FM97.5 / LIVE

„ბევრის ვალი ჰქონდა“ – რას ყვებიან ვალეში გარდაცვლილი მუშის შესახებ

მთავარისიახლე, სამართალი 08.01.2018
ვალეში, სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულმა 38 წლის კაცმა თავი მოიკლა. რა ვერსიებზე საუბრობენ გარდაცვილილის თანამშრომლები.

„ბევრის ვალი ჰქონდა“  – რას ყვებიან ვალეში გარდაცვლილი მუშის შესახებ
ვალეში გარდაცვლილი მ.ვ. ნაქირავებ ბინაში სტალინის N10–ში ცხოვრობდა. იგი თანამშრომლებმა ამავე ბინაში, აბაზანაში 29 დეკემბერს ჩამომხრჩვალი ნახეს. მ.ვ. სხვადასხვა სამშენებლო ობიექტებზე ჯგუფებს ქმნიდა და მუშებს ასაქმებდა, ამ მიზნით, ვალეში შვიდი თვის წინ გადავიდა. მანამდე კი როგორც თანამშრომლები ამბობენ, მ.ვ. ზუგდიდში ცხოვრობდა, მას აქ მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

მ.ვ–ს ვალეში საბავშვო ბაღისა და კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე მუშები ჰყავდა დასაქმებული. ამ ობიექტებს კი ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ქრისტინე სარაშვილი“ არემონტებს.

თვითმკვლელობამდე ორი დღით ადრე, 27 დეკემბერს, მ.ვ. ვალეში იმ აქციის მონაწილეებს შორის იყო, რომლებიც ორი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას ითხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამუშაოების შეჩერებით იმუქრებოდნენ.

„ერთხელ ჩარიცხვა იმის გამო დაგვიანდა, რომ რეორგანიზაცია მოხდა მუნიციპალიტეტის და კოდები შეიცვალა, მეორედ კი, ახალი წლის წინა დღეებში დრო ხაზინას დასჭირდა. 28–ში დილითვე ამოვედი და სრულად დავარიგე თანხა“, – ამბობს მშენებელ კომპანიაში საქმის მწარმოებელი გოგა ლომიძე.

მისივე თქმით, არ შეიძლებოდა, რომ მ.ვ–ს თვითმკვლელობის მიზეზი ხელფასის დაგვიანება გამხდარიყო, უფრო მეტიც, საბალოოდ აღმოჩნდა, რომ კომპანიას მუშების ნაწილისთვის შესრულებულ სამუშაოზე მეტი თანხაც კი ჰქონდა გადახდილი. ახლა კი რამდენიმე მათგანს მის გასაქვითად მუშაობა მოუწევს.

„გაურკვევლობაა და ამ ამბავშვი მეც მოვყევი. ვის უნდა დაეთვალა რამდენი კვადრატული გავაკეთეთ არ ვიცი. ახლა ბაღის გარე ფასადზე უნდა ვიმუშაო, რომ კომპანიის ვალი აღარ მქონდეს“, – ამბობს მუშა სოსო ზაზაშვილი, რომელიც აღნიშნულ ობიექტზე მ.ვ–მ დაასაქმა.

შეკითხვაზე, როგორ მოხდა, რომ კომპანიას ზედმეტი ჰქონდა გადახდილი, მაშინ როცა მუშები ორი თვის ხელფასის აუღებლობას აპროსტებდნენ, „ქრისტინე სარაშვილის“ ხელმძღვანელი ნუგზარ სარაშვილი გვპასუხობს: „ვეღარ ვაკონტროლებ სიტუაციას, უმართავი გავხდი საერთოდ. ჯარიმა რომ არ დამკისრებოდა ასეთი ამბებიც არ იქნებოდა“.

სარაშვილს ჯარიმა, დღეში 950 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსულებლობის გამო დააკისრა. მას საბავშვო ბაღში რემონტი 20 სექტემბერს უნდა დაესრულებინა, თუმცა ვადას გადააჭარბა. ამაში გარკვეულ წილად ნუგზარ სარაშვილი მ.ვ–საც ადანაშაულებს და ამბობს, რომ მან კომპანიის მუშებით უზრუნველყოფა ვერ მოახერხა: „ჩემთან კონკრეტული ვალდებულებები რაც ჰქონდა შესასრულებელი, ვერ შეასრულა“.

