სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 03.11.2017
გეოლოგიური კვლევის მიხედვით, ახალციხის ცენტრალური წყლის მილი მეწყერსაშიშ ზონაშია და შესაძლოა გაწყდეს. ამ დასკვნიდან ერთი წელი გავიდა, გამაგრებითი სამუშაოები კი ამ დრომდე არ ჩატარებულა.

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
წყლის მილი გზის ქვეშ. ფოტო: © გეოლოგიური დასკვნიდან


ახალციხიდან სოფელ ურავლის მიმართულებით, მე–11 კილომეტრზე, ბეტონის გზის ნაწილი ჩავარდნილია, შუაზე გაყოფილ ბეტონის გზაზე კი ბალახია ამოსული. ამ გზის ძირში, ურავლიდან მომავალი წყლის ცენტრალური მილი გადის, რომლითაც მთელი ქალაქი და ორი სოფელი – მინაძე და ჭაჭარაქი მარაგდება. დაზიანებული გზა კი ქალაქთან სამ სოფელს ურაველს, წყორძასა და ხეოთს აკავშირებს. გარდა ამისა, ამ გზით სარგებლობენ სათიბ–საძოვრებამდე მისასვლელად აწყურში, წნისში, ელიაწმინდისა და გიორგიწმინდაში მცხოვრებლები.

გზა 150–200 მეტრ სიგრძეზეა დაზიანებული. ეს ადგილი მეწყერული ზონაა და მისი მოწყვეტის შემთხვევაში, გარდა იმისა, რომ სამ სოფელს შემოვლითი გზით მოუწევს გადაადგილება, მთელი ქალაქი, 7 000–მდე აბონენტი, წყლის გარეშე დარჩება.

„წყლის ტრუბა გზას უჭირავს ახლა, გზა რომ მოწყდეს, ტრუბაც გაწყდება. წლებია რაც მანდ გზამ დაწევა დაიწყო, მაგრამ პატრონი არავინაა“, – ამბობს სოფელ წყორძაში მცხოვრები კახა სუდაძე.

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
წყორძა. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე


მეზობელს ეთანხმება ოთარ სუდაძე: „თავიდანვე რომ შეესწავლათ ამ გზის მდგომარეობა, ასე აღარ მოხდებოდა. ახლა ვეღარაფერს აკეთებენ ზემოდან, რადგან ქვემოდან მიწა ეცლება“.

სოფელ ურაველში ადგილობრივების ნაწილი ფიქრობს, რომ გზის ავარიულ მონაკვეთში მიწამ ცოცვა მას შემდეგ დაიწყო, რაც მის ქვედა მხარეს საკალმახე მეურნეობის ასაშენებლად მიწა გამოიღეს.

„საკალმახე რომ ააშენეს, მიწა გამოეცალა და გზა ეგრე იმიტომ გახდა. მანამდე გზას საყრდენი ჰქონდა, ახლა აღარაფერი აკავებს“, – ამბობს ურაველში მცხოვრები ზაურ კაპანაძე.

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
ურავლის მცხოვრებლები. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე


ურავლის თემიდან პრობლემის განხილვამ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ორი წლის წინ გადაინაცვლა. 2015 წლის ბოლოს გზის დროებით შეკეთებაზე, დამეწყრილი ადგილის შესასწავლად კი გეოლოგიური კვლევის დაკვეთაზე ფიქრი დაიწყეს.

„თავიდან იყო ძალინ აქტიური მეწყერი, ანუ მაშინ, როცა გზა პირველად დაზიანდა, ამიტომ კვირაში ერთხელ გვიწევდა შეკეთება, ახლა ცოტა შენელდა და წელს მხოლოდ ორჯერ შეკეთდა, ოღონდ ორმულად, ისე როგორც სხვა გზების შეკეთება ხდება ხოლმე და არა იმიტომ, რომ აქ დამეწყრილი ადგილია“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე, რომელიც ამავე მუნიციპალიტეტის ახალარჩეული მერია.

