FM97.5 / LIVE

პოლიტიკური პარტიები ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა, არჩევნები 21.05.2012
შემოდგომით საქართველო პარლამენტს მეშვიდედ აირჩევს. რა ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ ამ დროისთვის პოლიტიკურ პარტიებს ახალციხეში

პოლიტიკური პარტიები ახალციხეში
შემოდგომით საქართველო პარლამენტს მეშვიდედ აირჩევს. რა ფინანსური და ადამიანური რესურსი აქვთ ამ დროისთვის პოლიტიკურ პარტიებს ახალციხეში, ვინ არიან მათი სახეები, აქვთ თუ არა ოფისები მუნიციპალიტეტში; რა აქტივობებს ახორციელებენ და რას ფიქრობს ამომრჩეველი.

ამჟამად ახალციხეში შვიდი პოლიტიკური პარტიაა წარმოდგენილი: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “კონსერვატიული პარტია”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, “ახალი მემარჯვენეები” და “თორთლაძე – დემოკრატიული პარტია”. მათ შორის სამი, კოალიცია “ქართულ ოცნებაში” შემავალი პარტიაა - “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”, “რესპუბლიკელები” და “კონსერვატორები”.

ოფისები
“ქართული ოცნების” ოფისი ახალციხეში ჯერ ოფიციალურად არ გახსნილა, თუმცა, ნათენაძის #38-ში ხუთი აპრილიდან ფუნქციონირებს. სწორედ ამ დღეს გააფორმა ხელშეკრულება “მენეჯმენტ სერვისმა” გამქირავებელთან. მას შემდეგ ოფისი გარემონტდა, საჭირო ტექნიკითა და ინვენტარით აღიჭურვა. მანამდე კი, სანამ ამ ადგილს “ქართული ოცნება” დაიკავებდა, ეს ფართი “რესპუბლიკელებს” ეკავათ. პარტია აქ 2006 წლიდან დღემდე უწყვეტად მუშაობს.

- “უფრო დიდი ოფისის ქირაობა გვინდოდა, მაგრამ ვინც კი შევითანხმეთ, ყველამ უარი გვითხრა. ხალხი ისე დააშინეს, რომ ბინის მოქირავება ვერავინ გაბედა. ერთ-ერთ უმუშევარ ოჯახს ქალიშვილზეც დაემუქრნენ”, - ამბობს “საქართველოს რესპუბლიკური პარტიის” ეროვნული კომიტეტის წევრი და ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ გოგოლაძე.

როგორც კოალიცია “ქართული ოცნების” რეგიონულმა მდივანმა გელა ხვედელიძემ განგვიცხადა, ახალციხეში “ქართული ოცნების” ოფისი 27 მაისამდე გაიხსნება.

გარდა “რესპუბლიკელებისა”, გახსნიდან ამ დრომდე, ახალციხეში უწყვეტად მუშაობს “ნაციონალებისა” და “ქრისტიან-დემოკრატების” ოფისებიც. 2008 წლიდან დღემდე, მისამართის შეცვლის გამო, მხოლოდ ორი თვით შეაჩერა მუშაობა “ქრისტიან დემოკრატიულმა” პარტიამ. 2004 წლის შემდეგ არ შეუწყვეტია ფუნქციონირება “ნაცინალური მოძრაობის” ოფისს.

არასდროს ჰქონია ოფისი ახალციხეში “თორთლაძის” პარტიას. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხანგრძლივობით ფუნქციონირებდნენ “კონსერვატორები” და “მემარჯვენეები”.

“კონსერვატორებს” წელიწადზე მეტია, ოფისი არ აქვთ. 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ნაქირავები ფართი არჩევნების შემდეგ მალევე დატოვეს. პარტია ახალციხეში 2005 წლიდან არსებობს. შვიდი წლის განმავლობაში მისი ოფისი ფუნქციონირებას მხოლოდ არჩევნებისთვის ახერხებდა. “კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის თქმით, მიზეზი ყოველთვის მცირე დაფინანსება იყო.

ათ წელზე მეტია, რაც ახალციხეში “ახალ მემარჯვენეებს” თავიანთი წარმომადგენლები ჰყავთ. ბოლოს, მათი ოფისი, რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, გასული წლის დეკემბერში, თამარაშვილის რვა ნომერში გაიხსნა და ამ დრომდე ამ მისამართზეა წარმოდგენილი.

პოლიტიკური სახეები
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა დემეტრაძეა. ამავე პარტიის წარმომადგენელია მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მალხაზ გიქოშვილი. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი მარინე სუდაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოში “ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეა. ამავე დროს, იგი არის არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” დირექტორიც.

არასამთავრობო სექტორსა და პოლიტიკაშიც საქმიანობას სუდაძე 1999 წლიდან იწყებს. ამ წელს გახდა იგი ახალციხეში მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს თავმჯდომარე და ჩამოაყალიბა “ახალციხის საზოგადოებრივი განვითარების ცენტრიც”.

“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მსგავსად, პარტიულ საქმიანობასთან შეთავსებით, სხვადასხვა სამსახურში დასაქმებულნი არიან “თორთლაძისა” და “ქრისტიან-დემოკრატიული” პარტიების წარმომადგენლები.

“ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ თამარაშვილი ახალციხის იურიდიული დახმარების სამსახურში ადვოკატია. აღნიშნული სამსახური საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.

“თორთლაძე – დემოკრატიული პარტიის” წარმომადგენელი ახალციხეში ლიანა ქეშიშევა 45 წელია ახალციხის რაიონულ საავადმყოფოში მუშაობს, ნეონატოლოგია.

ქეშიშევასა და თამარაშვილის განცხადებით, იმის გამო, რომ ოპოზიციურ პარტიებში არიან, სამსახურებში პრობლემა არასდროს შექმნიათ. ამასთანავე, 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ორივე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატია.

საკრებულოს დეპუტატია “კონსერვატიული პარტიის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოლეგ სანდროშვილიც. მას ქალაქის გამგეობასა და საკრებულოში სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიცია ეკავა. “კონსერვატორებში” 2005 წლიდან გაწევრიანდა და 2006 წლიდან, ასევე, საკრებულოს დეპუტატი გახლდათ.

თამარ გოგოლაძე კენჭს იყრიდა როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ასევე, საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარ დეპუტატად: “ხმებს ყოველთვის ვღებულობდი, თუმცა, მერე დაცვა იყო ძნელი. ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ არჩევნებზე არ გავსულიყავი”.

ამბობს, რომ თავად უმუშევართა პარტიას წარმოადგენს: “2006 წელს, ახალციხეში “რესპუბლიკური პარტიის” საინიციატივო ჯგუფის შექმნის დღესვე გამათავისუფლეს ახალციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტიდან. აქ ლიტერატურის თეორიას და სტილისტიკას ვკითხულობდი”.

ბიძინა ივანიშვილის პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ჯერ იურიდიულად გაფორმებული არ არის. თუმცა, მას წარმომადგნლები ახალციხეში უკვე ჰყავს. ზურა ბაიდაური, ჯიმშერ გოგოლაური და ბადრი ზაზაძე უმუშევრები არიან. გოგოლაური 2005 წლამდე ახალციხეში პოლიციის თანამშრომელი იყო. ზაზაძე გასული წლის შემოდგომამდე საქართველოს ჯარში მსახურობდა. საქართველოს სასაზღვრო ჯარში იმსახურა 12 წელი ბაიდაურმაც.

- “სიმამრის ძველ ბინაში ვცხოვრობ, ამჟამად ჩემს სახელზე არაფერი ირიცხება, არ მაქვს სახლი, არც მიწა, - ამბობს ბაიდაური და ამატებს, რომ ბინა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ ჩამოართვეს, – მოტივი იყო ის, რომ თითქოს მე რუსეთის ყოფილი ოფიცერი ვიყავი და “პაგრანიჩნი გარადოკში” უკანონოდ ვიკავებდი ბინას. არადა, ოფიცერი საბჭოთა კავშირის ჯარში ვიყავი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს დავტოვე დემონსტრაციულად”.

მანამდე, სანამ “ახალი მემარჯვენეების” ახალციხის რაიონულ ორგანიზაციას ჩაუდგებოდა სათავეში, მცირე ბიზნესით იყო დაკავებული მალხაზ გოგოლაძე. საკუთარი ტექნიკით, ბოლოს, კარწახში რკინიგზის მშენებლებს ემსახურებოდა. გოგოლაძემ პარტიაში გაწევრიანების შემდეგ, როგორც თავად ამბობს, იმ მოტივით, რომ ტექნიკას სათანადო ყუარდღებას ვეღარ მიაქცევდა, ყველაფერი გაყიდა და მთლიანად პოლიტიკური საქმიანობით დაკავდა.

