FM97.5 / LIVE

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, განათლება 30.11.2017
ასპინძის სკოლების საპირფარეშოების ნაწილს ან საერთოდ არ აქვს კარი, ან არ იკეტება, ნაწილს კი ფანჯრები არ აქვს. სკოლების ადმინისტრაციაში არ ფიქრობენ, რომ ეს მდგომარეობა, რომელიც მოსწავლეებში ძალადობისა და ბულინგის საფრთხეს ქმნის, პრობლემაა.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
თმოგვის სკოლა


ასპინძის მუნიციპალიტეტში 18 საჯარო სკოლაა. ყველა მათგანს, გარდა დაბა ასპინძისა, საპირფარეშო ეზოში, სკოლიდან მოშორებით აქვს. ასევე, მთელს მუნიციპალიტეტში სამი–ოთხი საპირფარეშოს გარდა, თითქმის ყველგან სავალალო მდგომარეობაა.

ტუალეტები კარების გარეშე

„სამხრეთის კარიბჭემ“ 18–დან 14 სკოლა მოიარა. 13 ნოემბერს, ტოლოშის სკოლაში მომხდარი ფაქტის შემდეგ, სადაც უფროსკლასელი გოგონა, ასევე უფროსკლასელ ბიჭს ტუალეტში ჭერთან გამოღებული კედლიდან, მობილურით კადრების გადაღებაში ადანაშაულებდა, აქცენტს იმაზე ვაკეთებდით თუ რამდენად დაცულია საპირფარეშოები. აქვს თუ არა ტუალეტებს ფანჯრები, კარები, კარებს საკეტები და დაუზიანებელი კედლები. ყველაზე მძიმე სურათი სოფელ თმოგვის, საროს, ტოლოშის, ხიზაბავრისა და ოშორის სკოლებში დაგვხვდა.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
თმოგვის სკოლა

თმოგვის სკოლის საპირფარეშოში ანტისანიტარიაა, ტუალეტს ფანჯრები არ აქვს, კარები არ იკეტება, გამოცლილი აგურებიდან კი ავარიული შენობის შიგნით მთელი სივრცე ჩანს. ერთ საპირფარეშოზე ცელოფანი, მეორეზე კი რამდენიმე ფიცარი ისეა მიკრული, რომ შუაში თავისუფალი ადგილია.

„მაგ გამოტოვებულ ადგილებში ხანდახან ვიხედებით ხოლმე. ბავშვებიც იჭყიტებიან“, – გვითხრეს თმოგვის სკოლის მოსწავლეებმა.

საროში, ტოლოშში, ხიზაბავრასა და ოშორაში საპირფარეშოების ნაწილს კარი საერთოდ არ აქვს. გარდა ოშორის სკოლისა, არცერთზე არაა მინიშნება ბიჭებისაა თუ გოგონების. ოშორაში ქალების ტუალეტს დედალი, კაცებისას კი მამალი ახატია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ კარის გარეშე დარჩენილი ბიჭების ტუალეტია.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
საროს სკოლა


საროში კარი მხოლოდ ერთ ტუალეტს აქვს, თუმცა, მას, არც საკეტი აქვს და არც სახელური. ამ სკოლაში 13 ბავშვი და 12 მასწავლებელია. დირექტორი მაია ბოლოთაშვილი, რომელიც სკოლას მე–20 წელია ხელმძღვანელობს, ამბობს, რომ სკოლაში სარემონტო სამუშაოებისთვის გასულ წელს 5000–მდე ლარი დახარჯა, თუმცა პრიორიტეტებს შორის საპირფარეშო ვერ მოხვდა: „წყალი ჩამოდიოდა შენობაში, კედლები ფუჭდებოდა. ტუალეტის გაკეთებას 25 ათასი ლარი უნდაო და მაგის საშუალება არ გვაქვს“.

შეკითხვაზე, რა თანხა შეიძლება დასჭირდეს ხის კარის დამაგრებას, ან არსებულკარზე სახელურის და საკეტის გაკეთებას, ვერ გვპასუხობს. იგივე კითხვებზე პასუხი არც თმოგვის სკოლის დირექტორს გიორგი კაველიძეს აქვს: „ხვალ მივდივარ სამინისტროში, ტუალეტების, ასევე გათბობის საკითხზე პროექტი მუშავდება და დაბარებული ვარ. მომავალ წლიდან ახალი გაკეთდება“.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ხერთვისის სკოლა


შედარებით დაცულია ჰიგიენა და პირობები ხერთვისის სკოლაში. აქ საპირფარეშოებს მეტალოპლასტმასის კარები აქვთ. სკოლაში გვიხსნიან, რომერთ–ერთ განყოფილებას კარი რამდენიმე დღეა მოსძვრა და უახლოეს დღეებში დაუყენებენ.

