სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მედლების საქმე – შეცდომები ჟურნალებში და მედლების გარეშე დარჩენილი მოსწავლეები

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 27.11.2017
ახალციხის რამდენიმე სკოლაში, სასკოლო ჟურნალში შეფასებების გადასწორების გამო, მოსწავლეები კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლების გარეშე რჩებიან. მშობლები და მოსწავლეები მედლებს ითხოვენ, სკოლა ხელს სამინისტროსკენ იშვერს, სამინისტროს კი კითხვებს სასკოლო ჟურნალებში არაერთგზის და არაერთხელ გადასწორებული შეფასება უჩენს.

მედლების საქმე – შეცდომები ჟურნალებში და  მედლების გარეშე დარჩენილი მოსწავლეები

მოსწავლეები მედლების გარეშე

ლუკა ახალციხის მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულია, მას სკოლის დამთავრების შემდეგ ოქროს მედალი უნდა მიეღო, თუმცა, ვერ მიიღო. ლუკას მსგავსად, მედლის გარეშე, ამ სკოლაში კიდევ ხუთი მოსწავლეა. მეექვსე სკოლის ადმინისტრაციამ 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებიდან ოქროსა და ვერცხლის მედლებზე ექვსი მოსწავლე წარადგინა, – ოთხი ოქროს, ორი კი ვერცხლის მედალზე, თუმცა, განათლების სამინისტროში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, რეკომენდაცია მხოლოდ ერთ მოსწავლეზე გასცა.

„სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა აღნიშნულ საკითხზე და დაადგინა, რომ ყველა კლასში მრავლობითი მძიმე დარღვევებიდან გამომდინარე, კომისია აძლევს რეკომენდაციას სკოლას მოსწავლე ლუკა პარუნაშვილი არ წარადგინოს ოქროს მედლის კანდიდატად“, – ნათქვამია სამინისტროს სამუშაო ჯგუფის მიერ გამოგზავნილ რეკომენდაციაში.

ლუკას დედა, თეა ამბობს, რომ მასწავლებელს ჟურნალში ნიშნები თუ გადასწორებული აქვს, ამაში მისი შვილი დამნაშავე არაა და ის მედლის გარეშე არ უნდა რჩებოდეს: „მაინტერესებს როგორც მშობელს, სად იკვეთება ჩემი შვილის ბრალეულობა?! რატომ ისჯება ჩემი შვილი?!“

სკოლის ადმინისტრაციისა და განათლების სამინისტროსგან პასუხს ელოდება რუსუდან მელიქიძის დედა მარიეტა მელიქიძეც: „დავრეკეთ სამინისტროს ცხელ ხაზზე, ველოდებით პასუხს, რატომ ვერ ღებულობს ჩემი შვილი მედალს“.

გადასწორებული შეფასებები

ოქროსა და ვერცხლისა მედალზე წარდგენილი მოსწავლეების შესახებ ინფორმაცია განათლების სამინისტროში ადგილობრივი რესურსცენტრის გავლით იგზავნება. შეფასების ჟურნალებს ამოწმებს როგორც სკოლის ადმინისტრაცია, ასევე რესურსცენტრის ხელმძღვანელობა. ცდომილების აღმოჩენის შემთხვევაში კი თითოეული მოსწავლის საქმე განსახილველად სამინისტროში შექმნილ „ოქროსა და ვერცხლის მედალოსნის ატესტატის მიკუთვნებასთან დაკავშირებულ, სადავო საკითხების განხილვის მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფს“ ეგზავნება.

ამ ჯგუფის რეკომენდაციაა, რომ აღნიშნული მოსწავლეები სკოლამ მედალზე არ წარადგინოს. კომისიას ეჭვი საკლასო ჟურნალებში გადაკეთებულმა და წაშლილმა შეფასების ქულებმა გაუჩინა.

„ყველაზე რთული ქეისი, რომელიც წელს განვიხილეთ, იყო ახალციხის მეექვსე სკოლაში. ერთ კლასში, მაგალითად, ათ საგანშია გადაკეთებული ნიშანი, ჯამში 13 ნიშანია გადასწორებული ან ჩამატებული. კორექტორით არის წაშლილი, ან გაფხეკილია უხეშად, ბასრი საგნით და სხვა ნიშანია ჩაწერილი. კომისია მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს მანამდე რა შეიძლება ყოფილიყო“, – აცხადებს სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი ეკატერინე ლეჟავა.

