FM97.5 / LIVE

‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის შეხვედრა არ შედგა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 11.06.2018
ურავლის მოსახლეობასა და ახალციხის მერს შორის ექვსი სოფლის სარწყავი წყლის პროექტთან დაკავშირებით, დღეს, 11 ივნისს, დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ზაზა მელიქიძე დღეს ურაველში იყო, იგი მინი ფეხბურთს და ახალგაზრდების გამართულ კონცერტს დაესწრო.

‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა

ახალციხეში, სოფელ ურაველში, დღეს, 11 ივნისს სარწყავი სისტემის მშენებლობასთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ადგილობრივებს უნდა შეხვედროდა. თუმცა, ქალაქის მერმა ურავლელებთან შესახვედრად ვერ მოიცალა. მიზეზი ისაა, რომ იგი სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით განხორციელებულ პროექტშია ჩართული, რომელიც ორი დღის განმავლობაში სტუდენტებთან ერთად მუნიციპალიტეტის ისტორიული ძეგლების და ინფრასტრუქტურული პროექტების დათვალიერებას გულისხმობს.

დაგეგმილ შეხვედრაზე ადგილობრივებს მელიქიძისთვის მათი გადაწყვეტილების შესახებ უნდა ეცნობებინათ. უფრო ზუსტად ურავლელებს სოფელში ერთმანეთთან თათბირის შემდეგ მერისთვის დღეს უნდა ეთქვათ, არიან თუ არა თანახმა, რომ ექვსი სოფლის სარწყავი წყლის პროექტი განხორციელდეს. აღნიშნული სისტემა სათავეს ურავლის წყაროს წყლებიდან იღებს, ამიტომ ურავლელები აცხადებენ, რომ თუ წყალს ხუთ სოფელს გაუნაწილებენ, მათი სოფელი უწყლოდ დარჩება და ამას არ დაუშვებენ.

ბოლოს, რვა ივნისს, ურაველში მერთან გამართული შეხვედრა, ადგილობრივების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა. დარბაზში დარჩენილ ათამდე კაცთან კი ზაზა მელიქიძემ განაცხადა, რომ თუ პროექტი განხორციელდება და ურაველში წყალი დაიკლებს, ის დანარჩენ სოფლებს წყალს თავადვე გადაუკეტავს. ურავლელებს სწორედ ეს პირობა უნდა განეხილათ და დღეს დაგეგმილ შეხვედრაზე მერისთვის ეცნობებინათ, არიან თუ არა თანახმა, რომ პროექტი ამ პირობით განხორციელდეს.

ურავლელები ამბობენ, რომ უკვე ითათბირეს და გადაწყდა, რომ სოფლიდან წყლის გაყვანას არანაირი პირობით არ დაუშვებენ.

„თათბირი უკვე გვქონდა, არანაირ პირობაზე არ წავალთ, ერთადერთი მოთხოვნაა, სამუშაოები აღარ გაგრძელდეს და სხვა გზა ეძებონ“, – გვითხრა ადგილობრივმა მანუჩარ კაპანაძემ.

მას ეთანხმება ურავლის მკვიდრი სულიკო ზედგინიძე: „წყალი უკვე დაწეულია და თქვენ წარმოიდგინეთ მილები რომ ჩაყარონ რა დღეში ჩავარდება, მითუმეტეს აგვისტოში სულ შრება წყალი. ასეთ შემთხვევაში საერთოდ რა პირობებზე უნდა ვილაპარაკოთ?!“

ადგილობრივი გიორგი კაპანაძე კი ამბობს, რომ რომელ დღესაც არ უნდა ჩატარდეს შვხვედრა და რა პირობაც არ უნდა მიიღონ თვითმმართველობიდან, პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ: „ვიცოდით, რომ დღეს უნდა მოსულიყო მერი და არ მოვიდა, ახლა არ ვიცი როდის შეგხვდება, მაგრამ აზრი არ აქვს, ჩვენი პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ, დანარჩენი თვითონ გადაწყვიტონ“.

ურავლის დეპუტატისა და სოფელში მერის წარმომადგენლის თქმით, ზაზა მელიქიძე ადგილობრივებთან შეხვედრას ოთხშაბათს, 13 ივნისს გამართავს.

‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა

შეგახსენებთ, რომ ურავლის ხეობაში ექვსი სოფლის სარწყავი წყლის პროექტს „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“ იაპონიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საელჩომ ირიგაციის სისტემის აღსადგენად – 209 575, ახალციხის თვითმმართველობამ კი 37 723 ლარი გამოყო.

წყალი, რომლითაც წყორძის, ანდრიაწმინდის, ახალშენის, მინაძის, ღრელისა და ჭაჭარაქის, ჯამში, 200 ჰექტარი ფართობი უნდა მოირწყას, სათავეს ურავლის წყაროს წყლებიდან იღებს. აქედან წლების წინ ახალციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა. პროექტი სწორედ იმ არსებული სისტემის აღდგენას გულისხმობს და მას რეაბილიტაციის შემდეგ გასარწყავიანებისთვის ხუთ სოფელში გადასართავები გაუკეთდება.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

ზაზა მელიქიძე: ‘ურავლელები რომ დამკავშირებოდნენ, შეხვედრისთვის მოვიცლიდი’
ხმაური  ურაველში – სარწყავი წლის პროექტის გამო ადგილობრივები მერს დაუპირისპირდნენ [Video]
სოფელ წყორძაში სარწყავი სისტემის მოსაწყობად ტენდერი გამოცხადდა
‘წყალს ვერ წაიყვანენ, სასამართლოში ვიჩივლებთ!’ – ახალციხეში 6 სოფლის სარწყავის  მშენებლობა შეჩერდა
მოსახლეობის 'დასამშვიდებლად' შექმნილი დოკუმენტი-მცდელობა ურაველში სარწყავი სისტემის მშენებლობის გასაგრძელებლად
ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს