FM97.5 / LIVE

აკვამლებული ნაგავსაყრელი ბორჯომში

მთავარიეკონომიკა 26.06.2013
დანაგვიანებული სანაპირო მდინარე მტკვარზე და ნაგავსაყრელი, რომელიც მუდამ კვამლშია გახვეული; რა საფრთხეებზე საუბრობენ ეკოლოგები და რა არ მოსწონთ ბორჯომში ტურისტებს.

აკვამლებული ნაგავსაყრელი ბორჯომში

სად მიაქვთ საყოფაცხოვრებო ნარჩენები ბორჯომიდან?

ბორჯომიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები ოთხ ნაგავმზიდს ყოველდღიურად, ქალაქიდან 25 კილომეტრის მოშორებით, ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე გააქვს.

ნაგავსაყრელი, რომელიც 1,5 ჰექტარს მოიცავს, გამუდმებით ცეცხლის ალშია გახვეული. ახლომდებარე დასახლების მცხოვრებლები კვამლისა და ნამწვის სუნისგან შექმნილ გაუსაძლის მდგომარეობაზე ჩივიან და ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ.

„გამუდმებით იწვის, ახლაც კვამლი ამოდის. შვიდი ოჯახი ვცხოვრობთ და ყველაზე მთავარი პრობლემა ეს გვაქვს. განსაკუთრებით ცუდი სიტუაციაა ქარის დროს. ისეთი სუნია, ბავშვები გარეთ ვერ გამოგვყავს“,- გვეუბნება ნაგავსაყრელიდან რამდენიმე მეტრში მდებარე დასახლების, ზორეთის მცხოვრები ზაზა კევლიშვილი.

ანტისანიტარიასა და ქვეწარმავლების მომრავლებაზე საუბრობს ბორჯომში მცხოვრები მოსახლეობაც.

აკვამლებული ნაგავსაყრელი ბორჯომშიმიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ნაგვის ურნები დგას, მდინარე მტკვრის სანაპიროზე საყოფაცხოვრებო და სამშენებლო მასალების ნარჩენები მაინც ყრია. ადგილობრივები ამბობენ, რომ იმისათვის, რომ საკურორტო ქალაქში სისუფთავე იყოს, აუცილებელია ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამის ზომებს მიმართოს და დანაგვიანების შემთხევავში მოქალაქეებსა და ორგანიზაციებზე სანქციები დააწესოს.

„სიტუაცია უნდა გამოსწორდეს. აუცილებელია ხალხმა იფიქროს იმაზე, რომ გარემო არ დააბინძუროს. ადგილობრივმა თვითმმართველობამაც უნდა იაქტიუროს, დააკისროს ჯარიმები და მოსახლეობა ნელ-ნელა მიეჩვევა, რომ ქალაქში ნაგავი არ უნდა დაყაროს”, - ამბობს ახალდაბაში მცხოვრები ლელა ჩხარტიშვილი.

„ხშირად უთქვამთ ტურისტებს, რომ ქალაქი ძალიან დანაგვიანებულია“

7 წელიწადია არტურ სტეფანიანი ბორჯომის ტურისტულ ცენტრში მუშაობს. მისი თქმით, დანაგვიანებული სანაპირო გარკვეულწილად ტურისტებზეც ახდენს ზეგავლენას: „ხშირად უთქვამთ ტურისტებს, რომ ქალაქი ძალიან დანაგვიანებულია. სამწუხაროდ ისეთ ადგილებში ყრია ნაგავი, სადაც არ უნდა ეყაროს. თვალში რომ გხვდება ასეთი „პეიზაჟი“, მოქმედებს ადამიანზე და ჩნდება შთაბეჭდილება, რომ თუ ქალაქი ასეთი მოუვლელია, ხალხიც ასეთი იქნება. რაც უფრო სუფთა იქნება ქალაქი, მით მეტი ტურისტი ჩამოვა“.