ადამიანური რესურსები
მალხაზ გოგოლაძის თქმით, ახალციხეში “მემარჯვენეებს” სიით 250 კაცი ჰყავთ. 300 წევრი ჰყავთ “ქრისტიან დემოკრატებს”. მათ შორის 50 ახალგაზრდაა და, როგორც პარტიაში აცხადებენ, ეს რესურსი აბსოლუტურად საკმარისია იმისთვის, რომ ყველა უბანზე წარმომადგენელი ჰყავდეთ. ქეშიშევა, “თორთლაძის” პარტიის წარმომადგენელს ახალციხეში, როგორც თავად ამბობს, არავის იცნობს. ამ ეტაპზე, სამი წევრითაა წარმოდგენილი ივანიშვილის ახალი პარტია. “რესპუბლიკელების” პარტია სიით 70-მდე მოქალაქეს ითვლის. “კონსერვატორები” კი მათ რიგებში 50 წევრს აერთიანებს.

ჩამოთვლილი პარტიებისგან განსხვავებით, უჭირთ განსაზღვრონ პარტიის წევრთა რაოდენობა “ნაციონალებს”. მმართველი პარტიის ახალციხის რაიონულ ოფისში პარტიის წევრთა რეგისტრაციას არ აწარმოებენ.

- “ასე იმიტომ ვიქცევით, რომ ვინმემ ცუდად არ გამოიყენოს პარტიის სტატუსი. თან ადამიანებს პასუხისმგებლობისგან ვათავისუფლებთ. რაიონის მასშტაბით 1 000-ზე მეტი აქტიური მხარდამჭერი გვეყოლება. თორემ ორგანიზება რომ დამჭირდეს, დღეში 10 000 ადამიანს შევკრებ”, - აცხადებს სუდაძე.

ფინანსური რესურსი
ახალციხეში არსებული შვიდი პარტიიდან, ყოველ თვეში ხელფასს მხოლოდ სამი პარტიის თანამშრომელი იღებს. “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში, სუდაძის თქმით, ფიქსირებული ხელფასი ერიცხება ტექნიკურ მუშაკს, დამლაგებელს, მდივანს და საორგანიზაციო მდივანს. ხელფასს ღებულობს “თორთლაძის” პარტიის წევრი ლიანა ქეშიშევა და “მემარჯვენეების” რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეც.

ნუგზარ თამარაშვლის განცხადებით, “ქრისტიან-დემოკრატები” ახალციხეში უხელფასოდ მუშაობენ.

ამ დრომდე უხელფასოდ მუშაობს “ქართულ ოცნებაში” შემავალი სამივე პარტია, თუმცა, ეს იმიტომ, რომ ჯერ ოფისი ოფიციალურად არ გახსნილა, შტაბი არ ჩამოყალიბებულა. ამდენად, აქ ჯერ ფუნქციები და მოვალეობები გამიჯნული და გადანაწილებული არ არის. ამიტომ, როგორც კოალიციაში აცხადებენ, ჯერ ოფისში არანაირი დაფინანსება არ მოდის. საჭირო ინვენტარი და აპარატურაც სათავო ოფისმა თბილისიდან თავად ჩამოიტანა.

- “ოფისის გახსნამდე გამოიკვეთება ის ადამიანი, რომელიც შტაბს ჩაუდგება სათავეში. არ გამოვრიცხავთ, რომ ის არ იყოს ადგილობრივი, შესაძლოა, თბილისიდან ჩამოვიდეს”, - განუცხადა “სამხრეთის კარიბჭეს” გელა ხვედელიძემ.

“ქრისტიან-დემოკრატებისა” და “ნაციონალების” განცხადებით, მათ გარკვეული თანხის მიღება სათავო ოფისებში ამა თუ იმ მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ შეუძლიათ.

თამარ გოგოლაძის თქმით, ახალციხეში “რესპუბლიკელები” ძირითადად ენთუზიამზე მუშაობენ. პარტიიდან დაფინანსებას არც “კონსერვატორები” ღებულობენ.

აქტივობები
ფინანსური პრობლემების გამო სოფლებში გასვლას და მოსახლოებასთან შეხვედრების გამართვას ვერ ახერხებს ოლეგ სანდროშვილი.