რაც შეეხება ოშორის სკოლას, მისი დირექტორი დავით კობერიძე ამბობს, რომ სკოლის რემონტისთვის დაახლოებით 3 000 ლარი გასულ წელს დაიხარჯა. ეს თანხა გადახურვას დასჭირდა: „წყალი ჩადიოდა შენობაში. მაშინ ცოტა შევარემონტეთ კარები“.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ოშორის სკოლა


ტუალეტები საკეტების გარეშე

იმ სკოლების საპირფარეშოებში, სადაც კარი ყველა განყოფილებას აქვს, ბევრია ისეთი, რომლებიც შიგნიდან არ იკეტება. ერთ–ერთი ასეთი ხიზაბავრის სკოლაა.

„კარი არ უნდა იკეტებოდეს. ბავშვების ტუალეტში კარი რომ დაკეტო, შიგნით სამი განყოფილებაა და ერთი რომ შევიდეს, ორი გარეთ დარჩება“, – ამბობს ხიზაბავრის სკოლის დირექტორი აკაკი ადეიშვილი.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ხიზაბავრის სკოლა


მსგავსი ვითარებაა მასწავლებლების საპირფარეშოშიც. მიუხედავად იმისა რომ აქ თითო–თითო განყოფილებაა.

„ქალებმა მაინც ორ–ორმა იციან ხოლმე საპირფარეშოში გასვლა, ერთი შევა შეიგნით და მეორე დაელოდება გარეთ“, – ამბობს ადეიშვილი, რომლის სკოლაშიც 70 ბავშვი და 20 პედაგოგია. აქ სკოლის რემონტისათვის 2012 წელს 100 ათასი ლარი დაიხარჯა, თუმცა მაშინ ტუალეტების კარების საკეტებზე არავის უფიქრია.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ხიზაბავრის სკოლა


შედარებით ნორმალურია მდგომარეობა ნიჯგორში, აწყვიტასა და დაბა ასპინძაში. აქ საპირფარეშოები სკოლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოების დროს მოწესრიგდა. ყველა სხვა სკოლაში კი მოუწესრიგებელ საპირფარეშოებს დირექტორები ბიუჯეტის სიმწირით ხსნიან.

მიუხედავად ამისა, ამ დრომდე არ არსებობს ასპინძის საგანმანართლებლო რესურსცენტრში რომელიმე სკოლიდან შესული განცხადება, რომ სკოლას სველი წერტილების მოწესრიგება და ამისთვის განათლების სამინისტროდან თანხის გამოყოფა სჭირდება.

„ოფიციალურად გყავდა ყველა გაფრთხილებული, რომ მოემართათ ჩვენთვის საპირფარეშოების მოსაწერსიგებლად თანხა თუ სჭირდებოდათ. წერილი არ შემოსულა“, – ამბობს ასპინძის საგანმანართლებლო რესურსცენტრის ხელძღვანელი ტრისტან მურადაშვილი და ამატებს, რომ მიუხედავად იმისა სკოლას თანხა აქვს თუ არა საპირფარეშოს მოსაწესრიგებლად, უბრალო ხის კარის ჩამობმასა და საკეტის დამაგრებას წინ არაფერი უდგას, – „ოთხი ფიცრის მიჭედება ყველას შეუძლია“.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ნიჯგორის სკოლა


განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ შეუძლებელია ყველა სკოლის საპირფარეშოში არსებული ვითარების შესახებ იცოდნენ. უწყების ინფორმაციით, ამაზე დირექტორებმა უნდა იზრუნონ: „მოგვაწოდეთ იმ სკოლების ჩამონათვალი სადაც მძიმეა მდგომარეობა და შევისწავლით“, – გვითხრეს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

საფრთხე მოსაწავლეებისთვის

ბავშვთა უფლებების დამცველები და ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ სამინისტროს მხრიდან მყისიერი რეაგირება აუცილებელია, რადგან სკოლებში შექმნილი ვითარება მოზარდების უფლებებს არღვევს, გამოუსწორებელი შედეგის დადგომამდე კი საპირფარეშოებში მდგომარეობა სასწრაფოდ უნდა მოგვარდეს.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ნიჯგორის სკოლა


„ირღვევა ბავშვების უსაფრთხოების, განათლების, განვითარების და მათი პირადი ცხოვრების უფლება. საპირფარეშოები, საერთაშორისო დოკუმენტებით, გოგონებისთვის აღიარებულია, როგორც გენდერულად მგრძნობიარე საკითხი. გოგონების უსაფრთხოება ასეთ დროს რისკის ქვეშ დგება“, – ამბობს ბავშვთა უფლებების დამცველი, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმომადგენელი ანა არგანაშვილი.