სტეფანიანი ამბობს, რომ დამბინძურებლებისთვის სანქციები უნდა ამოქმედდეს: „მარტო ბორჯომში კი არა, მთელ საკურორტო ზონაში უნდა მოქმედებდეს ჯარიმები. თავიდან იქნება შიში, მერე ეს გადავა ჩვევაში, ასე გამოსწორდება მდგომარეობა“.

ვინ ასუფთავებს ბორჯომს?

ბორჯომს შპს „კეთილმოწყობა“ ასუფთავებს. ადგილობრივი თვითმმართველობა შპს-ს სუბსიდიის სახით წელიწადში 470,000 ლარს ურიცხავს.

„კეთილმოწყობაში” ამბობენ, რომ სამშენებლო კომპანიები არაერთხელ გააფრთხილეს, საქმის კურსშია პოლიციაც, თუმცა, მდინარის პირას ნარჩენები მაინც იყრება.

„გაფრთხილებული გვყავს სამშენებლო ობიექტების ხელმძღვანელები და როგორც ვიცით, ისინი საკმარის თანხას უხდიან რომ ნარჩენები ნაგავსაყრელამდე გაიტანონ, თუმცა მძღოლები მაინც სანაპიროზე ყრიან. უდიერი მძღოლების გამო გვიწევს ამ ნარჩენების ჩვენი მანქანებით გატანა“, - ამბობს შპს „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელი მერაბ იობიძე.

რაც შეეხება ნაგავსაყრელს, იობიძე ადასტურებს, რომ ნაგავსაყრელი სტანდარტებს არ შეესაბამება, თუმცა, ნაგავსაყრელის მოსაწყობად და შემოსაღობად საჭირო სახსრები არ გააჩნიათ: „შემოღობილი არ არის, ქარის დროს პოლიეთილენის პარკები მიმდებარე ტერიტორიაზე იყრება. არ ჰყავს დაცვაც. თანხა, რომლითაც ჩვენ გვაფინანსებენ, საკმარისია იმისათვის, რომ ნარჩენები გამოვიტანოთ, ნაგავსაყრელზე მივიტანოთ და შეძლებისდაგვარად ვუპატრონოთ. ძალიან დიდი თანხებია საჭირო იქ მშენებლობა-მოწყობისთვის“.

აკვამლებული ნაგავსაყრელი ბორჯომშიმისივე თქმით, რაც შეეხება ნარჩენების დაწვას, ნაგავსაყრელზე ცეცხლი თვითნებურად ჩნდება: „სიცხეების დროს გამოიყოფა ტოქსინები, გაზად გარდაიქმნება და ცეცხლი ჩნდება. რამდენჯერმე სახანძრო მანქანით ჩავაქრეთ, მაგრამ სიღრმეში ღვივის და მისი სრული ლიკვიდაცია შეუძლებელია. ყოველდღირად კი მანქანის გაგზავნა ვერ ხერხდება. უნდა აშენდეს ახალი ნაგავსაყრელი და ეს პრობლემა გადაიჭრება“.

როგორ იხდიან ბორჯომში დასუფთავების გადასახადს?

მიუხედავად იმისა, რომ სისუფთავის მხრივ პრობლემებია, მოსახლეობის გადახდისუნარიანობით, ბორჯომს, რეგიონის მასშტაბით, მაღალი მაჩვენებელი აქვს. ამის შესახებ, გამგეობაში აცხადებენ.

დასუფთავების გადასახადი ბორჯომში, მოქალაქეებისთვის ერთ სულზე 0,60 ლარია, იურიდიულ პირები თანხას საყოფაცხოვრებო ნარჩენების რაოდენობის მიხედვით იხდიან. ტარიფი, სხვადასხვა ორგანიზაციისთვის, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, 1 კუბურ მეტრზე იანგარიშება. მოსახლოებას დასუფთავების გადასახადის ქვითარი 2007 წლიდან სახლში მისდის. ქვითრებს ბორჯომის მუნიციპალიტეტის ეკონომიკისა და სივრცითი მოწყობის სამსახურის თანამშრომელბი არიგებენ.

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ნათლა გოგოლაძის განმარტებით, მიმდინარე წელს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასახადის 60 პროცენტი უკვე ამოღებულია, რაც ძალიან აკრგი მაჩვენებელია: „2013 წლის გეგმა არის 160,000, ამ ეტაპზე კი ამოღებულია 93,500 ლარი. წინა წლთან შედარებით გადასახადების ამოღება გაუმჯობესებულია“.

არასამთავრობოები ეკოლოგიურ საფრთხეებზე მიუთითებენ

სამოქალაქო ეკოლოგიური და გენდერული განათლების ასოციაცია „ოაზისი“ ბორჯომში 2005 წლიდან არსებობს. ასოციაციაში ამბობენ, რომ მდინარის დაბინძურება საგანგაშო შედეგს იწვევს.

„საფრთხე მდინარეში არსებულ ყველა ცოცხალ არსებას ემუქრება. საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად წყალში ქიმიური ნაერთებიც ჩადის“, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნანა ქუმსიაშვილი.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ნარჩენების დაწვისას ჰაერში გაფრქვეული კვამლი განსაკუთრებით საშიშია: „ის, რაც წვის დროს გამოიყოფა, არის დიოქსინები და ფურანები, რაც არის საკმაოდ საშიში. აბინძურებს გარემოს და იწვევს ალერგიულ დაავადებებს მოსახლობაში“.

„ნაგავსაყრელების მოსაწესრიგებლად მუშაობა დაწყებულია“

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მუშაობა დაიწყო.

'მტკვარზე, მტრედის ხიდთან, ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. ადრე იყო მისასვლელი გზა და დასუფთავების სამსახური წმენდდა. მას შემდეგ, რაც წყალმომარაგების კომპანიამ მილი გაიყვანა, ტექნიკით ჩასვლა ვეღარ ხერხდება. თათბირებზე ხშირად გვაქვს ამაზე საუბარი და გვინდა ხალხთან ერთად ეს ტერიტორია გავწმინდოთ. ხშირია ამ ტერიტორიაზე სამშენებლო ნარჩენების გადაყრაც“, - ამბობს მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ბერიძე.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ადგილობრივ თვითმმართველობაში შეიქმნება არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურები, რომელთაც არაკანონიერი მშენებლობების მართვა დაევალებათ: „შევქმნით მონიტორინგის ჯგუფს, რომელსაც დაევალება ნარჩენების კუთხით კონტროლი. იქნება ცხელი ხაზი და იმ შემთხვევაში, თუ ნაგავს ქალაქის ტერიტორიაზე დაყრიან, დავაჯარიმებთ. ვგეგმავთ ბინებში ბუნკერების გაუქმებას და კორპუსების წინ ნაგვის ურნების დადგმას, რადგან ანტინსანიტარიაა და ქვეწარმავლებით სავსეა ბინები. ეს დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ მომავალი წლიდან, ეტაპობრივად დავიწყებთ”.

ვინ აშენებს ახალ ნაგავსაყრელს ბორჯომში?

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გვარწმუნებენ, რომ წლის ბოლომდე ბორჯომს ნაგავსაყრელების პრობლემა სამუდამოდ მოუგვარდება. ქვაბისხევში ახალი, თანამდროვე ტიპის ნაგავსაყრელი აშენდება, რომელსაც ჰოლანდიის მთავრობა დააფინანსებს. ორ სახელმწიფოს შორის მემორანდუმი „მთავრობა მთავრობისთვის“ პროგრამის ფარგლებში გაფორმდა.

ჰოლანდიური კომპანიის - „ამიკოს“ პარტნიორი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა. ადგილობრივ დონეზე კი პარტნიორობას არასამთავრობო ორგანიზაცია „გარემოსდაცვითი ინფორმაციის და მდგრადი განვითარების ცენტრი - რიო“ უწევს.

„რიოს“ ხელმძღვანელის ნატო კირვალიძის განმარტებით, მშენებლობა დროში პროცედურული საკითხების გამო გაიწელა. დიდი დრო დასჭირდა ტერიტორიის მოძებნას და მშენებლობის დასაწყებად ნებართვის მიღებას. პროცესებზე გავლენა იქონია საქართველოში ხელისუფლების შეცვლამაც.

„ 5-6 ალტერნატიული ადგილი განიხილეს, ამას დიდი დრო დასჭირდა. დვირის ნაგავსაყრელზე იგეგმებოდა ახალის მოწყობა, გარდა იმისა, რომ ტექნიკურად რთული აღმოჩნდა, გაირკვა, რომ ამ ტერიტორიის ნაწილი გასხვისებული იყო. საბოლოოდ, ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე გადაწყდა ახალის მოწყობა“, - ამბობს კირვალიძე.

აკვამლებული ნაგავსაყრელი ბორჯომში„რიოში“აცხადებენ, რომ ქვაბისხევში ნაგავსაყრელის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ ეტაპზე ჰოლანდიიდან მშენებლობისთვის საჭირო ტექნიკა იგზავნება, რასაც დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება: „ტექნიკის ჩამოტანის შემდეგ, დაახლოებით თვენახევარში, სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულდება და სექტემბრის თვეში ალბათ გავხსნით“.
კირვალიძის განმარტებით, კომპანია „ამიკო“, თავისი სურვილით, ბორჯომში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადასატვირთ სადგურსაც მოაწყობს.

ვინ უპატრონებს ნაგავსაყრელს?

ტერიტორია, რომელზეც ქვაბისხევის ნაგავსაყრელია განთავსებული „საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიას“ უნდა გადაეცეს. კომპანიის ხელმძღვანელი გიორგი შუხოშვილი ამბობს, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტს ტერიტორიის გააცემასთან დაკავშირებით წერილი უკვე გაუგზავნეს: „მიწა, რომელზეც ნაგავსაყრელი განთავსდება, ივლისის დასაწყისში უკვე ჩვენს კაპიტალში იქნება. ამის შემდეგ ჰოლანდიურ კომპანიას მაქსიმალურად გავუწევთ კონტროლს, რომ პროექტი განსაზღვრულ ვადაში დამთავრდეს“.

ადგილობრივებს იმედი აქვთ, რომ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელის მოწყობის შემდეგ ბორჯომის დასუფთავების პრობლემა საბოლოოდ მოგვარდება. ნაგავსაყრელის აშენებას განსაკუთრებით ამჟამინდელი ნაგავსაყრელის ახლოს მცხოვრებნი ელიან, რომლებსაც ყოველდღიურად ნამწვით გაჯერებული და დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა უწევთ. ეკოლოგები კი იმედოვნებენ, რომ მდინარე და მასში მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმები, მოწამვლას შემოდგომიდან მაინც გადაურჩებიან.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2019 ბორჯომსა და ბაკურიანს ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა

12.12.2019 მთაში მცხოვრები პენსიონერები გაზრდილ პენსიას მიიღებენ

11.12.2019 მესხეთის ქუჩაზე დაზიანებული გზის და ცხაურების გაკეთებას ითხოვენ

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

ქვაბისხევის ნაგავსაყრელზე საყოფაცხოვრებო ნარჩენები იწვის
ბორჯომში ახალი ნაგავსაყრელი მოეწყო
ასპინძის ნაგავსაყრელიდან ქარის წაღებული ცელოფნებით საძოვრები ბინძურდება [Photos]
ახალციხეში განახლებული ნაგავსაყრელი გაიხსნა
ახალციხეში ნარჩენების მართვაზე იმსჯელეს
რატომ ვერ გახდა ახალციხე სუფთა ქალაქი
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ნაგავსაყრელი განახლდა