FM97.5 / LIVE

სახლი

მთავარისიახლე, საზოგადოება, ბლოგები 02.06.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

სახლი

არავინ იცის, მართლაც აქვს თუ არა მნიშვნელობა სად შევხვდებით სულთან გაყრის წუთებს, მაგრამ სიცოცხლეში ადამიანები ამაზე ბევრს ფიქრობენ და გეგმავენ კიდეც - სახლში უმასპინძლონ უკანასკნელ სტუმარს.

ზოგი წერს ანდერძს, ტოვებს დანაბარებს, წინასწარ იზომავს და იმკვიდრებს სასაფლაოს, ეწერება კლინიკიდან, რომ შინ დაბრუნება მოასწროს, ან სულაც უკვე ფერფლად ქცეული, საკუთარ მიწას მიებაროს. ყოველ მათგანს ყელზე შებმული თოკივით ითრევს მიზიდულობის ძალა, საკუთარ კერასთან დამაკავშირებელი.

და მაინც რა არის სახლი? მხოლოდ საიმედო ჭერი და კომფორტი, ციხესიმაგრე თუ საკუთარი ტერიტორია, სადაც ყველაზე მყარად ვხვდებით ცხოვრებისეულ გამოწვევებს? იქნებ სახლი უტყვი ჭირისუფალია, რომელიც შეგიფარებს თავის წიაღში, მოგანიჭებს ბედნიერებას, გულში ჩაგიკრავს განსაცდელში და შენს სულს სათუთად მიიბარებს გარდაცვალების დროს?

არის ერთი სახლი ჯავახეთში, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ. განათლების სამინისტროდან სოფელ ზაკში სამუშაოდ გამოგზავნილი, ქართულის ენის მასწავლებლის ნაირა მკრტჩიანის ორსართულიან სახლში დამაბინავეს. ყველაფერი ჩემი ქმრის გაკეთებულიაო, - მოწყენით მეუბნებოდა ნაირა. მოსკოვში სამუშაოდ წასულ მეუღლესა და შვილებთან სიშორეს ძალიან ნაღვლობდა.

მწვანე ხალიჩებითა და ქოთნის ყვავილებით მოფენილი, დიდი და ნათელი ოთახები, რბილი სავარძლებით გარშემორტყმული, დღე და ღამე მოგიზგიზე ღუმელი, სისუფთავისგან მოლაპლაპე იატაკი ფეხის შემოდგმისთანავე გავიწყებდა, რომ აქამდე ოღრო-ჩოღრო, ტალახიანი გზით მოაღწიე.

თვალწინ მიდგას - სამსახურიდან დაბრუნებული, ელეგანტური, ქერა, ლურჯთვალა დიასახლისი ცოცხითა და ტილოთი როგორ ჩამოურბენდა ყველაფერს, მერე იქაურობას ღუმელში გამომცხვარი პურისა და გემრიელი წვნიანის სუნით ავსებდა... პირველ სართულზე მურაბების, ათასგვარი მწნილებისა და კონსერვების ქილებს თაროებზე ამწკრივებდა... დარეცხილ ჭურჭელს მაგიდაზე დაფენილ ტილოზე ამხობდა, ტელეფონით ესაუბრებოდა შვილებს რუსეთში, საღამოს კი ტელევიზორს საყვარელი ქართული სერიალის საყურებლად მიუჯდებოდა და დიდი, ბაშვური თვალები ცრემლებით ევსებოდა. თმებს მოკლედ იჭრიდა. მის თავზე წაკრული ქათქათა თავსაფარი სისუფთავის და წესრიგის დროშას მაგონებდა. ისიც, თავისი წყნარი ბუნებით, აწურული მხრებითა და დახრილი გრძელი კისრით ამ სახლის სიმყუდროვის ნაწილი იყო.

ნოემბრის ბოლოს, როცა მთები თოვლით გადათეთრდებოდა, სოფელ ბარალეთიდან მოხუცი მშობლები მელქონი და გულჩინა ეწვეოდნენ გამოსაზამთრებლად და რჩებოდნენ, ვიდრე მათ ეზოში ვაშლისა და ალუბლის ხეები ყვავილობას დაიწყებდნენ. გულჩინა ქართველი იყო და ჩემი გამომცხვარი მჭადი ძალიან უყვარდა. მელქონი კი ჩემი მეუღლის დაწურულ წითელ ღვინოს შეექცეოდა. ასეთი თბილი ადამიანები იშვიათად მინახავს. მეუბნებოდნენ ჩვენი ოჯახის წევრი ხარო და უცხო გარემოში მოხვედრილს პირველ სიძნელეებს მიმსუბუქებდნენ.

– გამოიარე, ჩემს მშობლებს შენი ნახვა უნდათ, – მეტყოდა ხოლმე ნაირა მას შემდეგ, რაც საცხოვრებელი შევიცვალე. – ხვალ ბარალეთში ბრუნდებიან, უნდათ რომ დაგემშვიდობონო და მეც სიხარულით ავირბენდი იასამნის ტოტებით გადახლართულ ნაცრისფერ კიბეს.

– ვეღარ გნახავთ, შორს მივდივართ, დროა უკვე...– შემომჩივლა ერთ დღეს გულჩინამ. ემიგრაციაში მყოფ შვილებს მშობლების მარტო დატოვება აღარ სურდათ.

– სად გავჩნდი და სად დავიმარხები! – სიმწრით ჩაილაპარაკა გულჩინამ წასვლისას. ადამიანი თავის სახლში უნდა მოკვდესო, - მხარი აუბა ნაირამაც.

მაგრამ ბედმა ისინი ისევ დააბრუნა მშობლიურ მიწაზე. შეხვედრის ადგილი - უცვლელი. იწვა ნაირა მეუღლით, და-ძმებით, შვილებით, შვილიშვილებით, ახლობლებით გარშემორტყმული, სამუდამოდ თვალებდახუჭული... ის 2015 წლის 6 მაისს, სკოლაში, სახლიდან ორ ნაბიჯზე, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ახლახანს რუსეთის რომელიღაც ქალაქში გულჩინა გვარამაძე-პეტროსიანიც მიაბარეს მიწას. ვერ დავუშვი, რომ ისინი ასე უხმაუროდ წასულიყვნენ ჩემი ცხოვრებიდან და გადავწყვიტე სიტყვები სანთლად ამენთო მათი ხსოვნისათვის.

ჩავუვლი დღეში ორჯერ გამოკეტილ სახლს, ვხედავ, მაისის თვეში როგორ ხარობენ ნაირას ეზოში ჩემი ნაჩუქარი ზამბახები და კვლავ იმ კითხვებს ვუბრუნდები, რითაც დავიწყე: მე ზოგი სახლი შიგნიდან გაბერილი კიდობანი მგონია, ბოქლომდადებული კარის შეღებისას სახეში სიჩუმეს, წყვდიადს და დარდს რომ შემოგაფრქვევს.

[ცაულინა მალაზონია]


18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2018 ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

18.10.2018 ‘ოცნების’ წევრი 'ევროპული საქართველოს’ შეხვედრას ტელეფონით იღებდა

18.10.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს

18.10.2018 ახალციხეში, სამი თვის წინ შეკეთებული ატრაქციონები დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან
ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალქალაქში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს
გამარჯობის ქარბორბალა
გალინა - ქართულის მასწავლებელი
რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით