სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 28.11.2017
სოფელ ტოლოშის სკოლის მოსწავლე გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში, უფროსკლასელმა ბიჭმა ფარულად, მობილურით გადაუღო. ამის გამო, 9 დღით, მოსწავლეებს მობილურები ჩამოართვეს და შეუმოწმეს. უფლებადამცველები სკოლაში ბავშვების უფლებების დარღვევაზე საუბრობენ და საქმეში სამართალდამცველებისა და ფსიქოლოგის ჩართვას ითხოვენ.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
მოსწავლეების საპირფარეშო. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'


საპირფარეშოში გადაღებული ფარული კადრები

ასპინძაში, სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლაში ინციდენტი 13 ნოემბერს, მეხუთე გაკვეთილის მიმდინარეობისას მოხდა. ერთ–ერთი უფროსკლასელი გოგონა გვიყვება, რომ მან საპირფარეშოში დაინახა, რომ ბიჭების ტუალეტიდან, ჭერთან ამოღებული კედლიდან, ასევე უფროსკლასელი ბიჭი მობილური ტელეფონით უღებდა: „თავს ცუდად ვგრძნობდი, მეექვსე გაკვეთილი მქონდა, მაგრამ სახლში უნდა წავსულიყავი. დავინახე როგორ ჰქონდა ტელეფონი გადმოყოფილი და მიღებდა. მაშინვე გამოვვარდი ტუალეტიდან ისე, რომ შარვლის შეკვრაც ვერ მოვასწარი ბოლომდე და ბიჭების ტუალეტში შევვარდი".

მისი თქმით, ბიჭი, რომელიც მას უღებდა, ტუალეტის კუთხეში ჩაცუცქული დახვდა: „ფერი ჰქონდა დაკარგული, ცახცახებდა. ტელეფონი მოვთხოვე, არ მაქვს საერთოდო. დავინახე, რომ ტელეფონი მეორე კუთხეში ძირზე ეგდო. წავიწიე რომ ამეღო, მაგრამ არ მიმიშვა“.

გოგონა ბიჭს საპირფარეშოდან თხოვნით გამოყვა, რომ ტელეფონი ეჩვენებინა: „ვეუბნებოდი, ნურც მომცემ, შენ გქონდეს ხელში და ვნახოთ გადაიღე თუ არა, თუ გადაღებულია წაშალე, თუ არ არის და ბოდიშს მოგიხდი–მეთქი. მერე გვერდზე გაიწია, არ ვიცი წაშალა თუ არა“.

„არ გადამიღია არაფერი, სხვა რამისთვის შევედი და მაგან სხვა რაღაცა იფიქრა“, ამბობს ბიჭი, რომელსაც ტელეფონით საპირფარეშოში კადრების გადაღებაში ადანაშაულებენ.

გოგონა კი ირწმუნება, რომ მას ნამდვილად გადაუღეს, თუმცა სავარაუდოდ, კადრები წაშალეს: „ამ ფაქტს ერთი ბიჭი შეესწრო და რომ ვტიროდი და ვეკითხებოდი, წაშალა თუ არა რაც გადამიღო–მეთქი, ის ბიჭი თავს მიქნევდა, წაშალაო“.

მისივე თქმით, მას თანაკლასელი ბიჭებისგან მანამდეც ჰქონდა გაგებული, რომ ისინი ტელეფონით გოგონებს საპირფარეშოში უღებდნენ: „თუმცა, მანამდე ზუსტად არ ვიცოდი მართლა ასე ხდებოდა თუ არადა და ვისზე რა მეთქვა. დამნაშავე ვარ იმაში, რომ ამაზე თავიდანვე არ ვთქვი“.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
გოგონების საპირფარეშოს შესასვლელი. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'


ამავე სკოლის უფროსი კლასის ბიჭები კი ამბობენ, რომ მათი მხრიდან მსგავს ფაქტს ადგილი არასდროს ჰქონია: „მანდ კედელია ამოღებული და სიგარეტს ვმალავთ ხოლმე, ალბათ სიგარეტის გამოსაღებად აძვრნენ ბიჭები და გოგოს ეგონა, რომ უღებდნენ“.

მომხდარის შესახებ გოგონამ დირექციაც და მშობლებიც იმ დღესვე საქმის კურსში ჩააყენა: „მაგის მერე უფროსკლასებში ყველას ტელეფონები ჩამოგვართვეს“.

ჩამორთმეული მობილურები

მოსწავლეების თქმით, დირექციამ მათი ტელეფონები შეამოწმა, თუმცა ეს პროცესი ცხრა დღეს გაგრძელდა.

„კი ტელეფონები ჩამოართვეს ბავშვებს, გვინდოდა გვენახა იქ რაიმე დაფიქსირებული ხომ არ იყო. დირექციის წარმომადგენლები იკვლევენ მაგას“, – გვითხრა ქართულის მასწავლებელმა იულია ოთანაძემ.