მისივე თქმით, უსაფრთხო და მოწესრიგებული საპირფარეშოების უზრუნველყოფის ვალდებულება ქვეყანას ასევე აკისრია მდგრადი განვითარების მიზნების ფარგებში, სადაც აღნიშნულია, რომ საპირფარეშოების არარსებობა და მოუწყეობლობა ზრდის გოგონების მიმართ ძალადობის საფრთხეს. ამ მიზნის გამო, ყოველწლიურად უამრავი გოგონა წყვეტს სწავლას, არ გადის სახლიდანდა უარს ამბობს საზოგადოებაში მონაწილეობაზე: „ამასთან დაკავშირებით გაეროს გენერალურმა მდივანმა 2013 წელს თავის გამოსვლაში აღნიშნა: როდესაც სკოლები მოსწავლეებს სთავაზობენ ღირსებულ და კეთილმოწყობილ საპირფარეშოებს, გოგონების დასწრება 11%-ით მატულობს საგანმანათლებლო პროცესში ”.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ჭობარეთის სკოლა


ფსიქოლოგების თქმით, ღია საპირფარეშოების გამო შესაძლოა მოსწავლეები, უფრო მეტად კი გოგონები დაცინვის, აბუჩად აგდების და ბულინგის ობიექტები გახდნენ.

„ასეთ დროს პირველ რიგში ადამიანში მოდის სირცხვილის შეგრძნება და ეს გადადის დამთრგუნველ მდგომარეობაში. „ეს რაღა მე დამემართას“ მოტივით, შესაძლოა ბავშვს დანაშაულის გრძნობაც გაუჩნდეს“, – ამბობს ფსიქოლოგი ია მელიქიძე.

საპირფარეშოების მოწესრიგებისგენ განათლების ყოფილმა მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ დირექტორებს მიმდინარე წლის იანვარში, დირექტორთა საბჭოს სხდომაზე მოუწოდა.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ნაქალაქევის სკოლა


„აუცილებლად დადგება ყველა იმ სკოლის დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი, რომელშიც სველი წერტილების მოწესრიგება შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს ამ დრომდე ვერ მოახერხა“, – განაცხადა მაშინ მინისტრმა.

მას შემდეგ, საპირფარეშოს მოწესრიგების მითითება ასპინძის სკოლების არაერთმა დირექტორმა მიიღო, თუმცა ბევრ მათგანს არაფერი შეუცვლია და ამ დრომდე არცერთი მათგანის პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ამაზე საუბარი განათლების სამინისტროში ახლა არ უნდათ.
არგანაშვილი არსებულ ვითარებაში პასუხისმგებლობას სწორედ განათლების სამინისტროს აკისრებს და ამბობს, რომ „თუ ის ამის შემდეგ მყისიერ რეაგირებას არ მოახდენს, თავადაც ბავშვთა უფლებების სისტემური დამრღვევი გამოვა“.

არგანაშვილი აცხადებს, რომ ყველა ასეთ სკოლასთან დაკავშირებით განათლების მინისტრს საჩივრით მიმართავს.

რა რეაგირებას მოახდენს სამინისტრო ჯერ უცნობია. ასპინძის რესურცენტრში კი ამბობენ, რომ მომავალი წლიდან ასპინძაში საპირფარეშოების მოწესრიგება სამ–ოთხ სკოლაში იგეგმება.

„ოშორაში, ნაქალაქევში, საროში და ივერიაში მომავალ წელს ახალი საპირფარეშოები ექნებათ“, – ამბობს ტრისტან მურადაშვილი.

ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა/
სახუდაბელის სკოლა


[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

02.12.2019 ეროვნული გამოცდების უცხოური ენების ტესტებში ცვლილებებია

14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი აღარ გაითიშება – 'ენერგო–პრო ჯორჯია'

04.12.2019 ახალციხის ცხრა სოფელს ახალი ამბულატორია ექნება

04.12.2019 მართლმადიდებლები ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას აღნიშნავენ

04.12.2019 5 დეკემბერს ახალციხეში დენი გაითიშება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

მსგავს თემაზე

'მივწერე ყველა სკოლას, რომ პრობლემა მოეგვარებინათ' – ასპინძის სკოლებში საპირფარეშოები შეაკეთეს
ასპინძის სამ სკოლაში საპირფარეშოს მოაწესრიგებენ
ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]
ადიგენის სკოლების ტუალეტები კარის, წყლისა და საპნის გარეშე
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“
ტოლოშის სკოლაში არსებულ ვითარებას ომბუდსმენის აპარატი  სწავლობს
2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