FM97.5 / LIVE

დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლაში

მთავარისიახლე, განათლება, სამართალი 20.06.2017
სოფელ აბასთუმნის სკოლის დირექტორი პედაგოგს სამსახურიდან ათავისუფლებს და ამისთვის სამეურვეო საბჭოს თანხმობას ელოდება; წინააღმდეგ შემთხვევაში საქმე სასამართლომდე მივა. დაპირისპირება სკოლაში, რომელიც დისციპლინური კომიტეტის განხილვის საგნად არა ერთხელ იქცა.

დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლაში
15 ივნისს ადიგენში, სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში სამეურვეო საბჭოს სხდომა გაიმართა. დღის წესრიგის თანახმად, მხოლოდ ერთი, პედაგოგ დათა დათაშვილის საკითხი იყო განსახილველი. უფრო კონკრეტულად კი სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ობოლაშვილი სამეურვეო საბჭოს წევრებისგან დათა დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებისთვის თანხმობას ითხოვდა. ეს იმიტომ, რომ თავად დათაშვილიც სამეურვეო საბჭოს წევრია და დირექტორს იურიდიულად საბჭოს წევრების თანხმობის გარეშე მისი დათხოვა არ შეუძლია.

„დღის წესრიგში დათა დათაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი იმიტომ დგას, რომ დისციპლინური გადაცდომების შედეგად, სასტიკი საყვედური გამოეცხადა. მის გაკვეთილზე, მეექვსე კლასში, მოსწავლე დაჩხაპნეს, მეშვიდე კლასში კი ბავშვებმა ცუდ კადრებს უყურეს. ამ ყველაფრის შემდეგ, სხდომაზე დირექტორის და პედაგოგების მიმართ უპატივისმცემლობა გამოიჩინა“, – განაცხადა სხდომის მიმდინარეობისას ობოლაშვილმა და დაამატა, რომ ამ ყველაფრის გამო, დათაშვილი სკოლაში მუშაობას არ იმსახურებს.

მისივე განცხადებით, თუ სხდომაზე მის მიერ წარდგენილი წინადადება დაკმაყოფილებული არ იქნება, სასამართლოს მიმართავს: „არ ვმალავ, ამას ოფიციალურად ვამბობ“, – მიმართა მან საბჭოს წევრებს.

ამ დღეს საბჭოს არაფერი გადაუწყვეტია. მიზეზი საბჭოს წევრების განცხადებით, ის იყო, რომ მათთვის დათა დათაშვილის წინააღმდეგ მტკიცებულებები არავის წარუდგენია. შესაბამისად სხდომაზე განსახილველ საკითხს კენჭს ვერ უყრიდნენ.

„თუ სხდომას ჩემს წინააღმდეგ ატარებთ და ამის დამადასტურებლი დოკუმენტები არსებობს, ყველაფერი უნდა გადმომცეთ, რომ საპასუხო სიტყვა მოვამზადო. ახლა ეს ჩემზე განხორციელებული ზეწოლაა“, – განაცხადა სხდომაზე დათაშვილმა.

იმ პირობით, რომ დათა დათაშვილის წინააღმდეგ სკოლაში არსებული ყველა მასალა წევრებს გადაეგზავნებათ, სხდომა გადაიდო. თუმცა, ვიდრე დათაშვილის საკითხი სამეურვეო საბჭომდე მივიდოდა, მის მიერ შესაძლო დისციპლინურ გადაცდომებზე სკოლის დისციპლინურმა კომიტეტმა სამჯერ იმსჯელა. შუალედში კი იგივე საკითხის განსახილველად სკოლის ყველა თანამშრომელი შეიკრიბა.

დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლაში

დისციპლინური კომიტეტის პირველი სხდომა

ყველაფერი კი 2016 წლის 6 დეკემბერს დაიწყო. ამ დღეს, გაკვეთილების დასრულების შემდეგ, ერთ–ერთი მეექვსე კლასელი გოგონა დედამ სკოლაში დააბრუნა.

„სახლიდან მომიყვანა, ბავშვს სახე ფლომასტერით ჰქონდა დაჩხაპნილი. კიდევ კარგი თვალში არ მოხვდაო. გოგონა ამბობდა ეს სპორტის გაკვეთილზე მოხდაო. სპორტის მასწავლებელი კი დათა დათაშვილია“, – ამბობს ქეთევან ობოლაშვილი.