„არაფერი გადამიღია და პრობლემა არ იყო, ენახათ, მაგრამ ჩემი ფეისბუქის მესიჯები და რაღაცეები წაიკითხეს. თან ტელეფონები დიდხანს არ დაგვიბრუნეს“, – ამბობს იმ ბიჭის თანაკლასელი, რომელსაც კადრების გადაღებაში ადანაშაულებენ.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
ბიჭების საპირფარეშო. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'


ტელეფონების დირექტორის კაბინეტში რამდენიმე დღით გამოკეტვის გამო, სკოლაში მეორე ინციდენტიც მოხდა. როგორც სკოლის ერთ–ერთი მასწავლებელი პირად საუბარში გვეუბნება, ბიჭებმა ტელეფონების აღების მიზნით, დირექტორის კაბინეტის კარი დააზიანეს.

„კარი განგებ არ გაგვიფუჭებია. ბევრი ვიდექით კართან, ბიჭებმა ხელი მკრეს და უცებ დირექტორის კაბინეტში შევვარდი. ამის გამო კარი ოდნავ დაზიანდა, სულ ეს იყო, კარის შემტვრევის და ტელეფონების აღების მიზნით ეს არ გაგვიკეთებია“, – გვიხსნის მოსწავლე, რომელსაც თანატოლებთან ერთად დირექტორის კარის დაზიანებაში ადანაშაულებენ.

მოსწავლეებს რომ ტელეფონების ჩამორთმევა არ გაუპროტესტებიათ, ამაზე მისი თანაკლასელებიც საუბრობენ: „არც კარის შემტვრევა არ გვინდოდა, შემთხვევით მოგვივიდა“.

საპირფარეშოები კარის გარეშე

დირექტორის კაბინეტის არა, თუმცა პედაგოგების საპირფარეშოების კარები სკოლაში დაზიანებულია. არც ერთს და არც მეორეს საკეტი კი არა, სახელურიც არ აქვს. მოსწავლეების საპირფარეშოებს კი კარი საერთოდ არ აქვს. ამასთან ერთად, ბიჭებისა და გოგონების განყოფილების გამყოფი კედელი ჭერთან მთელ სიგრძეზე ამოღებულია.

როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების საპირფარეშოები სკოლის ეზოში დგას. სკოლაში 97 მოსწავლე და 18 მასწავლებელია.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
მასწავლებლების საპირფარეშო. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'


„25 წელი მაინც იქნება ასეა, ძალიან უხერხულია საპირფარეშოში შესვლა. ზარის დარეკვას ველოდებით, რომ ტუალეტში შევიდეთ, რადგან კარი არ იკეტება, ასე არიან მოსწავლეებიც“, – ამბობს იულია ოთანაძე.

საპირფარეშოს გამო წლების განმავლობაში შექმნილ უხერხულ ვითარებაზე საუბრობს გეოგრაფიის მასწავლებელი ვალოდია დავლაშერიძე: „სახელურიც კი არ აქვს კარს, რომ ხელი მოკიდო და მიიხურო. სულ ვაპირებდი, რომ მავთული წამეღო სახლიდან და საკეტი ჩემით გამეკეთებინა“.

მიუხედავად არსებული ვითარებისა, მასწავლებლებს არსებული საკითხი სკოლის ადმინისტრაციასთან არ დაუყენებიათ. შესაბამისად, არც მოსწავლეების ღია საპირფარეშოებზე უფიქრია ვინმეს.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
შემთხვევის შემდეგ, ქალი მასწავლებლების კარს საკეტი გაუკეთეს. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'



სკოლის რეაგირება

13 ნოემბერს მომხდარმა, ამ თვალსაზრისით, ვითარება შედარებით შეცვალა. ქალი მასწავლებლების ტუალეტს საკეტი დაუყენეს, გოგონების საპირფარეშოში კი ხის კარი ჩამოკიდეს. ამ დრომდე კარის გარეშეა ბიჭების საპირფარეშო, კაცი მასწავლებლების ტუალეტის კარს კი სახელური ისევ არ აქვს.

ამასთან ერთად, სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა საკითხის მოკვლევა დაიწყო. მოსწავლეებს ახსნა–განმარტებები დააწერინეს. თუმცა, მომხდარის შესწავლა ვეღარ გააგრძელეს.

„ქვორუმი ვერ შედგა. 6 წევრი ვართ და აქედან ერთი იმ ბიჭის დედაა, ვისაც კადრების გადაღებაში ადანაშაულებენ, ამიტომ მას აცილებას მივცემთ. კომიტეტში კიდევ ერთი მშობელი გვყავს და ის საავადმყოფოშია, შვილი ჰყავს ცუდად. ერთ მასწავლებელს კიდევ თვალზე ოპერაცია აქვს გაკეთებული და ისიც ექიმთან იყო კონსულტაციაზე“, – ამბობს დისციპლინური კომიტეტის ერთ–ერთი წევრი ლია მჭედლიშვილი, რომელიც სკოლაში სასწავლო ნაწილის ხელმძღვანლიცაა.

