სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა

მთავარისიახლე, განათლება, სამართალი 14.07.2017
ადიგენში, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა პედაგოგს დათა დათაშვილს პოლიციაში უჩივლა.

დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა
ადიგენის რაიონული სამმართველოს დაბა აბასთუმნის განყოფილებაში დღეს, 14 ივლისს აბასთუმნის სკოლის მასწავლებელი და სამეურვეო საბჭოს წევრი დათა დათაშვილი ჩვენებას დაახლოებთ 40 წუთის განმავლობაში აძლევდა. მას სკოლის დირექტორმა ქეთევან ობოლაშვილმა უჩივლა.

ობოლაშვილმა დათაშვილი სამსახურიდან 7 ივლისის ბრძანებით (N 117) გაათავისუფლა. პედაგოგმა აღნიშნული ბრძანება სამეურვეო საბჭოში გაასაჩივრა და 12 ივლისს ეს დოკუმენტი საბჭომ ერთხმად გააბათილა.

დირექტორის საჩივარი პოლიციაში სწორედ ამ საბჭოს სხდომას ეხებოდა.

„დირექტორი საჩივარში წერს, რომ მასწავლებელი სამსახურიდან გათავისუფლებული ჰყავს, ამიტომ მას არც სკოლაში მისვლის უფლება აქვს და არც საბჭოს სხდომაზე დასწრების, ამის მიუხედავად ის სხდომას დაესწროო“, –– გვითხრეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

დათაშვილი აბასთუმნის განყოფილებაში ობოლაშვილის განცხადების საფუძველზე დღეს დაიბარეს.

„ბრძანების გამოცემიდან ორი კვირის განმავლობაში კანონიერი უფლება მაქვს მივმართო სამეურვეო საბჭოს და დირექტორის ბრძანება გავასაჩივრო. შესაბამისად, მივმართე, გავასაჩივრე და დამიკმაყოფილეს კიდეც. აქედან გამომდინარე, საბჭოს სხდომაზე დასწრების უფლება მქონდა“, – აცხადებს დათაშვილი.

რა იყო პოლიციაში საჩივრის შეტანის მოტივი და იქნა თუ არა ბათილად ცნობილი დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დაწერილი ბრძანება, ამ კითხვებით ქეთევან ობოლაშვილს ტელეფონით დავუკავშირდით.

„ამიხსენით, რომელი კანონის შესაბამისად საუბრობს დათაშვილი?! ჩემთვის ბევრი დეტალი რაზეც ის ლაპარაკობს, უცნობია. ჩემ მიმართ ცილისწმების გარდა დათაშვილი არაფერს აკეთებს. რასაც ის თქვენთან საუბრობს, ყველაფერი სიცრუეა“, – გვითხრა ობოლაშვილმა და ტელეფონი გაგვითიშა.

დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა

განათლების სამინისტროში შეკითხვაზე, ჰქონდა თუ არა უფლება სამეურვეო საბჭოს წევრს დათა დათაშვილს, რომ სკოლაში მისულიყო და სამეურვეო საბჭოს დასწრებოდა, მაშინ როცა ის დირექტორის ბრძანებით გათავისუფლებულია, სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით კი ეს ბრძანება ბათილადაა ცნობილი, ასე გვიპასუხეს: „თუ გათავისუფლებულია არ ჰქონდა უფლება მისულიყო, მაგრამ თუ აღდგენილია, მაშინ სრული უფლება ჰქონდა სკოლაში ყოფილიყო და სხდომასაც დასწრებოდა. ახლა, რადგან ძალოვანი უწყებაც ჩაერთო საქმეში, ალბათ მომხდარი გაირკვევა“.

შინაგან საქმეთა სამინისტორში კი აცხადებენ, რომ ეს საკითხი განათლების სამინისტროს კომპეტენციაა და მომხდარის გასარკვევად შესაბამისი სამსახურები სწორედ ჯეჯელავას უწყებამ უნდა ჩართოს.

ჰქონდა თუ არა დათაშვილს სხდომაზე დასწრების უფლება ან სამეურვეო საბჭოს მიერ მიღბული გადაწყვეტილების შემდეგ, ითვლება თუ არა ისევ დათაშვილი სკოლის პედაგოგად, ამ კითხვებზე პასუხები, არც ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსს ინგა ბოჭორიშვილს აქვს: „სხდომის ოქმი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე კი გადმომეგზავნა, მაგრამ კანონით რა როგორ რეგულირდება კონსულტაცია იურისტებთან უნდა გავიარო“.

