FM97.5 / LIVE

“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც“

მთავარი 30.05.2014
7 წლის იყო, სამშობლო რომ დაატოვებინეს; დღემდე ახსოვს ნოემბრის ის ღამე, სოფელი სატვირთო მანქანებით რომ გაივსო; მე-7 კლასში იყო საკუთარი ეროვნებით პირველად რომ დაინტერესდა და დედისგან უცნაური პასუხი მიიღო; 50 წელიწადი იბრძოდა დაბრუნების ოფიციალური ნებართვა რომ მიეღო; პირველად 1988 წელს დაბრუნდა და ისევ გააძევეს, ოღონდ ამჯერად, ადგილობრივებმა; ბრძოლა მაინც არ შეუწყვეტია და 76 წლის ასაკში მშობლიურ მიწაზე ახალი ცხოვრება დაიწყო.

“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც“

მშობლიური მიწა სოფელი აბასთუმანია; ჩემი რესპონდენტი 78 წლის ალიხან ყურაძეა; ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ენაწყლიანი მოსაუბრე იმ მესხებს შორის, რომელთაც აქამდე შევხვედრივარ. გადავწყვიტე ამჯერად მხოლოდ მასზე დავწერო...

- “საიდან ჩამოვედი? ეს დიდი ისტორიაა”, - მეუბნება მასპინძელი და საუბარს იწყებს. მოსაყოლი მართლაც ბევრია...

ალიხან ყურაძე ერთ-ერთია იმ მესხებს შორის, რომელთაც გადასახლების საშინელება საკუთარ თავზე გამოსცადეს. მართალია მაშინ მხოლოდ შვიდი წლის იყო, მაგრამ დღემდე ახსოვს როგორ შეიცვალა 220 სოფლის ათასობით მცხოვრების ცხოვრება რამდენიმე საათში და როგორ დაკარგა ორი ყველაზე ძვირფასი რამ: სამშობლო და ეროვნება.

- “1944 წელი იყო, ასე 7-8 წლის ვიქნებოდი, სოფელ წახანში ვცხოვრობდით. ეზოში ვთამაშობდი და დავინახე როგორ გამოჩნდა აბასთუმნის ტრასაზე დიდი სატვირთო მანქანები. მერე, მანქანებს მიჩერებულმა, ჩემს წინ პატარა ბაჭია დავინახე, ყურადღება მასზე გადავიტანე და ამით დამთავრდა ყველაფერი, - იხსენებს მოხუცი. დასამახსოვრებელი ამ დღეს კიდევ ბევრი რამ მოხდა, - იმ ღამით, სოფელ აბასთუმანში, დოკუმენტურ ფილმს გვიჩვენებდნენ. ხალხი დიდი კაკლის ხის ქვეშ იყო შეკრებილი, იქვე, ეკრანის მსგავსი რაღაც იყო და ფილმი გადიოდა. კადრებიც მახსოვს: კვამლი, აფეთქება, ჯარისკაცები გარბოდნენ. მერე დედის მუხლებზე ჩამეძინა. მე და დედა ცალ-ცალკე ვცხოვრობდით, დედა მეორედ იყო გათხოვილი და სხვაგან ცხოვრობდა, მე ბებიასთან ვიზრდებოდი”.

“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც“ როგორ მიიყვანა გვიან ღამით დედამ სახლში არ ახსოვს, მაგრამ ახსოვს შუაღამით კარზე საშინელი ბრახუნი: “ბებია ადგა, კარი გააღო და მახსოვს, რომ როგორც ვიყავი, ტრუსების ამარა, ისევე გავიქეცი. სოფელი სავსე იყო დიდი მანქანებით, ფარების შუქით იყო განათებული ყველაფერი... ასე დაიწყო მესხების ტრაგედია”.

როგორ მოხვდა და რა ხდებოდა მატარებელში არ ახსოვს, ვერც იმას გვეუბნება, მართლა დაიღუპა თუ არა ათასობით ადამიანი: “პატარა ვიყავი და ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა. არსებობს სტატისტიკა, მაგრამ არავინ იცის ზუსტია თუ არა. თუმცა ვიცი, რომ ყველა სახლი აღწერილი იყო. სანამ გაგვსახლებდნენ, იქამდე გააკეთეს ეს. დაახლოებით ორი თვით ადრე, მახსოვს, რომ სამი ადამიანი დადიოდა სოფელში, მათ შორის ერთი კოლმეურნეობის წარმომადგენელი და აღწერას ატარებდნენ. სახლი-სახლ დადიოდნენ და იწერდნენ, რამდენი ადამიანი ცხოვრობდა, რა რაოდენობის პირუტყვი ჰყავდათ, რამდენი მიწა ჰქონდათ”...