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
გამსკდარი ბეტონის გზა. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე


მისი თქმით, გზაზე არსებული ვითარების შესასწავლად გეოლოგებს ადგილის შესწავლა სთხოვეს, ასევე საქმის კურსში ჩააყენეს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“. წყალმომარაგების კომპანიის დაკვეითი კი გასული წლის აპრილში შპს „ჯეოინჟინირინგმა“ საინჟინრო–გეოლოგიური გამოკვლევა ჩაატარა.

რა წერია გეოლოგიურ დასკვნაში

ლაბორატორიული დასკვნის მიხედვით კი აქ ვითარება რთულია: „გეოლოგიური პირობების სირთულე არის მესამე კატეგორიის (რთული); სირთულის უმთავრეს განმაპირობებლ ფაქტორს მეწყერული მოვლენები წარმოადგენს“, – ვკითხულობთ დოკუმენტში, რომელსაც ხელს შპს „ჯეოინჟინირინგის“ გენერალური დირექტორი ლერი მიქაბერიძე აწერს.

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
დამეწყრილი გზა. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე


ამავე დოკუმენტის მიხედვით, მეწყერის წარმოქმენის მიზეზი გახდა გარკვეულ ეტაპზე აქ ფერდობის გაწყლოვანება ხელოვნურად, მორწყვით, ან ბუნებრივად, წვიმისა და თოვლის დნობით. მეწყერის წარმოქმნას კი ხელი მდინარე ურავლის მარცხენა ნაპირზე თვზსაშენის მშენებლობამ შეუწყო. სწორედ ამის გამო აქ „თიხოვანი გრუნტებით აგებულ ფერდობის ფუძეში 6–9 მ სიმაღლის ციცაბო ხელოვნური ფერდობი შეიქმნა“.

თევზსაშენი ურავლის გზაზე 1981 წელს აშენდა. ბოლო ექვსი წელია მას დავით მოდებაძე ხელმძღვანელობს. იგი ურავლის მკვიდრია, თუმცა არც მეზობლების მოსაზრებას, რომ სწორედ ამ თევზსაშენმა შეუწყო ხელი მეწყერის განვითარებას და არც ლაბორატირიულ დასკვნას, არ ეთანხმება.

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
საკალმახე. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე


„არასდროს ყოფილა მანდ მცოცავი მიწა. 35 წელი მანდ არაფერი ყოფილა და მეწყერი ახლა გამოიწვია?! შეიძლება წყლის მილი რომ გადის, იმას აქვს თავისი სისველე და მეწყერული ეგ ადგილი იმიტომ გახდა“, – ამბობს მოდებაძე.

ამ ზონის გაწყლიანებასთან დაკავშირებით, სხვა შეხედულება აქვს სოფელ ურავლის მკვიდრსა და ახალციხის საკრებულოს დეპუტატს „ევროპული საქართველოდან“ მაკა სუდაძეს: „დიდი ალბათობით დიატომიტის შახტიდან იჟონება წყალი, მანდ ტბაა და იქიდან მოდის წყალი. სოფელში სხვა წყალი არ არის, უწყლობის გამო ერთმანეთს ვხოცავთ მეზობლები. თუ ტბაა მიზეზი, მაშინ მაგას უნდა მიხედონ“.

ტბიდან, ან სხვა რაიმე ობიექტიდან წყლის ჟონვასთან დაკავშირებით, გეოლოგიურ დასკვნაში არაფერი წერია, თუმცა რეკომენდაციების ნაწილში, ავტორი პრობლემის გადაჭრის სამ გზაზე საუბრობს. პირველი – ფერდობის გამაგრება და წყლის მილის ადგილზე დატოვებაა. მეორე – წყლის მილის ფერდობის ზედა ნაწილში გადატანა, სადც მეწყერის განვითარება მას ხელს ვერ შეუშლის,მესამე კი მილის გადატანა ფერდობის ფუძეში, უფრო კონკრეტულად კი ფერდობსა და თევზსაშენის ბეტონის ღობეს შორის.

