სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

'თავიდან მგლად კი გამომაცხადეს, მაგრამ მაინც და მაინც მგელი არ ვიყავი' – ვლადიმერ ზედგინიძის ბოლო შეხვედრა მერის რანგში

მთავარისიახლე, პოლიტიკა 13.11.2017
დღეს, 13 ნოემბერს, ქალაქ ახალციხის მერმა, ვლადიმერ ზედგინიძემ, მერის ამპლუაში, თანამშრომლებთან ბოლო შეხვედრა გამართა. მერმა მუშაობის პერიოდში ნაკლებ მხარდაჭერაზე და მერიიდან ინფორმაციის გატანაზე დაიჩივლა; ისაუბრა მერიის მიღწევებზე და თანამშრომლებს დაემშვიდობა.

'თავიდან მგლად კი გამომაცხადეს, მაგრამ მაინც და მაინც მგელი არ ვიყავი' – ვლადიმერ ზედგინიძის  ბოლო შეხვედრა მერის რანგში

ახალციხის მერიის საკონფერენციო დარბაზი დღეს უჩვეულოდ გადატვირთული იყო. ვლადიმერ ზედგინიძის ერთწლიანი მუშაობის ანგარიშის მოსასმენად, მერიის თითქმის ყველა თანამშრომელი შეიკრიბა. შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა, აქედან, 40 წუთის განმავლობაში მერი მუშაობას აჯამებდა, შემდეგ კი სამსახურების ხელმძღვანელებს, ძირითადად, მათ მადლობებს ისმენდა.

„ბევრი შეუძლებელიც შევძელით და ბევრი შესაძლებელიც ვერ მოვახერხეთ“, – ასე დაიწყო საუბარი ქალაქის მერმა და რამდენიმე მიმართულებას შეეხო, მათ შორის, საკადრო ცვლილებებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს და წინააღმდეგობებს, რასაც მერიაში აწყდებოდა. მერმა თქვა, რომ მხარდაჭერა არ ჰქონდა.

„თავიდან მგლად კი გამომაცხადეს, მაგრამ მაინც და მაინც მგელი არ ვიყავი. იყო იმის შანსი და შესაძლებლობა, რომ გარკვეული თანამშრომლები წასულიყვნენ, მაგრამ თანადგომით, მათი გაცნობით და ურთიერთობით, ასევე გაწეული მუშაობის ანგარიშის მიღების შემდგომ, შთაბეჭდილება შეიცვალა. შევძელით, რომ 73 თანამშრომელი, რომელიც ემსახურებოდა ჩვენს საქმიანობას, შეგვენარჩუნებინა“, – განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ.

როდესაც ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხო, მერმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა შესაბამისი მხარდაჭერა არც მერიის სამსახურების ხელმძღვანელებისგან და არც მისი ზემდგომისგან. მერმა თქვა ისიც, რომ წინააღმდეგობა იყო თავად მერიაში, თანამშროლებთან ურთიერთობისასაც. თუმცა, კონკრეტულ მაგალითებზე მერს არ უსაუბრია და დარბაზში არც არავის დაუსვამს კითხვა: „ყველამ კარგად იცოდით აქ რა ხდებოდა. ხშირად მე ხმამაღლა ვსაუბრობდი და მიხაროდა, რომ ხმამაღლა ვსაუბრობდი. იცით რატომ?! ზედმეტი ლაპარაკი რომ არ ყოფილიყო. ვიღაცას სხვანაირად რომ არ მიეტანა ენა სხვადასხვა ადგილებზე, ამის გამოცდლება ყველას გაგაჩნიათ. ჯერ აქ ნათქვამი არ იყო სიტყვა, უკვე იქიდან საწინააღმდეგო პასუხი მოდიოდა. გვყავდა ასეთი თანამშრომლებიც, საკმაოდ მრავლად“.

'თავიდან მგლად კი გამომაცხადეს, მაგრამ მაინც და მაინც მგელი არ ვიყავი' – ვლადიმერ ზედგინიძის  ბოლო შეხვედრა მერის რანგში

როდესაც ქალაქში დაგებულ გზებზე, მოწყობილ სკვერებსა და პარკებზე და ქალაქის გამწვანება–ყვავილების გაშენებაზე საუბრობდა, მერმა დასუფთავების სამსახურის, შპს „კეთილმოწყობის“ ხელმძღვანელი გიორგი ლონდარიძე გააკრიტიკა. ლონდარიძე შეხვერდას არ ესწრებოდა: „როგორც ყოველთვის, ეტყობა ლონდარიძეს დღეს ჩვენთვის არ სცალია, ის ყოველთვის გარე–გარედან იყურება ხოლმე, შუამავალია ჩვენსა და ვიღაცეებს შორის. სულ ასე დახტის და დღესაც არ იკადრა მობრძანება. არ ვიცი დარჩება თუ არ დარჩება და ვინც დარჩება, მათ საყურადღებოდ მინდა ვთქვა, კეთილი ინებეთ და მოუარეთ, ეს ქალაქს სჭირდება“.

