FM97.5 / LIVE

ვემსახურები მასწავლებლებს!

მთავარისიახლე, საზოგადოება, ბლოგები 21.05.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

ვემსახურები მასწავლებლებს!

ორშაბათი დაძაბული დღეა ჯავახეთში მიზნობრივი პროგრამით გაგზავნილი ქართული ენის მასწავლებლებისთვის. მთელი კვირის სამყოფი სანოვაგით, ტანსაცმლით, ზოგჯერ შეშის ტომრებით დატვირთულებს, დილის რვა საათზე გიუმრში მიმავალი ავტობუსი ახალქალაქის ავტოსადგურთან გვტოვებს.

ჯავახეთის სოფლების დიდი პრობლემა - რეგულარულად მოძრავი მიკრო ავტობუსების დეფიციტი - დიდი საფრთხეა იმისთვის, რომ გაკვეთილზე დააგვიანო. ვისაც ერთხელ მაინც გამოუცდია -30-35 გრადუს ყინვაში ახალქალაქის გზის პირას დგომა ტრანსპორტის მოლოდინში, იცის რა ძვირფასია, როცა შენი ტაქსი უკვე ადგილზე გელოდება.

გამხდარი, 60 წელს გადაცილებული თმაჭაღარა მძღოლი ავტობუსის კართან გხვდება, ბარგის ჩამოცლაში გეხმარება და სულ ცოტა ხანში ცენტრიდან 15-25 კილმეტრით დაშორებული სოფლის სკოლისკენ მიგაქანებს. მიჰყვებიან დამტვრეულ, ოღრო-ჩოღრო გზებს მუქი ლურჯი სედანის ბორბლები. წყნარი, მუდამ ჩაფიქრებული ვალერი ძია ოჯახის, ახლობლების ამბებს გეკითხება და თან ხურდა ფულით ყინვისგან გათეთრებულ საქარე მინაზე პაწაწინა ჭუჭრუტანის გაფხაჭვნას ცდილობს, ცალი თვალით რომ მაინც შეძლოს გზის გაგნება.
მისი ერთგულება და პუნქტუალურობა სხვა უსიამოვნო შემთხვევებსაც აგარიდებს. მათ შორის: როცა სოფელში გამოძახებული ტაქსი ისე დაგვიანებით მოვა, რომ ახალქალაქის ავტოსადგურიდან უკვე ყველა ავტობუსმა გაგასწრო, მძღოლი კი მაინც ჯიუტად მოითხოვს გადაუხადო.

-ალო, ვალერი ძია, გცალია? - ახლა კვირის ბოლოს გაისმის მასწავლებლების ხმა ტელეფონზე. მას ყველაფრის გადადება შეუძლია საიმისოდ, რომ თავისი კლიენტი გზაში არ მიატოვოს. მე მასწავლებლებს ვემსახურები, - ამბობს ღიმილით. დიდი ხანია პროგრამის ყველა მონაწილის მიმოსვლის გრაფიკი და სამუშაო ადგილი ზეპირად იცის.

ღამით მუშაობა არ უყვარს. დღის სინათლის დამთავრების შემდეგ, ვალერი გაბრიელიანის ცხოვრება მუქი ლურჯი სედანის იქით, ახალქალაქში, აღმაშენებლის 18 ნომერში გრძელდება. ერთხელ, სრულიად შემთხვევით. საშუალება მომეცა მის ამ, ჩვენთვის უცნობ ყოველდღიურობაშიც შემეხედა.

თებერვლის ერთ სუსხიან კვირა დღეს ახალქალაქში, ჩემი ყოფილი მოსწავლის ქორწილისთვის რეისმა ორი საათით ადრე ჩამომიყვანა. წასასვლელი არსად მქონდა და ბარგით ხელში, სადგურთან მდებარე სავაჭრო ჯიხურს შევაფარე თავი. თან რაღაცების ყიდვა დავიწყე, რომ მეპატრონეს თვალში ცუდად არ მოვხვედროდი. ვალერი ძიას დავურეკე, ვუთხარი სადაც ვიდექი და შევუთანხმდი, რომ დაახლოებით საათნახევარში მოსულიყო.

5 წუთში მოვიდა, ჩემი ჩანთები საბარგულში ჩააწყო და მითხრა, აქ ხომ არ გაიყინები, ჩვენთან სახლში წაგიყვანო. როგორც მოსალოდნელი იყო უჩვეულოდ სუფთა, მყუდრო სახლი დამხვდა თბილი, მომხიბვლელი დიასახლისით, ფინჯანი ყავით და ათასგვარი ტკბილეულით გადატვირთული სუფრით. კედელზე ჩარჩოში ჩასმული ახალგაზრდა კაცის სურათი შევნიშნე - მათი ერთადერთი ვაჟის, პოლიციელ არმენ გაბრიელიანის, რომელიც 2008 წელს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ახალქალაქში ჩატარებული ერთ-ერთი სპეცოპერაციის დროს ბოროტმოქმედის ტყვიამ იმსხვერპლა. არმენს მეუღლე და ორი შვილი დარჩა. იხსენებენ ამ ამბის შემდეგ მათ სახლში მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის მისვლას და დაპირებას, რომ სახელმწიფო ობლებს დახმარებას გაუწევდა, რაც მართლაც შესრულდა. რძალი და შვილიშვილები სხვა სახლში ცხოვრობენ, ქალიშვილი კი - ბელგიაში მეუღლესთან ერთად.

ასეთ სახლებში სიჩუმე უფრო მეტია, ვიდრე სიტყვა, მაგრამ სითბო და ურთიერთზრუნვა ტკივილისგან დაღდასმულ სულებს არსებობას უადვილებს.

25 წელი ახალქალაქის რაიკომში მუშაობდა მძღოლად. როგორც ჩანს, ქართული ენაც იმ დროს ისწავლა. ტაქსისტის 12 წლიანი გამოცდილება სავსეა სიკეთით გაჯერებული ადამიანური ისტორიებით.

-ადამიანად უნდა დარჩე, რისი გადატანაც არ უნდა მოგიხდეს, - ამბობს ვალერი ძია და მანქანის სარკეში ხელის ზანტი მოძრაობით ჭაღარა თმას ისწორებს. გამონაკლის შემთხვევებში ცხოვრების წესსაც იცვლის, შუაღამისას იღვიძებს და გადის, რომ გზაში დარჩენილი მგზავრი დანიშნულების ადგილზე მიიყვანოს.

-მოვდივარ, დამელოდე , - ისმის ჯავახეთის მეგზურის მშვიდი, დამაიმედებელი ხმა ტელეფონში.

[ცაულინა მალაზონია]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.11.2018 მერიიდან დოკუმენტი, რომელზეც ვალეს ბაღში თანამშრომლებს ხელი მოაწერინეს, ვერ მივიღეთ

19.11.2018 საირმე-აბასთუმანის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

18.11.2018 ახალციხეში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს[photo]

17.11.2018 ახალციხელმა ამირან გოგოლაძემ ფინელი სპორტსმენი დაამარცხა [video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში პროფესორ ვალერი სილოგავას სახელობის კაბინეტი გაიხსნა
მასწავლებლობისა და სამი ჰექტარი მიწის ენერგია
ბარალეთში ბავშვებს კლუბში ვერ უშვებენ
ახალქალაქში ზამთრისთვის უკვე ემზადებიან
ახალციხეში ვალერი სილოგავას სახელობის აღმართი იქნება
ახალქალაქში  „ძვირ ზამთარს“ უჩივიან
ახალქალაქის პოლიციის თანამშრომელმა ავარიით მოქალაქე იმსხვერპლა