
ნაირა სამსონიძე, რომელიც ახალციხეში ხალხის არჩეული დეპუტატის გიორგი კოპაძის ბიუროს წარმომადგენელია, კომუნისტური პარტიისა და საბჭოთა სახელმწიფოს ლიდერს იოსებ სტალინს „უძლიერეს პიროვნებად“ და „დიდ პოლიტიკოსად“ აფასებს. იგი ამ ეპითეტებით ტოტალიტარული რეჟიმის ლიდერის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქის პირად გვერდზე აზიარებს.
მის კედელზე ისეთი შინაარსის ინფორმაციას, რომელიც სტალინს დადებითად ახასიათებს, მაგალითად, ის თუ როგორ იცავდა იგი მშრომელთა უფლებებს, აზრის გამოთქმის თავისუფლებას და ა.შ. ხშირად შეხვდებით.

მსგავსი სახის სტატუსებს შორის არის ჰომოფობიური ხასიათის ინფორმაციაც. მიმდინარე წლის 11 მაისს, ნაირა სამსონიძე აზიარებს მომხმარებლის სტატუსს, რომელსაც ასეთი სათაური აქვს – „აჩრდილი რომელიც აფრთხობს მეტრაკე ლიბერ პიდარასტებს“. აღნიშნულ მასალაში იმის შესახებ წერია, თუ როგორ სჯიდა სტალინი ქვეყანაში ჰომოსექსუალებს: „სტალინი თვლიდა, რომ ჰომოსექსუალები ან უნდა დაიხვრიტონ, ან ბანაკებში უნდა გაიგზავნონო. მისი აზრით, ისინი საშიშნი არიან, რადგან შეუძლიათ მომავალი თაობის და არმიის გარყვნა. სწორედ ამიტომ 1934 წელს ჰომოსექსუალიზმი კანონით აკრძალა“....
იურისტების განცხადებით, დეპუტატის ბიუროს წევრი საჯარო მოხელე არა, თუმცა საჯარო მოსამსახურეა. ამიტომ მასზე ვრცელდება საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც საჯარო სამსახურში ეთიკის ნორმებს არეგულირებს.
„აქ მე–11 მუხლში წერია, რომ არ შეიძლება სიძულვილის ენის გამოყენება, ანდა დისკრიმინაციული კომენტარის გაკეთება, რომელმაც შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს საჯარო მოსამსახურის სამსახურეობრივი უფლებამოსილების მიუკერძოებლობა და ობიექტურად განხორციელება. აქედან გამომდინარე, მისი ეს ქმედება დარღვევაა“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი ქეთი ბებიაშვილი.

მისივე თქმით, ბიუროს წევრს ხელშეკრულების საფუძველზე ნიშნავს და ათავისუფლებს პარლამენტის აპარატის უფროსი: „ამიტომ რეაგირება სწორედ მან და იმ დეპუტატმა უნდა მოახდინოს, რომლის ბიუროსაც ეს პირი წარმოადგენს. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, გაჩნდეს ეჭვი, რომ იგი სწორედ პარლამენტის წევრის პოზიციას გამოხატავს, რაც ბუნებრივია ამ დეპუტატისთვის დამაზიანებელია“.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ იურისტის გიგი ჩიხლაძის თქმით, სტალინი ცივილიზებულ სამყაროში აღიარებულია, როგორც დამნაშავე დიქტატორი, რომელმაც მილიონობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მოცემულ შემთხვევაში კი პარლამენტის წევრი ბიუჯეტიდან ხელფასს უხდის და ამომრჩევლებთან ურთიერთობისთვის იყენებს ადამიანს, ვინც სტალინის მსოფლმხედველობის გამზიარებელია: „ის, რომ ხალხის არჩეული დეპუტატი ასეთი ადამიანის მეშვეობით ცდილობს ხალხთან ურთიერთობას ამის შესახებ მისმა ამომრჩეველმა აუცილებლად უნდა იცოდეს“.

დეპუტატს აკისრებს პასუხისმგებლობას „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე. იგი სტალინის დანაშაულებრივი ქმედებების ნუსხას იხსენებს: „სტალინს უკავშირდება მესხეთიდან 1940–იან წლებში ათასობით გამაჰმადიანებული ქართველის გადასახლება, რომლებიც მან რელიგიის გამო თურქებად შერაცხა. ასევე, მას უკავშირდება 1930–იან წლების რეპრესიები. ის ვინც სტალინთან მიმართებაში დადებით კონტექსტში საუბრობს, მას ეს ყველაფერი ან არ გაუგია, ან გაუგია და მოსწონს. ორივე შემთხვევაში პრობლემაა, ერთი – განათლების პრობლემასთან გვაქვს საქმე, მეორე კი ღირებულების. სამწუხაროა, რომ ადამიანი, რომელიც ადგილობრივ დონეზე მოქალაქეებს ხვდება, სტალინის პოლიტიკის გულშემატკივარია“.
იურისტები მიიჩნევენ, რომ ბიუროს მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევაზე რეაგირება დროულად უნდა მოხდეს.
„ტოტალიტარიზმის მხარდამჭერი არ უნდა იყოს და ჰომოფობიას არ უნდა ავრცელებდეს დეპუტატის ბიუროს წევრი. დეპუტატმა უნდა მოახდინოს რეაგირება ამ პირზე და არ უნდა იყოს ხალხის არჩეული პირი სიძულვილის ენის გამოხატვის წამხალისებელი“, – ამბობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი გიორგი გოცირიძე.

საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ აპარატის უფროსი მივლინებით საზღვარგარეთაა: „გამოგვიგზავნეთ შეკითხვები და როგორც კი დაბრუნდება გიპასუხებთ“.
მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე კი კომენტარს არ აკეთებს: „არ მცალია“ – გვითხრა მან და ნაირა სამსონიძის მიერ გაზიარებული სტატუსების შესახებ დასმულ შეკითხვას არც მოუსმინა.
საუბარი არც ნაირა სამსონიძემ ისურვა: „ეს ჩემი პირადია და მაქვს უფლება კომენტარი არ გავაკეთო“.

„სამხრეთის კარიბჭე“ ემიჯნება მასალაში მოყვანილ ჰომოფობიურ, ასევე ტოტალიტარული რეჟიმის მხარდამჭერ გამონათქვამებს. მათ რედაქცია სრული სახით გთავაზობთ იმის გამო, რომ საზოგადოებას აქვს უფლება მიიღოს ინფორმაცია მის მიერ არჩეული დეპუტატისა და მისი ბიუროს საქმიანობაზე. [თამუნა უჩიძე, ახალციხე]