მისივე თქმით, კომიტეტს დირექტორის მიმართვიდან სამი კვირის განმავლობაში საკითხის განხილვისთვის ვადა აქვს. იმ შემთხვევაში თუ ქვორუმი ისევ ვერ შედგება, მაშინ დირექტორი მომხდარის მოკვლევას თავად დაიწყებს: „მოკვლევაში იგულისხმება ის, რომ ამ ბავშებს მშობლების თანდასწრებით გამოვკითხავთ, რადგან სრულწლოვნები არ არიან“.

რაც შეეხება ჩამორთმეულ ტელეფონებს, მათ შემოწმებასა და იქ აღმოჩენილ მასალებს, ამაზე მჭედლიშვილი არ საუბრობს: „ჯერ მოკვლევა დასრულებული არ გვაქვს“.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
გოგონების საპირფარეშოზე ჩამოკიდებული კარი. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'


უფლებადამცველები: „მომხდარი სამართალდამცავებმა უნდა შეისწავლონ“

მისგან განსხვავებით, იურისტები და ბავშვთა უფლებების დამცველები ფიქრობენ, რომ მომხდარი არა თუ სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა, არამედ სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა შეისწავლონ, რადგან საქმე პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს ეხება. საგამოძიებო ორგანოები კი მასწავლებლების მხრიდან ბავშვებისთვის ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტითაც უნდა დაინტერესდნენ.

ბავშვთა უფლებების დამცველი, „პარტნიორობა ადამიანი უფლებებისთვის წარმომადგენელი“ ანა არგანაშვილი და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების“ იურისტი შოთა თუთბერიძე აცხადებენ, რომ საქართველოს კანონდებლობით, ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაციის მოპოვება და შენახვა იკრაძალება: „ამიტომ, ეს საქმე პოლიციამ უნდა შეისწავლოს“.

მათივე თქმით, ბავშვების პირადი ცხოვრებისა და საკუთრების უფლება დაარღვიეს პედაგოგებმაც, როცა მათ მოსწავლეებს ტელეფონები შეუმოწმეს.

„მიუხედავად იმისა, რომ მათი განზრახვა კეთილშობილური იყო, მასწავლებლებს ამის უფლება არ ჰქონდათ, მით უფრო, მშობლების თანხმობის გარეშე“, – აცხადებს თუთბერიძე.

არგანაშვილი კი ამბობს, რომ ბავშვებს შეუძლიათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მიმართონ: „არავინ უნდა წაიკითხოს ბავშვების პირადი მიმოწერა. ეს საგამოძიებო ორგანოებისა და კონკრეტული დასაბუთების გარეშე დაუშვებელია. ამიტომ პოლიცია ამ კუთხითაც უნდა ჩაერთოს“.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
გოგონების საპირფარეშო. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'


რაც შეეხება საპირფარეშოებს კარებისა და საკეტების გარეშე, აქ არგანაშვილიცა და თუთბერიძეც დირექტორისა და სკოლის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხს ხედავენ.

„დირექტორის პირდაპირი მოვალეობაა უზრუნველყოს მოსწავლეებისთვის ღირსეული პირობები“, – აცხადებს თუთბერიძე.

არგანაშვილი კი ამასთან ერთად აქცენტს სკოლაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ფსიქოლოგის ჩართვის საჭიროებაზეც აკეთებს: „საქმე იმდენად რთულადაა, რადგან უკვე არა ერთმა ბავშვამ მიიღო ტრამვა, რომ მათ ფსიქოლოგის დახმარება სჭირდებათ. შექმნილი კონფლიქტური ვითარებიდან გამომდინარე კი შესაძლოა ბავშვებს მედიატორიც დასჭირდეთ“.

არგანაშვილის თქმით, ამ ყველაფერზე განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს. სამინისტროში კი მხოლოდ იმას აცხადებენ, რომ მომხდარის შესახებ იციან: „დისციპლინური კომიტეტი შეისწავლის მომხდარს და დასკვნას დადებს. რაც შეეხება საპირფარეშოებს, ამ ფაქტს დაუყოვნებლივ გადავამოწმებთ“.

ასპინძის საგანმანათლებო რესურსცენტრის უფროსი ტრისტან მურადაშვილი ამბობს, რომ საპირფარეშოებში არსებული მდგომარეობის გამო მონიტორინგის შედეგად დირექტორს მზია ზედგინიძეს საყვედური უკვე ორჯერ გამოუცხადეს.