მიუხედავად კომპანიაში არსებული ვითარებისა, სარაშვილი ამბობს, რომ მ.ვ–სთან კონფლიქტი არასდროს ჰქონია. მისი გარდაცვალების შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ გარდაცვლილს მშენებელი კომპანიის სახელით ბენზინ გასამართ სადგურებზე საკმაოდ დიდი ოდენობის საწვავი ვალად ჰქონდა აღებული, ახლა კი ამ თანხის დაფარვა კომპანიას მოუწევს. თუმცა, სარაშვილი აქვე იმასაც ამბობს, რომ გარდაცვლილის ვალი თავადაც ჰქონდა: „მორიგებულები ვიყავით რომ მუშებს მოიყვანდა და ამისთვის 5 000 ლარს გადავუხდიდი. ამ თანხის ნაწილი არ მიუღია“.

მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელებიცა და მუშებიც ფიქრობენ, რომ თვითმკვლელობის მიზეზი ვალები გახდა. მათი თქმით მ.ვ–ს მევალეებთან კონფლქიტი ხშირად ჰქონდა. ის სხვადასხვა ობიექტებზე დასაქმებული მუშების ხელფასს თავად იღებდა და გაცემას აგვიანებდა.

„პირადად ჩვენი თანხა მას ჰქონდა თუ არა არ ვიცი, მე ის ვიცი, რომ თანხა ჩვენამდე არ მოდიოდა“, – ამბობს ვალეს საბავშვო ბაღის მშენებლობაზე დასაქმებული სოსო ზაზაშვილი.

ზაზაშვილი როგორც თავად ამბობს, ვალეში მ.ვ–სთან სხვა სამშენებლო ობიექტებიდან მისული მუშების კონფლიქტს არა ერთხელ შესწრებია: „აწყურიდან მოვიდნენ ერთხელ, 800 ლარს სთხოვდნენ, მაგდენი ეკუთვნოდათ ხელფასი. რომ არ ეცემათ მანქანაში შუაში ჩავუჯექი, ლელოვანში სოფელში რემონტი გავაკეთე, იქ მქონდა ჩემი ასაღები 500 ლარი, წავიყვანე და ის ფული მივეცი. ბევრი მევალე ჰყავდა ძალიან, მანქანაც ბანკმა წაართვა“.

აწყურში საზოგადოებრივ ცენტრს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ნედი“ 493 813 ლარად აშენებს. ისევე როგორც ვალეში, მუშები აქაც სამუშაოდ მ.ვ–მ მიიყვანა.

საზოგადოებრივი სახლის პარალელურად მის გვედრით მდებარე კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობდა.

„რემონტს კულტურის სახლში ჩვენი კომპანია აკეთებდა. მუშაობის დროს ორჯერ შევესწარი ჩხუბს, მუშები მ.ვ–ს ხელფასს სთხოვდნენ“, – ამბობს „ქრისტინე სარაშვილის“ საქმის მწარმოებელი გოგა ლომიძე.

აწყურში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობაზე დასაქმებულები გვიდასტურებენ, რომ მათი ვალი მ.ვ–ს ნამდვილად ჰქონდა, თუმცა, მათივე მტკიცებით, გარდაცვლილთან ამაზე არასდროს უჩხუბიათ.

„ოთხი ადგილობრივი ვმუშაობდით და 400 ლარი ჰქონდა ჩვენი მოსაცემი, ეგ რამდენიმე დღის ნამუშევარი იყო, მაგრამ თანხა ამ დრომდე არ მიგვიღია. გვეუბნებოდა აღებული მაქვს თქვენი ფული და მოგცემთო, მაგრამ როგორც ვიცი, სადღაც კიდევ მოხისელი ბიჭები ჰყავდა დასაქმებული და იმათი ფულიც ჰქონდა გადასახდელი“, – ამბობს აწყურელი იგორ ლაბაძე.

