FM97.5 / LIVE

ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები

მთავარისიახლე 30.01.2018
ოთხი კანდიდატი, ოთხივე პროფესორი და ოთხივე უნივერსიტეტის თანამშრომელი – ოთხიდან ერთს ხვალ, 31 იანვარს, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად აირჩევენ. ვინ აირჩევს სასაწავლებლის ახალ ხელმძღვანელს და ვინ არიან კანდიდატები.

ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები

ოთხივე კონკურენტი ათ წელზე მეტია სასწავლებელში მუშაობს. ოთხ კანდიდატს შორის ქალი მხოლოდ ერთია, – რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში მაკა ბერიძე. სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით, იგი ამავე უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. სასწავლებლი 27 წლისაა, თავად კი 26 წელია ამ კედლებშია, ჯერ როგორც სტუდენტი და შემდეგ როგორც თანამშრომელი.

ვის ირჩევენ?


ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები

მაკა ბერიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მესხეთის ფილიალი 1996 წელს დაამთავრა. 1997 წლიდან ამავე სასწავლებელში მუშაობა დაიწყო მოწვეულ მასწავლებელად. იყო ქართული ენის კურსების ტრენერი. 2010 წელს მიენიჭა ფილოლოგიის დოქტორის ხარისხი. 2011 წელს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტად დაიწყო მუშაობა. 2012 წლიდან უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის პოზიცია დაიკავა, 2014 წლიდან კი რექტორის მოადგილეა სამეცნიერო დარგში.

ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები

1990–იანი წლებიდან მუშაობს უნივერსიტეტში რეზო ზედგინიძე. მან საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტში საინჟინრო–ფიზიკის ფაკულტეტი 1983 წელს დაამთავრა. 1993 წლიდან კი თსუ მესხეთის ფილიალში ფიზიკის კურსის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. მანამდე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი იყო. ასევე, 1999 – 2002 წლებში ზოოვეტერინალური ინსტიტუტის ახალციხის ფილიალში ქიმიას ასწავლიდა. უნივერსიტეტში იყო სტუდენტთა რეგისტრაციის სამსახურის უფროსი. 2011–2013 წლებში ეკავა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის პოზიცია საბუნებისმეტყველო მესნიერებათა ფაკულტეტზე. დღემდე კი არის უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.

2007 წლიდან დაიწყეს მუშაობა უნივერსიტეტში რექტორობის ორმა კანდიდატმა გიორგი მესხმა და ცისკარა ზარანდიამ.

ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები

გიორგი მესხს სხვა კანდიდატებისგან საზღვარგარეთ მუშაობისა და სწავლის მრავალწლიანი გამოცდილება გამოარჩევს. მან 1975 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის ფაკულტეტი დაამთავრა. ამის შემდეგ მკვლევარი იყო ჯერ ლენინგრადში, ფიზიკის ტექნიკურ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ინგლისში სორფორდის უნივერსიტეტში. საქართველოში დაბრუნებულს, 2006 წლამდე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა პოზიცია ეკავა. 2007 წელს სამცხე–ჯავახეთის უნივესიტეტში მოწვეული დოქტორი იყო, 2009 წლიდან დღემდე კი საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანია.

ვინ არიან უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატები

ცისკარა ზარანდიამ უნივერსიტეტში მუშაობა ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე დაიწყო და დღემდე ეს თანამდებობა უკავია. მას 15–წლიანი სამეცნიერო–პედაგოგიური გამოცდილება აქვს. ზარანდიამ საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტი 1995 წელს დაამთავრა, ხარისხი კი 2003 წელს დაიცვა.

ვინ ირჩევს რექტორს?

ახალი რექტორი აკადემიურმა საბჭომ უნდა აირჩიოს. როგორც წესი, საბჭო ცხრა წევრისგან შედგება. მათ ფაკულტეტების მართვის ორგანოები ოთხი წლის ვადით ირჩევენ. თითო ფაკულტეტიდან საბჭოში ორი პროფესორია. საბჭოს თავმჯდომარე სასწავლებლის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი მერაბ ბერიძეა. დღეის მდგომარეობით, საბჭოში რვა წევრია, მას ერთი წევრი იურიდიული ფაკულტეტიდან აკლია, თუმცა, როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ეს არჩევნებს ხელს არ უშლის.

„როცა იურიდიულ ფაკულტეტზე აკადემიური საბჭოს არჩევნები იყო, კენჭისყრის სურვილი მხოლოდ ერთმა კანდიდატმა გამოთქვა“, – ამბობს უნივერსიტეტის იურისტი თამარ ჟუჟუნაძე.

საბჭოს წევრების უმრავლესობა უნივერსიტეტში თითქმის ორი ათეული წელია მუშაობს. ამავე საბჭოს წევრები არიან რექტორობის უკვე ყოფილი კანდიდატები და ასევე, სასწავლებლის ყოფილი რექტორები: თინა გელაშვილი და მერაბ ბერიძე. ორივე მათგანმა კანდიდატურა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე მოხსნა.

უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებლები აცხადებენ, რომ „აკადემიურ საბჭოს მთელი უნივერსიტეტი ენდობა. თითოეული წევრი საკუთარი ფაკულტეტის რჩეულია და მათ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა აბარიათ“.

საბჭოს წევრები კანდიდატების საარჩევნო პროგრამებს იცნობენ. პროგრამების წარდგენა 25 იანვარს შედგა. პროგრამაში ყველა კანდიდატი საუბრობდა უნივერსიტეტში სწავლების არასათანადო ხარისხსა და ინფრასტრუქტურაზე, უცხო ენის არცოდნასა და სამეცნიერო კვლევებისთვის მწირ დაფინანსებაზე.

რომელი კანდიდატის სასარგებლოდ იხრება საბჭოს წევრების პოზიციები, ჯერ უცნობია. მხოლოდ თინა გელაშვილი არ მალავს, რომ მას, როგორც ფინანსისტს, ასევე ფინანსისტის ცისკარა ზარანდიას სამოქმედო გეგმა განსაკუთრებით მოსწონს. ბერიძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ „ყველას პროგრამა თანაბრად ძლიერი არაა“. ამაში მას საბჭოს ერთ–ერთი წევრი ნატო ყრუაშვილიც ეთანხმება: „ყველა კანდიდატის პროგრამა იმსახურებს ყურადღებას და ყველა კანდიდატი საბჭოს წინაშე ღირსეულად წარსდგა. თუმცა, ბუნებრივია, ხარისხობრივად, ყველას ერთ სიბრტყეზე ვერ განვალაგებთ“.

2017 წლის სამი ივლისის არჩევნებზე, როცა არჩევნებში მერაბ ბერიძე და თინა გელაშვილი მონაწილეობდნენ, საბჭოს წევრების ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა მიიღო. მაშინ ორი ხმა გაბათილდა.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ჩამოყალიბებული პოზიცია, ნატო ყრუაშვილი ამბობს, რომ მის წილ პასუხისმგებლობას აუცილებელად აიღებს. იგივეს აცხადებს შოთა ინასარიძე. კანდიდატების პროგრამებით უკმაყოფილო არც ისაა, თუმცა უკვირს კანდიდატების მხრიდან უნივერსიტეტში სწავლების დაბალ ხარისხზე საუბარი: „როცა თავად ხელმძღვანელობ გარკვეულ მიმართულებას, ხარ ფაკულტეტის დეკანი, ხარისხის სამსახურის უფროსი, ან რექტორის მოადგილე და ამბობ, რომ კონკრეტული მიმართულება კარგად არ მუშაობს, ეს რა, შენ არ გეხება?! ვინ მოვა და გაგიკეთებს?! ეს ერთგვარი პარადოქსია, ჩივი იმაზე, რისი გაკეთებაც უშუალოდ შენ გეხება“.

რა მოლოდინები აქვთ ახალი რექტორისგან


უნივერსიტეტში ფიქრობენ, რომ ახლა სასწავლებლისთვის მთავარი გამოწვევა გართულებული სტანდარტით ავტორიზაცია–აკრედიტაციის გავლის საკითხია, ამიტომ საბჭომ ისეთი კანდიდატი უნდა აირჩიოს, რომელიც ამ საკითხს განსაკუთრებით კარგად ხედავს.

„რექტორი აკადემიური სფეროს მესაჭეა, პროგრამული აკრედიტაცია უკვე დაწყებულია და ერთ თვეში ახალი მოთხოვნების შესაბამისად უნდა წარვადგინოთ. ამიტომ, ის, თუ ვინ იქნება სასწავლებლის რექტორი, ამ პროცესებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნიკო ახალკაცი.

იგი დარწმუნებულია, რომ საბჭო არჩევანში თავისუფალია. ამაზე თავად საბჭოც წევრებიც საუბრობენ და აცხადებენ, რომ მათზე ზეგავლენის მოხდენა ამ დრომდე არავის უცდია.

არჩევნები უნივერსიტეტში ხვალ, 31 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება. რექტორობის პოზიციის დასაკავებლად კანდიდატს ხუთი ხმა სჭირდება.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

06.11.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები ახალციხეში უფროსკლასელებს შეხვდნენ

05.11.2018 რა პრობლემების მოგვარება სთხოვეს უნივერსიტეტის რექტორს სტუდენტებმა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2018 აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს

12.11.2018 ახალციხელი ბექა ბერძენიშვილი სამბოში მსოფლიო ვიცე–ჩემპიონი გახდა

11.11.2018 ადიგენში სერაპიონ ზარზმელის დღე იზეიმეს [Video, Photo]

11.11.2018 აწყურთან ავარიისას დაშავებული ორი პაციენტი საავადმყოფოდან გაეწერა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორად მაკა ბერიძე აირჩიეს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს  პროფესორს სურს
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში კონკურენტულ არჩევნებს ელიან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს
მერაბ ბერიძე უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს
რექტორის არჩევნებამდე ორი საათით ადრე კანდიდატურა რეზო ზედგინიძემაც მოიხსნა
რექტორის არჩევნებამდე სამი საათით ადრე, გიორგი მესხმა კანდიდატურა მოიხსნა