სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიამ თანამშრომლები ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი ბრძანებები ბათილად ცნო

მთავარისიახლე, პოლიტიკა, საზოგადოება 25.12.2017
ახალციხის მერიამ 37 თანამშრომელი ჯერ სამსახურიდან გაათავისუფლა და ვაკანტურ პოზიციებზე კონკურსი გამოაცხადა, შემდეგ კი მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებები ბათილად ცნო. აღნიშნულ საქმეზე თვითმმართველობას სასამართლოში უჩივლებენ;

ახალციხის მერიამ თანამშრომლები ჯერ გაათავისუფლა, შემდეგ კი ბრძანებები ბათილად ცნო
ფოტოზე: ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მერიაში, შტატით დასაქმებული 128 თანამშრომლიდან, გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში, მობილობის ფარგლებში, 91 დაასაქმეს, 37 თანამშრომელი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მათ შორის, შეთავაზებულ პოზიციაზე უარი მხოლოდ ერთმა თქვა, დანარჩენებს კი შეთავაზება არ მიუღიათ. ამის შემდეგ, მერიამ, 63 თანამშრომლის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა.

ახალციხის მერიაში შტატით 107 მოხელე უნდა დასაქმდეს, – დარჩენილ 16–ს კონკურსის წესით შეარჩევენ, 47–ს კი, ასევე კონკურსის წესით შეარჩევენ და ხელშეკრულებით აიყვანენ.

ამ მონაცემებით, თუ გაყოფამდე მერიასა და გამგეობაში შტატითაც და ხელშეკრულებითაც, 177 ადამიანი მუშაობდა (128 შტატი, 49 ხელშეკრულება, – მათგან 10 მერიაში, 39 გამგეობაში), გაერთიანებულ მუნიციპალიტეტში 154 ადამიანი დასაქმდება (107 შტატით, 47 ხელშეკრულებით).

გათავისუფლებულ თანამშრომლებს უკვირთ, რატომ აცხადებს მერია კონკურსს მაშინ, როცა მობილობა დასრულებული არ არის. მათ არც ის იციან, რატომ არ შესთავაზეს რაიმე პოზიცია.

„არ ვიცი რა მოხდა, ალბათ ხელმძღვანელის არჩევანი იყო. ჩემ საქმეს რამდენადაც შემეძლო ყოველთვის პატიოსნად ვასრულებდი“, – ამბობს ახალციხის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ნინო ბლუაშვილი.

ბლუაშვილი სასამართლოში ჩივილს არ აპირებს, მაგრამ, სამართლებრივ დავას არ გამორიცხავს ახალციხის მერიის საორგანიზაციო განყოფილების ყოფილი უფროსმა ეკა ბერიძე: „წარმოდგენა არ მაქვს რატომ არ დამასაქმეს, ვერც პოლიტიკურს და ვერც პირადს ვერ ვუკავშირებ. ალბათ მერია ამ ყველაფერს პასუხს გასცემს. გასაჩივრების დრო პირველ იანვრამდე მაქვს და მანამდე გადავწყვეტ“.

სასამართლოში შესატანად სარჩელი უკვე მზად აქვთ გამგეობაში კადრებისა და წერილების საკითხებში ყოფილ უფროს სპეციალისტს ეკა ტატალაშვილს და მერიაში საორგანიზაციო საკითხების ყოფილ სპეციალისტს თეა ბაღდოშვილს. ორივე აცხადებს, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს, – ტატალაშვილი „ევროპული საქართველოს“ წევრი, ბაღდოშვილი კი ამავე პარტიის წევრის მეუღლეა.

მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანებებში წერია, რომ მობილობის შეუძლებლობიდან გამომდინარე სამსახურიდან ათავისუფლებენ და მოხელეთა რეზერვში რიცხავენ.

„რას ნიშნავს მობილობა ვერ მოხერხდა?! 18 წელი მაქვს თვითმმართველობაში მუშაობის გამოცდილება და არანაირი შეთავაზება არ მიმიღია“, – აცხადებს ტატალაშვილი, რომელსაც დღეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში გათავისუფლების ბრძანება უნდა გაესაჩივრებინა, თუმცა, 23 დეკემბერს ელექტრონულ ფოსტაზე მერიის ახალი ბრძანება მიიღო, რომლის მიხედვითაც, მისი გათავისუფლების შესახებ პირველი დეკემბრის ბრძანება ბათილადაა ცნობილი. აღნიშნული ბრძანება 19 დეკემბრით თარიღდება და ის 37–ვე თანამშრომელს გაუგზავნეს, –„აღარ ვიცი რა ხდება, რა სტატუსი მაქვს, ვმუშაობ თუ არა. უკვე დაწერილ საჩივარს დავაკორექტირებ და სასამართლოში მაინც შევიტან. სამსახურში აღდგენას მოვითხოვ“.

სარჩელის შეტანამდე ვითარებაში გაკრვევის მიზნით ჯერ წერილობით მიმართავს საკრებულოს თეა ბაღდოშვილი.

ორივე მათგანის ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი ქეთი ბებიაშვილი დაიცავს: „მართალია, ბათილად იქნა ცნობილი ბრძანებები გათავისუფლების შესახებ, მაგრამ ტატალაშვილისა და ბაღდოშვილის სტატუსი დღემდე გარუკვეველია. ამიტომ სასამართლოში აუცილებლად ვიდავებთ“.

ბებიაშვილის თქმით, მისი მარწმუნებლები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს: „წარმოდგენილ შემთხვევაში თანამშრომლების პირდაპირ გათავისუფლება არ შეიძლებოდა. მობილობა გულისხმობს, რომ თუ იგივე თანამდებობას ვერ სთავაზობდნენ, კვალიფიკაციის გათვალისიწინებით, უფრო დაბალი პოზიცია უნდა შეეთავაზებინათ, მათ კი მსგავსი შეთავაზება არ მიუღიათ. გარდა ამისა, მობილობა გულისხმობს იმას, რომ შესაძლოა მოხელე სხვა მუნიციპალიტეტიდან სხვაში დაასაქმონ, ესენი კი საერთოდ გაათავისუფლეს“.

მობილობის წესით დასასაქმებლების უფლებების დარღვევის გამო, საია არა მხოლოდ ორი ყოფილი მოხელის დაცვას, არამედ ახალციხის მერიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანასაც აპირებს.

„მერიას კონკურსი არ უნდა გამოეცხადებინა, ჯერ მობილობის ეტაპი უნდა დაესრულებინა. რის საფუძველზე აცხადებენ კონკურსს?! შესთავაზეს მობილობის ფარგლებში დასასაქმებლებს რაიმე პოზიციაზე დასაქმება და მათ უარი უთხრეს?! რადგან ასეთი შეთავაზებები თანამშრომლებს არ მიუღიათ, ეს პროცესი სამართლიანად არ შეიძლება ჩაითვალოს“,– აცხადებს ბებიაშვილი და ამატებს, რომ ბრძანება, რომლის მიხედვითაც გათავისუფლების ბრძანებები ბათილად ცნეს, ვითარებას ვერ ამსუბუქებს.

ახალციხის მერიამ საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა წერილობით გვთხოვა და კითხვებზეც მხოლოდ წერილობით გვიპასუხა. შეკითხვაზე, რატომ აცხადებენ ვაკანტურ ადგილებზე კონკურსს, როცა მობილობის ფარგლებში დასასაქმებელი არაერთი თანამშრომელი დარჩა, გვპასუხობენ: „დღეის მდგომარეობით არსებულ ვაკანტურ პოზიციებზე ვერ განხორციელდა მობილობის წესით მოხელის დასაქმება, რის გამოც პოზიცია გახდა ვაკანტური, ვაკანტური პოზიცია კი შესაძლებელია შეივსოს მხოლოდ კონკურსის წესით“.

კითხვაზე – რატომ გააბათილა მერიამ პირველ დეკემბერს დაწერილი ბრძანებები 19 დეკემბერს, პასუხი ასეთია: „იმის გამო, რომ კვლავაც გაგრძელებულიყო გათავისუფლებული საჯარო მოხელეების მობილობა ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან. „ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის“ 601 მუხლის თანახმად მოხდა მოხელის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა“.

აღნიშნული მუხლში ვკითხულობთ: „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები“.

მიუხედავად გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობისა, მერიაში განმარტავენ, რომ ეს თანამშრომლები დასაქმებულად არ ითვლებიან: „ისინი ჩართული არიან მობილობის პროცესში, ეს კი არ გულისხმობს იმას, რომ აუცილებლად უნდა დასაქმდნენ ლიკვიდირებული ორგანიზაციის უფლებამონაცვლის მიერ. საჯარო სამსახურის სისტემაში ვაკანტური თანამდებობის მოძიებას, სადაც ხდება მობილობაში ჩართული სუბიექტის შეთავაზება, უზრუნველყოფს სსიპ საჯარო სამსახურის ბიურო“.

საჯარო სამსახურის ბიუროში კომენტარს არ აკეთებენ. უწყებას შეკითხვები წერილობით გავუგზავნეთ და პასუხს ამ დრომდე ველით. თუმცა, ბიუროს გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილი უკვე დაუკავშირდა: „როცა ჩვენი ვითარება ვუთხარით, გვითხრეს, რომ მათ მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლიათ“.

ახალციხის მერიაში ირწმუნებიან, რომ თანამშრომლების გათავისუფლების გამო საჯარო სამსახურის ბიუროდან შენიშნვა ან რეკომენდაცია არ მიუღიათ.

„სამართლებრივად ვიდავებ და მოვიგებ კიდეც. მერს დამშვიდობებისას ვუთხარი: თუ ფიქრობს, რომ თანამშრომლების გათავისუფლებით სწორად მოიქცა, მაშინ იურისტები ჰყავს შესაცვლელი. არ დამეთანხმა, მაგრამ ფაქტი სახეზეა, შეცდნენ და თავიანთი გამოცემული ბრძანება თვითონვე გააბათილეს“, – ამბობს ტატალაშვილი.

მერიამ რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობით შეცდომის გამოსწორება სცადა, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოშიც“ საუბრობენ: „რაღაც შეცდომა ჰქონდა ადმინისტრაციულ ორგანოს და გამოასწორა. მობილობით კი ყველა ბუნებრივია ვერ დასაქმდებოდა. მობილობა მოხელის აუცილებლად დასაქმებას არც გულისხმობს“.

საიაში აქცენტს ახალციხის მერიაში შექმნილ ქაოსურ ვითარებაზე აკეთებენ: „ბევრად ადრე იყო ცნობილი თვითმმართველობების გაერთიანების შესახებ და ეს საკითხები სწორად დაგეგმილიყო. ეს დემოკრატიის გამოცდაა, რომელსაც ახალციხის მერია სამწუხაროდ ვერ აბარებს“.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


14.01.2018 ხვალიდან სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდება

28.12.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორობა ექვს პროფესორს სურს

28.12.2017 სოფელ კლდეში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27.12.2017 ინგლისურენოვანი სპექტაკლი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების მონაწილოებით

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2018 ასპინძის მერიაში კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

16.01.2018 მშენებარე კორპუსში ბინების მფლობელები ახალციხის მერს დახმარებას სთხოვენ

16.01.2018 ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა

16.01.2018 NDI: 60% ფიქრობს, რომ ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიას ყოფილმა  თანამშრომლებმა  სასამართლოში უჩივლეს
240 განაცხადი 16 პოზიციისთვის – ახალციხის მერიაში კონკურსი მიმდინარეობს
ახალციხის მერიას თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით შერჩევაში ადანაშაულებენ
ახალციხის მერიაში 1 პოზიცია ისევ ვაკანტური დარჩა
ახალციხის მერიაში უსამსახუროდ 22 თანამშრომელი დარჩება
ვინ გაათავისუფლეს ახალციხის მერიიდან
გასაიდუმლოებული საკადრო ცვლილებები ახალციხის მერიაში