100 ლარი ამ დრომდე არ მიუღია აწყურში მცხოვრებ ნიკა სუხიაშვილსაც: „გვპირდებოდა მოგცემთო“.

476 ლარია ვალი აწყურში სურსათის მაღაზია „მარიონელაში“ გარდაცვლილის სახელზე: „ჩემთან მოვიდა და მომირიგდა, რომ მუშები აქედან წაიღებდნენ საჭმელს ვალით და ყოველ ათ დღეში დამიფარავდა–ხოლმე თვითონ, მაგრამ იმის მერე რამდენი ათი დღე გავიდა და არ მოუტანია“.

მაღაზიაში დარჩენილ ვალებზე არა, თუმცა მუშებთან გასტუმრებულ დავალიანებაზე საუბრობს აწყურში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებელი კომპანია „ნედის“ ხელმძღვანელი ამირან როყვა.

„თვითონ დამიკავშირდა, რომ მუშებს მომიყვანდა აწყურში. ეტყობა სამუშაო დროში ვერ გათვალა. ამიტომ თუ დავუშვათ ხელფასი გადასახდელი იყო 80 ლარი, 100 ლარი გახდა, რადგან იმ კონკრეტული სამუშაოს შესრულებას მეტი დრო დასჭირდა. რომ დამირეკეს ჩამოვედი, 400–დან 700–ლარამდე იყო საუბარი, პრობლემა არ შემიქმნია, ეს თანხა დავაფარინე“, – ამბობს როყვა და ამატებს, რომ მას გარდაცვლილთან უთანხმოება არ ჰქონია და არც მუშებთან მომხდარი კონფლიქტის შესახებ სმენია რაიმე – „მას არაფერი მოუპარავს, ალბათ ასეთი რაღაცეები მოუვიდა ბევრგან, ყველაფერი ვერ გათვალა, რაღაცეებში გაეხვა, თან მევალეც ბევრი ჰყავდა და თვითმკვლელობამდე ამან მიიყვანა“.

რა გახდა თვითმკვლელობის მიზეზი ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო სსკ–ის 115–ე მუხლით იძიებს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს. პროკურატურას ამ დრომდე მომხდარზე პასუხისგებაში არავინ მიუცია.

გარდაცვლილი 3 იანვარს ზუგდიდში დაკრძალეს.

ამ დროისთვის აწყურში სამშენებლო სამუშაოები შეჩერებულია, მიზეზი ხარჯთაღრიცხვის კორექტირებაა, ვალეში კი საბავშვო ბაღის გარე ფასადს არემონტებენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2018 განათლების სამინისტრომ მეექვსე სკოლის ორი მოსწავლე მედალზე წარადგინა

18.09.2018 უნივერსიტეტში სტუდენტებს ‘მუდლის’ განახლებული პროგრამა გააცნეს

17.09.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი განახლდა

17.09.2018 ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.09.2018 პენიტენციური სამსახური მერაბიშვილის დიაგნოზს ასაჯაროებს

24.09.2018 ახალციხეში, მთაწმინდელის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

22.09.2018 ‘გვინდა საზოგადოებამ დაინახოს რა ნიჭიერი ადამიანები არიან’, – შშმ პირთა მხარდამჭერი ფესტივალი ახალციხეში [photos]

22.09.2018 24 სექტემბრამდე წვიმიანი ამინდია მოსალოდენლი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მუშამ, რომელიც ორი დღის წინ ვალეში ხელფასის აუღებლობას აპროტესტებდა, თავი ჩამოიხრჩო
ვალეში მუშებმა სახელფასო ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს  [Video]
წულუკიანი ვალეში საზოგადოებრივ ცენტრს ხსნის, მუშებს კი ჯერ ხელფასები არ აუღიათ
ვალეში საბავშვო ბაღის რემონტი სამი თვის დაგვიანებით დასრულდება
რატომ ვერ ღებულობენ ხელფასს საროში გაფიცული მუშები
მესხეთის თეატრში სარეაბილიტაციო სამუშაოები შეჩერდა
ვალეს საბავშვო ბაღის თანამშრომლები უხელფასო შვებულებაში გაუშვეს