FM97.5 / LIVE

მტყუან-მართლის ძიებაში...

მთავარიეკონომიკა 23.05.2013
ვიდრე ძველი და ახალი ხელისუფლება ერთმანეთში ”საქმეს არჩევს”, უსახურავოდ დარჩენილ კორპუსში ერთი თვეა 60 ოჯახს აწვიმს. ვინ და როგორ ცდილობს პოლიტიკური ქულების დაწერას ნამსხვრევებად ქცეული ”პრეზიდენტის წითელი სახურავით” დაზარალებული მოსახლეობის ხარჯზე

მტყუან-მართლის ძიებაში...
”სანამ დასკვნა დაიდება, ყველა ჩავირეცხებით“

თითქმის ერთი თვეა, რაც ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე ხუთსართულიანი კორპუსი სახურავის გარეშეა დარჩენილი. მიმდინარე წლის 23 აპრილს, ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს ეგრეთ წოდებული, ”პრეზიდენტის წითელი სახურავი” მთლიანად მოგლიჯა. სახურავის ნამსხვრევები ეზოში მიმოიფანტად და დღემდე ყრია. მაშინ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, მსუბუქი დაზიანებები მიიღო ორმა მოქალაქემ, 60 წლის ქალბატონმა და 35 წლის მამაკაცმა და დაზიანდა ეზოში მდგომი ოთხი ავტომანქანა.

მომხდარის შემდეგ ერთი თვე გავიდა. საცხოვრებელ კორპუსს სახურავი ამ დრომდე არ აქვს. მას შემდეგ რამდენჯერმე ძლიერად იწვიმა. ადგილობრივები წვიმისგან დაცვას საკუთარი ძალებით ცდილობენ, სახურავზე თასებს დგამენ ან ეგრეთ წოდებულ ბრეზენტს აფარებენ. თუმცა, ბინის მაღლა სართულებზე მცხოვრებთ ეს მაინც არ შველის. 12 მაისს მოსულმა ძლიერმა წვიმამ მეოთხე და მეხუთე სართულებზე მცხოვრებლები მაინც ჩარეცხა.

ლომიძეები 28-ე კორპუსის მეხუთე სართულზე ცხოვრობენ. ოჯახის უფროსი კახაბერ ლომიძე ამბობს, რომ იმ დღის შემდეგ, რაც საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადაეხადა, ადგილობრივი თვითმმართველობიდან აღარავინ მისულა.

”არც დაინტერესდნენ რა მდგომარეობაში ვართ. პირადად მე მივაკითხე გამგებელს, ბესიკ ბლიაძეს და მითხრეს, რომ ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. სანამ დასკვნა დაიდებას, ყველა ჩავირეცხებით“, - ამბობს კახაბერ ლომიძე.

წვიმის წყალი ჩავიდა მეოთხე სართულზე მცხოვრებ მელაძეების ოჯახშიც.

,,ჯერ რამდენიმე დღის წინ რომ წვიმა იყო მაშინ ჩამოვიდა, ახლა კიდევ დაემატა. სანამ მთელი კორპუსი არ ჩავირეცხებით, ყურადღებას არ მოგვაქცევენ?“, - კითხულობს მარინა მელაძე.

წინასაარჩევნოდ ”გაწითლებული” ქალაქი

ახალციხეში კორპუსების სახურავების შეცვლა გასული წლის აგვისტოში დაიწყო. ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახურავების გადახურვის სარეაბილიტაციო სამუშაოები 152 შენობა-ნაგებობას ჩაუტარდა. მათ შორის ახალციხეში 93, ვალეში კი 59 შენობა-ნაგებობა გადაიხურა. ამისთვის ძირითადად 0,45 მმ სისქის შეღებილი რკინის ფირფიტები (ე.წ. მეტალო-კრამიტი, ტრაპეცია და ღარიანი) გამოიყენეს.

სახურავების შეცვლას წინ ივლისში, ძლიერი სეტყვა უსწრებდა. სტიქიით დაზარალებული მოასახლეობის დასახმარებლად თანხა პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო. გარდა საკვები პროდუქტებით დახმარებისა, ამ თანხით დაიწყეს სახურავების შეცვლაც. გადახურვის სამუშაოებზე 3576546,16 ლარი დაიხარჯა. ამიტომ მონათლეს ადგილობრივებმა შეცვლილი სახურავები ”პრეზიდენტის წითელ სახურავებად”.

სარეაბილიტაციო სამუშაოების თანხა პრეზიდენტის ფონდიდან სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციას ჩაერიცხა. გუბერნიაში განმარტავენ, რომ რადგან სტიქიამ რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტი დააზარალა, მთავრობის გადაწყვეტილებით თანხა სამხარეო ადმინისტრაციას ამიტომ ჩაერიცხა.

სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილის გელა დემეტრაძის თქმით, ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც სამხარეო ადმინისტრაციამ კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

,,სხვა ასეთი პროექტი სამხარეო ადმინისტრაციას არასდროს არ განუხორციელებია. ანუ არც გამოცდილება და არც შრომითი რესურსი არ გააჩნდა, რომ ზედამხედველობა გაეწია. ამიტომ, სამმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა: დამკვეთი სამხარეო ადმინისტრაცია იყო, შემსრულებელი სამხარეო ადმინისტრაცია, ხოლო ზედამხედველობას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობა უწევდა”, - განმარტავს გელა დემეტრაძე.

სამშენებლო კომპანია საკუთარ ბრალეულობას გამორიცხავს

ასპინძის ქუჩაზე გადახურვის სამუშაოებს შპს ”გონიო” ასრულებდა. ხელშეკრულების თანახმად, მშენებელს ვალდებულება აქვს აღებული, რომ ორი წლის განმავლობაში, სამშენებლო ხარვეზის შემთხვევაში, პრობლემა თავად მოაგვაროს.

,,იყო ორი შემთხვევა, როცა სახლებში წვიმის წყალი ჩავიდა. მივმართეთ მშენებელს და ორ დღეში პრობლემა გამოსწორდა. რა თქმა უნდა მშენებელს ამ შემთხვევაშიც მივმართეთ, თუმცა ის ამბობს, რომ ეს არ არის მისი დანაშაული”, - ამბობს გელა დემეტრაძე.

შპს ”გონიოს” წარმომადგენლის თამაზ თედორაძის თქმით, ამ შემთხვევაში თავს დამნაშავედ არ გრძნობენ და შესაბამისად არც კორპუსის გადახურვას აპირებენ.

,,გამოძიება რომ დასრულდება, ვინც დამნაშავეა ის გააკეთებს. ჩვენ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შევასრულეთ. სახურავი დაშვებული ხარვეზის გამო არ გადახდილა. მე თუნუქი შევცვალე, მაგრამ სახურავს თუნუქი არ აძრობია, მთლიანად ჩამოვარდა. ჩვენ თავს დამნაშავედ არ ვგრძნობთ და არც გავაკეთებთ. რის გამოც სახურავი გადმოვარდ,ა ხარჯთაღრიცხვაში მითითებული არ იყო და არც გაკეთებულა”, - ამბობს ”სამხრეთის კარიბჭესთან” სატელეფონო საუბარში თამაზ თედორაძე.

რას ელოდებიან ახალციხის გამგეობაში?

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ექსპერტიზის დასკვნას ელოდებიან. ამბობენ, რომ ვიდრე დასკვნა არ დაიდება და არ გაირკვევა ვისი ბრალეულობა იკვეთება კონკრეტულ შემთხვევაში, გამგეობა ვერანაირ რეაგირებას ვერ მოახდენს.

,,არსებობს სამმხრივი ხელშეკრულება შპს ”გონიოსა” და სამხარეო ადმინისტრაციას შორის. საკრებულო ჩართული იყო წმინდა მაკონტროლებელი ხაზით. ანუ მუნიციპალიტეტს არავითარ შემთხვევაში არანაირი ვალდებულება არ ეკისრება. აღნიშნული ხელშეკრულების 9/2 მუხლის თანახმად მშენებლობის დასრულების და მიღება-ჩაბარების შემდგომ მითითებულ აღნიშნულ სახურავს აქვს ორ წლიანი საგარანტიო ვადა, რომელზეც პასუხისმგებელი არის მშენებელი. რა შუაშია ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტი?”, - განმარტავს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მრჩეველი იურიდიულ საკითხებში გოჩა პარუნაშვილი.

პასუხისმგებლობას საკრებულოც იცილებს

საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილი ამბობს, რომ საკრებულო სამხარეო ადმინისტრაციას კონტროლს ვერ გაუწევდა, რადგან მასზე ზემდგომი ორგანოა. საკრებულოს არც შესაბამისი სპეციალისტი ჰყავს.

,,შეიძლება გამგეობის რომელიმე სპეციალისტი, მაგალითად ეკონომიკის სამსახურიდან იყო მიმაგრებული. მაგრამ ისიც არ ვიცი, მიღება-ჩაბარების აქტი გაკეთებული აქვთ თუ არა. ეს დამკვეთმა უნდა მიიღოს. ვინც უკვეთავს, მიღებასაც ის აკეთებს. აქედან გამომდინარე, აქ საერთოდ ზედმეტია საკრებულოზე საუბარი”, - ამბობს სანდროშვილი.

ვინ გადახურავს გადახდილ სახურავს ჯერ გაურკვევლია

როდის დაიდება ექსპერტიზის დასკვნა, ჯერ ცნობილი არაა. თუ დადგინდა, რომ სახურავი სტიქიის შედეგად გადაიხადა, ოლეგ სანდროშვილის თქმით, თანხა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან უნდა გამოიყოს.

,,ეს არის კერძო საკუთრება და სახელმწიფო არ არის ვალდებული, მაგრამ თუ სტიქიაა, სტიქიური უბედურებების დროს გარკვეული თანხები გამოიყოფა. ეს გვინდა ჩვენ რომ დაგვიდასტუროს ექსპერტმა. თორემ, შეიძლება არამიზნობრივ ხარჯვად განვიხილოთ ეს საკითხი”, - განმარტავს სანდროშვილი.

იმ შემთხვევაში თუ სამშენებლო კომპანიის ბრალეულობა გამოიკვეთა, იგი ვალდებული იქნება ზარალი აანაზღაუროს.

გამგეობა ხელს გუბერნიისკენ იშვერს, გუბერნია პრობლემის მოგვარებას გამგეობას სთხოვს

გოჩა პარუნაშვილი ამბობს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გუბერნიამ უნდა მოსთხოვოს მშენებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. თუმცა, მისი ინფორმაციით, სამხარეო ადმინისტრაციიდან მშენებელთან არათუ მოთხოვნა, წერილიც არ არის გაგზავნილი.

სამხარეო ადმინისტრაციაში კი ირწმუნებიან, რომ მშენებელი გამოძიების დასრულებას ელოდება და ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობას სთხოვს, რომ პრობლემა დროულად მოაგვაროს.

,,სამხარეო ადმინისტრაციას არანაირი ფინანსური რესურსი არ გააჩნია, გამგეობას კი იმის საშუალება აქვს, რომ სარეზერვო ფონდიდან დახარჯოს თანხა. ჩვენ ამის შესახებ წერილობით მივმართეთ. ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრობლემის გადასაჭრელად სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები, რადგან გამოძიების დასრულებამდე შესაძლოა დიდი დრო გავიდეს”, - ამბობს გელა დემეტრაძე.

როდის დაიდება ექსპერტიზის დასკვნა - ამ კითხვაზე პასუხი არავის აქვს. პასუხისმგებლის გამოჩენის მოლოდინში, უსახურავოდ დარჩენილი 60 ოჯახი, ამინდის პროგნოზს ყოველდღიურად შიშით ამოწმებს. ადგილობრივები ხელისუფლების უყურადღებობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ფაქტობრივად ეს არც უკვირთ, რადგან ”მთავრობას ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება”. თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როცა არჩევნებამდე ლოდინი შეუძლებელია.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

08.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე 10 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

07.07.2020 საფეხური: ეთნიკურ უმცირესობებთან მძიმე მდგომარეობაა – მანანა რატიანი მასწავლებელთა სერთიფიცირებაზე

07.07.2020 ეროვნული გამოცდების მეორე დღეს 8 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.07.2020 უმუშევრად დარჩენილებისათვის კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

09.07.2020 ახალციხეში სურსათის მაღაზიაში გაჩენილ ხანძარზე გამოძიება დაიწყო [ვიდეო]

09.07.2020 ღია სივრცეებში კულტურული ღონისძიებების ჩატარების აკრძალვა მოიხსნება

09.07.2020 აბასთუმნის შემოვლითი გზის 50 მილიონიანი პროექტისთვის კომპანია შეირჩა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსში წვიმა სახლებში ჩავიდა
ოთხთვიანი ლოდინის შემდეგ, ასპინძის ქუჩაზე,  უსახურავო კორპუსის გადახურვა დაიწყო
საქმე, რომელზეც სანდროშვილის თქმით, გამგეობის თანამშრომლებზე ზეწოლა განხორციელდა
როდის გადაიხურება ძლიერი ქარის გამო გადახდილი სახურავი
ასპინძის ქუჩაზე სახურავგადახდილ კორპუსს გამგეობა გადახურავს
ახალციხეში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა
ძლიერმა წვიმამ უსახურავო კორპუსი ისევ ჩარეცხა