მერე იყო ფერღანი: სხვა ქვეყანა, სხვა კლიმატი, სხვა წყალი და ომი...

“გაზაფხულამდე არაფერი მომხდარა, აქაც ზამთარი იყო, იქაც. როგორც კი ზაფხული მოვიდა და ხილის ჭამა დაიწყო ხალხმა, მაშინ დაიწყო უბედურება. თუთა ყველაზე ადრე მოდიოდა, რომ ჭამდნენ და წყალს აყოლებდნენ, სივდებოდნენ. ასე დაიღუპა ჩემი ერთი ბიძა”, - მეუბნება და ჩუმდება... ვხვდები, რომ ფერღანის მოვლენების გახსენება აღარ უნდა და ვეღარაფერს ვეკითხები.

- როდის გადაწყვიტეთ სამშობლოში დაბრუნება? – ვცდილობ წარსული ტრაგედია აღარ გავახსენო.

- როცა მივხვდი, ვინ ვიყავი ეროვნებით...

- რას გულისხმობთ?..

- რა ეროვნების ხარ? მკითხეს ერთ დღეს კლასელებმა, უზბეკეთის სკოლაში რომ ვსწავლობდი. ასე, მეშვიდე კლასში ვიქნებოდი. ხედავდნენ, რომ მათნაირი გარეგნობა არ მქონდა, არადა ყველაზე კარგად ვსწავლობდი. მაშინ ისინი ჩვენ სტუმრებს გვეძახდნენ...

- რა უპასუხეთ?

- “კავკასიელი! – ასე ვიცოდი მაშინ. ახლა მგონია, რომ ეს კითხვა იმიტომ დამისვეს რომ სახლში, მშობლებმა დაავალეს.. ხანდახან ვამბობდი, რომ არ ვიცი ვინ ვარ. მშობლებს რომ ვეკითხებოდი, მათაც არ იცოდნენ. როცა გაგვასახლეს, ნაკლებად განათლებულები ვიყავით, უბრალოდ ასე გამოვიდა, არავის ეცალა ჩვენთვის წერა-კითხვა მაინც რომ ესწავლებინა... ამან კი იქამდე მიგიყვანა, რომ არც ვიცოდით ვინ ვიყავით.

საღამოს, სახლში რომ დავბრუნდი დედას ვკითხე, - დედა, რა ეროვნების ვართ? ქართველობიდან მუსლიმანობაზე გადავედით, - მიპასუხა დედამ. ქართველობიდან მუსლიმანები გავხდით, ეს ხომ შეუსაბამობაა, მაგრამ ამას მაშინ კარგად ვერ მივხვდი, ეს გვიან გავცნობიერე, უბრალოდ მაშინ გავიგე, რომ ქართველები ვიყავით. იმ დროიდან გამიჩნდა ეროვნების შეგრძნება. მივხვდი, რომ ჩემს ძარღვებში ქართული სისხლი ჩქეფდა. მერე, გვიან, ქართულ ჯარში რომ ვმსახურობდი, უფრო კარგად მივხვდი ამას”.

“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც“სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრიც ამის შემდეგ დაიწყო. პირველად 1969 წელს, გალში დაბრუნდა. ამბობს, რომ მაშინ გალში სამუშაო ძალა სჭირდებოდათ და ამიტომ, მიიღეს. თუმცა, სამი თვის მერე აზერბაიჯანმა მუშა ხელის დაკარგვა აღარ ისურვა და დაბრუნების საშუალება შეეზღუდათ: “მათ არ უნდოდათ, რომ ასეთი კარგი, მშრომელი ხალხი წასულიყო. მხოლოდ საქართველოს არ უნდა ამ ხალხის მიღება. ჰგონიათ, რომ როგორც კი ჩამოვლენ, იარაღს აიღებენ და დაერევიან ქრისტიან ქართველებს. სინამდვილეში კი ამ ხალხს არასოდეს აუღია ხელში იარაღი, არც გადასახლებისას”.

მეორედ 1977 წელს, ოზურგეთში ჩამოვიდა. მეორედაა აბასთუმანშიც, პირველად 1988 წელს დაბრუნდა: “მაშინ გადაწყდა, რომ 300 ოჯახი უნდა დაბრუნებულიყო საქართველოში, მათ შორის, 160 სამცხე-ჯავახეთში, ამიტომ ჩამოვედი”.

ისტორიულ მიწაზე დაბრუნებული ცოლ-შვილთან ერთად კარავში ცხოვრობდა: “მაისი იყო, სულ წვიმდა”...

