
„სამხრეთის კარიბჭეს“ ინფორმაციით, მათ თითქმის ყველა ქალი ნარკოტიკების მოხმარებაზე გადაამოწმეს. ქალების ნაწილი პოლიციის ნარკოლოგიურ განყოფილებაში დღეს დილამდე რჩებოდა, ნაწილმა კი ახალციხის რაიონული სამმართველო გუშინ ღამითვე დატოვა.
„ალბათ გეგმიური იყო, თითქმის ყველა ბარში შევიდნენ. ჩვენთანაც შემოვიდნენ შეამოწმეს და წავიდნენ. შეურაცხყოფა არავისთვის მიუყენებიათ. მამაკაცებს ბოდიში მოუხადეს და როგორც მახსოვს ხუთი ქალი წაიყვანეს პოლიციაში“, – განაცხადა საბარგო სადგურზე მდებარე ერთ–ერთი თურქული ბარის თანამშრომელმა.
მისი თქმით, რა იყო ბარიდან ქალების პოლიციაში გადაყვანის მიზეზი, ამბობს რომ არ იცის: „შეამოწმებენ ნარკოტიკებს ხომ არ ხმარობენ ან რამეს. ვინც ჩვენგან წაიყვანეს ყველა გამოუშვეს უკვე“.
აბასთუმნის გზატკეცილზე მდებარე ბარის თანამშრომლები ამბობენ, რომ გუშინ გვიან ღამით ქალები ბარის მენეჯერთან ერთად წაიყვანეს :“მე სხვა არაფერი ვიცი, უფროსი რომ მოვა იმას დაელაპარაკეთ“.
გუშინ ღამით მომხდარს ყველა ბარში არ ადასტურებენ: „ ჩვენთან მხოლოდ საჭმელი კეთდება, ალბათ ის დაწესებულებები შეამოწმეს, სადაც ალკოჰოლური სასმელები იყიდება“, – ამბობს თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე ბარის თანამშრომელი.
რა გახდა ამდენი ქალის პოლიციაში გადაყვანის მიზეზი, რამდენი ბარიდან წაიყვანეს ქალები პოლიციაში შესამოწმებლად და მათ შორის რამდენს დაუდასტურდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი ამ საკთხზე. შინაგან საქმეთა სამინისტროში კომენტარს არ აკეთებენ. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება პროსტიტუციაში ჩაბმის ფაქტზე, სსკ-ის 253-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.
„გამოძიება მიმდინარეობს გამოიკითხნენ ბარის დროებითი მფლობელები და იქ დასაქმებული ქალბატონები“,– აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ნარკოტიკული საშუალებების გასაღების ფაქტების გამოსავლენად გუშინ, 11 მაისს სპეცოპერაცია ჩატარდა თბილისში მდებარე კლუბებში „ბასიანსა“ და გალერიში“. ნარკოტიკის გასაღების ფაქტზე დაკავებულია რვა ნარკორეალიზატორი. სამართალდამცველების კლუბებში შეჭრასთან დაკავშირებით დღეს, 12 მაისს აქცია მიმდინარეობს თბილისსა და ქუთაისში.
აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა.
"შსს, მთავარ პროკურატურასთან ერთად, აგრძელებს ბრძოლას ნარკოტიკული საშუალებების გასაღების წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ყველა გახდით ახალგაზრდების ტრაგიკულად გარდაცვალების მოწმე. აღსანიშნავია, რომ ყველა შემთხვევაში გარდაცვალების ფაქტი მოხდა კლუბებში ვიზიტის შემდეგ. ამასთან, საგრძნობლად იმატა კლუბებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მაჩვენებელმა. არსებული ინფორმაციით, არაერთი ახალგაზრდა, მათ შორის, არასრულწლოვანი, გადაყვანილ იქნა სტაციონარში ნარკოტიკული ინტოქსიკაციის დიაგნოზით", – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
[sknews.ge]