FM97.5 / LIVE

რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელს

მთავარისიახლე, საზოგადოება 14.05.2018
ამ ადგილების თამარისეულობა ზოგჯერ ისტორიულად დასტურდება, კიდევ უფრო ხშირად ლეგენდებს უკავშირდება, ხანდახან კი მხოლოდ წარმოსახვის შედეგია. იმ წარმოსახვის, რომლის მიხედვითაც, ყველაფერი მშვენიერი სწორედ მეფე თამარის სახელს უნდა ატარებდეს.

რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელს

მარშრუტი 'თამარის გზა'

სად იბრძოდა, სეირნობდა, ისვენებდა ან საუზმობდა თამარ მეფე - თუ სამცხე–ჯავახეთში "თამარის გზას" გაჰყვებით, ყველაზე მეტი გაჩერება ასპინძასა და ადიგენში მოგიწევთ.

თამარის ციხე (აბასთუმანი, ადიგენი)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელსფოტო: © მესხური მემკვიდრეობა

კურორტ აბასთუმანში, მდინარე ოცხესა და კურცხანის ხეობის შესართავთან, მაღალ მთაზე, ფლეთილი ქვით ნაგები ციხეა. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება და თამარ მეფის სახელს ატარებს. ისტორიული წყაროების მიხედვით, 1205 წელს, როცა რუმის სულთნის, რუქნადინის, წინააღმდეგ გაგზავნილი ქართული ლაშქარი მეფე თამარმა ყარსამდე მიაცილა და უკან მობრუნდა, "წამოვიდა მესხეთში და ავიდა ქალაქ ოძრხეს... და იყო ვედრება დღისი და ღამეთა-გათევა ლაშქართა გამარჯვებისათვის". ისტორიკოსების ვარაუდით, აბასთუმნის მთაზე არსებული ციხე დასტურია იმისა, რომ აბასთუმანში, მაშინდელ ოძრხეში, თამარ მეფის რეზიდენცია იყო.

დღეისათვის, ციხის სიგრძე 50 -, სიგანე კი 15 მეტრია. აქვს ორი მრავალსართულიანი კოშკი. კედლებს ეტყობა, რომ სხვადასხვა პერიოდში გადაუკეთებიათ.

თამარის ხიდი (აბასთუმანი, ადიგენი)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელსფოტო: © მესხური მემკვიდრეობა

თამარის ციხის მონახულების შემდეგ, მარშრუტი "თამარის ხიდისკენ" გრძელდება. მდინარეების, ოცხესა და კურცხანას შეერთების ადგილზე, მდინარე ოცხეს ქვის ხიდი კვეთს. იგი IX‐XI საუკუნეებს მიეკუთვნება. მისი არქიტექტურა განსაკუთრებულია. იგი თაღოვანი ფორმით ძალიან ჰგავს იმ ხიდებს, რომლებიც მრავლად გვხვდება აჭარაში და თამარის სახელს ატარებს.

ხიდის არსებობის შესახებ, 19–ე საუკუნეში გაზეთ "დროებაშიც" წერდნენ: "მდინარე ოძრხეს ორივე ნაპირზე გაფანტულია მრავალი ქვიტკირის ნასახლარები, რომელთა შორის შესანიშნავია მდინარის მარცხენა სანაპიროს ის ადგილი, სადაც 1878 წელს გზის გაყვანის დროს ბერძნებმა ქვიტკირის კედელი ააფეთქეს და ერთი ფრიად შესანიშნავი და საინტერესო სასაფლაო აღმოაჩინეს... ნასახლარები აქ მდინარის მხარმარჯვნივ უფრო მეტია, რადგან ვაკე ადგილიც მეტი ჰქონია. ამ ნაქალაქარის ორთავე ნაწილები, ორი თაღიანი კარი მაგარი ქვიტკირის ხიდით ყოფილან შეერთებული. ხიდს ახლაც ხმარობენ". (გაზეთი "დროება" 18.09–1879წ. #192).

თამარის წყარო (ზარზმა, ადიგენი)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელს

აბასთუმნიდან ნახევარი საათის სავალზე, სოფელ ზარზმაში, კიდევ ერთი თამარისეული ადგილია – "თამარის წყარო". წყალი მცირე ზომის, ხელით ნაგები კედლიდან გადმოდის. რატომ ჰქვია მას "თამარის წყარო" სოფელში ვერ ამბობენ, თუმცა სახელი რომ თამარისა აქვს, ეს დანამდვილებით იციან.

"თამარის წყარო" ზარზმის მონასტრიდან სულ რაღაც 50 მეტრშია და მას ისტორიულად XIV საუკუნეს მიაკუთვნებენ.

ადიგენის შემდეგ, თამარისეული მემკვიდრეობის კვალი ახალციხისკენ გრძელდება.

თამარის ძეგლი (ქალაქი ახალციხე)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელს

საქართველოში თამარ მეფის პირველი ქანდაკების სანახავად ახალციხეში უნდა შეჩერდეთ. ძეგლი ქალაქის ცენტრში 1998 წელს დაიდგა. იგი მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად გახსნა. ძეგლის ავტორი მალხაზ ცისკაძეა.

თამარის ვაზი (ხიზაბავრა, ასპინძა)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელს

თამარისეული მემკვიდრეობის ყველაზე თვალსაჩინო კვალი ვარძიაშია. თუმცა, ვიდრე ვარძიაში, თამარ მეფის კიდევ ერთ რეზიდენციაში მიხვალთ, გზად "ხიზაბავრის მესხური ტერასები" უნდა გაიაროთ. 23 ჰექტარზე გაშენებულ 17 სახეობის ვაზის ჯიშს შორის, ერთ–ერთი "თამარის ვაზია".

გადმოცემის მიხედვით, მეფეს რჩეული ღვინო ჰქონია, რომელსაც ორი ჯიშის ყურძნისგან წურავდნენ. ერთ მათგანს "თამარის ვაზი" უწოდეს, რაც შეეხება მეორეს – იგი "სამარიობოს" სახელით არის ცნობილი, რადგან საადრეო ჯიშია და მარიამობის თვეში უკვე იკრიფებოდა.

"ხიზაბავრის მესხური ტერასები" გიორგი ნათენაძემ აღადგინა. დღეს, მას თამარ მეფის ორივე რჩეული ვაზი აქვს ტერასებზე გაშენებული. 2016 წლის 4 ივლისს, ტერასებზე, პირველი ნერგი, სახელით "თამარის ვაზი", საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დარგო.

თამარის ტბა (ნაქალაქევი, ასპინძა)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელსფოტო: © გიორგი მაღრაძე

ასპინძში, სოფელ ნაქალაქევში, თამარის ტბას შეხვდებით. მისი სიღრმე ექვსი მეტრია და ოფიციალურად "წუნდის ტბის" სახელითაა ცნობილი, თუმცა ადგილობრივები ტბის შესახებ სხვა ლეგენდას ჰყვებიან. გადმოცემის მიხედვით, თამარ მეფე თითქოს ამ ტბის ანარეკლით ისწორებდა თმას, ამიტომ მას ხშირად "თამარის სარკესაც" უწოდებენ.

თამარის ცრემლები (ვარძია, ასპინძა)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელსფოტო: © კუკური მეტრეველი

სამცხე–ჯავახეთში, ყველაზე ცნობილი ადგილი, რომელსაც პირდაპირ დედოფალ თამარს უკავშირებენ, ვარძიაა. კლდეში ნაკვეთი ქალაქის მშენებლობა თამარის მეფობის დროს დასრულდა და სამონასტრო კომპლექსადაც მის ხანაში აკურთხეს.

იქ მისულ ნებისმიერ დამთვალიერებელს აუცილებლად მოუთხრობენ, რომ ვარძია თამარ მეფის ერთ–ერთი საყვარელი ადგილი იყო. კომპლექსში თამარის სახელს ბევრი რამ უკავშირდება.

ერთ–ერთი წყაროს მიხედვით, 1184 წელს, ვარძიაში, სამონაზვნო ოთახის მშენებლობისას, მშენებლებმა შენიშნეს, რომ კედელი სველდებოდა და ამის შესახებ მეფეს მოახსენეს. მან კლდის ამოკვეთა ბრძანა, რის შემდეგაც, თურმე წყალმა დაიწყო წვეთა.

მოგვიანებით, იმ ადგილას გაუკეთებიათ პატარა აუზი, რომელშიც კლდიდან მომდინარე წყალი ჩაედინებოდა. წყალი ამ დრომდე ცრემლის წვეთებივით გამოედინება. რადგან ქალაქ-მონასტრის მშენებლობა თამარის სახელს უკავშირდება, წყაროსაც "თამარის ცრემლები" უწოდეს.

თამარის ოთახი (ვარძია, ასპინძა)


კლდეში ნაკვეთი ქალაქის დათვალიერებისას, თამარის ოთახშიც აღმოჩნდებით. იგი კომპლექსის მესამე ნაწილშია. დედოფლის მოსასვენებელი ოთახი ერთ–ერთი ყოფილა იმ თავშესაფრებს შორის, რომლებსაც დედოფლის დასაცავად კვეთდნენ. "მტერს რომ არ შეეტყო თამარ მეფის ადგილსამყოფელი, ვარძიაში თამარის ბრძანებით სამასსამოცდახუთი ოთახი იყო გამოკვეთილი, იმდენი ოთახი, რამდენი დღეცაა წელიწადში; ყოველდღე თითო ოთახი იკვეთებოდა და მშენებლობა ერთ წელიწადში დამთავრდა".

თამარის ფრესკა (ვარძია, ასპინძა)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელს

ვარძიაშივე შეხვდებით მის ფრესკას. ვარძიის თამარი ერთ-ერთია იმ ოთხ გამოსახულებას შორის, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია. ისტორიკოსების აზრით, ვარძიის ფრესკა, ყველაზე ადრეული ნამუშევარია. კედლიდან ჯერ კიდევ დაუქორწინებელი დედოფალი იმზირება, რასაც მისი თავსაბურავი მოწმობს. კერძოდ, მანდლი ყელთან შეკრული არ აქვს, რაც იმის დასტური იქნებოდა, რომ თამარი გათხოვილია. მისი თავსაბურავი გვირგვინიდან პირდაპირ მხრებზე ეშვება, გრძელი კულულების ნაცვლად – მოკლე თმის ხვეულები ლოყაზე გადმოდის.

თამარ მეფის ფრესკა საქართველოში მხოლოდ ოთხგანაა - ვარძიაში, ბეთანიაში, ყინწვისსა და ბერთუბანში.

ვარძიიდან სამხრეთის მიმართულებით, თუკი სოფლების აფნიისა და გოგაშნის გავლით ზეგანისკენ აუყვებით, ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტერიტორიაზეც არაერთ ისტორიულ ადგილს შეხვდებით, რომლებიც ლეგენდების მიხედვით, თამარ მეფესთანაა დაკავშირებული.

თამარის სახელობის მონასტერი (საღამო, ნინოწმინდა)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელსსაღამოს ტაძრის თამარისეული მინაშენი. ფოტო: © კუკური მეტრეველი

2004 წლიდან სოფელ საღამოში მოქმედებს თამარ მეფის სახელობის დედათა მონასტერი. იგი ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიაში შედის.

ისტორიკოსები ფიქრობენ, რომ ეს სულაც არ არის შემთხვევითი. გადმოცემის თანახმად, თრიალეთიდან ჯავახეთში მიმავალი თამარ მეფე, ღამის გასათევად, საღამოს ტბის ნაპირზე მდებარე მე-10 საუკუნით დათარიღებულ ტაძარში გაჩერებულა.

ტბისთვის სახელი "საღამო" სწორედ ამ ფაქტის საპატივცემულოდ დაურქმევიათ. თამარს ისე მოსწონებია აქაურობა და აქ არსებული იშვიათი გემოვნების ტბის კალმახი, რომ კიდევ სწვევია აქაურობას. ამავე გადმოცემით, ამ ტაძრის გვიანდელი მინაშენი, რომელიც მე-12 საუკუნითაა დათარიღებული სწორედ თამარის ბრძანებით აუშენებიათ.

როგორც ირკვევა, დედოფლისადმი პატივისცემის ნიშნად, მის სახელთან დაკავშირებული ადგილები, მხოლოდ ერთ რეგიონში ან მხოლოდ ხმელეთზე არ უნდა ვეძებოთ.

ასტეროიდი თამარი (კოსმოსი)


რომელი ადგილები უკავშირდება მესხეთში თამარ მეფის სახელს

1892 წლის 19 მარტს, ავსტრიელმა ასტრონომმა იოჰან პალიზამ ასტეროიდი აღმოაჩინა, რომელსაც სახელად "თამარი" საქართველოს მეფის თამარის პატივისაცემად დაარქვეს. "თამარი" ასტრონომიის ენაზე "მცირე ცდომილია" ანუ მზის ირგვლივ ელიფსურ ორბიტებზე მოძრავი სხეული, რომლის ზომაც მზის სისტემის პლანეტებთან შედარებით მცირეა.

"თამარის" საშუალო მანძილი მზიდან 346,8 მილიონი კილომეტრია. საქართველოში ერთადერთი ასტროფიზიკური ობსერვატორიიდან, რომელიც აბასთუმანში მდებარეობს, ასტეროიდ "თამარის" ფოტოგრაფირებაა შესაძლებელი. რაც იმას ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ამ ასტეროიდს ფოტო გადაუღოთ.

და ბოლოს, თუ "თამარის გზამ" დაგაინტერესათ და სამცხე–ჯავახეთში მოგზაურობა გადაწყვიტეთ, თამარის სახელთან შეხება კიდევ ერთხელ მოგიწევთ. თქვენს საფულეში აუცილებლად აღმოჩნდება ქართული ეროვნული ვალუტის ერთი ბანკნოტი მაინც, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2004 წელს გამოუშვა და რომელზეც გამოსახულია მეფეთ-მეფე თამარი, წარწერით "თამარ მეფე. XII ს."

[თამარ ფეიქრიშვილი, ახალციხე]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2018 ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე თვეზე მეტია შუქნიშანი გათიშულია

21.10.2018 ‘ტაომ’ ფოთის კლუბი ‘ივერია’ დაამარცხა

20.10.2018 როგორ აღნიშნეს 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photo\video]

20.10.2018 'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

31 იანვარს საქართველოში თამარობა აღინიშნება
14 მაისს თამარობა აღინიშნება
14 მაისს თამარობა აღინიშნება
თამარის ქანდაკებას რეაბილიტაცია სჭირდება
31 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია თამარობას აღნიშნავს
14 მაისს საქართველოში თამარობა აღინიშნება
ახალციხეში თამარის მეფობის პერიოდი გააცოცხლეს