სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

გარესამყაროს მოწყვეტილები – ადიგენში ორი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 06.04.2018
ადიგენში დამეწყრილი მონაკვეთის მოშორებით, ახალ გზას გაიყვანენ. მანამდე კი ორი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ადგილობრივები, მეწყერის გააქტიურებაში „შპალსაჟღენთ ქარხანას“ ადანაშაულებენ. კომპანიას ამ გზაზე სატვირთო მანქანებით ხე–ტყე გადააქვს.

გარესამყაროს მოწყვეტილები – ადიგენში ორი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Photo/Video]

ადიგენში, დერცელთან და კიკიბოსთან მისასვლელ დამეწყრილ გზაზე, დაახლოებით, 500 მეტრიან მონაკვეთში, მეწყერი ოთხ ადგილზეა გააქტიურებული. მიწის მასა ყოველდღიურად დაბლა იწევს. იქ, სადაც პირველი ნაპრალი გაჩნდა, გზამ უკვე 1.50 მეტრ სიღრმეზე დაიწია. მიწის მოწყვეტილი მასა მდინარე ღაღვის მიმართულებით მიცოცავს, ფერდობეზე გაჩენილი ნაპრალების გამო კი ასწლოვანი ხეები წაიქცა. ამიტომ ორი სოფლის მიმართულებით, სადაც 60–მდე კომლი ცხოვრობს, მანქანით გადაადგილება შეუძლებელია. ადგილობრივები ორ კვირაზე მეტია დამეწყრილ ტერიტორიაზე ფეხით გადადიან. თუმცა, მათთვის უსაფრთხო არც ესაა.

„ამ მეწყერის შეჩერება გამორიცხულია. ვერავინ იტყვის წინასწარ რა მოხდება, შეიძლება მიწა უცბად მოწყდეს. ეს კლიმატზეა დამოკიდებული. თუ წვიმები იყო იქ იმხელა ნაპრალებია, რომ წყალი ჩავა და პროცესი დაჩქარდება“, – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის წამყვანი სპეციალისტი თამაზ გერკეული, რომელმაც დამეწყრილი ტერიტორია გასულ კვირას შეისწავლა და დასკვნას რამდენიმე დღეში დაწერს.

მეწყერი პირველად 26 მარტს გააქტიურდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მაშინ მათ გზაზე პატარა ბზარები შეამჩნიეს.
„წელს უხვი ნალექი იყო. თოვლის დნობის გამო წამოვიდა წყალი და დაიმეწყრა ტერიტორია. ან ალტერნატიული გზა უნდა გაკეთდეს, ან ეს დამეწყრილი გზა შეკეთდეს. 300 კაცამდე ვცხოვრობთ დერცელსა და კიკიბოში, სასწრაფო დახმარება რომ დაგვჭირდეს სოფლამდე ვერ მოვა“, – ამბობს დერცელში მცხოვრები ზაზა შავაძე.

გარესამყაროს მოწყვეტილები – ადიგენში ორი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Photo/Video]

გარდა ბუნებრივი პირობებისა, ადგილობრივები მეწყერის გააქტიურებას გზაზე ხე–ტყით დატვირთული მანქანების ხშირ მოძრაობასაც აბრალებენ: „მორებით დატვირთული 20–ტონიანი მანქანები დადიან, ნიადაგი რბილია და ვერ უძლებს, ამიტომ ჩავარდა გზა ასე სწრაფად“, – ამბობს ვაშაძე.

დერცელთან ახლოს, ღაღვის ტყეში 10–წლიანი ლიცენზია 8 000 ჰექტარზე შპს „ახალციხის შპალსაჟღენთ ქარხანას“ აქვს მოპოვებული. აღნიშნულ კომპანიას ყოველწლიურად ტყიდან 6 100 კუბური მეტრის სამასალე მერქანი გამოაქვს და ამ ხით ყარსი–ახალქალაქის რკინიგზის გასაყვანად შპალებს ამზადებენ. შპს–მ ლიცენზია 2011 წელს მიიღო.

ადგილობრივები ამბობენ, რომ „შპალსაჟღენთის“ მანქანები დერცელიდან სოფელ მოხემდე, დაახლოებით, შვიდ კილომეტრს გადიან, მეწყერული პროცესები კი სწორედ ამ მონაკვეთში მოექცა.

„ვთხოვეთ კომპანიის ხელმძღვანელობას, რომ ვიდრე თოვლის დნობა დასრულდებოდა, ამ გზის სარგებლობით მანამდე მაინც შეეკავებინათ თავი. ხე–ტყით დატვირთული 10 და 15 „ურალი“ რბილ გზას აზიანებს. გვითხრეს ორ–სამ რეისს გავატარებთ და გავჩერდებითო, მაგრამ ღამე მაინც იპარებოდნენ“, – გვიყვება დერცელში მცხოვრები რევაზ ბერიძე.

მისი თქმით, ვიდრე მეწყერი გააქტიურდებოდა, ორი დღით ადრე მათ კომპანიის მანქანებს გზა გადაუკეტეს: „ხიდზე 50 კაცი ვიდექით და არ ვატარებდით. პოლიციაც მოვიდა. ვუთხარით, რომ ჩვენ ტყესთან დაკავშირებით გართულება არ გვქონდა და პრობლემა გზის დაზიანება იყო. კომპანიამ ეს გზა რამდენჯერმე კი მოხრეშა, მაგრამ ერთს რომ აკეთებს, ათს აზიანებს და ასეთი დახმარება არ გვჭირდება“.



„ახალციხის შპალსაჟღენთ ქარხანაში“ იმას რომ გზას მათი სატვირთო მანქანები მართლაც აზიანებენ ადასტურებენ, თუმცა, ადგილობრივების ბრალდებებს, თითოქოს მეწყერის გააქტიურებას ხელი მძიმე ტექნიკამ შეუწყო, კატეგორიულად უარყოფენ.

„ეს სახელმწიფო გზაა და ბუნებრივია უნდა ვიაროთ! ტენდერი გვაქვს მოგებული და საქართველოს რკინიგიზისთვის შპალები მიგვაქვს. ორი სამი წელია დავა გვაქვს ადგილობრივებთან. გზას ვუკეთებთ და არ მოსწონთ. შარშან 8000 ლარი, იმის წინ კი 12 000 ლარი დავახარჯეთ“ – ამბობს შპს „ახალციხის შპალსაჟღენთი ქარხანის“ დირექტორი თამაზ გელხვიძე და ამატებს, რომ მან წელს ადგილობრივებს ფულიც შესთავაზა – „ვუთხარი, თუ რამე გაფუჭდება ერთად გავაკეთოთ, თან მძიმე ტექტნიკითა და ხრეშით დაგეხმარებით–მეთქი და არ დაგვთანხმდნენ. სოფელზე აღარ გვატარებენ და შემოვლითი გზით ვსარგებლობთ“.

მეწყერის გააქტიურებასა და მძიმე წონიანი მანქანების მოძრაობასთან კავშირს ვერც ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში ხედავენ, თუმცა აქვე უწყებაში იმასაც აცხადებენ, რომ გზაზე ყველა სახის ვიბრაცია მოქმედებს.

„პროცესი შეიძლება თქვენმა გადასვლამაც დააჩქარა“, – გვითხრა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა გოდერძი სხირტლაძემ და დაამატა, რომ მეწყერული პროცესების დაწყების შემდეგ იქ ტრასნპორტის გადაადგილება საერთოდ აკრძალეს.

გარესამყაროს მოწყვეტილები – ადიგენში ორი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Photo/Video]

დერცელში მცხოვრებლები შიშობენ, რომ შესაძლოა მეწყერმა სავალალო შედეგები გამოიწვიოს. მათი თქმით, მოწყვეტილი მიწის მასა მდინარე ღაღვისკენ აქტიურად მიცურავს და შესაძლოა ხეობა გადაკეტოს.

„ეს მასა რომ მდინარეში ჩავიდეს, დაგუბდება და წალეკავს ახლომდებარე სოფლებს: საირმეს, მლაშეს, ადიგენს. დაგუბებული წყალი დერცელის გზის მეორე მხარესაც გამოიღებს“, – ამბობს დერცელში მცხოვრები ჯემალ მიქელაძე.

გეოლოგები კი აცხადებენ, რომ ხეობის ჩაკეტვის საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს და ასეც რომ იყოს, დასახლებულ პუნქტებს საფრთხე მაინც არ ემუქრებათ.

„მდინარის დაგუბების საშიშროება იყო, მაგრამ ეს კანიონისებური ხეობაა და ქვემოთ დასახლებული პუნქტებისთვის საშიში არ არის. ასევე, ჩვენი თხოვნით დამეწყრილი ადგილი დამპალი და წაქცეული ხეებისგან გაწმინდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მიწა უცებ მოწყდებოდა, შესაძლო იყო ამ ხეებს წყალი დაეგუბებინათ, ახლა ამის საშიშროება აღარ არსებობს“, – ამბობს გეოლოგი თამაზ გერკეული.

მისი თქმით, ხეობაში ახალი გზა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაკეთდეს: „ფერდი უნდა შეიჭრას, იმედია პროექტზე მუშაობას დროულად დაასრულებენ“.

გარესამყაროს მოწყვეტილები – ადიგენში ორი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Photo/Video]

ადიგენის მეიაში აცხადებენ, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლები ახალი გზის დაპროექტებას უახლოეს დღეებში დაიწყებენ. მანამდე კი ის მონაკვეთი, სადაც ახალი გზა უნდა გაჭრან, ტყის ფონდიდან უნდა ამოირიცხოს: „ჩვენ ტრასნპორტირებისა და ბინის საკითხის მოგვარება გვთხოვეს. პროექტზე მუშაობა ერთ დღეში ვერ დასრულდება, რადგან აქ დაახლოებით, 500 მეტრზე მეტი სიგრძის ახალი გზა უნდა გაკეთდეს“.

ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის გოდერძი სხირტლაძის თქმით, მუშაობა ფორსმაჟორულ ვითარებაში უხდებათ: „მეწყერული ადგილის ზემოდან გადასასვლელი ბილიკი გავაკეთეთ, სადაც ფეხით მოსიარულეებს შეეძლებათ გადაადგილება. გავავლეთ ამკრძალავი ლენტიც“.

გეოლოგიური დასკვნა ჯერ მზად არ არის, თუმცა, წინასწარი ცნობების საფუძველზე უკვე გადაწყვეტილია, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე გზის აღდგენა შეუძებელია და ახალ გზას მთის ფერდობზე გაიყვანენ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში გეოლოგიური დასკვნის და ახალი გზის საპროექტო სამუშაოების დასრულებამდე, სავარაუდო თანხებსა და ახალი გზის სამუშაოების დაწყების თარიღზე ვერ საუბრობენ.

რაც შეეხება "ახალციხის შპალსაჟღენთ ქარხანას" აქ აცხადებენ, რომ ღაღვის ტყიდან დაახლოებით 10 მანქანა ხე–ტყე აქვთ გასატანი: "ამისთვის რაიმე ალტერნატიულ გზას მოვძებნით, ჯერ რას ვიზამთ გადაწყვეტილი არ გვაქვს".

გარესამყაროს მოწყვეტილები – ადიგენში ორი სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს [Photo/Video]

[ავტორი: თინათინ ზაზაძე
ვიდეო: ოთარ აწყურელი]


19.04.2018 სოფელ კარტიკამში რეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა

13.04.2018 კოსმოსურ ჰაკათონში გამარჯვებული ახალციხელები ნიდერლანდებიდან დაბრუნდნენ

10.04.2018 ‘ოპიზარში’ პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

10.04.2018 დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.04.2018 ასპინძაში, 'ასპინძის ბრძოლის' დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

20.04.2018 ‘ტაო’ VS ‘დევები’ – ხვალ ახალციხეში რაგბის მატჩია

20.04.2018 საგაზაფხულო გამოფენა სამხატვრო სკოლაში [Photo]

19.04.2018 ‘ახალციხის ციხეზე’ სეზონის გახსნამდე დაზიანებულ კედლებს ვერ შეაკეთებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

მსგავს თემაზე

ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ახალს გაიყვანენ
ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
ადიგენში მეწყერს მაღალმთიანი ზონის კიდევ ერთ მონაკვეთში ელიან [Video/Photos]
დერცელსა და კიკიბოში გზის გადაკეტვით იმუქრებიან
მეწყერმა ადიგენის ორი სოფელი გარესამყაროს მოწყვიტა
რა ბედი ელის ურაველის დამეწყრილ გზას