მისი თქმით, მან ვითარების გარკვევა დათაშვილთან თავად სცადა, გაკვეთილიდან გამოიყვანა და ვიდრე მშობელს შეახვედრებდა, მომხდარის შესახებ მოუყვა: „დათამ თქვა, ჩემ გაკვეთილზე არ მომხდარაო. ბავშვი კი პირზე დაადგა, თქვენ გაკვეთილზე, კომპიუტერების ოთახში მოხდაო“.

ორი დღის შემდეგ, 8 დეკემბერს ისევ კომპიუტერების ოთახში, რომელსაც სკოლა ასევე ბიბლიოთეკადაც იყენებს, ვითარება მეშვიდე კლასელებთან დაიძაბა.

„ეს ამბავი 9 დეკემბერს გავიგე. კლასის დამრიგებელმა მითხრა, ბავშვებს საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება არ უნდათო. არადა ამ დროისთვის ვიცოდით, რომ კლასში ბავშვების აზრი ორად იყოფოდა, ნაწილს ჩვეულბრივი ღონისძიების გამართვა უნდოდა, ნაწილს კი ზეიმის მოწყობა კაფე საღამოს სტილში სურდა“, – გვიყვება ობოლაშვილი.

მისი თქმით, დამრიგებელს რომ დახმარებოდა, კლასში შეყვა და ბავშვებს სთხოვა დაეწერათ, რატომ არ უნდოდათ საახალწლო ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება: „მასწავლებელმა ნაწერები შემომიტანა და გადმომცა. შემაშფოთებელი ინფორმაცია აღმოჩნდა. ბავშვები წერდნენ რომ წინა დღეს, სპორტის გაკვეთილზე კომპიუტერში ქალის მშობიარობას და კიდევ ვირის და ცხენის ცუდ რაღაცეებს უყურეს. ასევე ნახეს გოგო და ბიჭი როგორ ჩასხდნენ მანქანაში და იქ რაღაცას აკეთებდნენ. ანუ ბავშვებს ვთხოვეთ დაეწერათ ღონისძიებაზე და რეალრუად ეს დაწერეს“.

ობოლაშვილი აცხადებს, რომ ვითარების გარკვევა ისევ პირადად დათასთან სცადა: „სპეცილაურად მიკეთებთ, ბავშვები იტყუებიანო მითხრა, მაგრამ შევშინდი, ბავშვები თუ იტყუებოდნენ ყველას აზრი ერთმანეთს როგორ ემთხვეოდა?!“

ამის შემდეგ დირექტორმა 6 და 8 დეკემბერს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, დისციპლინურ კომიტეტს მიმართა, რომ დათაშვილისთვის დისციპლინური გადაცდომების გამო შესაბამისი სახდელი დაედოთ. თუმცა, სკოლის ხელმძღვანელმა, ამ ორ საკითხთან ერთად, კომიტეტს დათაშვილის მხრიდან სხვა დისციპლინური გადაცდომების შესახებაც მიუთითა.

„ხშირად ატარებს სპორტის გაკვეთილს ეზოში, რადგან დარბაზი არ გვაქვს და ფანჯრიდან ბევრჯერ დამიფიქსირებია, რომ გაკვეთილის მსვლელობისას საღეჭ რეზინს იყენებს, ასევე ტელეფონზე საუბრობს“, – გვითხრა ობოლაშვილმა.

კომიტეტი 2017 წლის 16 დეკემბერს შეიკრიბა, ყველა საკითხი განიხილა და დათა დათაშვილს არანაირი დისციპლინური სახდელი არ დააკისრა.

„თითქოს მასწავლებელმა არ გამოიჩინა ყურადღება და ამის გამო მოხდა გაკვეთილზე დარღვევები არ დასტურდება. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მასწავლებელი საუბრობდა ტელეფონზე და გამოიყენებდა საღეჭ რეზინს, არის სუსტი არგუმენტი მასწავლებლის დასადანაშაულებლად და ეს ყველაფერი გავს თითქოს გარედან დავალებულს“, – ვკითხულობთ სხდომის ოქმში (N2. 16/01.2016) დისციპლინური კომიტეტის მდივნის თამაზ სულაქველიძის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას.

დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლაში

დისციპლინური კომიტეტის მეორე სხდომა

ობოლაშვილმა, კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება არა ობიექტურად მიიჩნია, გარდა ამისა, მიიჩნია, რომ მას მომხდარი შესაბამისად გამოკვლეული არ ჰქონდა. ამიტომ საქმის ხელალხა შესწავლის მიზნით, 20 იანვარს ისევ მიმართა. თუმცა ამჯერად, კომიტეტის მიერ უკვე ნამსჯელ თემებს კიდევ ერთი დაამატა. დირექტორის თქმით, დათა დათაშვილმა მისი კაბინეტიდან დოკუმენტი გაიტაცა.

ობოლაშვილის განცხადებით, მას დათაშვილმა მის წინააღმდეგ დაწერილი წერილის გაცნობა სთხოვა: „ჩემ კაბინეტში თალიკო დეიდასთან ერთად ხელფასებს ვრიცხავდით რომ შემოვიდა. მივაწოდე, წაიკითხე–მეთქი. მოკიდა ხელი და გარეთ გავიდა. წამოვხტი, სად მიგაქვს წერილი–მეთქი და ვეღარ დავინახე სად წავიდა. ამის მერე გაკვეთილის გამოსვლის ზარი რომ დაირეკა, უკან მომიტანა, მადლობაო მითხრა“.
კომიტეტი ამ და უკვე ნამსჯელი საკითხების განსახილველად 2017 წლის 15 თებერვალს ისევ შეიკრიბა. როგორც სხდომის ოქმიდან (N3. 15/02/2017) ირკვევა, ვიდრე კომიტეტი მომხდარის შესწავლას დაიწყებდა, მანამდე მოსწავლეების მიერ დაწერილი ახსნა–განმარტებითი ბარათების შინაარსი და თავად კომიტეტის მიერ საქმის შესაწვლისას იგივე მოსწავლეების მიერ დაწერილი განმარტებები ერთმანეთს არ დაემთხვა. ამიტომ კომიტეტს საკითხის გადაწყვეტა გაუჭირდა, შესაბამისად, დათაშვილს სახდელი ისევ ვერ დაადო და ამიტომ ძველი გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

რაც შეეხება დირექტორის კაბინეტიდან გატაცებულ დოკუმენტს, ამავე სხდომის ოქმში ვკითხულობთ, რომ დათაშვილს მაშინ როცა დირექტორმა თავის კაბინეტში წერილი გადასცა ტელეფონმა დაურეკა. ამის გამო კაბინეტიდან გამოსვლა მოუხდა. ამასობაში გაკვეთილის შესვლის ზარი დაირეკა, გაკვეთილის დასრულების შემდეგ კი დათაშვილმა დირექტორს წერილი დაუბრუნა. ამიტომ კომიტეტის ვერც ერთმა წევრმა სახდელის დადების მიზეზი ვერ დაინახა.

სასტიკი საყვედური დათა დათაშვილს

ამის შემდეგ დირექტორმა მიიჩნია, რომ კომიტეტის წევრებს დათაშვილის წინააღმდეგ არსებული მტკიცებულებების შესახებ საკმარისი ინფორმაცია არ ჰქონდათ. მიზეზი კი ის იყო რომ დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მღებრიშვილი შეგნებულად მალავდა მასალებს. ამიტომ გადაწყვიტა, რომ მათთვის ყველა დეტალის შესახებ პირადად მოეხსენებინა.

„ამავე პერიოდში, პედაგოგებიც მთხოვდნენ ჩვენც გაგვაცანი რა ხდება სკოლაშიო. ამ სხდომაზე დისციპლინური კომიტეტის ერთი წევრი თამაზ სულაქველიძე ვერ მოვიდა. ამიტომ დისციპლინური კომიტეტის სხდომა ვერ შედგა“, – გვიყვება ობოლაშვილი.

თუმცა, მიუხედავად ამისა, დირექტორმა შეკრებილ თანამშრომლებს დათაშვილის მიერ ჩადენილი გადაცდომების შესახებ დაწვრილებით აცნობა: „ამ სხდომაზე დათა საუბარს არ მაცდიდა, ცდილობდა ცილისმწამებლური ინფორმაცია გაევრცელებინა ჩემზე“.

ეს კი კიდევ ერთი ახალი მიზეზი გახდა იმისთვის, რომ სპორტის მასწავლებლის წინააღმდეგ დირექტორს დისციპლინურ კომიტეტში წერილი შეეტანა. თუმცა, ამჯერად ვიდრე ამ ახალ მიმართვას დაწერდა, მან დათა დათაშვილს სასტიკი საყვედური გამოუცხადა. ამის საფუძველი ის გახდა, რომ დისციპლინური კომიტეტი ორჯერ ზედიზედ ვერ შეიკრიბა, დირექტორს კი სამართლებრივად საშუალება მიეცა, რომ ბრძანება საყვედურის შესახებ თავად გამოეცა.

რაც შეეხება მის ბოლო მიმართვას დისციპლინური კომიტეტისადმი, ეს სხდომაც დათაშვილისთვის კვლავ სახდელის დადების გარეშე დასრულდა. (ოქმიN6. 27/04/2017). ამის შემდეგ კი დირექტორმა გადაწყვიტა, რომ სამეურვეო საბჭოსთვის დათაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მიემართა.

ზეწოლა (?!)

დირექტორი ირწმუნება, რომ სამეურვეო საბჭოს წევრებსა და ასევე დისციპლინური კომიტეტის წევრებზე დათაშვილი ზეწოლას ახორციელებს. ეს კი მას დედის, მარეხ დათაშვილის გავლენით შეუძლია.

მარეხ დათაშვილი ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ყოფილი უფროსია. იგი მუნიციპალიტეტის მასშტაბით სკოლებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

„პედაგოგებს ჯერ კიდევ მარეხ დათაშვილის ეშინიათ, მისი გავლენის ქვეშ არიან. თან სახლებში მიდიან და სხდომის წინა დღეს აფრთხილებენ რა უნდა ქნან“, – ამბობს ობოლაშვილი.

თუმცა, როგორც დისციპლინური კომიტეტის, ასევე სამეურვე საბჭოს წევრები დათაშვილების მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას კატეგორიულად უარყოფენ.

„ეგეთი არასდროს არაფერი ყოფილა. არც ჩემთან მოსულა სახლში არავინ. მაგრამ მგონია, რომ დათა მასწავლებელი დამნაშავე არ არის და მხარს არ დავუჭერ მის გათავისუფლებას“, – ამბობს სამეურვეო საბჭოს წევრი, მეათე კლასის მოსწავლე ფრიდონ შამშიდოვი.

ზეწოლას გამორიცხავს დისციპლინური კომიტეტის თავმჯდომარე ნინო მღებრიშვილიც, ასევე იგი დირექტორის ბრალდებას, თითქოს კომიტეტის წევრებს ინფორმაციას უმალავდა ასე პასუხობს: „რასაც მაძლევდა დირექტორი, ყველაფერს ვაცნობდი წევრებს. გადაწყვეტილებებს კი ჩვენს მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით ვღებულობდით და არ ვემორჩილებოდით ზემოდან მიღებულ მითითებებს“.

ზემოდან მიღებულ მითითებებს არც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე თინა ზუბაშვილი დაემორჩილა. ამის გამო კი მასზე ზეწოლა, როგორც მისი საუბრიდან ირკვევა, დირექტორის მხრიდან განხორციელდა: „დათას საკითხი ბევრჯერ გაირჩა სკოლაში და პოზიციები იცოდა, ამიტომ სამეურვეო საბჭოს იმ სხდომამდე, რომლეზეც დათას გათავისუფლებაზე გადაწყვეტილება უნდა მიგვეღო, სიტყვიერი მითითება მომცა“.

სიტყვიერი მითითება ზუბაშვილს დირექტორმა სხდომამდე ზუსტად ერთი დღით ადრე, 14 ივნისს, N109 ბრძანებით მართლაც გამოუცხადა. მიზეზი გაკვეთილზე პედაგოგის დაგვიანებაა.

დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლაში

დათაშვილები: „პოლიტიკური გემოვნების გამო ვიდევნებით“

საბჭოს წევრებზე რაიმე ტიპის ზეწოლას უარყოფს თავად დათაშვილიც: „ეს სრული აბსურდია. მაშინ გამოდის, რომ ბავშვებზეც ვახდენ ზეწოლას, რადგან მათ დამოუკიდებლად დაწერილ ახსნა განმარტებებში თქვეს, რომ ჩემ გაკვეთილებზე მსგავსი რამ არ მომხდარა. დირექტორთან დაწერილში კი პირიქით ყვებიან“.