ამავე დასკვნის მიხედვით, სამი რეკომენდაციიდან თავად ავტორი უპირატესობას პირველს ანიჭებს. მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა გასული წლის გაზაფხულზე დაიდო, ამ დრომდე აქ გამაგრებითი სამუშაოები არც მუნიციპალიტეტის გამგეობას და არც „საქართველოს გაერთაინებული წყალმომარაგების კომპანიას“ არ ჩაუტარებიათ.

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
ურაველის გზა. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე


„მდგომარეობა სტაბილურია, დაკვირვებას ვაწარმოებთ მუდმივად. საჭიროების შემთხვევაში გავაკეთებთ“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე.

შეკითხვებზე ვინ უნდა გაამაგროს მეწყერსაშიში მონაკვეთი, ან რის საფუძველზე გამორიცხავს მილის მოწყვეტის საფრთხეს, მელიქიძე გვპასუხობს: „არ არის გამორიცხული რომ ჩვენ გავაკეთოთ, ან წყალმომარაგების კომპანია გააკეთებს. აქ რაღაც უცბად რომ მოხდეს, გამორიცხულია, რადგან მუდმივად ვაკვირდებით და პროცესი შენელებულია“.

მიუხედავად მელიქიძის განცხადებისა, გეოლოგიურ დასკვნაში ვკითხულობთ, რომ „მილსადენის ის მონაკვეთი, რომელიც მეწყრულ სხეულშია მოქცეული, განიცდის მის ზემოთ არსებული მეწყერული მასის დაწოლას. მეწყერული მასის წანაცვლების კვალობაზე დაწოლა და შესაბამისად ამით გამოწვეული მილსადენის დაძაბულობა თანდათან მოიმატებს, რაც გარკვეული ზღვრის შემდეგ გამოიწვევს მის გაწყვეტას“.

შესაძლოა ახალციხე უწყლოდ დარჩეს
გამსკდარი ბორდიული. ფოტო: © სამხრეთის კარიბჭე


ამავე დოკუმენტის მიხედვით, ყველა ნიშანი არსებობს იმისა, რომ სათანადო პირობების შექმნის შემთხვევაში, რაც გრუნტების მნიშვნელოვან გაწყლოვანებაში გამოიხატება, მეწყერი აქტიურ ფაზაში გადავა.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ახალციხის სერვისცენტრში აცხადებენ, რომ ქალაქს წყლით მომარაგების სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. რაც იმას ნიშნავს, რომ ცენტრალური მილის დაზიანების შემთხვევაში, ქალაქს, მის აღდგენამდე, უწყლოდ დარჩენა ემუქრება.

მიუხედავად ამისა, მეწყრული ადგილის გამაგრებაზე ამ დრომდე სამუშოები არც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუწყია“.

„ჩვენ ვაპირებთ, რომ მილი ფერდობის ზედა მხარეს გადავიტანოთ. ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, – აცხადებენ უწყებაში და ამატებენ, რომ ამ ეტაპზე სხვა დეტალები გარკვეული არ არის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.11.2017 საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდვებია დაწესებული

21.11.2017 ცოლის დაჭრაში ბრალდებულმა საპროცესო შეთანხმებაზე უარი მიიღო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ახალციხის ცენტრალური წყლის მილს მდებარეობას შეუცვლიან
მეწყერის გამო, ახალციხის რამდენიმე სოფელს გზის, ქალაქს კი სასმელი წყლის გარეშე დარჩენა ემუქრება
რა ბედი ელის ურაველის დამეწყრილ გზას
რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?
ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
რუსთაველის ქუჩაზე დაზიანებული წყლის მილის შეკეთება დაიწყეს
გევორქიანები დაზიანებული წყლის მილის შეკეთებას ითხოვენ