სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს »
სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 15.06.2017
სოფელ აბასთუმნის სკოლის შენობის მესაკუთრე სამსახურიდან იმ შვიდი პედაგოგის გათავისუფლებას ითხოვს ვინც წარსულში მას უპირისპირდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლას ყოველთვიურად ქირას 3000 ლარს სთხოვს.

სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს
სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლაში განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს ელოდებიან.

„მათ უნდა შეაფასონ სკოლის შენობა, აზომონ ფართობი და დათვალონ ღირებულება. ქირას რომ დაასახელებ იმას შეფასების გარეშე არავინ გადაგიხდის“, – ამბობს ადიგენის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ინგა ბოჭორიშვილი.

სკოლაში სამინისტროს მხრიდან ქირის გადახდის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც შენობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ადგილობრივ ბიზნესმენს გენადი ენდელაძეს დაუბრინდა.

მისი განცხადებით, იგი სკოლის შენობას იჯარის ხელშეკრულებით უსასყიდლოდ დათმობს, მოლოდ ერთი პირობით, თუ აქ ის პედაგოგები აღარ იმუშავებენ, რომლებიც მას საკუთრების დაბრუნებამდე ღიად უპირისპირდებოდნენ.

„საიჯარო ხელშეკრულება არ დაიდება მანამდე, ვიდრე ეგ შვიდი ადამიანი არ წავა სკოლიდან. ეგენი ჩემს წინააღმდეგ გამოდიდონენ, როცა სკოლა დამათმობინეს და ახლა მათ ჩემ ეზოში ვერ ვატარებ. ამ შვიდი მასწავლებლის დანაშაული დადგენილია, ისინი ხელს აწერდნენ იმაზე, რომ თითქოს მე მკვლელი და "ბანდიტი" ვიყავი. ამას იმისთვის აკეთებდნენ, რომ მე ეგ ქონება ჩამომრთმეოდა“, – აცხადებს ენდელაძე.

მისი თქმით, იგი ამ პირობას საგანმანათლებლო რესურსცენტრს მას შემდეგ წაუყენებს, რაც საიჯარო ხელშკერულების გაფორმების საკითხი გადაწყდება: „თუ თანახმა არ იქნებიან, მაშინ გადაიხადონ ქირა. ზედა ზღვარი უკვე შევთავაზე, წელიწადში 40 ათასი ლარი. თვეში 3000–4000 ლარს ვითხოვ. დიდი შენობაა და მეკუთვნის“.

სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს

ადიგენის საგანმანართლებო რესურსცენტრში ამ პირობის შესახებ უკვე იციან: „ჩემთანაც არა ერთხელ განაცხადა გენადი ენდელაძემ ამის შესახებ, მაგრამ რამდენად სერიოზული განცხადებაა ამის შეფასება გამიჭირდება. მას ავუხსენი, რომ სკოლა რომელ შენობაშიც იქნება, იმ სკოლის პედაგოგი იმავე შენობაში იმუშავებს“.

შეკითხვაზე, თუ მესაკუთრის პირობების გამო შენობის დატოვება მოუხდებათ, რა ალტერნატივა არსებობს აბასთუმნის საჯარო სკოლის განსათავსებლად, ბოჭორიშვილი გპასუხობს: „თანამშრომლების გათავისუფლების პირობის შესახებ ჯერ განცხადება, ანუ რაიმე დოკუმენტი წერილობითი ფორმით არ არსებობს. თუ ფაქტის წინაშე აღმოვჩნდებით, მერე ალბათ გამოჩნდება რაღაცა. თუმცა, მესაკუთრესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ და მას არ უნდა რომ სოფელში სკოლა არ იყოს“.

სოფელში სკოლის მნიშვნელობაზე გენადი ენდელაძეც საუბრობს: „თუ სკოლა არ იქნება, ბიბლიოთეკა და წყალი, მაშინ მე რა მინდა ამ სოფელში?! მოიფიქრონ რა პირობა აწყობთ. თუ ახლის აშენებას გეგმავენ, არავის ვაგდებ იქიდან, იყვნენ ვიდრე ახალი სკოლა აშენდება, მერე კი დამითმონ ჩემი შენობა. მე მასში 14 ათასი მანეთი გადავიხადე, ეგ ახლანდელ 100 ათას დოლარს უდრის“.

სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს

ენდელაძემ შენობა, რომელშიც აბასთუმნის საჯარო სკოლა 1992 წლიდანაა განთავსებული 1991 წლამდე იყიდა. მაშინ აქ ყველ–კარაქის ქარხანი იყო. მოგვიანებით კი, როგორც თავად ამბობს, სოფლის და რაიონის მაშინდელი გამგებლების თხოვნით სკოლას დაუთმო.

„სკოლა ინგრევა და სანამ ახალი აშენდება მოგვეციო. ხელშეკრულებით გადავეცი, რომელშიც ეწერა, რომ შეეძლოთ იმ შენობაში მანამდე ყოფილიყვნენ, ვიდრე ახალს არ ააშენებდნენ. 2007 წლამდე მიწის გადასახადსაც ვიხდიდი, აქ ეზო 6 000 მეტრზე მეტია“, – იხსენებს ენდელაძე.

მისი თქმით, ვითარება 2007 წლიდან, ანუ მას შემდეგ დაიძაბა, რაც განათლების სამინისტრომ სკოლების ოპტიმიზაციაზე დაუწყო საუბარი: „მაშინდელი რესურსცენტრის უფროსმა მარეხი დათიაშვილმა, რომელიც იყო „ნაციონალების“ წარმომადგენელი, დაავალა დირექტორს, რომ ეს სკოლა თავიანთ ბალანსზე აეღოთ. ამიტომ დაიწყეს სამინისტროში წერილების წერა, რომ თითქოს ეს შენობა თავიდანვე სკოლა იყო და ჩემ საკუთრებაში არაკანონიერი გზით აღმოჩნდა. ამიტომ დაბრუნებას ითხოვდნენ“.

ენდელაძის განცხადებით, მასა და მარეხი დათიაშვილს შორის ამ დროისთვის პირადი დაპირისპირება არსებობდა: „გარდა ამისა, დათიაშვილს სურდა, რომ მას შემდეგ რაც მე შენობას ჩამომართმევდნენ, ოპტიმიზაციის გამო აბასთუმნის სკოლას რომელიმე სხვა სკოლასთან შეაერთებდა და ეს შენობა მერე მას დარჩებოდა“.

შეკითხვაზე, მხოლოდ მარეხი დათიაშვილისთვის სარგებლის მიღების მიზნით, მაშინდელი ხელისუფლება, თუნდაც მის თანაგუნდელს მხარს რატომ დაუჭერდა, რომ მესაკუთრისთვის შენობა ჩემოერთმიათ, ენდელაძე გვპასუხობს: „ეს ჩვეულებრივ შესაძლებელი იყო, მაშინ დიდ ქონებებს „ნაციონალებს“ ურიგებდნენ“.

დათიაშვილი ენდელაძისთვის ქონების ჩემორთმევასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს: „არ ვიცი რა ვთქვა, ვერაფერს ვიტყვი. შეიძლება ყველაზე ყველაფერი თქვა, მაგრამ ამას დასაბუთება ხომ სჭირდება. ამ წუთში ვარ დიასახლისი და მაშინ როცა რესურსცენტრში ვმუშაობდი, სკოლა სოფელს ეკუთვნოდა“.

სოფელ აბასთუმნის სკოლას შესაძლოა შენობის დატოვება მოუხდეს

სკოლა 2011 წლამდე გენადი ენდელაძის საკუთრებაში იყო რეგსიტრირებული, 2011 წელს კი მან ადიგენის ადგილობრივ თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა ეს ასე მარტივად არ მომხდარა. ამავე წელს გენადი ენდელაძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მას ბრალი სსკ–ის 210 მუხლით გათვალისიწნებული დანაშაულის ჩადენაში ედებოდა. რაც ყალბი ზედნადების დამზადება–გამოყენებას გულისხმობდა.

