FM97.5 / LIVE

რას ჰყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულის მშობლები

მთავარისიახლე, სამართალი 28.06.2018
თურქული ბარის საქმეში იმ ბრალდებულის მშობლები დაკითხეს, რომელიც ცემაში სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ავთანდილ გალდავას ადანაშაულებს.

რას ჰყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულის მშობლები

ახალციხის რაიონულ სასამართლოში თურქული ბარის საქმეზე დაკავებული ახალგაზრდების მორიგი სასამართლო პროცესი ექვს საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. სხდომაზე ბრალდებულის მშობლები და სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფის მთავარი გამომძიებელი ზაურ კაპანაძე დაკითხეს.

პროცესზე ჩვენება პირველი იმ ბრალდებულის მამამ მისცა, რომელიც ცემაში სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს ავთანდილ გალდავას ადანაშაულებს. თამაზ კაპანაძემ 2017 წლის რვა ნოემბრის ღამეს მომხდარი დეტალურად გიახსენა: „იმ ღამეს დაახლობით 03:00 საათი იქნებოდა, ჩემმა შვილმა დამირეკა და მითხრა დამიჭირეს და სამმართველოში ვარო. მივედი. მესამე სართულზე იყვნენ ბიჭები გ.კ. ლ.ბ. და კ.ბ. არაფერი სჭირდათ უბრალოდ იდგნენ. არ იყვნენ მთვრალები. ცოტახანში სამმართველოს უფროსის მოადგილემ დავით ბუცხრიკიძემ დაჟინებით მითხრა გადიო. გამოვედი და ეზოში ვხედავ, რომ ავთანდილ გალდავა [სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი] მოვიდა უგონოდ მთვრალი, ისე რომ კიბეზე ასვლისას ლამის წაიქცა, ჯერ იქ შესვლამდე ვიღაცას უხეშად მოექცა, ლამის სცემა. გალდავას პოლიციაში შესვლის მერე არ გასულა 15 წუთი, რომ მესმის ჩემი შვილის საზარელი ხმა, შველას ითხოვდა. ვცადე შევსულიყავი შენობაში, მაგრამ არ შემიშვეს, ვერც უკანა მხრიდან შევედი. ეს ხმა 10 წუთის განმავლობაში გაგრძელდა. შემდეგ აღარ ისმოდა. ბუცხრიკიძე რამდენჯერმე ჩამოვიდა და მითხრა კარგადაა ყველაფერი წადი, ახლა მაინც ვერ ნახავო, ხვალ დილით ადმინისტრაციულს გავუფორმებთ და გამოვუშვებთო. წამოვედი და სოფელში წავედი“.

მისი თქმით, მეორე დღეს, დაახლოებით, 12:00 საათი იქნებოდა, როცა მისი შვილის მეგობარმა დაურეკა: „მითხრა, რომ ჩემი შვილი ძალიან ცუდ მდგომარეობაში ყოფილა და საავადმყოფოში წაუყვანიათ. ავედი სასწრაფოდ საავადმყოფოში, ვხედავ, რომ დაახლოებით 20–მდე პოლიციელი დგას, არაფრით მიშვებენ შიგნით. ჩემი შვილი ორი საათის მერე დამანახა ექიმმა, ბავშვი უგონოდ იწვა და არ იყო კონტაქტური, იქიდან საკაცეთი გამოიყვანეს და მერე გადაიყვანეს სასამართლოში. სახე დალურჯებული ჰქონდა და ფეხებს ვერ ადგამდა. საავადმყოფოში რომ არ მიშვებდნენ 112–შიც კი დავრეკე. მეორე დღეს 10 ნომებერს წავედი და პროკურატურაში საჩივარი დავწერე“.

როგორც სასამართლო დარბაზში თამაზ კაპანაძემ განაცხადა, რვა ნოემბრის ღამეს მომხდარზე სისხლის სამართლის მუხლით ძიება სწორედ მისი განცხადების დაწერის შემდეგ დაიწყეს.

„თუ იმ ღამით თქვენი შვილის ყვირილის და ცემის ხმა გესმოდათ, რატომ დატოვეთ მალე პოლიციის ტერიტორია და წახვედით სოფელში?“ – ჰკითხა კაპანაძეს პროკურორმა კახა ლეკიშვილმა.

„არ მეგონა ასეთი ნაცემი თუ იქნებოდა, თან დავუჯერე დავით ბუცხრიკიძეს, რომელმაც მითხრა, რომ ჩემ შვილს ადმინისტრაციულს გაუფორმებდნენ და მეორე დღეს გამოუშვებდნენ“, – უპასუხა ლეკიშვილს კაპანაძემ.

კაპანაძის შემდეგ დარბაზში მისი მეუღლე ლია წიქარიშვილი დაკითხეს: „ბავშვი სასტიკად ნაცემი იყო და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეაერთეს. სახეზე ისე იყო ვერ იცნობდი“.

ბრალდებულის მშობლების ჩვენების შემდეგ მხარეების შეკითხვებს გამომძიებელმა ზაურ კაპანაძემ უპასუხა. დაცვის მხარის მტკიცებით, მას საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულად ჰქონდა შედგენილი.

„ბრალდებულ ლ.ბ–ს დაკთხვის ოქმში ეწერა, რომ მის დაკითხვას შვიდი მოწმე ესწრებოდა. ეს არის სრული დარღვევა, სრულწლოვნის დაკითხვის დროს მხოლოდ ადვოკატს შეუძლია მასთან ყოფნა. რატომ გაქვთ დოკუმენტში, რომ ბრალდებულის დაკითვაზე კიდევ შვიდი კაცი იყო?“ – ჰკითხა ადვოკატმა თამარ სადრაძემ კაპანაძეს.

„დოკუმენტში მექანიკური შეცდომა გაიპარა, შვიდი მოწმე უბრალოდ ამოცნობაში იღებდა მონაწილეობას“, – უპასუხა კაპანაძემ.

ამავე სხდომაზე, პროკურორმ დასკვნით სიტყვა წაიკითხა. მომავალ სხდომაზე დასკვნით სიტყვებს ადვოკტები წაიკითხავენ.

რას ჰყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულის მშობლები

შეგახსენებთ, რომ შემთხვევა 2017 წლის ცხრა ნოემბერს, გვიან ღამით, ახალციხეში, ე.წ საბარგო სადგურის დასახლებაში, ერთ–ერთ თურქულ ბარში მოხდა. ბრალდების მხარის მტკიცებით, ლ.მ–მ, გ.კ–მ და კ.ბ–მ ბარში შესვლა სცადეს, მათ იქ მყოფ საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს, ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რა დროსაც თურქეთის რესპუბლიკის ერთ–ერთმა მოქალაქემ თავის არეში დაზიანება მიიღო. სამივე მათგანი პასუხისგებაში ხულიგნობის მუხლით მისცეს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თურქული ბარის საქმეზე  წერილობითი მტკიცებულებები გამოიკვლიეს
თურქული ბარის საქმეზე ექიმები და გამომძიებლები დაკითხეს
რას ყვებიან თურქული ბარის საქმეში ბრალდებულები
მოსამართლემ თურქულ ბართან დაკავებული ახალგაზრდების სხდომა დახურა
თურქულ ბარში დაკავებულების პროცესზე ნივთმტკიცებები გამოიკვლიეს
თურქულ ბართან დაკავებულების საქმის განხილვისას პროკურორი დააჯარიმეს
თურქული ბარის საქმეზე სამ ახალგაზრდას განაჩენი გამოუტანეს