დირექტორის დუმილი

თავად მზია ზედგინიძე „სამხრეთის კარიბჭსთან“ საუბარს ერიდება, იგი არც ჩვენ სატელეფონო ზარებს პასუხობს და არც მასთან სახლში მისულებს დაგვხვდა შინ.

ლია მჭედლიშვილი კი ამბობს, რომ სკოლამ ტუალეტების მოსაწესრიგებლად ტენდერი გამოაცხადა, თუმცა მცირე თანხის გამო ვერ შედგა და სკოლაში მდგომარეობა ამიტომ ვერ გამოასწორეს.

მიუხედავად მისი განცხადებისა, სახელმწიფო შესყიდვების საიტზე, საპირფერეშოების მოწყობასთან დაკავშირებით ტოლოშის საჯარო სკოლის მიერ გამოცხადებული ტენდერი არ იძებნება.

რესურსცენტრის უფროსი კი ამბობს, რომ არ არის სავალდებულო საპირფარეშოები კაპიტალურად შეკეთდეს: „საყვედურის მღების შემდეგ დირექტორს ეს სკოლის სახსრებით რამდენადაც შესაძლებელი იყო, ისე უნდა მოეწესრიგებინა“.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
ტოლოშის სკოლა. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'


მოლოდინი

რესურსცენტრიცა და განათლების სამინისტროც დისციპლინური კომიტეტის დასკვნას ელოდება. ის, რომ ეს საკითხი სწორედ სკოლამ უნდა შეისწავლოს და გარკვეული რეაგირება უკვე სახეზეა, ამაზე სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის განათლების სპეციალისტი თამარ მოსიაშვილი საუბრობს.

მისი თქმით, დაუშვებელია ყველაფერი სასამართლომ განიხილოს. სკოლამ კი მისი კომპეტენციის ფარგლებში საქმის მოკვლევა უკვე დაიწყო: „შეიძლება ტელეფონი პირადი ნივთია, მაგრამ რადგან გოგონა ფიქრობს, რომ მას გადაუღეს, სკოლამ იმის გარკვევა უნდა შეძლოს ეს ფაქტი ნადვილად მოხდა თუ არა. რაც შეეხება საპირფარეშოებს, რაღაცეების შეცვლა შესაძლებლობის ფარგლებში იქაც სცადეს“.

არგანაშვილი კი მოსიაშვილის პოზიციას არ იზიარებს. მისი თქმით, სკოლამ პრევენცია ვერ უზრუნველყო. მით უფრო იმ ფონზე, რომ დირექტორს კონკრეტულად საპირფარეშოებთან მიმართებაში საყვედური უკვე მიღებული ჰქონდა.

დადგება თუ არა მზია ზედგინიძის პასუხისმგებლობის საკითხი, ამ შეკითხვას სამინისტროსა და რესურსცენტრშიც უპასუხოდ ტოვებენ. ჯერჯერობით ღიად რჩება ის საკითხიც, რა ღონისძიებებს გაატარებს სამინისტრო სკოლაში ან ჩაერთვებიან თუ არა მომხდარში საგამოძიებო უწყებები და ფსიქოლოგი.

უფროსკლასელი გოგონა ამბობს, რომ საპირფარეშოში ბიჭმა მობილურით გადაუღო – რა ხდება ტოლოშის სკოლაში
კაცი მასწავლებლების საპირფარეშოს კარი საკეტის გარეშე. ფოტო: © 'სამხრეთის კარიბჭე'


[თამუნა უჩიძე, ასპინძა]


06.12.2017 ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]

05.12.2017 კოსმოსურ ჰაკათონში ახალციხელმა ახალგაზრდებმა გაიმარჯვეს

05.12.2017 'სტუდენტების განწყობა უმცირესობებისადმი და მედიის როლი' – ახალციხეში კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

01.12.2017 ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე: „გარედან არაფერი ჩანდა“

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2017 სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

11.12.2017 სამცხე-ჯავახეთში მაუწყებლობას რუსულენოვანი არხი დაიწყებს

11.12.2017 შსს-ს მომსახურების სააგენტო მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის

10.12.2017 ნარკოპოლიტიკის შეცვლის მოთხოვნით თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აქციები გაიმართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს
ტოლოშის სკოლის დირექტორი უკარო საპირფარეშოებზე:  „გარედან არაფერი ჩანდა“
ასპინძაში, 18–დან 15 სკოლაში მოუწესრიგებელი საპირფარეშოა
ასპინძის სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება დაიწყეს[Photo]
ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორს მშობლები უჩივიან
ახალციხის მეხუთე  სკოლაში მასწავლებელს მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ
მოსწავლეების თქმით, მოხის სკოლაში დირექტორმა გოგონას თავსაფრის ტარება დაუშალა