FM97.5 / LIVE

სოფლები კლუბების აღდგენას ითხოვენ

მთავარისაზოგადოება 20.05.2012
ყოველწლიური ფესტივალისთვის “ჯავახური გაზაფხული”, ახალქალაქის სოფლები ხელშემწყობი პირობების გარეშე ემზადებიან

სოფელი სულდა ეთნოგრაფიული სიმღერისა და ცეკვის ფესტივალზე ანსამბლით პირველად წარსდგება. გუნდში 4-დან 17 წლამდე ბავშვები მღერიან და ცეკვავენ. გასულ წელს სულდადან “ჯავახურ გაზაფხულში” მხოლოდ ერთი სოლისტი მონაწილეობდა.

სოფლის კლუბში მოწესრიგებული მხოლოდ დარბაზია. კლუბის დირექტორის აზგანუშ ვარდიკიანის თქმით, წელს რაიმეს შერემონტებას ვერ შეძლებენ: “მუსიკალური ცენტრი სახლიდან მომაქვს. სათბობი ბავშვებსაც მოქონდათ, რეპეტიციები რომ ჩაგვტარებინა. ფორმების შესაკერად სპონსორი ვიპოვეთ, მაგრამ, 15 წევრის სამოსი დაგვიფინანსა, ანსამბლში კი 27 ადამიანია. დანარჩენებს რას ჩავაცვამ, არ ვიცი”.

კლუბები, ან კულტურის სახლები, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 64 სოფლიდან 30-ში ფუნქციონირებს. უმეტესად ეს 2-3 სართულიანი შენობებია. დანარჩენ სოფლებში კლუბები დანგრეულია ან საერთოდ არ არის.

კულტურის მოქმედი სახლები რემონტსა და კეთილმოწყობას საჭიროებს. შენობები ელემენტარული პირობების, ელექტროენერგიის, მუსიკალური ინსტრუმენტების, ნორმალური მაგიდებისა და სკამების გარეშეა.

- “კლუბების შენობები “ჰაერშია”, ვინმეს საკუთრებას არ წარმოადგენს. ამიტომ დახმარება არ შეგვიძლია, თუნდაც ფინანსები გვქონდეს. ამავე მიზეზითაა მოუგვარებელი კლუბებში ელექტროენერგიის საკითხიც. მრიცხველები არ არის. ველოდებით, რომ ეს საკითხი მაინც მოგვარდეს”, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კლუბების გაერთიანების დირექტორი ალიკ ქსოპიანი.

ბევრ სოფელში ელექტროენერგია კლუბებში ალტერნატიული მეთოდებით შეიყვანეს. დირექტორების ნაწილმა დენი სახლიდან გადაიყვანა, ნაწილმა კი სხვა მცხოვრებლების მრიცხველს შეუერთა, ხანდახან ამ უკანასკნელთა დიდი სურვილის გარეშე. ზოგი სოფლის კლუბში, ვისაც საშუალება ჰქონდა, ამძრავები და ტრანსფორმატორები დგას.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კლუბების გაერთიანების დირექტორის ალიკ ქსოპიანის თქმით, ეს საკითხი ადგილობრივი ხელისუფლების წინაშე არაერთხელ დასმულა. მაგრამ, პრობლემის მოგვარების საშუალება არ არის.

კულტურის სახლების უმრავლესობაში, როგორც სოფელ სულდას შემთხვევაში, რეპეტიციისთვის გამოსადეგი მხოლოდ დარბაზია. ერთეულებს გასახდელიც აქვთ.

სოფელ მერენიაში შენობა ავარიულ მდგომარეობაშია, თუმცა, მოცეკვავეებსა და მომღერლებს ეს ვერ აფერხებთ და ფესტივალისთვის მთელი ძალებით ემზადებიან.