დათაშვილის თქმით, როგორც მოსწავლეები დამოუკიდებლად დაწერილ ახსნა–განმარტებებში უთითებენ, მათ დირექტორმა უთხრა, რომ თუ მასწავლებელზე იმას არ დაწერდნენ რაც თვითონ სურდა, ექსკურსიაზე აღარ წაიყვანდა.

„ცუდი კადრების ყურებას და მოსწავლის დაჩხაპნის ფაქტებს ჩემ გაკვეთილებზე ადგილი არ ჰქონია. შეიძლება ბავშვს ხელზე გახაზული ვერ შეამჩნიო, მაგრამ გაკვეთილზე რომ გიზის დაჩხაპნილ სახეს დაუნახავ. ყოფილი აიტი ვარ და ვიცი, რომ სკოლაში ყველა კომპიუტერს დამცავი აქვს ჩაყენებული იქ ცუდს ვერაფერს ჩართავ“, – აცხადებს დათაშვილი.

მისი თქმით, დირექტორის მხრიდან მისი დევნის მიზეზი პოლიტიკური მოტივია: „ცნობილია რომ ჩემი ოჯახი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერია. მიზეზი ესაა“.

შეკითხვაზე, თუნდაც პოლიტიკური ნიშნით დევნას დირექტორის მხრიდან რა მოტივი უნდა ჰქონდეს, დათაშვილი გვპასუხობს: „ახლა მე თუ დავიჩაგრები, მერე ყველა პედაგოგი იქნება თავდახრილი. ვეღარ გაბედავენ სკოლაში დირექტორის საწინააღმდეგო აზრის გამოთქმას. სამაგალითოდ მსჯიან“.

რესურსცენტრის ყოფილი უფროსი, მერეხ დათიაშვილიც მიიჩნევს, რომ მის შვილს პოლიტიკური გემოვნების გამო დევნიან: „დღემდე არსად მასაქმებენ მეც. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი არასდროს ვყოფილვარ, თუმცა ახლა „ევროპული საქართველოს“ წევრი ნამდვილად ვარ“.
რაც შეეხება მისი მისამართით დირექტორის ბრალდებას, რომ „სკოლის პედაგოგები დათაშვილის მარწუხებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოდიან“, აცხადებს: „დიასახლისი ვარ. არაჩვეულერივი ურთიერთობა მაქვს პედაგოგებთან. მაოცებს ამ ადამიანის ბრალდებები“.

ობოლაშვილი კი ირწმუნება, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია. უფრო მეტიც, ის აცხადებს, რომ შესაძლოა მარეხ დათაშვილს მის მიმართ პირადი წყენაც აქვს: „2014 წლის ივლისში დავიწყე აბასთუმნის სკოლაში მუშაობა. სექტემბერში მარეხი და მისი მეუღლე მოვიდნენ ჩემთან სახლში. მითხრეს სკოლაში ორი პედაგოგი საათებს დათმობს და ჩემ გოგოს უნდა დააწყებინო მუშაობა მათ მიერ დათმობილი საათების ხარჯზეო“.
დირექტორის თქმით, მან პედაგოგებს საათების დათმობის საშუალება თავად არ მისცა: „შესაძლოა ამის გამო მარეხი ჩემზე ნაწყენია“.
„ჩემი შვილი თბილისში მუშაობს, აქ არ ყოფილა. ამიტომ ვერც ვთხოვდი მას რომ სამსახურში მიეღო “, – ამბობს მარეხ დათაშვილი.

საქმეს სასამართლომდე განათლების სამინისტრო შეისწავლის

დათაშვილებსა და ობოლაშვილს შორის დაპირისპირების საკითხს დიდი ალბათობით სასამართლო განიხილავს. თუმცა ვიდრე სამეურვეო საბჭოს მომავალი სხდომა გაიმართება, რომელზეც წევრებმა დათაშვილის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ პოზიცია უნდა დააფიქსირონ, სკოლაში არსებულ ვითარებას განათლების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტი შეისწავლის.
დათა დათაშვილის ადვოკატმა თამარ ნებიერიძემ სამინისტროს 37 გვერდიანი საჩივრით მიმართა.

„განათლების მინისტრს მივმართავთ, რომ დაიწყოს ამ საქმის მოკვლევა. ვთხოვთ რეაგირებას დირექტორის ქმედებებზე, ასევე მისი პასუხისმგებლობის დაყენების საკითხს. სამინსიტროს შეუძლია სკოლას მისცეს გაფრთხილება, ან თავად მიიღოს ზომები, როგორც ამ დირექტორის დამსაქმებელმა და უფლებამოსილება შეუწყვიტოს მას“, – ამბობს თამარ ნებიერიძე.

მოთხოვნებთან ერთად საჩივარაში დირექტორის მისამართით გაჟღერებული არა ერთი ბრლადების შესახებაც წერია. მაგალითად ნებიერიძე ასაბუთებს, რომ ობოლაშვილს სკოლის პედკოლექტივისთვის დათაშვილის შესაძლო დისციპლლინური გადაცოდმის საკითხების განხილვის უფლება არ ჰქონდა: „ეს არ არის საჯარო საქმე, მან პერსონალური მონაცემები გასცა და ამცნო სრულიად საზოგადოებას, რომ ეს კაცი უღირსად იქცევა. ეს დირექტორის მხრიდან მასწავლებლის დისკრიმინაციაა“.

რაც შეეხება დირექტორის გამოცემულ სასტიკ საყვედურს, სასამართლოში მისი გასაჩივრების ვადა ამოწურულია. როგორც ადვოკატი ამბობს, მისი გასაჩივრება თავად დათამ არ ისურვა.

თუმცა, ამ საყვედურის გასაჩივრების ვადა დათაშვილმა სკოლაშიც დააგვიანა. როცა მან მისი ბათილად ცნობის თხოვნით სამეურვეო საბჭოს მიმართა, იმის გამო რომ გასაჩივრების ვადა ამოწურული იყო, განხილვაზე უარი ეთქვა.

რომელი გადაწყვეტილება დაასწრებს, განათლების სამინისტოს აუდიტის თუ დიდი ალბათობით, სასამართლომდე მისული საჩივრის, ჯერ უცნობია. მანამდე სამეურვეო საბჭო შეიკრიბება და დათაშვილის სამსახურიდან დათხოვას უყრის კენჭს.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


18.09.2019 ლევან ბერძენიშვილი ახალციხეში საჯარო ლექციას გამართავს

18.09.2019 ახალქალაქის სკოლებში ოთხ მანდატურს დაამატებენ

17.09.2019 წითელი ყელსახვევების საქმეზე აუდიტმა დასკვნა დადო, თუმცა სკოლებისთვის ცნობილი არ არის

16.09.2019 ‘თავისუფლებაზე ორიენტირებული სწავლება’ - ახალი სკოლის მოდელი

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

19.09.2019 დღეს მესხეთის თეატრში წარმოდგენას მარჯანიშვილის თეატრი გამართავს

19.09.2019 ახალციხის ცენტრში ნაცემ ქალს ტვინის შერყევა აქვს

19.09.2019 ახალციხეში სოციალურად დაუცველ ოჯახს ადგილობრივები დაეხმარნენ

18.09.2019 ნაცემ ქალს გამოკვლევები უტარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

19.09.2019 მზეთამზიელი გულნაზი

17.09.2019 სოფელი გულსუნდა – 'წინ კლდეები, უკან მტკვარი' [ფოტო]

09.09.2019 ივლიტა 'ახალციხეს მიკრული' სოფელი

06.09.2019 სქესობრივი განათლება: საფრთხე თუ გამოსავალი?

მსგავს თემაზე

დაპირისპირება სოფელ აბასთუმნის სკოლიდან სასამართლოში გაგრძელდება
დირექტორის გათავისუფლებული  პედაგოგი სამეურვეო საბჭომ სკოლაში დატოვა
აბასთუმნის სკოლის პედაგოგმა დირექტორს სასამართლო მოუგო
აბასთუმნის სკოლის მასწავლებელმა დირექტორს სააპელაციოც მოუგო
აბასთუმნის სკოლიდან გათავისუფლებული მასწავლებელი სამსახურში დააბრუნეს
აბასთუმნის სკოლის დირექტორს ოქმის გაყალბებაში ადანაშაულებენ
აბასთუმნის სკოლის ყოფილი  მასწავლებლის სარჩელი სასამართლომ წარმოებაში მიიღო