FM97.5 / LIVE

მეცხრე მეთორმეტე

მთავარისიახლე, საზოგადოება, ბლოგები 07.05.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან.

მეცხრე მეთორმეტე

მეთორმეტე კლასმა ბოლო ზარისთვის მზადება დაიწყო. შუადღისას მუსიკის ხმა და მათი სიმღერა მესმის. როგორც ყოვეთვის, სკოლის ეზოში წელსაც გაიმართება გრანდიოზული დღესასწაული, ზღვა ყვავილებით, აურაცხელი ხალხით, მუსიკალური ნომრებით, წვეულებებით, გზების დალოცვით...

ეს ჩემს აქ ყოფნაში მეცხრე გამოშვებაა, უკვე ცხრა მეთორმეტე გავისტუმრე სკოლის კედლებიდან. წელს კი კლასი, რომლის მსგავსიც არასოდეს მყოლია და არც განმეორდება, სულ რაღაც ორ კვირაში დამტოვებს. მხოლოდ მასწავლებელს შეუძლია გაიგოს, ამ სიტყვებს რა განცდით ვამბობ. ქარი რომ დაუბერავს, ფოთლები წყდებიან, მიფრინავენ და გეჩვენება, რომ შენ შერჩი ხის ტოტს უჩვეულოდ დიდხანს, გაყვითლებამდე, გახმობამდე, გამძლე და ჯიუტი.

გუშინ, მათ საკლასო ოთახში, როგორც საწამლავი, ისე შევისუნთქე სიჩუმე და სიცარიელე, წამოზრდილი ბარტყებისაგან დაცარიელებულ ბუდეში რომ რჩება... შვიდი წლის წინანდელი პირველი დღე და მათი სახეები გამახსენდა, ჩემს დანახვაზე სიხარულით რომ შეკრთნენ და რაღაც ახლის, უცხოს მოლოდინით სავსე თვალები მომაპყრეს. ის მოლოდინები, ემოციები და იმედები, რომლებიც მე მიკავშირდებოდა, უკვე დასრულდა და წამით გულში უცნაურმა ტკივილმა გამიარა – გავუმართლე კი მათ ეს იმედები? ან გავაცნობიერე ბოლომდე, რას ელოდნენ ჩემგან?

მაგრამ მე არ მსურს ვიყო სენტიმენტალური. ემოციების მართვის დიდი სკოლა მაქვს გავლილი. ცხოვრებამ მასწავლა: წამსვლელსაც და დამრჩენსაც ღირსეული თავდაჭერა მართებს. ნამდვილი გამოთხოვებისთვის კი სათანადოდ უნდა მოემზადო.

მესამე გაკვეთილზე კარი გაიღო და ჯერ ლერნიკი შემოვიდა, მერე ედგარი, შემდეგ რიმა, ლუსინე, ვარდიშაღი, ბოლოს არმანი. სტეფანი და ვარუჟანი არ იყვნენ.

–მოხვედით? – ვიკითხე ჩემდაუნებურად.

–დიახ, მოვედით! –ისეთი ტონით მიპასუხა ლერნიკმა, თითქოს განსაცდელში ვიყავი და არ მიმატოვა.

–სკამზე დაჯექი, – მიუთითა ედგარმა მერხზე შემომჯდარ არმანს.

–სადაც უნდა იქ დაჯდეს, – გამეღიმა მე.

–დიახ, – ხელები გაშალა არმანმა, ის იმპროვიზაციის დიდოსტატია, – მე ხომ თავისუფალი ადამიანი ვარ!
ედგარს მაინც არ მოსწონს მისი პასუხი, რადგან წესების დაცვას ყოველთვის პირველ ადგილზე აყენებს, ჟესტებით და მიმიკით სთხოვს სკამზე დაჯდომას. სულ ასე მეხმარებოდა....

უჯრაში მათთვის გამზადებული ფერად–ფერადი სიგელები მოვძებნე, ბეჯითი სწავლისა და ქართულ ენაზე გამართულ ღონისძიებებში აქტიური ჩართვისთვის რომ დაიმსახურეს. ხელის ჩამორთმევითა და ზარზეიმით გადავეცი...

არმანს ორი სახლი აქვს, ერთი ზაკში, მეორე – ერევანში. მისმა ორმა ძმამ ერევნის უნივერსიტეტი დაამთავრა. ბოლო წუთამდე არმანსაც იქ სურდა წასვლა, მაგრამ არ დავთმე, არ მოვეშვი არც მას, არც მის მშობელს, ბოლოს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა თავის კლასელებთან ერთად.

ვარდიშაღი თბილისზეა შეყვარებული. არ ვიცი რა პროფესიას აირჩევს, მაგრამ მოდის სამყაროში ნამდვილად წარმატებულ კარიერას აიწყობდა.
რიმა თავდაჯერებულია, ბევრი იშრომა ამ თავდაჯერებისთვის. ვარდიშაღის მსგავსად, ენის ფლობის A2 და B1 დონის სერტიფიკატები უკვე მოიპოვა ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში. მას ქართული ენის მასწავლებლობა და ზაკის სკოლაში მუშაობა სურს.

ლუსინე გადაცემა „რეალურმა სივრცემ“ გააცნო მთელ ქვეყანას. უამრავ წარმატებას შორის თავად გამოარჩევს ერთს: მის მიერ ფილმ „ჯარისკაცის მამაზე“ მომზადებული პრეზენტაცია თვით დიდმა რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ მოისმინა თბილისში. ქართულ სიმღერებს ინტერნეტში პოულობს და საოცრად მღერის. ლუსინე გაძლევს იმის საფუძველს, შენი მასწავლებლობა გამართლებულად ჩათვალო.

ედგარი წელს დედას და სოფლის საქმეს ვერ ტოვებს, რადგან ოჯახის სხვა წევრები რუსეთში არიან სამუშაოდ წასულები. წარმოსადეგი, ჭკვიანი, ალალმართალი ბიჭია. მას რომ ვუყურებ, უცნაური, როგორღაც მიკერძოებული განცდა მეუფლება - მინდა ჩემიანი იყოს. სტეფანი განსხვავდება მათგან. ჩუმია, დინჯი და ფიქრიანი. სასწავლო მასალას სწრაფად უღებს ალღოს. პიჯაკისა და თეთრი ხალათისთვისაა დაბადებული. პროფესორობა მოუხდებოდა, თუმცა ის ფაქტი, რომ ოჯახში ერთადერთი კაცია, მასაც სოფლის დატოვების საშუალებას არ აძლევს.

გრიგორმა ექსტერნით, ერთი წლით ადრე დაამთავრა სკოლა და 1+4 პროგრამით უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. პარალელურად ენებს სწავლობს და დიპლმატობისთვის ემზადება. ბოლო ზარზე მასაც ველოდებით.

ვარუჟანი გულუბრყვილო, ბავშვური და ცელქია. მისი ოჯახი რუსეთში წასასვლელად ემზადება. აქამდეც მხოლოდ სკოლის დამთავრებას ელოდებოდნენ.

ლერნიკი სტადიონიდან ძლივს გამომყავდა ხოლმე. გასროლილი ბურთივით მკვირცხლი და მიზანმიმართულია. ფეხბურთელობაზე ოცნებობს, უნდა როდესმე ნამდვილ გუნდში ითამაშოს და უკეთეს შემთხვევაში ეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები იქნება.

ჩემი სადარდებელი კი ისაა, არ დაეკარგნონ ისინი ქვეყანას...

[ცაულინა მალაზონია]


11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

08.10.2018 ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო

08.10.2018 ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ არლის სკოლა ახალ შენობაში გადავიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

15.10.2018 ახალციხეში გენდერული თანასწორობის საკითხებზე იმსჯელეს

15.10.2018 გუბერნიასთან, სადაც დაზიანებული საკანალიზაციო ჭა ქუჩას ტბორავდა, მილებს ცვლიან

15.10.2018 ლაბორატორიული კვლევებით, მერაბიშვილის მძიმე მეტალებით ინტოქსიკაცია გამოირიცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხის სკოლებში მეთორმეტეკლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა
გალინა - ქართულის მასწავლებელი
განათლება გოგონებისათვის
ჟვანიას სკოლის პროგრამების პრეზენტაცია ახალციხეში
საატესტატო გამოცდების პირველი ხუთი დღე
2 სექტემბერი პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო დღეა
გამარჯობის ქარბორბალა