სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

რატომ მოიხსნეს კანდიდატურები სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სუბიექტებმა

მთავარისიახლე, პოლიტიკა, არჩევნები 13.10.2017
საარჩევნო სუბიექტები, რომლებმაც კანდიდატურები მოიხსნეს, ზეწოლაზე საუბრობენ. ნაწილი აცხადებს, რომ პარტიამ ისინი მაჟორიტარულ ოლქსა თუ სიებში მათ დაუკითხავად ჩასვა;

რატომ მოიხსნეს კანდიდატურები სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სუბიექტებმა

სამცხე–ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში კანდიდატურა 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა. მათ შორის წარმომადგენლები თითქმის ყველა პარტიიდან არიან, გარდა „ქართული ოცნებისა“.

მოხსნილ კანდიდატებს შორის, ყველაზე მეტი, 12 საარჩევნო სუბიექტი – „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალ საქართველოს” ჰყავს. 12–დან 11 ასპინძის, ერთი კი ბორჯომის საარჩევნო ოლქშია.

„ყველა მათგანმა კანდიდატურა ზეწოლის გამო მოხსნა. ზეწოლას ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სუს–ის წარმომადგენლები ახორციელებენ. არცერთ მათგანს ღიად საუბარი არ სურს, ეშინიათ, რომ მათი ოჯახის წევრებს პრობლემები შეექმნებათ. უწყებათაშორის კომისიას უკვე მივმართეთ“, – ამბობს „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა-დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს” რეგიონული სამსახურის უფროსი მამუკა აჩბა.

კანდიდატურები მოიხსნეს „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარებმა და პარტიული სიების წარმომადგენლებმა.

N37 ახალციხის საარჩევნო ოლქში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგისტრაცია გაუუქმა სიის მესამე ნომერს ზურაბ ბერიძეს. ამავე პარტიიდან, პარტიული სიის წევრი აღარ არის ნანა ბოჭორიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის რაიონულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზურაბ ბერიძე შესაბამისად აქტიური არ იყო, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ მისთვის რეგისტრაცია გაეუქმებინათ. ბერიძე კი ირწმუნება, რომ კანდიდატურა საკუთარი სურვილით მოხსნა, მეტიც, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სიაში ისე ჩასვა, რომ ამისი სურვილი არ ჰქონდა: „არ მივიჩინე საჭიროდ, იქ [პარტიაში] რაღაც დარღვევები იყო“.
რაც შეეხება ნანა ბოჭორიშვილს, როგორც ახალციხის მერობის კანდიდატი ნაციონალური მოძრაობიდან ირაკლი ბარძიმაძე აცხადებს, „ეს „ევროპული საქართველოს“ ახალციხის საარჩევნო შტაბის უფროსის ვახტანგ გეწაძის დაგებული ხრიკია. მას უნდოდა, რომ ხელი შეეშალა ჩვენი კანდიდატისთვის მინაძეში“.

ვახტანგ გეწაძე ბარძიმაძის ბრალდებას სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, ბოჭორიშვილის მეუღლე იმავე მინაძის ოლქში, „ევროპული საქართველოდან“ იყრის კენჭს: „როდესაც მეუღლემ გაიგო, რომ ცოლი, მასთან შეუთანხმებლად აპირებდა კენჭისყრას „ნაციონალებიდან“, სახლში გადაწყვიტეს, რომ სიიდან ამოეღოთ, თან ნანამ არაფერი იცოდა, ისე ჩასვეს სიაში“.

თავად ნანა ბოჭორიშვილი კი აცხადებს, რომ უბრალოდ პოლიტიკში ყოფნა არ უნდოდა, ამაზე კი მას შემდეგ დაფიქრდა, რაც საარჩევნო სუბიექტად დარეგისტრირდა.

ასპინძაში კანდიდატურა მოიხსნა „ნაციონალური მოძრაობის“ სიის მესამე ნომერმა ბესიკ ბექაურმა. იგი ამბობს, რომ საკრებულოში შესვლა არ უნდოდა. შეკითხვაზე, მაშინ რატომ დარეგისტრირდა, გვპასუხობს: „თავიდანვე ვამბობდი არ ჩამსვათ სიაში–თქო, მაგრამ ჩამსვეს. კანდიდატურა მოვიხსენი, თუმცა პარტიაში ვრჩები ჯერ“.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსი პაპიძემ გააუქმა რეგისტრაცია ბორჯომში, დვირის მაჟორიტარულ ოლქში.
„ოჯახის წევრის საშუალებით განახორციელეს პაპიძეზე ზეწოლა სუს–ისა და „ოცნების“ წარმომადგენლებმა. ამიტომ მოიხსნა კანდიდატურა“, – ამბობს ბორჯომში მერობის კანდიდატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ვალერი გრიგალაშვილი.

რეგიონის მასშტაბით ორმა კანდიდატმა გააუქმა რეგისტრაცია „ევროპული საქართველოდან“. ერთ–ერთი მათგანი, ლავრენტი შეშაბერიძე, რომელიც ასპინძაში ვარგავის მაჟორიტარულ ოლქში აპირებდა კენჭისყრას, ამბობს, რომ გადაწყვეტილება შვილებმა არ მოუწონეს: „დიდი შვილები მყავს და დავუჯერე. თან არ მინდა თავის გამაიმუნება, დაგპირდებიან და მერე არ შეასრულებენ. ვიცი საარჩევნოდ რა პროცესებიც ვითარდება“.