„გორმა ამიყვანა. „კაპეზეში“ იმავე საღამოს შემოვიდა ადვოკატი და მითხრა, რომ თუ სკოლის შენობას დავთმობდი, გამომიშვებდნენ, თუ არადა ხუთ წელს მომისჯიდნენ. უარი ვუთხარი, ამდენი დევნით დაღლილი ვიყავი. მეორე დღესაც შემოვიდა ადვოკატი და ჩემი შვილების თხოვნა გადმომცა, რომ სკოლა დამეთმო და ამის საფასურად გარეთ გამოვსულიყავი. შვილების ხათრით დავთანხმდი“, – ამბობს ენდელაძე.

მისივე თქმთ, მას შემდეგ რაც სკოლის შენობა დათმო, ციხიდან გამოუშვეს. მეორე დღესვე კი ადიგენის თვითმმართველობასთან ჩუქების ხელშეკრულება გააფორმებინეს. მოგვიანებით კი მასთან 10 ათას ლარზე ჯარიმა გააფორმეს და საქმე დაასრულეს.

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გენადი ენდელაძემ უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების დასაბრუნებლად ახალციხის რაიონულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. იგი ადიგენის გამგეობასთან ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას და საკუთრების დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა მისი სამოქალაქო სარჩელი მოსამართლე გია ბერაიამ არ დააკმაყოფილა. თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი ბერაიას გადაწყვეტილება ბათილად ცნო და ენდელაძეს შენობა დაუბრუნა.

აბასთუმნის საჯარო სკოლაში ამჟამად 65 მოსწალვე სწავლობს და 25 პირია დასაქმებული. აქ ისევე როგორ რესუსცენტრში განათლების სამინისტროს პასუხს ელოდებიან.

„ენდელაძის განცხადება შემოვიდა, რომ ახლა ისაა მესაკუთრე და საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაზეა საუბარი. მისი ეს წერილი სამინისტროშია გადაგზავნილი და პასუხს ველოდები მე სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, – ამბობს აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ქეთევან ობოლაშვილი.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


15.08.2018 ახალი სასწავლო წელი სკოლებში 17 სექტემბერს განახლდება

13.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის რექტორმა აბიტურიენტებს ფეისბუქ ლაივით მიმართა

09.08.2018 სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში დაწყებითი განათლების პროგრამამ აკრედიტაცია გაიარა

08.08.2018 აბიტურიენტები გამოცდების შედეგების გასაჩივრებას 9 აგვისტოდან შეძლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.08.2018 ვანო მერაბიშვილის ადვოკატი: ‘მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია’

16.08.2018 ახალციხეში ელექტრონული მუსიკის საღამოები მოეწყობა

15.08.2018 ვანო მერაბიშვილი გამოკვლევებისთვის საავადმყოფოში გადაიყვანეს

15.08.2018 ვითიბი ბანკის ახალციხის ფილიალს ახალი მმართველი ჰყავს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

აბასთუმნის სკოლიდან პედაგოგებისა და მოსწავლეების გამოსახლებას ითხოვენ
აბასთუმნის სკოლაზე დავა გრძელდება – მესაკუთრე სასმართლოში მეორედ ჩივის
აბასთუმნის სკოლაზე გამოსახლების შესახებ სარჩელი განუხილველი დარჩა
სოფელ აბასთუმნის სკოლის ყოფილი შენობაზე დავა გრძელდება
აბასთუმნის სკოლის საქმეზე  სასამართლომ  სარჩელი არ დააკმაყოფილა
აბასთუმნის სკოლის შენობის საქმის განხილვა დასრულდა
რამდენი იქნება აბასთუმნის სკოლის შენობის ქირა, ჯერ უცნობია