მისივე თქმით, მეექვსე სკოლაში რამდენიმე ასეთი შემთხვევაა: „ჟურნალებს სტრიქონების გასწვრივ აქვს ჯამური მაჩვენებლები, ერთგან წერია 2 –18 ეს ნიშნავს, რომ ორი შეფასება იყო, რომელიც ჯამში 18–ს იძლეოდა, შესაძლოა 10 და 8. ეს გადაკეთებულია 3– 28–ად, ანუ, ესე იგი 10–იანი დაემატა. კორექტორებზე და გადაფხეკილებზე უკვე ვეღარ ვიგებთ. ასეთი გადასწორებები ერთ კონკრეტულ მოსწავლესთან არის 17“.
ეკატერინე ლეჟავა ამბობს, რომ აღნიშნული მოცემულობა ეჭვს იწვევს, რომ ქულები სასწავლო წლის დასრულების შემდეგ შეიცვალა: "შესაძლებელია მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობის დროს შეეშალოს, მაგრამ, არცერთი შესწორება არ არის ქრონოლოგიის დაცვით გადატანილი ჟურნალის ბოლოში. შეცდომებს აფიქსირებენ თარიღების მიხედვით, როდის არის ჩაწერილი გაუგებარია. აშკარად შეიძლება ივარაუდო, რომ ეს მოხდა სასწავლო წლის დასრულების შემდეგ“.

სამინისტროს სამუშაო ჯგუფი

მეექვსე სკოლაში აცხადებენ, რომ ამ შემთხვევაში ნამდვილად სკოლის პედაგოგების ბრალეულობა იკვეთება, პედაგოგებმა აღნიშნულზე ახნა–განმარტებებიც დაწერეს და სამინისტროში გაგზავნილ შეფასების ჟურნალებს დაურთეს. პედაგოგების დისციპლინარულ სახდელთან დაკავშირებით კი მსჯელობა არ ყოფილა.

„მოგახსენებთ, რომ მეათე კლასის ჟურნალში გვ.21 ნიშნების რაოდენობა „2“ გადასწორებულია ჩემს მიერ „3“–ად. ჯამური ქულა „20“ გადასწორებულია „29“–ად. აღნიშნული შეცდომა გადატანილია შენიშვნების გვერდზე. ჩანაწერი გაკეთებული არ არის შესაბამისი თანმიმდევრობისა და დროის მიხედვით“, – ნათქვამია ერთ–ერთი მასწავლებლის ახსნა–განმარტებით ბარათში.

მსგავსი განცხადება სკოლაში არაერთ მასწავლებელს აქვს დაწერილი.

„აღნიშნული ხარვეზი არის ჩემი შეცდომა და იგი არ უნდა აისახოს უარყოფითად მოსწავლის საბოლოო შეფასებაზე“, – ვკითხულობთ განმარტებებში.

თუმცა, ამ ახსნა –განმარტებებს განათლების სამინისტროს სპეციალური სამუშაო ჯგუფის გადაწყვეტილებაზე გავლენა არ მოუხდენია.

„უშეცდომო არავინაა, პედაგოგს შეეშალა, ხარვეზი იყო ჟურნალებში. გადავუგზავნეთ სამინისტროს, რომ დანაშაული გამოვლინდა პედაგოგის მიერ. გადავაგზავნეთ ახსნა–განმარტებები, მექანიკური შეცდომაა, ზოგი შეიძლება უყურადღებობით მოუვიდათ, აღიარებენ ამას“, – აცხადებს სკოლის დირექტორი გია კაპანაძე და ამატებს, რომ სამინისტროს კიდევ ერთხელ მიმართავს, – „გავივლით კონსულტაციებს სამინისტროსთან და შემდეგ ვაცნობებთ მშობლებს. ეს საკითხი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. კიდევ ერთხელ დავწერთ ახსნა განმარტებებს“.

ეკატერინე ლეჟავა ამბობს, რომ კომისია მხოლოდ რეკომენდაციას იძლევა, მედლის გადაცემის საკითი სკოლის ადმინისტრაციამ უნდა გადაწყვიტოს: „სკოლას შეუძლია დაწეროს, რომ ეს იყო მასწავლებლების ბრალეულობა, გაატარა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები და რომ არ დაზარალდეს მოსწავლე, პასუხისმგებლობის ტვირთს იღებს საკუთარ თავზე“.

ვინ იღებს მედალს

ოქროსა და ვერცხლის მედლებზე ის მოსწავლეები წარდგებიან, რომლებსაც მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასში მაღალი შეფასება აქვთ. სწორედ ბოლო სამი წლის ჟურნალები შემოწმდა სპეციალური კომისიის მიერ. კომისიის რეკომენდაციებიდან ირკვევა, რომ ყველაზე ხშირად ნიშნის გადასწორება, ჩამატება ან წაშლა, მეათე კლასის ჟურნალებში იკვეთება, ყველაზე ნაკლებად მეთორმეტე კლასში.

მაგალითად, ლუკას შემთხვევაში, მეათე კლასში ჩასწორება ცხრა საგანშია, ამავე სკოლაში, ხუთ საგანში აქვს ჩასწორება ორ მოსწავლეს, ექვს საგანში ასევე ორ მოსწავლეს და ოთხ საგანში ერთ მოსწავლეს. შედარებით ნაკლებია მეთერთმეტე კლასში, ხოლო მეთორმეტე კლასში თითო საგანშია ჩასწორება ორი მოსწავლის შემთხვევაში.

მეექვსე სკოლის მოსწავლეების მშობლებს უკვირთ, ექვსიდან ერთზე რატომ გასცა სამინისტროს ჯგუფმა რეკომენდაცია, მაშინ როდესაც, გადასწორებები მასთანაც იყო.

„მართალია ბევრია აქაც, მაგრამ ტექნიკური შეცდომებია. ნიშნების ჯამურ მაჩვენებლებში 20–ის ნაცვლად 30 წერია. ორი 10–იანიჰ ქონდა, ერთი იყო გამორჩენილი და დაუმატეს. ეს არსებითად არ ცვლის სურათს სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით“, – აცხადებს ეკატერინე ლეჟავა.

მასწავლებლების „აქილევსის ქუსლი“


სამინისტროს სპეციალურმა კომისიამ ამ საკითხზე მუშაობა დაასრულა. კომისიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება სკოლამ უნდა მიიღოს.

„ადმინისტრაციამ უნდა შეისწავლოს ჟურნალების წარმოების წესი. თუ მხოლოდ ათოსან მოსწავლეებთან არის გადაკეთებული შეფასება, სხვა ეჭვი გაჩნდება, როცა ყველასთან არის, იფიქრებ, რომ მასწავლებელს კომპეტენცია აკლია. მაშინ უნდა გადაამზადონ ყველა. მონიტრინგის სიტემა დააწესონ რაღაც პერიოდის განმავლობაში. წესით სკოლის ადმინისტრაცია ამას უნდა აკეთებდეს და არ უნდა აღმოჩნდეს მე–12 კლასის ბოლოს“, – ამბობს ეკა ლეჟავა.

„შეფასების ჟურნალი „აქილევსის ქუსლია“ ჩემი პედაგოგებისთვის. გვაქვს პრობლემები, ამ თემაზე ვიმსჯელებთ და ტრენინგებს ჩავუტარებთ. ყველას მოსდის შეცდომა, ჩვენ ყველაზე მეტი სერტიფიცირებული და გამოცდილი კადრი გვყავს რეგიონში“, – აცხადებს სკოლის დირექტორი გია კაპანაძე.

სხვა სკოლები

ვერცხლისა და ოქროს მედალზე წარდგენილი მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ ამ ეტაპზე, მედლების მიღება–არმიღება, მათი შვილებისთვის არაფერს ცვლის, თუმცა, ეს ღირსების საკითხია და საქმის ასე მიტოვებას არ აპირებენ. მათ უკვე დაწერეს განცხადება ახალციხის რესურსცენტრის ხელმძღვანელის სახელზე, რომელსაც ხელს მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლეების გარდა, ქალაქ ვალის საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებიც აწერენ. ასევე გეგმავენ განცხადებით მიმართონ განათლების სამინისტროს და ადამიანის უფლებთა დამცველ ორგანიზაციებს.

„ყველა ის მოსწავლე, ვინც მედალზე იყო წარდგენილი, გრანტიანია, ზოგმა 100%–იანი დაფინანსება მიიღო. თუ არ იმსახურებდნენ, როგორ შეძლეს ეს?!“, – კითხულობს ლუკას დედა.

მეექვსე საჯარო სკოლის გარდა, მსგავსი პრობლემაა ახალციხის მუნიციპალიტეტის კიდევ რამდენიმე სკოლაში. სამინისტროს კომისიამ ოქროს და ვერცხლის მედალზე არ წარდგენის რეკომენდაცია გასცა აწყურის, წყრუთის, პატარა პამაჯის და ვალის პირველი სკოლის თითო მოსწავლეზე და ასევე, ვალის მეორე სკოლის ოთხ მოსწავლეზე. მსგავსი პრობლემაა ახალციხის პირველ საჯარო სკოლაშიც.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

15.02.2018 ახალციხის მერია სტუდენტებისთვის 1000–ლარიან სტიპენდიას აწესებს

15.02.2018 საატესტატო გამოცდები შეცვლილი ფორმატით ჩატარდება

14.02.2018 2018 წელს ასპინძის ექვს სკოლაში საპირფარეშოებს გაარემონტებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.02.2018 შსს–მ სამცხე–ჯავახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17.02.2018 ხვალიდან საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი

17.02.2018 შსს სამცხე–ჯავახეთში დროებითი მოთავსების იზოლატორებს განაახლებს

16.02.2018 ანსამბლ 'მესხეთს' პირველი სკოლა ფართს მხოლოდ ერთი წლით მიაქირავებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

მსგავს თემაზე

მედლების საქმეზე, მეექვსე სკოლის პედაგოგებმა გაფრთხილებები მიიღეს
მეექვსე სკოლის კურსდამთავრებულების მშობლებმა სასამართლოში იჩივლეს
მედლების საქმე შესაძლოა სასამართლომდე მივიდეს
პირველი სკოლის 10 ოქროსმედალოსანი შესაძლოა მედლის გარეშე დარჩეს
საფეხური: მეექვსე სკოლის მედლების საქმე [Audio]
N1 სკოლის პედაგოგმა მედლების საქმეზე გაფრთხილება მიიღო
20 ოქრო და 25 ვერცხლი - ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს