რომელ სასწავლებლებს ირჩევენ ახალციხელი აბიტურიენტები »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რომელ სასწავლებლებს ირჩევენ ახალციხელი აბიტურიენტები

მთავარისიახლე, განათლება 06.06.2018
წელს ახალციხეში სკოლა ხუთასზე მეტმა მოსწავლემ დაამთავრა. სად აპირებენ სწავლის გაგრძელებას აბიტურიენტები და რომელ სასწავლებლებს ირჩევენ სასურველი პროფესიის მისაღებად;

რომელ სასწავლებლებს ირჩევენ ახალციხელი აბიტურიენტები

სალომე გოგოლაურმა პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და ახლა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლას აპირებს: „სამწუხაროდ, ფსიქოლოგიის სპეციალობა ახალციხის უნივერსიტეტში არ არის, ამიტომ თბილისში წასვლა მიწევს, მიზანი ჯავახიშვილში, ან ილიაუნში მოხვედრაა“.

აბიტურიენტ სალომე ლაბაძეს გადაწყვეტილი აქვს, რომ განათლება სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღოს: „ახალციხის უნივერსიტეტში საჯარო მართვაზე ვაპირებ ჩაბარებას. ჩემი აზრით, თუ სწავლა გინდა, ყველგან ისწავლი“.

ახალციხეში სწავლას თბილისს ამჯობინებს აბიტურიენტი მარიამ გოგრიჭიანი: „ილიაუნში მეცნიერების და ხელოვნების ფაკულტეტზე ვაბარებ, იქ ბევრი საინტერესო საგანია. პროფესიის არჩევა მეორე კურსიდან მომიწევს“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, იგივე ფაკულტეტზე მოხვედრა სურს მეხუთე საჯარო სკოლადამთავრებულ ანი ანანიაშვილსაც: "ეს მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ ამ ფაკულტეტზე პირველ წელს მხოლოდ შესავალი კურსების სწავლა მომიწევს და ეს მერე დამეხმარება იმაში, რომელი სპეციალობა ავირჩიო''.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებენ მეხუთე სკოლელები დავით ბალიაშვილი და ლიკა მაისურაძე:„თბილისში სასწავლებლად მივდივარ იმიტომ, რომ სამედიცინო უნივერსიტეტში ვისწავლო. ახალციხეში ასეთი სპეციალობა არ არის“, – ამბობს ბალიაშვილი.

სამართლის მიმართულებით გეგმავს ჩაბარებას პავლე ბერიძე, ამბობს რომ სწავლის გაგრძელება თბილისში, ილიაუნში სურს: „ჩემი აზრით სწავლის კუთხით იქ მეტი შესაძლებლობები მექნება და ამიტომ გადავწყვიტე ასე“.

იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარებას გეგმავს აბიტურიენტი როლანდ ნარიმანიშვილიც, თუმცა ბერიძისგან განსხვავებით ის არჩევანს სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტზე აკეთებს: „ახალციხის უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტზე მინდა მოხვედრა, როგორც თანატოლებისგან ვიცი სამართალს კარგად ასწავლიან და ამიტომ აქ დარჩენა გადავწყვიტე“.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში აბარებს ლილი ზაზაძეც. მან პირველი საჯარო სკოლა დაამთავრა და ამბობს, რომ მისი სამომავლო მიზანი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებაა: „ჩვენთან სისტემაა ცუდი. რეალობაა, რომ უცხოეთში მიღებული განათლებით ადამიანი ბევრად მარტივად საქმდება საქართველოში. ვფიქრობ, რომ ქვეყნის ნებისმიერ უნივერსიტეტს შეუძლია მოგცეს ის, რაც გინდა. დედაქალაქში სწავლა რეგიონებიდან ჩასულებისთვის ძალიან ძვირი ჯდება, რაც ჩემი აზრით არ ღირს“.

გამოკითხული აბიტურიენტების უმრავლესობა აქცენტს თბილისში მოქმედ უმაღლეს სასწავლებლებზე აკეთებს და ამბობს, რომ სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი მათთვის ნაკლებად მიმზიდველია.

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადგილობრივებისთვის რომ პრიორიტეტული არაა, ამაზე სასწავლებლის ახლადარჩეული რექტორიც საუბრობს: „არაფერი მაქვს დასამალი, სამცხე–ჯავახეთიდან ინტელექტუალური რესურსის გადინების ტენდენცია აშკარაა. ზოგადად მოსახლეობაც გაედინება ქვეყნიდან და ამიტო ვფიქრობ, რომ პრობლემას გლობალურად უნდა შევხედოთ“.

ბერიძის თქმით, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტების ძირითადი ნაწილი სოფლის მოსახლეობაა: "ეს სოფლები კი წლიდან წლამდე იცლება. ვფიქრობ, პრობლემაა ისიც, რომ ჩვენი საუკეთესო პროფესურა საზოგადოებაში და განსაკუთრებით ახალგაზრდებში წარმოდგენილი არაა. ისინი მეტად ცნობილები უნდა გახდნენ, ახლა მხოლოდ სტუდენტები იცნობენ.“

სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2010 წელს 316 აბიტურიენტი ჩაირიცხა, 2011 წელს – 250, 2012 წელს – 318, 2013 წელს – 243, 2014 წელს – 220, 2015 და 2016 წლებში – 288 და 2017 წელს – 304.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ამბობენ, რომ მომავალ წლებში სასწავლებელი აბიტურიენტებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი იქნება. ამისთვის კი რექტორმა უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ოთხწლიანი (2019–2022) პროგრამა უკვე შექმნა. პროგრამის პრეზენტაცია სასწავლებელში ჯერ არ გამართულა. რას შეცვლის თანამედროვე მიდგომები სასწავლებელში, ეს ოთხი წლის შემდეგ გახდება ცნობილი. თუმცა, მანამდე გადაწყვეტილია, რომ სასწავლებელში სტუდენტებს ახალი საგანი „შესავალი თანამედროვე აზროვნებაში" დაემატებათ.

„ახალგაზრდებში კრიტიკული აზროვნება მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. ამიტომ შემოვიღეთ ახალი საგანი, რომელსაც ილიაუნის ლექტორი წაიკითხავს. სტუდენტებში აზროვნების სიმწირე გამოწვევაა. ლოგიკური აზროვნების და განსჯის უნარი კი არის ის, რაც ყველა პროფესიაში საჭიროა, უნივერსიტეტისთვის თავისუფალი აზროვნება პრიორიტეტულია“, – ამბობს მაკა ბერიძე.

[ავთანდილ ინასარიძე, ახალციხე]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სახელმწიფო 5 ფაკულტეტზე 320 ადგილს დააფინანსებს
სამი უფასო და ხუთი გაძვირებული სპეციალობა სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში 371 აბიტურიენტი ჩაირიცხა
ახალციხის უნივერსიტეტში 432 ადგილი თავისუფალი დარჩა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა დაიწყო
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სწავლა 12 სექტემბერს დაიწყება