მეორე, სამველ აბრამიანი, სულდის მაჟორიტარობის კანდიდატი იყო. როგორც პარტიის ახალქალაქის რაიონულ ორგანიზაციაში ამბობენ, აბრამიანს ფინანსური პრობლემები აქვს, სამუშაოდ უკრაინაში გეგმავს წასვლას და კანდიდატურა ამიტომ მოიხსნა: „ზეწოლა არ ყოფილა“.
ოთხმა საარჩევნო სუბიექტმა მოიხსნა კანდიდატურა „პატრიოტთა ალიანსში“. მათ შორის, ორი ასპინძის, ერთი ადიგენის, ერთი კი ახალქალაქის საარჩევნო ოლქში იყო რეგისტრებული.

ადიგენში ნოდარ მიქელაძე ზანავის მაჟორიტარულ ოლქში აპირებდა კენჭისყრას. როგორც ამავე პარტიიდან ადიგენის მერობის კანდიდატი მინდია ჯელია ამბობს, მიქელაძემ კანდიდატურა ოჯახური პრობლემების გამო მოხსნა: „ფინანსური პრობლემები აქვთ, თურქეთში უნდა წავიდეს სამუშაოდ, ამიტომ ჩვენთან შეთანხმებით გადაწყვიტა, რომ მოეხსნა კანდიდატურა“.

რაც შეეხება ასპინძასა და ახალქალაქში რესგისტრირებულ კანდიდატებს, მათთან დაკავშირება „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერ შეძლო, პარტიის სათაო ოფისში კი გვითხრეს, რომ კონკრეტული მიზეზი არ იციან: „გავარკვევთ და შეგატყობინებთ“.

ერთ კანდიდატს გაუუქმდა რეგისტრაცია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“. მკრტჩ ვირაბიანი ახალქალაქში, ზაკის მაჟრიტარულ ოლქში აპირებდა კენჭისყრას.

„ამბობს რომ ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, უფრო კონკრეტულად კი გულის და კანდიდატურა ამიტომ მოიხსნა. თუმცა, ვფიქრობ, რომ ეს მიზეზია და რეალურად მასზე გარკვეული ზეწოლა განხორციელდა“, – ამბობს „გაერთაინებული დემოკრატიული მოძრაობის“ მერობის კნდიდტი ახალქალაქში მელიქ რაისიანი.

კანდიდატურები მოიხსნეს მერობის კანდიდატებმაც. ერთ–ერთი ასეთი ნინოწმინდაში ანდრანიკ კარსლიანია.

„ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ჩემი სურვილით მოვიხსენი კანდიდატურა. სხვა საუბარი არ მინდა, ეს ჩემი უფლება იყო“, – ამბობს იგი.
კანდიდატურა მოიხსნა ახალციხეში „გიორგი ვაშაძე–ერთობა ახალი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა არზუმან ზოროღლიანმაც. მასთან დაკავშირება „სამხრეთის კარიბჭემ“ ვერ შეძლო. პარტიის სათაო ოფისიდან კი რედაქცია პასუხს მესამე დღეა უშედეგოდ ელოდება.

ზეწოლებზე საუბრისას პოლიტიკოსები მმართველ პარტიას და მის წარმომადგენლებს გულისხმობენ, თუმცა, „ქართული ოცნების“ სათაო ოფისში ამბობენ, რომ ბრალდებები უსაფუძვლოა.

„რა ზეწოლებზე საუბრობენ?! ასე ჰაერზე საუბარი ყველას შეუძლია. თუ ზეწოლაა კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები წარმოადგინონ და მას შესაბამის ორგანოებში ჩვენ წარვადგენთ“, – გვითხრეს „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]

რატომ მოიხსნეს კანდიდატურები სამცხე–ჯავახეთში საარჩევნო სუბიექტებმა
სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.


17.10.2017 ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა სკოლებში – ომბუდსმენის ანგარიში

17.10.2017 საქართველოს სკოლებში ბულინგი და უცხო პირების შეღწევა კვლავ პრობლემაა – ომბუსდმენი

11.10.2017 არჩევნები შედგა, მაგრამ სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის საკითხი ისევ დავის საგანია

11.10.2017 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობას მერაბ ბერიძე შეასრულებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.10.2017 ‘თანასწორობა იგებს’ – აქცია ახალციხეში

19.10.2017 ცოლის ქამრით ცემაში ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

18.10.2017 ასპინძის გამგეობას თანამშრომლები ტოვებენ – წყარო სუს–ის ზეწოლაზე საუბრობს

18.10.2017 ახალციხის მერობის კანდიდატების ხედვები პარკინგის პრობლემის მოგვარებაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში კანდიდატურები 26–მა საარჩევნო სუბიექტმა მოხსნა
ახალციხეში 20–მა საარჩევნო სუბიექტმა კანდიდატურა მოიხსნა
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში  'ოცნებას' კონკურენტი აღარ ჰყავს
რატომ მოიხსნა 'ნაციონალების' მაჟორიტარმა კანდიდატურა ახალციხეში
ახალციხის საარჩევნო ოლქში 12 საინიციატივო ჯგუფი დარეგისტრირდა
ახალციხის მერობის კანდიდატმა ნატალი სისვაძემ კანდიდატურა მოხსნა
საინიციატივო ჯგუფის კანდიდატმა ელვარდი ზაზაძემ კანდიდატურა მოხსნა