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სამცხე-ჯავახეთის წარმომადგენლობას “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ თამარაშვილი ხელმძღვანელობს: “ვანახლებთ წევრებს, თადარიგს ვიჭერთ კომისიის წევრებისა და დამკვირვებლების მობილიზებისათვის. წინასაარჩევნოდ სოფლებში გასვლა ჯერ არ დაგვიწყია”.

მოსახლეობასთან შეხვედრების გამართვა ჯერ არც სხვა ოპოზიციურ პარტიებს დაუწყიათ. გამონაკლისი ამ დრომდე მხოლოდ “ახალი მემარჯვენეებია”. პარტიის ლიდერებმა დავით გამყრელიძემ და ფიქრია ჩიხრაძემ მესხეთში, გასულ თვეში, 19 სოფელი მოიარეს. რაც შეეხება რაიონულ ოფისს ახალციხეში, ამჟამად აქ მხოლოდ ორგანიზაციის თავმჯდომარე მალხაზ გოგოლაძე მუშაობს: “კარდაკარში” გვყავს ჩართული ჩვენი წარმომადგენლები და ვაკონტროლებთ. ალბათ, მალე ოფისში ინტერნეტს შემოვიყვანთ და ერთ მდივანსაც დავიმატებთ”.

თამარ გოგოლაძის განცხადებით, ამჟამად, კოალიციაში გაერთიანებლი პარტიები სხვადასხვა დავალების შესრულებით არიან დაკავებულნი: “გვჭირდება სპეციალისტები და ვცდილობთ მათ მოძიებას, ვუთანხმდებით. სანამ სხვა წევრები შამოგვიერთდებოდნენ, “ქართული ოცნების” მე-12 ნომერი გამოვიდა უკვე, დავარიგეთ 2 000 გაზეთი. ყველა ზონას ვწვდებით. ძირითადად კი, “რესპუბლიკური” პარტია ადამიანებს იურიდიული საკითხების მოგვარებაში ეხმარებოდა”.

სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მოსახლეობასთან მუდმივად აწყობს შეხვედრებს “ნაციონალური მოძრაობა”.

- “ვეხმარებით თემს წერილებისა და, მაგალითად, ნოტარიული აქტების მომზადებაში, - ამბობს სუდაძე და ამატებს, რომ ამ დროისთვის დასრულებულია კოორდინატორების გადახალისება საარჩევნო უბნების მიხედვით. – აქტიურად ვართ ჩართულნი კარდაკარ სიბის გადამოწმების პროცესშიც”.

რაც შეეხება “თორთლაძის” პარტიის წევრის, ქეშიშევას აქტივობებს ახალციხეში, ამბობს, რომ როცა უბანზე პაციენტებთან გადის, საკრებულოს სხდომებზე აქ ნანახი და მოსმენილი პრობლემების შესახებ ყოველთვის საუბრობს.

ამომრჩევლები
ახალციხის მუნიციპალიტეტში შემთხვევით შერჩევის პრინციპით გამოკითხული 12 მოქალაქიდან, მხოლოდ ერთმა იცის, რომ ახალციხეში “უსუფაშვილის” პარტია ფუნქციონირებს. დანარჩენების განცხადებით, მათ ქალაქში რომელიმე პოლიტიკური პარტიის არსებობის შესახებ არასდროს სმენიათ.

პოლიტოლოგი მარინა მუსხელიშვილი აცხადებს, რომ არჩევნებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, ამდენად ოპოზიციური პარტიები თავიანთ საქმიანობებს საკმარისად გაშლიან: “არ უნდა ვიმსჯელოთ იმ სიტუაციით, რომელიც დღეს არის, არ უდნა გაკეთდეს პროგნოზი ამ სიტუაციით”.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.


პოლიტიკური პარტიები ახალციხეში პოლიტიკური პარტიები ახალციხეში


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ექვსი პარტიული ოფისიდან ხუთი დაიკეტა
„რესპუბლიკური პარტია“ ახალციხეში თავმჯდომარემ და წევრებმა დატოვეს
ახალციხეში პოლიტიკურმა პარტიებმა ტაიმაუტი აიღეს
ახალციხეში წინასაარჩევნო მზადება იწყება
საარჩევნო ტემპერატურა ახალციხეში
”რესპუბლიკელებმა” ახალციხეში თავმჯდომარე აირჩიეს
ახალქალაქში არჩევნებზე ოთხი პარტია იბრძოლებს