FM97.5 / LIVE

საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე

მთავარისაზოგადოება » განათლება 25.05.2012
მეთორმეტეკლასელებმა ხუთი გამოცდა უკვე ჩააბარეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, წლევანდელი შედეგები შარშანდელზე უკეთესია

საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე

2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს, დილის 9:00 საათზე, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გაიხსნა.

გამოცდისთვის განკუთვნილი დრო, ერთი საათი და 40 წუთი, თითქმის არავის გამოუყენებია. მოსწავლეები გამოცდას 15-20 წუთში აბარებდნენ. მათი თქმით, მართალია პრეტესტთან შედარებით კითხვები უფრო რთული იყო, მაგრამ არ გასჭირვებიათ.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ჩაბარება არც ახალციხის მესამე სომხური სკოლის მოსწავლეებს გასჭირვებიათ. თუმცა, იგივეს ვერ ვიტყვით ახალქალაქზე. მოსწავლეები ამბობენ, რომ მიუხედავად სკოლებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლებისა, ქართულის გამოცდა მათთვის ყველაზე რთული იყო.

“ჩემთვის ძალიან ძნელი იყო. ძირითადი პრობლემები უღლებასთან დაკავშირებით მქონდა”, - ამბობს ახალქალაქის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლე ლუსინე უნანიანი, რომელმაც 6,67 ქულა აიღო.

არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისთვის ქართულ ენაში გამსვლელი ბარიერი 5,2-ია. არიან ისეთი მოსწავლეებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. სკოლაში არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ბარიერი გადაიხედოს.

“ცხელ ხაზზე დავრეკეთ, რომ გაგვეგო, არის თუ არა 5 ქულა გამსვლელი, მაგრამ პასუხს მხოლოდ გამოცდების დასრულების შემდეგ მივიღებთ”, - ამბობს დამკვირვებელი ნინო აბზიანიძე.

ქართულ ენისა და ლიტერატურის შემდეგ, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებმა 22 მაისს ინგლისურის, 23 მაისს - ისტორიის, 24 მაისს გეოგრაფიის, ხოლო 25 მაისს - ფიზიკის გამოცდა ჩააბარეს.

ქართულისა და ინგლისურისგან განსხვავებით, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს შედარებით გაუჭირდათ ისტორიის გამოცდის ჩაბარება. ისტორიის მასწავლებლების თქმით, მოსწავლეებს მოვლენების ქრონოლოგიურად დალაგება და პარალელების გავლება გაუძნელდათ.

ჰუმანიტარული საგნებისგან განსხვავებით, მოსწავლეებს განსაკუთრებით ფიზიკის გამოცდის ეშინოდათ. მათი თქმით, იმის გამო, რომ საბუნებისმეტყველო საგნებს სკოლაში ნაკლები დრო ეთმობოდა და იყო დრო, როცა ტრიმესტრების მიხედვით ისწავლებოდა, ეს საგნები მათთვის ”აქილევსის ქუსლია”. ფიზიკის გამოცდის შედეგებზე ღელავდნენ პედაგოგებიც. თუმცა, გამოცდა არც ისეთი რთული აღმოჩნდა, როგორც ელოდნენ.

მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლის ალექსანდრე ბერიძის თქმით, კითხვები საშუალო სირთულის იყო და პასუხების გაცემა არ გასჭირვებია: ”7,53 ქულა მივიღე და შედეგით კმაყოფილი ვარ, რადგან ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ყველაზე რთული საგნებია”.

ამავე სკოლის დირექტორი ზაზა თამარაშვილი გამოცდების შედეგებით კმაყოფილია: ”მიუხედავად იმისა, რომ ამ გამოცდის ყველას ეშინოდა, ბავშვები კარგი შედეგებით გამოდიან. ერთმა მოსწავლემ დღეს ათი ქულა მიიღო”.

გასულ წელთან შედარებით წელს მაღალი ქულებით აბარებენ გამოცდებს ახალციხის დამოუკიდებელი სკოლა ”მზექას” კურსდამთავრებულებიც.

რამდენი კურსდამთავრებულია ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ინფორმაცია არ აქვთ.

”მოსწავლეები სკოლებმა დაარეგისტრირეს, ამდენად ჩვენ რაოდენობა არ ვიცით”, - ამბობს ახალციხის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დიანა ინასარიძე.

რაც შეეხება ქალაქის სკოლებს, პირველი საჯარო სკოლა წელს 120-მა მეთორმეტეკლასელმა დაამთავრა. 55 მეთორმეტეკლასელია მეორე საჯარო სკოლაში. მესამე, სომხურენოვან სკოლაში გამოცდებს 41 მოსწავლე აბარებს (ამათგან 9 ექსტერნი და წინა წელს ჩაჭრილი). მეექვსე სკოლას 23, კერძო სკოლას კი 20 კურსდამთავრებული ჰყავს.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში წელს 529 სკოლადამთავრებულია. ამათგან, 114 ქალაქის ხუთი სკოლის, დანარჩენები კი სოფლის სკოლების მოსწავლეები არიან.

მოსწავლეების სიმცირის გამო ახალქალაქში სკოლები გაერთიანდა. პირველ სკოლაში გამოცდებს ქალაქის მე-5 სკოლის ორი, მაჯადიის სკოლის სამი მოსწავლე და სოფელ კოხრას სკოლის ორი მოსწავლე აბარებს. თავად პირველ სკოლაში 26 სკოლადამთავრებულია, მათგან ერთმა გამოცდების ჩაბარება არ მოისურვა.

სკოლის დირექტორის თქმით, გამოცდები საკმაოდ ადვილია.

“კითხვების სირთულე მოსწავლის პასუხზეა დამოკიდებული, თუ სწორად პასუხობენ, შემდეგ კითხვა უფრო რთული იქნება და პირიქით. მთლიანობაში, კითხვები რთული არ არის. თუ ბავშვი სკოლაში დადიოდა და მასწავლებელს უსმენდა მაინც, გამოცდის ჩაბარებას შეძლებს”, - ამბობს პირველი სკოლის დირექტორი რუზან ტეპოიანი

ფიზიკის გამოცდის შემდეგ, მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს ორ დღიანი შესვენება აქვთ. 28 მაისიდან საატესტატო გამოცდები საბუნებისმეტყველო საგნების ქიმიის, ბიოლოგიისა და მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.

გამოსაშვები გამოცდები კომპიუტერულად, ე.წ. CAT-ის სისტემით ტარდება. ბარიერი ყველა საგანში 5,5-ით განისაზღვრება. 2012 წლის საატესტატო გამოცდები 30 მაისს, მათემატიკის გამოცდით დასრულდება. საატესტატო გამოცდებამდე ორი დღით ადრე, მოსწავლეებმა შესაძლებლობები პრეტესტებით მოსინჯეს.

[Sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

25.09.2020 რუსთავთან ავარიის შედეგად დაშავებული ქალი თბილისში გადაიყვანეს

25.09.2020 რუსთავთან ავარიისას დაშავებულ მცირეწლოვნებს იაშვილის კლინიკაში გამოკვლევები უტარდებათ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მიმდინარეობს
მეთორმეტეკლასელები დღეს ფიზიკის გამოცდას აბარებენ
საატესტატო გამოცდები დაიწყო
ახალციხეში 284 მეთორმეტეკლასელიდან გამოსაშვები გამოცდა 25–მა ვერ ჩააბარა
ახალციხის სკოლებში 21–მა მეთერთმეტეკლასელმა საატესტატო გამოცდები ვერ ჩააბარა