპანია “ჰიდროსერვისის” მუშამ ირაკლი ლურსმანაშვილმა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის გელა დემეტრაძის თქმით, მიმდინარე წელს მოზიდული ინვესტიციებიდან ერთ-ერთი სწორედ ამ ტერიტორიაზე განხორციელდება: “კომპანია “ვისოლი” სუპერმარკეტს – “სმარტი” და პატარა ბენზინგასამართ სადგურს აშენებს”.

როგორც შენობის მაკეტზეა ნაჩვენები, სუპერმარკეტი პოლიციის გვერდით განთავსდება, გზის მხარეს კი ბენზინგასამართი სადგური მოექცევა.

დემეტრაძის თქმით, იქ სადაც ინვესტიციები ხორციელდება – აგრარული ბაზარი, ცენტრალური ბიბლიოთეკა და “ვისოლის” ბენზინგასამართი სადგური –ადგილობრივები არიან დასაქმებული: “მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამუშაოებს თითქმის ყოველდღე ვათვალიერებ”.

გამგებელი ამბობს, რომ სხვადასხვა ტიპის შენობა-ნაგებობების მშენებლობას გარკვეულ უწყებებთან სხვადასხვა სახის შეთანხმებები სჭირდება: “აბსოლუტურად ყველა ნორმა დაცული იქნება, შეთანხმებული იქნება ყველა იმ უწყებასთან, რასაც კანონმდებლობა მოითხოვს. ასე რომ არ იყოს, მშენებლობას არ დაუშვებდნენ, რადგან დაშვებულია, ესე იგი, ყველა სამართლებრივი მხარე მოწესრიგებულია”.

“სამხრეთის კარიბჭე” გამგეობის მიერ მშენებლობისთვის გაცემული ნებართვით დაინტერესდა.

- “დღის მეორე ნახევარში მობრძანდით და დოკუმენტს დაგახვედრებთ”, - გვითხრა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარმა სპეციალისტმა იურიდიულ საკითხებში გიორგი მიქელაძემ.

აღნიშნული სამსახურიდან დოკუმენტის მიღების ამაო მცდელობის შემდეგ, მისი მოძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსთან თამარ აბულაძესთან ვცადეთ. მან მშენებლობაზე გაცემული თარიღის დადგენა ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის წამყვან სპეციალისტთან მშენებლობისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში დავით ჩაჩანიძესთან სცადა. ამ უკანასკნელის განცხადებით, მშენებლობაზე ნებართვა არ გაცემულა. იგივე დაგვიდასტურა აღნიშნული სამსახურის უფროსმა თენგიზ ზედგინიძემაც: “ვინ გითხრათ, რომ მშენებლობისათვის ნებართვა გაცემულია?! არანაირი ნებართვა არ გაგვიცია”.

თამარაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსებთან, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ქალაქში გასული წლის ოქტომბერში გავრცელდა. მაშინ “სამხრეთის კარიბჭემ” ახალციხის მუნიციპალიტეტის იმდროინდელ გამგებელს დავით ათუნაშვილს წერილობითი მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც ითხოვდა განმარტებას, რისი მშენებლობა იგეგმებოდა ყოფილი კინოთეატრის ადგილზე, რამდენად იყო ინფორმირებული ამის შესახებ მოსახლეობა და იყო თუ არა მშენებლობისათვის გაცემული ნებართვა (18 ოქტომბერი 2010 წელი).

- “...მოხდა კინოს დემონტაჟი. არანაირი მშენებლობა არ მიმდინარეობს. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ არ არის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული. ამდენად ეს არ საჭიროებს მოსახლეობისათვის რაიმე ინფორმაციის მიწოდებას”, - ნათქვამია ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გაცემულ პასუხში (25 ოქტომბერი, 2010 წელი, #1223/4).

ახლა უკვე, როცა აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის დასაწყებად მიწას ასწორებენ და ადგილობრივ თვითმმართველობაში აქ მშენებარე ობიექტს მუნიციპალიტეტში განხორციელებულ ერთ-ერთ ინვესტიციად მოიაზრებენ, მოსახლეობის ინფორმირებულობა კვლავ უგულებელყოფილი რჩება.

თამარაშვილის ქუჩაზე, იმ ტერიტორიის ახლოს, სადაც ბენზინგასამართი სადგური შენდება, სამ საცხოვრებელ კორპუსსა და კერძო დასახლებულ პუნქტში გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობამ არ იცის მათ ეზოში რისი აშენება იგეგმება.

