სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

ახალციხეში პოლიციას ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ

მთავარისიახლე, სამართალი 09.11.2017
დღეს, 9 ნოემბერს, წუხელ ღამით დაკავებული ოთხი მამაკაციდან ერთ–ერთი პოლიციამ ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. პაციენტის ოჯახის წევრები პოლიციას ცემაში ადანაშაულებენ.

ახალციხეში პოლიციას ახალგაზრდა მამაკაცის ცემაში ადანაშაულებენ

შემთხვევა ღამით, დაახლოებით, 02:30 საათზე, საბარგო სადგურზე ერთ–ერთ კვების ობიექტში მოხდა. ოთხი ახალგაზრდა მამაკაცი შენობაში შესვლას ცდილობდა. თუმცა, დაწესებულების ადმინისტრაციამ მათ შიგნით შესვლის უფელბა არ მისცა.

„ბიჭები დამთვრალან და ლოკანტაში წასულან. უთქვამთ, რომ ყავის დალევა უნდოდათ. იქ ერთ–ერთი ქალი გამოსულა და უთქვამს, რომ მათ არ შეუშვებდა შიგნთ, რადგან აქ შესვლის უფლება მხოლოდ თურქებს ჰქონდათ. ამაზე მომხდარა იქ რაღაცა ამბავი და ლოკანტაში ქალებს პოლიციაში დაურეკავთ“, – გვიყვება ერთ–ერთი დაკავებულის მამა თამაზ კაპანაძე.

მისი თქმით, დაკავებისთანავე მას შვილმა დაურეკა და მომხდარის შესახებ მოუყვა: „მითხრა ქვედა სამმართველოში ვართო და მივედი, დაველაპარაკე, არაფერი არ სჭირდა. სანამ იქ ვიცდიდი, რეგიონის უფროსი მოვიდა, ავთანდილ გალდავა, ნასვამი იყო. რატომღაც ჩემი შვილის ერთ–ერთ მეგობარს ჰკითხა, აქ რა გინდაო. ბავშვმა უპასუხა, რომ მისი მეგობრები იყვნენ დაკავებულები და პოლიციაში იმიტომ იცდიდა. არ ვიცი რატომ გაღიზიანდა, ბავშვი ხალისკვრით შეათრია შიგნით და უშვერი სიტყვებით აგინა“.

თამაზ კაპანაძის თქმით, ამის გამო მათ შენობა დაატოვებინეს და შიგნით აღარ შეუშვეს: „სამმართველოს უფროსის მოადგილემაც დამამშვიდა, ისეთი არაფერი იქნება, ადმინისტრაციული ჯარიმით გამოუშვებენ ბიჭებსო და წამოვედი“.

თამაზ კაპანაძეს, დღეს, როგორც თავად ამბობს, მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მისი შვილი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაიყვანა: „რომ მოვედი, შიგნით არ შემიშვეს, ექიმმა მითხრა, მუცელში გაჟონვააო, სავარაუდოდ, კისერთან მოტეხილობაა და ტვინის შერყევა აქვსო“.

მამისგან განსხვავებით, ემერჯენსის განყოფილებაში შეუშვეს დაკავებულის ადვოკატი ეკა აბაშიძე.

„ექიმმა მითხრა, რომ პაციენტი პოლიციამ დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გადმოიყვანა. ასევე, ექიმმა მითხრა, რომ ექოსკოპიამ მუცლის ღრუში სითხე აჩვენა, მომატებულია სისხლის ანალიზში ლეიკოციტები, ქვედა ტუჩის შიდა მხარეს არის კოლტოვანი წარმონაქმნი, თვალის გარშემო კი აქვს შეფერილობა“.

ისევე როგორც დაკავებულის ოჯახის წევრები, ადვოკატიც ფიქრობს, რომ მის მიმართ ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა: „როცა სადღაც სისხლჩაქცევა ფიქსირდება და კოლტოვანი წარმონაქმნი ჩნდება, ეს ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგია“.

