FM97.5 / LIVE

ახალციხის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა გასაუმჯობესებელია – IDFI-ს კვლევა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 03.08.2017
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის მიხედვით, ახალციხეში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.

ახალციხის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობა გასაუმჯობესებელია – IDFI-ს კვლევა

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევის მიხედვით, ახალციხეში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი მნიშვნელოვან გაუმჯობესებას საჭიროებს.

მოქალაქეთა მონაწილეობა IDFI-მ სამ მუნიციპალიტეტში, – ახალციხეში, ბათუმსა და ქუთაისში გამოიკვლია. ორგანიზაციამ კვლევის შედეგები დღეს, 3 აგვისტოს გამოაქვეყნა.

IDFI-ის ცნობით, ახალციხის მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეფექტურ სამოქალაქო ჩართულობას სამი ძირითადი რამ აფერხებს:

1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენელთა არასაკმარისი უნარები;
2. გადაწყვეტილებების მიმღებთა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მხრიდან პოლიტიკური ნების ნაკლებობა;
3. ინოვაციური მიდგომების არარსებობა.


როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ახალციხის მერიის საქმიანობაში მოქალაქეთა ეფექტური ჩართულობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა საკმაოდ დიდია. მერია და საკრებულო ხშირად პროაქტიულები არიან მოსახლეობასთან კომუნიკაციის საკითხებში. არსებობენ აქტიური მოქალაქეები, რომლებსაც ხშირად იწვევენ საჯარო დისკუსიებზე და საბიუჯეტო განხილვებზე.
გარდა ამისა, აქტიურად იყენებენ მერიის ვებგვერდს, ცხელ ხაზს, ონლაინ გამოკითხვებსა და სოციალურ მედიას. ასევე, საკრებულო იყენებს სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს.

მაგრამ, ამის მიუხედავად, მერის და საკრებულოს წევრების ანგარიშები ახალციხის მერიის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის. გარდა ამისა, მერია რეგულარულად არ იყენებს სხვა სოციალურ ქსელებს, გარდა ფეისბუქისა.

„ჯამში, მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს თანამშრომელთა 20% არის მოსახლეობასთან პირდაპირ კომუნიკაციაში სხვადასხვა საკითხებზე - ნებართვებზე, განცხადებებზე, დახმარების მოთხოვნებზე და ა.შ.. რესპოდენტების თანახმად, არსებობს საზოგადოებასთან ურთიერთობაში მონაწილე პირების შესაძლებლობების განვითარების საჭიროება“, – ვკითხულობთ კვლევაში.

ამავე კვლევის მიხედვით, აუცილებელია მოქალაქეთა მონაწილეობის მექანიზმების სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესება. მაგალითად, საკრებულოს რეგლამენტში არსებული ჩანაწერის მიუხედავად, არ ხდება პეტიციების წარდგენა საკრებულოში. საკრებულომ დაამტკიცა დასახლების საერთო კრების ტიპური დებულება, მაგრამ მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების გამოკითხულ თანამშრომელთა აზრით, მოქალაქეთა მონაწილეობის ეს ფორმა აქტიურად არ გამოიყენება.

როგორც კვლევაში ვკითხულობთ, ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცება საკმაოდ დინამიური პროცესია. საკრებულოს პლენარული სესიების დროს მოქალაქეები აქტიურად არიან ჩართული ბიუჯეტის განხილვის პროცესში. მოსახლეობა შეუზღუდავად ესწრება ბიუჯეტის განხილვას. ამასთანავე, ადგილობრივი მედია აქტიურად აშუქებს საბიუჯეტო განხილვებს და ცდილობს მოქალაქეთა მაქსიმალურ ინფორმირებას.
კვლევის მიხედვით, სხვა გამოკითხული მუნიციპალიტეტებისაგან განსხვავებით, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები პირდაპირ ცდილობენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარებას და მათ კომენტირებისთვის უგზავნიან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს.

ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის გავრცელება და მის შესახებ კომენტარების მიღება ასევე ხდება Facebook გვერდის საშუალებით.
მაგრამ, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში არ არსებობს ბიუჯეტის პროექტის განსახილველი ელექტრონული (ონლაინ) სივრცე. მერიის ვებგვერდზე - www.akhaltsikhe.gov.ge არ არის სპეციალური განყოფილება ადგილობრივი ბიუჯეტისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებული იყოს საბიუჯეტო პროცესში ელექტრონული ჩართულობის მექანიზმების დასანერგად.

„ ქალაქ ახალციხის საკრებულოს წარმომადგენლების თანახმად, საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით მოსახლეობა დიდ ინტერესს ამჟღავნებს. მიუხედავად ამისა, 2016 წელს ბიუჯეტის პროექტის განხილვისთვის მხოლოდ ერთი საჯარო შეხვედრა გაიმართა“, – ნათქვამია კვლევაში.
გამოკითხული რესპოდენტების განცხადებით, ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა საკმაოდ ინკლუზიური და დიდი მოცულობის იყო და გრძელდებოდა 3 საათის განმავლობაში.

„შესაძლო დიდი მასშტაბის მიუხედავად, სასურველია რამდენიმე საჯარო განხილვის ჩატარება, რადგან ძალიან რთულია ერთ შეხვედრაში სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ხარისხიანი მონაწილეობის უზრუნველყოფა“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ხელმისაწვდომი არ არის განცხადებების დაფა და ინფორმაცია დაგეგმილი შეხვედრების შესახებ.

„ადგილობრივი ბიუჯეტის წარდგენა და განხილვა ასევე რეგულირდება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით, თუმცა რეგლამენტის ეს მუხლები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და საბიუჯეტო კოდექსში მოცემული ვადების და პროცედურების იდენტურია. ადგილობრივი კანონმდებლობა მუნიციპალიტეტის ხელისუფლებისთვის არ ქმნის დამატებითი ჩართულობის უზრუნველყოფის ვალდებულებებს. სხვა მუნიციპალიტეტების მსგავსად, ბიუჯეტთან ერთად ასევე ხდება პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაციის შეფასება და რეკომენდაციები


ორგანიზაციის დასკვნით, მუნიციპალიტეტების შეფასებამ აჩვენა, რომ მოქალაქეთა მონაწილეობის ხარისხი მნიშვნელოვან
გაუმჯობესებას საჭიროებს.

კვლევისას გამოიკვეთა შემდეგი ტიპის პრობლემები

1. პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეების არასაკმარისი უნარ-ჩვევები;
2. მოქალაქეთა შენიშვნების/რეკომენდაციების მისაღებად ადგილობრივი ხელისუფლების არასაკმარისი პოლიტიკური ნება;
3. მოქალაქეთა მონაწილეობის პროცესზე პასუხისმგებელი ადგილობრივი საჯარო მოხელეების არასაკმარისი შესაძლებლობები;
4. მოქალაქეთა მონაწილეობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად არასრული საკანონმდებლო ბაზა;
5. მოქალაქეთა ინფორმირების და კონსულტირების ეფექტური პროცესისთვის საჭირო ინოვაციების არარსებობა.


IDFI-ში ამბობენ, რომ რეკომენდირებულია მომზადდეს საკრებულოს დადგენილების მოდელური პროქტი, რომელიც გაითვალისწინებს
ეფექტური სამოქალაქო ჩართულობის მისაღწევად საჭირო ყველა პრინციპს და პროცედურას; ასევე, ორგანიზაციის ერთ–ერთი რეკომენდაციაა ადგილობრივი ხელისუფლების და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის, და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის ტრეინინგების და სამუშაო შეხვედრების ჩატარება;

გარდა ამისა, კვლევის მიხედვით, რეკომენდირებულია შემუშავდეს მონაწილეობით ბიუჯეტირების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს საკუთარი ჩართულობის მიხედვით გაანაწილონ ბიუჯეტის კონკრეტული პორცია;

კონკრეტულად ახალციხეს IDFI ურჩევს Facebook გვერდების ერთ გვერდში გაერთიანებას (ამ ეტაპზე ცალკეა მერიის და ცალკე საკრებულოს გვერდი);

და ასევე, ორგანიზაციის რეკომენდაციაა სპეციალური სამართლებრივი აქტის შემუშავება, რომელიც დაარეგულირებს პეტიციების რეგისტრაციის და განხილვის წესს, მათ შორის ელექტრონული პეტიციებისთვის.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების საქმეში მოქალაქეთა როლზე იმჯელებენ
ახალციხეში თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდაზე იმსჯელეს
თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართვის ინოვაციური გზები – პრეზენტაცია ახალციხეში
'დაგეგმე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი', პროექტის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება [R]
მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ ახალციხელებს კვლევის შედეგებს გააცნობენ
ახალციხეში ‘მოქალაქეთა მონაწილეობის’ შესახებ კანონპროექტზე იმსჯელებენ
2017 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა იწყება