
ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მედლების საქმეზე გამართულ მორიგ სხდომაზე სამი პედაგოგი დაიკითხა, ასევე, გამოიკვლიეს წერილობითი მტკიცებულებებიც.
მასწავლებლებთან მხარეებს კითხვები ძირითადად ჟურნალის შევსებისას დაშვებულ შეცდომებთან დაკავშირებით ჰქონდათ. მოსამართლე დაინტერესდა, ჟურნალებში არსებული ხარვეზების მიუხედავად, ეკუთვნოდათ თუ არა მოსწავლეებს ოქროს მედლები. პედაგოგებმა უზუსტობები აღიარეს და განაცხადეს, რომ ორივე მოსარჩელე მოსწავლე მედალს იმსახურებდა. ეს საკითხი სადავო არცერთ მხარეს არ გაუხდია.
„მაშინ ჟურნალის წარმოების სხვა მითითებები გვქონდა, ყველა საგანს თავის გვერდი ჰქონდა, შემდეგ გვითხრეს ასე აღარ გააკეთოთო და შეიძლება ამის გამო ქრონოლოგია აირია. ჩემს შემთხვევაში მოსწავლეს ორი არა უწერია. ეს არა ჩამიწერია ნიშნების რაოდენობაში. მექანიკურად მომივიდა. ამიტომ ჟურნალის ბოლო გვერდზე ხელმოწერით დავაფიქსირე ჩასწორება. ეს ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ მედლებს“, – განაცხადა სხდომაზე მეექვსე სკოლის მასწავლებელმა ნანა ლომინაშვილმა.
მოწმეების დაკითხვის შემდეგ, მოსამართლე გია ბერაიამ სკოლის დირექტორს გია კაპანაძეს მოსარჩელე მხარესთან მორიგება კიდევ ერთხელ შესთავაზა: „სადავოს იმას, რომ მოსწავლეები მედლებს იმსახურებდნენ არავინ ხდით, კიდევ ერთხელ გთავაზობთ მორიგებას“, – მიმართა ბერაიამ კაპანაძეს და დასაფიქრებლად 10–წუთიანი შესვენება გამოაცხადა.
კაპანაძემ მორიგებაზე უარი თქვა: „მოსწავლეები მედლებს ნამდვილად იმსახურებენ. დაველოდები მოსამართლის გადაწყვეტილებას“.
დირექტორის უარმა იმ პედაგოგების პროტესტი გამოიწვია, რომლებიც დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით იკითხებოდნენ. მათი თქმით, დირექტორმა გადაწყვეტილება მასწავლებლებთან შეთანხმების გარეშე მიიღო.
„გაკვირვებულები ვართ, არაჩვეულებრივ შეთავაზებაზე წამოვიდნენ მოსამართლე და მოსარჩელე მხარის ადვოკატები. მგონია, რომ ეს არის დაჟინება. არაფრის გამო დავისაჯეთ, ეს არ არის დირექტორის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება?!“ – კითხულობს ნანა ლომინაშვილი.
მასწავლებლები აცხადებენ, რომ მედლების საქმესთან დაკავშირებით გია კაპანაძის გადაწყვეტილებამ სკოლა ორად გაყო.
„მთავარი ორგანო სკოლაში არის პედაგოგიური საბჭო. რეკომენდაცია რომ მოვიდა სამინისტროდან, ბავშვები მედლებზე არ წარადგინოთო, მაშინ ვთქვი, რომ რადგან ეს იყო რეკომენდაცია და არა მოთხოვნა, კიდევ ერთხელ გვქონდა შანსი, მოსწავლეები მედლებზე ხელახლა წარგვედგინა, თუმცა დირექტორმა ამაზე უარი თქვა“, – ამბობს მეექვსე სკოლის მასწავლებელი მაია მექვაბიშვილი.
მისი თქმით, მომხდარის გამო, პედაგოგებთან ერთად პასუხისმგებლობა დირექტორსაც ეკისრება: „ყველაზე მტკივნეული იყო ის, რომ ამ მედლების გამო 10 მასწავლებელს საყვედური გამოუცხადეს, დანარჩენებმა კი პრემიები მიიღეს, მათ შორის გია კაპანაძემაც. დირექტორი, რომელმაც 10 მასწავლებელი დასაჯა, რა პრემიას იღებს?! რატომ არ დგება სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი?!“.
ამავე სკოლის მასწავლებელი ნანა ნათენაძის თქმით, შესაძლოა, მათ დირექტორის გადაყენების საკითხი დააყენონ: „სამარცხვინო იყო პედაგოგების აქ დგომა. მექანიკური შეცდომა ყველას ემართება. ეს აღიარა რესურსცენტრმაც და სამინისტრომაც. მოსამართლეს მორიგებაზე რომ არ დათანხმდა, ამით საბოლოოდ დაუსვა წერტილი ყველაფერს. არცერთი პედაგოგი მას ამას არ აპატიებს“.
მეექვსე სკოლის საქმეზე ახალციხის რაიონულ სასამართლოში სამი პროცესი გაიმართა და რვა პედაგოგი დაიკითხა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 20 აპრილს 12:00 საათზე გამოაცხადებს.
საქმე მეექვსე საჯარო სკოლის ვერცხლისა და ოქროს მედლებზე წარდგენილ მოსწავლეებს ეხება. საკლასო ჟურნალებში გადასწორებული ნიშნების გამო ექვსი მოსწავლიდან ხუთმა მედალი ვერ მიიღო. ამათგან ორი კურსდამთავრებულის მშობელმა სასამართლოს სარჩელით მიმართა და ორი აქტის ბათილად ცნობა მოითხოვა. ერთი არის 14 ნოემბრის, რომლითაც პირველად ეთქვათ უარი ამ მოსწავლეებს ოქროს მედლების კანდიდატებად წარდგენაზე და დეკემბრის, როდესაც განმეორებით მოითხოვა მხარემ მათი წარდგენა, რადგან მოსწავლეების ბრალეულობა არ იკვეთებოდა.
[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]