ქალაქის მერი „კეთილმოწყობის“ სამსახურს შეხვედრის ბოლოსაც შეეხო, მაშინ, როდესაც ააიპ–ებისთვის შენობებისა და მათი ეზოების კეთილმოწყობაზე საუბრობდა: „ძალზე მწყინს, რომ დღეს ლონდარიძე აქ არ ბრძანდება, მას ბოლოს და ბოლოს მოვუწყვე, გავუკეთე და საჩუქრად მივართვი ის ტერიტორია, სადაც ამჟამად მისი ტექნიკა არის თავმყრილი, ე.წ „საქმიანი ეზო“.

'თავიდან მგლად კი გამომაცხადეს, მაგრამ მაინც და მაინც მგელი არ ვიყავი' – ვლადიმერ ზედგინიძის  ბოლო შეხვედრა მერის რანგში

მერის გამოსვლის შემდეგ, მუშაობა საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემაც შეაჯამა. მან თანამშრომლებს და ქალაქის მერს, გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა: „ნაკლოვანებები და წარმატებები ყველას გვქონდა. სასიამოვნო იყო თქვენთან მუშაობა. მადლობა მინდა ვლადიმერს გადავუხადო, ვინც ერკვევა თვითმმართველობაში და მის ლაბირინთებში, ძნელია ერთ წელიწადში რამე შექმნა ღირსეული და შენი სათქმელი თქვა. როდესაც მერი მოდის, ერთი წლის განმავლობაში ეცნობა ამ ლაბირინთებს და მერე იწყებს მუშაობას. მე ვიცი და თქვენც იცით რა ურთულეს პერიოდში მოუწია მას თანამშრომლობა და მუშაობა, იმიტომ რომ იყო შიგინიდანაც და გარედანაც დიდი ზეწოლები და მან შთამბეჭდავი შედეგი დადო“.

შეხვედრის დასასრულს „სამხრეთის კარიბჭემ“ მერს გიორგი ლონდარიძისადმი გამოთქმული უკმაყოფილებისა და მხარდაჭერის არარსებობაზე კითხა.

„ეს არის იუმორი მისდამი. მინდოდა დღესაც ჩემს გვერდით ყოფილიყო, როგორც ყოველთვის იყო“, – ასე უპასუხა მერმა გიორგი ლონდარიძის შესახებ დასმულ შეკითხვას.

რაც შეეხება მხარდაჭერას, მერმა განაცხადა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ხელმძღვანელებსგან ისეთი მხარდაჭერა ჰქონოდა, როგორსა ქალაქის მერია იმსახურებს: „იყო რიგი საკითხები, რომლის გადაჭრაში ჩვენ გვჭირდებოდა დახმარება. მე რეკომენდაცია არ მიმიღია არასდროს, არ ვიცი რატომ. თუნდაც, ჩემი მოსვლის დღიდან, ერთ ადამიანს მაინც მოელოცა, რომ მე აქ დავნიშინე“, – განაცხადა ვლადიმერ ზედგინიძემ, თუმცა დეტალებზე საუბარი აღარ ისურვა: „ჩაძიება არ მინდა, მეტს არ ვამბობ არაფერს“.

შეხვედრის დასრულების შემდეგ „სამხრეთის კარიბჭე“ გიორგი ლონდარიძესაც დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რატომ არ ესწრებოდა მერის ბოლო შეხვედრას. ლონდარიძემ განაცხადა, რომ დღეს ქალაქში არ იყო და არც შეხვედრის შესახებ იცოდა. მერის საყვედური კი გაუკვირდა: „პირიქით კმაყოფილი იყო და ამბობდა რომ თანამდებობაზე უნდა დაინიშნოსო, თუმცა დღემდე არ ვარ დანიშნული. რაც შეეხება „საქმიან ეზოს“, გიორგი კოპაძის დროს გამოიყო ტერიტორია, კი მოასფლტდა, მაგრამ დენი და წყალი არ მაქვს, საყარაულო ოთახი არ არის, ტექნიკა რომ შევიყვანო და მილიონად ღირებული მანქანა გავაჩერო“.

დღევანდელი შეხვედრის შესახებ მერიის თანამშრომლები და ააიპ–ების ხელმძღვანელები მერის მდივანმა ტატა გელაშვილმა გააფრთხილა. როგორც მან სატელეფონო საუბარში განაცხადა, გიორგი ლონდარიძეს სამი დღის განმავლობაში ვერ დაუკავშირდა. დღეს, 13 ნოემბერს ლონდარიძემ სატელეფონო ზარზე არ უპასუხა, ამიტომ შეხვედრის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ვისაც აივანზე ყვავილების დარგვა სურს, მიწასა და ყვავილებს ახალციხის მერია მისცემს
ახალციხის მერიაში საკადრო ცვლილებები დაიწყო – ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს
„თქვენი კითხვა ცოტა უადგილოა“ – მერის პასუხი დაკეტილ საზოგადოებრივ ტუალეტზე
ახალციხის ახალი მერი სამსახურების უფროსებს გაეცნო
ახალციხის მერია ოთხმა თანამშრომელმა დატოვა
ახალციხის მერის უხვი დაპირებები უნივერსიტეტს
ახალციხის მერიამ 6–თვიანი მუშაობა შეაჯამა