ოქმი, დათაშვილის გათავისუფლების შესახებ, ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის საქმეთა მმართველსა და დირექტორსაც ჩაბარდათ.

„სისტემაში დოკუმენტებზე წვდომა მე და დირექტორს ერთად გვაქვს, ანუ ატვირთულ მასალას ორივე ერთად ვხედავთ“, – ამბობს სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის საქმეთა მმართველი თეა აფრიამაშვილი.

მისი თქმით, ოქმი ჩაბარდა, თუმცა ბრძანება ამ დრომდე ბათილად არ უცვნია: „ამ დროისთვის, დათა სამსახურიდანაა გათავისუფლებული და დირექტორის გამოცემული ბრძანება, მისი გათავისუფლების შესახებ ძალაშია. მართლია, ოქმი ამ ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ ჩამბარდა, მაგრამ ამ დრომდე დოკუმენტი ბათილად არ მიცვნია. ეს ჩემი კომპეტენცია არაა. ამისთვის დირექტორმა ბრძანებით უნდა მომმართოს“.

დირექტორმა პედაგოგს პოლიციაში უჩივლა

იურისტების განმარტებით კი სამართლებრივად, დირექტორს აქვს უფლება, რომ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება არ აღასრულოს. კანონით, ამის გამო დირექტორის პასუხისმგებლობის საკთხი არ დადგება.

„ეს რომ იყოს სასამართლოს გადაწყვეტილება, დირექტორს არ ექნება უფლება არ აღასრულოს, მაგრამ სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას თუ არ აღასრულებს არაფერი მოხდება“, – აცხადებს დათა დათაშვილის ადვოკატი თამარ ნებიერიძე.

თუმცა, მისი თქმით, თავად ის ბრძანებაა უკანონო, რომელსაც ახლა დირექტორი, არ აბათილებს.

„დირექტორი სამეურვეო საბჭოს წევრ პედაგოგს მხოლოდ იმ შემთხვევაში ათავისუფლებს, თუ სამეურვეო საბჭო აძლევს ამაზე თანხმობას. განათლების შესახებ კანონის 43–ე მუხლის მიხედვით, ეს ბრძანება უკანონოა, რადგან დირექტორს დათას გათავისუფლებაზე საბჭოს თანხმობა არ მიუღია“, – აცხადებს ნებიერიძე.

მისი თქმით, იგი სასამართლოს მიმართავს და მისი საშუალებით დირექტორს სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აღასრულებინებს: „სასამართლოს იმისთვის კი არ მივმართავ რომ ახალი გადაწყვეტილება გამოიტანოს, არა. მივმართავ იმისთვის, რომ აღსრულებაში დამეხმაროს და დირექტორს სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება დაავალოს“.

დაევალება თუ არა ობოლაშვილს დათაშვილის სამსახურში დაბრუნება ამას სასამართლო გადაწყვეტს. მანამდე კი თავად ობოლაშვილის საჩივრის დაკმაყოფილებაზე პოლიციამაც უარი განაცხადა.

„ამ მასწავლებელს ორი კვირის განმავლობაში აქვს სკოლაში მისვლის უფლება, ეს არც სისხლის სამართლის საქმეა, არც ადმინსიტრაციული გადაცდომა და არც საერთოდ რაიმე დარღვევა. შესაბამისად, ჩვენ მას სკოლაში მისვლას ვერ ავუკრძალავთ. ალბათ ამ საკითხზე რეაგირებას განათლების სამინისტრო მოახდენს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

განათლების სამინისტროში კი თვეზე მეტია, რაც სოფელ აბასთუმნის სკოლაში მიმდინარე მოვლენების შესახებ 37 გვერდიან დოკუმენტთან ერთად განსახილველად სხვა საკთხებიც შევიდა, თუმცა, ამ დრომდე უწყება სკოლაში არ გამოჩენილა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა
„ვინც ხმას ამოიღებს ბოლომდე სჯის“ – სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე დირექტორზე
აბასთუმნის სკოლის დირექტორს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ
აბასთუმნის სკოლის ყოფილმა  მასწავლებელმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო
დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლიდან სასამართლოში გაგრძელდება