მცდელობა დარბევითა და გაძევებით დასრულდა: “30 დღე გავძელით მხოლოდ. მაშინ ძალიან აგრესიულად შეხვდნენ მეზობლები, გვეუბნებოდნენ, რატომ დაბრუნდით, აქ რა დაგრჩენიათ, 45 წელია აქ ვცხოვრობთ, ჩვენი მიწააო. როცა ვეუბნებოდი, წინაპრების სამშობლოა, ასწლეულები გაატარეს აქ და როგორ ადარებთ 45 წელს-მეთქი, არ სჯეროდათ... არ სჯეროდათ, რომ ჩემი ფესვები აქ იყო. ერთ დღეს კი თავს დაგვესხნენ და კარავი დაგვირბიეს”.

“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც“მეორედ გაძევებულებმა მშობლიური მხარე ისე დატოვეს, თან არაფერი წაუღიათ: “ხალხის ის ნაკადი მეორედაც რომ დაგვსხმოდა თავს, ვერ გადავრჩებოდით, ჩვენ მხოლოდ სამი ადამიანი ვიყავით, მე, ცოლი და შვილი. ავიღეთ საბუთები და დავტოვეთ სოფელი. ერთი წელი ჩემი ნივთები ადიგენში, ერთ-ერთ ფარეხში ეწყო. პროტესტის ნიშნად არ მიმქონდა, მიბარებდნენ, მაიძულებდნენ წამეღო, მაგრამ არ მიმქონდა. მაშინ განცხადებაც დავწერე, ვითხოვდი ეროვნება, გვარი და ცხოვრების უფლება დაებრუნებინათ”.

ისევ ოზურგეთში დაბრუნდა, მაგრამ ბრძოლა არ შეუწყვტია: “50 წელი ვიბრძოდი, რომ აქ დაბრუნების უფლება მიმეღო, იმდენს დავდიოდი რუსეთში, თბილისში. ნებართვის მიღება მინდოდა, ოფიციალური ნებართვის”.

- რატომ მაინცდამაინც აბასთუმანი? ოზურგეთში რთულია ცხოვრება?

- რთული?! არსად არაა რთული მესხებისთვის ცხოვრება, ყველგან ყველაზე კარგად ცხოვრობენ. მაგრამ, ძალიან ბევრ ჩაგვრას განიცდიან, მეზობლებისგან, გარემოცვისგან! არსად არ გვიღებენ, მუდამ დაგვძახიან: ჩვენზე კარგად ცხოვრობთ! ჩვენზე კარგად ცხოვრობთ! იმუშავე და შენც იცხოვრე კარგად!

მრავალწლიანმა მცდელობამ შედეგი გამოიღო. 69 წლის შემდეგ, 2011 წლის 30 ოქტომბერს ალიხან ყურაძე მშობლიურ მიწას დაუბრუნდა. მართალია საოჯახო ნივთები და ავეჯი ჯერ ისევ ეზოში აწყვია, სახლსაც მხოლოდ პირობითად შეიძლება უწოდო სახლი, მაგრამ მოხუცი მიღწეულით ბედნიერია. რა იქნება ხვალ, არ იცის, მაგრამ იცის ყველაზე მთავარი, ახალ ცხოვრებას წინაპრების მიწაზე იწყებს და კითხვებს: რა ეროვნების ხარ? ვინ ხარ და სადაა შენი ადგილი? აქ რატომ ჩამოხვედი? აღარავინ დაუსვამს.

“ჩვენ ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც“- “როცა გაგვასახლეს, ორმაგად დავისაჯეთ, სამშობლოც დავკარგეთ და ეროვნებაც. ასეთი რამ არცერთ ერს არ განუცდია. მე ორივე დავიბრუნე”, - სიამაყით მეუბნება და მთელი საუბრის განმავლობაში პირველად ვამჩნევ როგორ უქრება თვალებში წყენის კვალი და როგორ ეფინება ღიმილი დანაოჭებულ სახეზე.

2013 წლის 15 ნოემბერს 69 წელი შესრულდა მესხთა დეპორტაციიდან. 1944 წლის 15 ნოემბრის ღამეს, საბჭოთა ხელისუფლებამ სამხრეთ საქართველოს მთელ რიგ რაიონებში განახორციელა მკაცრად გასაიდუმლოებული და მასშტაბური ოპერაცია: მესხეთის რამდენიმე ათეული სოფელი ერთ ღამეში დაცარიელდა. ათეულობით ათასი კაცი ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე შეყარეს სატვირთო მატარებელში და შუა აზიის გზას გაუყენეს.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]
გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]
რთული, მაგრამ ბედნიერი 34 წელიწადი  – ცხოვრება დაუნის სინდრომით
,,საუბარი“ მამასთან
‘სამშობლო, რომელიც შორია’ – 72 წელი გადასახლებიდან
აწყურში სამშვილიანი ოჯახი დახმარებას ითხოვს
‘როცა თოჯინებით თამაში მინდოდა,  უკვე შვილი მყავდა’ - ორი ამბავი ნაადრევ და იძულებით ქორწინებაზე