სოფლის კლუბებში მხოლოდ ერთი – დირექტორის შტატია, დილისკას გარდა, სადაც დირექტორთან ერთად, ინსტრუქტორიც მუშაობს, რომელსაც ახალქალაქის აშუღთა სკოლა აქვს დამთავრებული. ამავე სკოლადამთავრებულია სოფელ ვაჩიანის კლუბის დირექტორი, დანარჩენები კი არაპროფესიონალები არიან, რომლებიც სოფლის რწმუნებულებმა შეარჩიეს. კლუბის დირექტორი – ესაა ქორეოგრაფი, ხელმძღვანელი, მენეჯერი, ტექნიკოსი და ხანდახან დამლაგებელიც კი, 135-ლარიან თვიურ ხელფასზე.

ბურნაშეტის კულტურის სახლის დირექტორის ანუშიკ ხნკოიანის თქმით, მიუხედავად პირობების უქონლობისა, კლუბში თეატრალური ჯგუფი და 36-კაციანი ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი ფუნქციონირებს. “სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” კლუბის გარემონტება უნდოდათ, მაგრამ არჩევანი სხვა პრობლემაზე შეჩერდა.

- “ორი ოთახის ფანჯრებში მინები საკუთარი ხარჯით ჩავსვი, მაგრამ შენობაში 115 ფანჯარაა, ყველას ჩემი ხარჯით ვერ გამოვცვლი. სახურავი შარშან, სპონსორის შემწეობით გამოვცვალეთ. მთელი ზამთარი შეშა სახლიდან მომქონდა, რომ მეცადინეობა შეძლებოდათ. საცეკვაო ფორმები არ გვაქვს, რაც დიდი პრობლემაა. არც მუსიკალური ინსტრუმენტები და სკამები გაგვაჩნია”, - ამბობს ანუშიკ ხნკოიანი.

ყველაფრის მიუხედავად, ბურნაშეტის სიმღერისა და ცეკვის ანსამბლი რეპეტიციას კვირაში ორჯერ ატარებს. დირექტორი საცეკვაო კაბების შესაკერად სპონსორს ეძებს.

წელს სოფელ მურჯახეთსა და ქარცახში კულტურის სახლები “სოფლის დახმარების პროგრამის” ფარგლებში გამოყოფილი თანხებით რემონტდება.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კლუბების გაერთიანების დირექტორთან ალიკ ქსოპიანთან კულტურის სახლების პრობლემებზე ხშირად მსჯელობენ. ბოლო შეხვედრაზე საუბარი ფესტივალ “ჯავახური გაზაფხულის” გამართვასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და საკითხებს შეეხო.

ალიკ ქსოპიანის თქმით, სოფლის კლუბების დირექტორები პროფესიონალები არ არიან, მაგრამ მათ ცეკვების დადგმასა და სხვა საკითხების მოგვარებაში ქალაქიდან ჩასული მეთოდისტები ეხმარებიან: “წელს ანსამბლებს ისეთი სოფლებიც წარმოადგენენ, ვისაც მათი გუნდი არასოდეს ჰყოლია. ანსამბლების დაახლოებით 90%-ს საცეკვაო ფორმები არ აქვს, რაც აქვთ, სცენაზე იმ ტანსაცმლით გამოვლენ. არასწორი იქნებოდა, ფორმების არქონის გამო არ ეცეკვათ. ფორმებით ყველა რომ უზრუნველვყოთ, 2-3 ათასი ლარია საჭირო. ამ თანხას ვერსაიდან ვიშოვით”.

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის კლუბების გაერთიანების დირექტორის თქმით, ამ პრობლემების მიუხედავად, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ამ სფეროში მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

[შუშან შირინიანი, ახალქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბარალეთში ბავშვებს კლუბში ვერ უშვებენ
ნინოწმინდის ოთხ სოფელში კლუბების რეაბილიტაცია იწყება
ახალციხის სოფლებში საინიციატივო კლუბები გაიხსნა
სასკოლო კლუბების ინიციატივა მათი სოფლებისთვის
წიგნები, რომლებიც არავის სჭირდება
რისთვის სჭირდება მესხეთის თეატრს ახალციხის გამგეობის დახმარება