როგორც „სამხრეთის კარიბჭესთან“ დაკავებულის მეგობრები აცხადებენ, დაშავებულის ნახვის უფლება ადვოკატზე ადრე მათ მიეცათ: „ვიდრე აქ ბევრი პოლიციელი მოვიდოდა, ორი ძმაკაცი შეგვიყვანეს. ძალიან ცუდადაა, ძლივს ლაპარაკობს, გვითხრა მცემესო. მერე იქ პოლიციელებსაც ეკითხებოდა, ასეთი რა დავაშავე, რომ ამ დღეში ჩამაგდეთო“.

რა ჩივილით შეიყვანეს სამართალდამცავებმა დაკავებული საავადმყოფოში, ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში არ საუბრობენ. „სამხრეთის კარიბჭეს“ ექიმთან საუბრის საშაულება არ მიეცა. დირექტორი ელდარ ალიევი კი აცხადებს, რომ პაცინეტის მდგომარეობა სტაბილურია, ამჟამად კი მას გამოკვლევები უტარდება: „ახლა მეტს ვერაფერს გეტყვით“.

დაკავებული მსჯავრდებულ გიორგი კაპანაძის ძმაა. იგი 2015 წლიდან მსჯავრს იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა–ტარების ბრალდებით იხდის. მაშინ სასამართლო პროცესებზე გიორგი კაპანაძე პოლიციის თანამშრომლებს ცემაში ღიად ადანაშაულებდა. დღეს კი მისი მშობლები ცხადებენ, რომ მათი ოჯახის მიმართ პოლიციის მხრიდან ზეწოლა ისევ ხორციელდება.

„ჩემი შვილის სიმამრი არის კანონიერი ქურდი და ამის გამო გვისწორდებიან. რა ლოგიკაა, ეგრე მამაჩემიც იყო პოლიციელი და მაშინ მეც მაპატიონ თუკი რამე დავაშავე“, – აცხადებს დაკავებულის მამა თამაზ კაპანაძე.

ოჯახი ითხოვს, რომ დაკავებულის მდგომარეობის შესახებ ზუსტი ინფრომაცია მიაწოდონ და ასევე დაკავებულის თბილისში გადაყვანის საშუალება მისცენ.

„მდგომარეობა რომ მარტივი იყოს, ასეთ გამოკვლევები არ დასჭირდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა რთულადაა, გვეშინია კიდევ უფრო ცუდად არ გახდეს, ამიტომ ვითხოვთ, რომ აქედან წაყვანის საშუალება მოგვცენ“, – ამბობს დაკავებულის მამა.

რა მუხლით დააკავეს ახალგაზრდები ახალციხეში სამართალდამცავებმა, რა გახდა მათ შორის ერთ–ერთის დროებითი მოთავსების იზოლატორიდან საავადმყოფოში გადაყვანის მიზეზი, ან რა პასუხი აქვთ პოლიციელების ცემის ბრალდებაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროდან „სამხრეთის კარიბჭე“ პასუხს რამდენიმე საათია ელოდება.

დაკავებული კი ჯერ ისევ საავამდყოფოში რჩება, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებიან პოლიციელებიც.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

დაკავებული, რომელსაც საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა, იზოლატორში დააბრუნეს
ადვოკატი: 'ბრალდებული ისე სცემეს, რომ საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდა'
ახალციხეში დაკავებულ ახალგაზრდებს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდათ
შსს პოლიციელების ცემაში დადანაშაულებაზე: ერთ–ერთმა დაზარალებულმა დამატებითი გამოკვლევა თავად მოითხოვა
ქმრის მიერ დაჭრილი ცოლი ჯერ ისევ საავადმყოფოში რჩება
იარაღის უკანონო  შეძენა–შენახვაში ბრალდებულს 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს
მსჯავრდებულის ოჯახი რეგიონის პოლიციის უფროსს ოჯახის დევნაში ადანაშაულებს