
საქმეზე სასამართლო პროცესი ახალციხეში დღეს, 9 თებერვალს გაიმართა. ლურსმანაშვილი სასარჩელო მოთხოვნაში თავმჯდომარის მიერ დაწერილი გაფრთხილების ბათილად ცნობას ითხოვდა. იგი აცხადებს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მას პოლიტიკური ნიშნით ავიწროებს და გაფრთხილება დაუმსახურებლად, საპირფარეშოში გასვლის გამო დაუწერა.
მოსამართლე გია ბერაიამ ლურსმანაშვილის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაფრთხილება ბათილად ცნო.
მისი განმარტებით, ჩაჩანიძის გაფრთხილება უსაფუძვლოა, რადგან სამუშაო საათებში თანამშრომელს ოთახიდან გასვლის უფლება აქვს. გარდა ამისა, მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არც ის არგუმენტები წარუდგენია, რატომ მისცა გაფრთხილება ლურსმანაშვილს.
არ იკვეთება სამუშაოს არაჯეროვნად შესრულების გამო მიცემული გაფრთხილება. თან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რამდენიმე წუთით დატოვოს თავისი სამუშაო ოთახი ისე, რომ საქმეს ზიანი არ მიაყენოს“, – განმარტა მოსამართლემ.
საკრებულოს აპარატის მესამე რანგის სპეციალისტის ნონა ლურსმანაშვილის მტკიცებით, ზაზა ჩაჩანიძის ინტერესი სამსახურიდან მისი გათავისუფლებაა: „როდესაც “პატრიოტთა ალიანსში” გადავიდა, თანამშრომელთა ნაწილი მისი მხარდამჭერი გახდა. მე არ ვყოფილვარ მისი მხარდამჭერი და ყველაფერს აკეთებს, რომ სამსახურიდან გამათავისუფლოს. ჩემზეც და სხვა, მისთვის არასასურველ თანამშრომლებზეც, ფსიქოლოგიური ზეწოლა ხორციელდება“.
სასამართლო სხდომაზე ნონა ლურსმანაშვილის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა. იურისტის ქეთი ბებიაშვილის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილება ლოგიკური იყო: „საჯარო მოხელეს შეეფარდა დისციპლინარული პასუხისმგებლობა ისე, რომ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.„გარდა ამისა, გაფრთხილების აქტი გამოიცა ხელმძღვანელის გაბრაზებიდან ორი საათის განმავლობაში, რაც არასწორია. საქმის წარმოება არასწორად მოხდა, მთელი რიგი პროცედურები და ვადები იყო, რაც არ შესრულდა. ამ შემთხვევაში, ხელმძღვანელის თვითნებობა ფიქსირდება“.
სასამართლო პროცესზე ბორჯომის საკრებულოს ინტერესებს, მინდობილობის საფუძველზე, ბორჯომის მერიის იურისტი იცავდა, თუმცა, სხდომის დასრულების შემდეგ მან საუბარი არ ისურვა.
ამ ეტაპზე უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ზაზა ჩაჩანიძე ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში: „ჩამბარდეს მოსამართლის გადაწყვეტილება, დეტალურად გავეცნობი და შემდეგ გადავწყვეტ რას ვიზამ“.
შეგახსენებთ, რომ ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეს, „პატრიოტთა ალიანსის“ წევრს ზაზა ჩაჩანიძეს, თანამშრომლების ნაწილი პოლიტიკური ნიშნით შევიწროებაში
ადანაშაულებს. ერთმა თანამშრომელმა, ბორჯომის საკრებულოს აპარატის მესამე რანგის სპეციალისტმა ნონა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის მიერი მიცემული გაფრთხილების გაბათილების მოთხოვნით, სასამართლოს 31 იანვარს მიმართა.
[ლუბა გიორგაძე, ბორჯომი]