FM97.5 / LIVE

ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან

მთავარი 10.04.2013
საყოველთაო დაზღვევა კერძო შუამავლის – სადაზღვევო კომპანიის გარეშე ტარდება, თუმცა, მიუხედავად ამისა, ახალქალაქის მოსახლეობა საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას მაინც უნდობლად ეკიდება.

ახალქალაქში საყოველთაო დაზღვევას უნდობლად ეკიდებიან
საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამა საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 თებერვლის #36 განკარგულებით ძალაში 2013 წლის 28 თებერვალს შევიდა. დაზღვევა ახალქალაქის ყველა მცხოვრებს ეხება, ვინც საქართველოს მოქალაქეა.

- ”ახალი დაზღვევა ეხება იმ ადამიანებს, ვისაც სხვა ტიპისა და კლასის სადაზღვევო პოლისები არ გააჩნიათ. პოლისები ქონდათ ღარიბებს, ბავშვებს 0–დან 6 წლამდე, პენსიონერებს – მამაკაცებსა და ქალებს 60–65 წლის ზევით. ნაწილობრივ სტუდენტებსაც. და ხალხს, ვინც კორპორაციული მომსახურებით სარგებლობდა. ახლა სადაზღვევო პოლისები ექნებათ ბავშვებს 6–დან 18 წლამდე, 18–დან 60 წლამდე ქალბატონებს და 18–დან 65 წლამდე მამაკაცებს. ადრინდელი პოლისები კი ძალაში რჩება“, – განმარტავს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი ალექსანდრე ტოროიანი.

ბევრ ადგილობრივ მცხოვრებს, ვისაც კითხვები დავუსვით, საყოველთაო სახელმწიფო დაზღვევაზე ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა ისინიც ამბობდნენ: ”რა განსხვავებაა, აქამდე ვინ სარგებლობდა იმ პოლისებით, რომ ახლა სხვებმა ისარგებლონ“.

სახელმწიფო დაზღვევის ბევრ მომხმარებელს პრობლემები არა მხოლოდ არაგეგმიური ოპერაციების, არამედ გეგმიური პროცედურების დროს ექმნებოდათ. რამდენიმე კაბინეტის შემოვლისა და დანიშნულების აღების შემდეგ, ხალხს ახალციხეში მრავალთვიანი რიგი ხვდებოდა, სადაც ზოგიერთი ადგილის დაკავებაზე უარსაც ამბობდა, რადგან ფულის შეგროვება და სამკურნალოდ შემდეგ წასვლა ერჩიათ. ყველა გეგმიური ოპერაცია, ნებისმიერი დაზღვევით 4–6 თვიან წინასწარ პროცედურებს საჭიროებს.

ქვემოთ მოყვანილია მოქალაქეების კომენტარები სამედიცინო დაზღვევასთან დაკავშირებით. რესპონდენტებმა ვინაობის დასახელებაზე თავი შეიკავეს.

- ”არ მიგვიმართავს, რადგან ვიცოდით, მაინც არაფერი იქნებოდა. სახლში დაზღვეული პენსიონრები გვყავს. დაზღვევას აზრი არ აქვს, რადგან ფულს იხდიან, მომსახურებით კი ვერ სარგებლობენ. ჩვენს საავადმყოფოში ბევრი სპეციალიზებული ექიმი არ არის, მაგალითად პროქტოლოგი და კიდევ ბევრი“, – ამბობს ახალქალაქის მცხოვრები ერთ–ერთი ქალბატონი.

- ”ჯერჯერობით დაზღვევა არ მიმიღია. მოვიდნენ, ჩაიწერეს, მაგრამ ჯერ არ მოუციათ და არც მჯერა, რომ თუ პოლისს მივიღებ, იმით რაიმე სარგებელი მექნება. საავადმყოფოსთვისაც არ მიმიმართავს, რადგან ვიცი, აზრი არ აქვს. თუ აზრი არ აქვს, იქ წასვლის აუცილებლობასაც ვერ ვხედავ. ადრე მივმართე, როცა მასწავლებლის სადაზღვევო პოლისი მქონდა, მაგრამ ვერანაირად ვერ გამოვიყენე“, – ამბობს კიდევ ერთი ახალქალაქელი ქალბატონი.

- ”შეიძლება თავიდან ალდაგისთვის უნდა მიგვემართა, არ ვიცი. მაგრამ ჩვენ პირდაპირ წავედით. ჩემი ქმარი მძიმე მდგომარეობაში იყო. იმ დღეს დავრეკეთ და ალდაგში გვითხრეს, რომ გადაიხდიდნენ. პაციენტს ოპერაციისთვის ამზადებდნენ, რეანიმაციაში იყო, ღამით კი დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ ალდაგი არ გადაიხდის. ჩემი ვაჟი ალდაგში წავიდა, განცხადება დაწერა, მინისტრის მოადგილესთან მოთხოვნა გააკეთეს და ცხელ ხაზზე ესაუბრნენ, მაგრამ როგორც ადრე ამბობდა ალდაგი უარს გადახდაზე, ისევე თქვა უარი“, – ამბობს ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი.

საყოველთაო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის მომსახურებით სარგებლობა შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მიმართავ ექიმს და იგი გადაწყვეტს, რომ პაციენტს კონკრეტული მომსახურება აუცილებლად სჭირდება.

- ”ყველა გადაუდებელი შემთხვევა. იქ არ შედის სასწრაფო დაზიანებები – ესაა მოტეხილობა, ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობა, ავტო–საგზაო შემთხვევა, დიდი მოცულობის ჭრილობა, ყველა ექსტრემალური ოპერაცია, კერძოდ, აპენდიციტი, გახეთქილი თიაქარი, მოტეხილობა, მაგალითად, თეძოს და მაჯის ძვლის მოტეხილობა. იქ შედის მხოლოდ ლაბორატორიული კვლევები, სისხლისა და შარდის ზოგადი ანალიზები, ელექტროკარდიოგრამა და სისხლში შაქრის მაჩვენებელი. მხოლოდ ეს ყველაფერი ექიმის დანიშნულებით და არა პაციენტის სურვილის მიხედვით. თუ ექიმი გადაწყვეტს, რომ საჭიროა სისხლის საერთო ანალიზის გაკეთება, ე.ი. ეს საჭიროა, პაციენტის მოთხოვნით კი არ აკეთებენ“, – ამბობს ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერი.

სადაზღვევო პოლისების გამოყენების პროცედურა იგივეა. სახათაბალო და უამრავი შესავსები დოკუმენტი. ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის ალექსანდრე ტოროიანის თქმით, ამ სადაზღვევო პოლისებს შორის სხვაობა არ არის. ძველი უბრლოდ ნაწილობრივი დაზღვევა იყო, ახალი კი საერთოა. მისი თქმით, ყველა სადაზღვევო პოლისში თითქმის ერთნაირი მომსახურებაა გათვალისწინებული.

- ”პოლისები პაციენტებს ხელში არ ექნებათ. ისინი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებას ქალაქის პოლიკლინიკებში ან სოფლების უბნის ექიმებს. სოფლებიდან, სადაც ექიმები არ არიან, ჩვენს პოლიკლინიკაში პასპორტებით მოვლენ. ამ პასპორტებით ჩვენთან შესაბამის დოკუმენტს მიიღებენ. თუმცა სამედიცინო დაწესებულებაში ეს უკანასკნელი დოკუმენტი ექნებათ თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. პაციენტს მიმართვისას პასპორტი უნდა ქონდეს თან აუცილებლად. ის ბაზაში დევს და მაშინვე იხსნება. თუ პაციენტი სადაზღვევო პროგრამაშია, მას მოემსახურებიან“, – ამბობს ალექსანდრე ტოროიანი.

ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს მენეჯერის თქმით, სადაზღვევო პოლისებთან პრობლემები ექიმებსაც ბევრი აქვთ.

- ”ექიმებსაც ბევრი პრობლემა ექმნებათ და სამწუხაროდ, ამ პრობლემების მოგვარებაზე არავინ ზრუნავს. მცირე ხელფასი, ძალიან ბევრი საწერი, 100 სადაზღვევო პოლისი და ყველა სხვადასხვანაირი, საჭიროა ყველას დამახსოვრება, ყველა უნდა იცოდე და ასე ყოველდღიურად. საჭიროა სამინისტროსთვის გადაცემა, თუ არ გადაეცი, უფასოდან ფასიანი გახდება, ასეთ შემთხვევებში ”ჩემი ოჯახის კლინიკა“ ექიმებს აჯარიმებს და ა.შ.“, – ამბობს იგი.

ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოს დირექტორის თქმით, ყველა სახელმწიფო სადაზღვევო პოლისი ერთნაირია, თუმცა აქამდე ჯანდაცვის სამინისტროსა და სამედიცინო დაწესებულებებს შორის შუამავლები კერძო სადაზღვევო კომპანიები იყვნენ, საიდანაც პრობლემები იქმნებოდა.

- ”თუმცა ახლა ჩვენმა მინისტრმა ძალიან ჭკვიანური რამ თქვა. იქნება სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც სახელმწიფო ფედერალური ფონდებიდან დაფინანსდება. ფული კერძო სადაზღვევოებს აღარ გადაეცემა, რათა მათ აღარ მოჭრან და ანაზღაურება პრობლემატური არ გახადონ. შუამავლებთან პრობლემები იყო, რჩება და კიდევ უფრო გაღრმავდა“, – ამბობს ალექსანდრე ტოროიანი.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საავადმყოფოს რეანომობილი აჩუქეს
წინასაარჩევნოდ  გააქტიურებული დაზღვევის თემა
დღეიდან სადაზღვევო პოლისების დარიგება დაიწყო

ქალაქი პირველადი ჯანდაცვის გარეშე
ახალქალაქში ინფექციური განყოფილება არ აქვთ
მედიკოსები მცირე ხელფასებს უჩივიან