თამარაშვილის 11-ში მცხოვრებმა ნინო მოდებაძემ იცის, რომ ფანჯრების წინ მალე სუპერმარკეტი ექნება: “თუ “ბენზინ კალონკას” ააშენებენ წინააღმდეგი ვიქნებით, გამონაბოლქვი იქნება, ჰაერი დაბინძურდება. საფრთხე დიდია, ოთხი წლის წინ აქ თათეშვილების “კალონკა” აფეთქდა. თუ გადაწყდება, რომ ნამდვილად “კალონკა” შენდება, ალბათ გამგებელს მისი შეჩერების შესახებ წერილობითი თხოვნით მივმართავთ”.

თამარაშვილის 7-ში მცხოვრებმა ქალბატონმა, რომელიც პრესასთან ინკოგნიტოდ რჩება, მის მეზობლად ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის შესახებ, ობიექტზე დასაქმებული მუშახელისგან შეიტყო: “მაგ საკითხთან დაკავშირებით შარშან ქუჩაშიც გამოვედით, მაგრამ ახლა აღარაფერს ვიტყვი, რადგან მომადგებიან და პოლიციაში წამიყვანენ. ყველას ეშინია და ამიტომ კაციშვილი ხმას არ იღებს. მოსახლეობის პროტესტს ერიდებიან და ამიტომ ამბობენ ჯერ, რომ მხოლოდ სუპერმარკეტი შენდება”.

ის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას ხალხის აზრი მიღებულ გადაწყვეტილებას შეაცვლევინებს, არც თამარაშვილის ქუჩაზე მცხოვრებ მოქალაქეს სჯერა: “ბომბს გვიდებენ სახლთან, მაგრამ ხმის ამოღებას რა მნიშვნელობა აქვს, როგორც თავად სურთ, მაინც ისე გააკეთებენ”. (მის ვინაობას ანონიმურად მისივე უსაფრთხოების გამო ვტოვებთ, თუმცა თავად ეს არ უთხოვია. ''ს.კ'').

ასოციაცია “არგომედიის” თავმჯდომარე ირაკლი აბსნაძე დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას უსაფრთხოების თვალსაზრისით დაუშვებლად მიიჩნევს: “მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში ფეთქებადსაშიში ნივთიერებების დიდი მასის დასაწყობება განვითარებულ ქვეყნებში სპეციალური რეგულაციითაა აკრძალული. ჩვენ შემთხვევაში ისიც გაუგებარია, როცა ერთის მხრივ, მუდმივად გვესმის ტერორიზმის ფაქტის შესახებ, მეორეს მხრივ კი უსაფრთხოების ასეთ ელემენტარულ ნორმებს უგულებელყოფენ”.

მისი თქმით, ეს პრობლემატურია გარემოსდაცვითი თვალსაზრისითაც: “ნავთობ პროდუქტებით დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე საშიში და ძნელადაღდგენადი დაბინძურებაა გარემოსთვის”.

მიუხედავად მოსალოდნელი საფრთხეებისა, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აღნიშნულ მშენებლობასთან დაკავშირებით არანაირი განცხადება, ან წერილი, არც მოსახლეობის და არც რომელიმე გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან არ შესულა. ადგილობრივი თვითმმართველობისთვის დღემდე არც ამ საკითხით შეწუხებულ მოქალაქეს მიუმართავს. თუმცა, ეს გასაკვირი არაა, გამგებლის განცხადებით, საინფორმაციო ბანერები ბენზინგასამართი სადგურისა და სუპერმარკეტის მშენებლობის შესახებ, ახლა უნდა გამოიკრას. არადა მოქალაქეთა უფლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე საქართველოს კონსტიტუციითაა უზრუნველყოფილი: მუხლი 37 (5) – “ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 სხვილისში შვიდსულიან ოჯახს სოციალური დახმარება მოუხსნეს

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თამარაშვილის ქუჩაზე მშენებლობა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე მიმდინარეობს [ფოტო/ვიდეო]
 ,,კეთილმოწყობილი ქალაქი”

ბორჯომში „ვისოლის“ ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს
ავტოსადგური თუ ავტოსადგომი – რა შენდება ყოფილი ღვინის  ქარხნის ტერიტორიაზე
‘გაფრთხილების წერილი გავუგზავნეთ’ - მერია თამარაშვილის ქუჩის მშენებლობაზე
რისთვის შეიძლება გაიჩეხოს პარკი?!

გაგრძელდება თუ არა ახალციხეში სასტუმრო ’ტბის’ მშენებლობა