სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მეხუთე სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ კონცერტის ბილეთების ყიდვას აძალებენ

მთავარისიახლე, განათლება 18.05.2017
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი საანგარიშო კონცერტისთვის ემზადება; მშობლები ამბობენ, რომ მათ ბილეთების ყიდვას აიძულებენ;

მეხუთე სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ კონცერტის ბილეთების ყიდვას აძალებენ

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლასთან არსებული ქორეოგრაფიული ანსამბლი „ლომსია“ 2 ივნისს მესხეთის სახელმწიფო თეატრში საანგარიშო კონცერტს გამართავს. ამიტომ მეხუთე საჯარო სკოლაში, ყველა კლასში გასაყიდად ბილეთები შეიტანეს.

როგორც მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, მათ ნაწილს მასწავლებლებმა კრებაზე უთხრეს, რომ ბილეთების ყიდვა სავალდებულოა.

„ბოდიშების მოხდით დაიწყო მასწავლებელმა, ხომ იცით, მეუხერხულება ამაზე საუბარი, მაგრამ, ბილეთები უნდა იყიდოთო. თქვენ თუ არ დადებთ ფულს, მაშინ 50 ლარის გადახდა, ყველას ნაცვლად, მე მომიწევსო“, – ამბობს მეექვსეკლასელი მოსწავლის მშობელი, რომელიც ვინაობის გამჟღავნებისგან თავს იკავებს.

მისივე თქმით, კრებაზევე გამოხატეს მშობლებმა პროტესტი: „ყველა აყვირდა, მაგრამ რა! როგორც მე გავატანე ხუთი ლარი ბილეთისთვის, ისე გამოატანეს სხვებმაც. მასწავლებელთან ვიუხერხულეთ“.

ბილეთის იძულებით ყიდვაზე, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეების მშობლები ჩივიან. თუმცა, არცერთ მათგანს, პედაგოგთან და დირექციასთან ურთიერთობის გართულების შიშით, ვინაობის გამჟღავნება არ სურს. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ შესაძლოა ხუთლარიანი ბილეთის გამო, ბავშვს სკოლაში პრობლემები შეუქმნან, ამიტომ, ამჯობინებენ, რომ პრესასთან ანონიმურად ისაუბრონ.

„ბილეთს ვიყიდით, მაგრამ არ წავალთ. შარშანაც ვიყიდეთ და არ წავსულვართ. არ მინდა მასწავლებელი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაგდო. მე ერთი ხუთი ლარი უნდა გადავიხადო და თუ ბავშვები ფულს არ მიიტანენ, მერე გადახდა იმას მოუწევს“, – ამბობს მესამეკლასელი ბავშვის მშობელი.

შეკითხვაზე, რატომ ყიდულობენ ბილეთებს, თუ კონცერტზე წასვლას არ აპირებენ, მეორეკლასელი ბავშვის მშობელი გვპასუხობს: „გვეუბნებიან სკოლისთვისააო საჭირო. ალბათ სკოლასაც რჩება შემოსავალი“.

დაწყებითი კლასების მშობლების თქმით, იმის გამო, რომ ბავშვები ჯერ პატარები არიან, კონცერტის დასრულებამდე დარბაზში ვერ ძლებენ, ამიტომ, სულ რამდენიმე წუთით შეიძლება მიიყვანონ, ან საერთოდ არ მიჰყავთ: „მაგრამ, მაგას რა მნიშნველობა აქვს, ბილეთები მაინც უნდა ვიყიდოთ“.

მეხუთე სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ კონცერტის ბილეთების ყიდვას აძალებენ

განსაკუთრებით რთული ბილეთის ღირებულების დაფარვა იმ მშობლებისთვისაა, ვისაც სკოლაში ორი, ან მეტი შვილი ჰყავს: „ორი შვილი მყავს, ერთი მაღალ კლასებშია, მეორე დაწყებითებში, ვერ ვხვდები რატომ უნდა ვიყიდო იძულებით ბილეთი, თუ კონცერტზე წასვლა არ მინდა?!“

სკოლაში, ბუნებრივია, არიან ისეთი მშობლებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ბილეთს სიამოვნებით შეიძენენ და კონცერტსაც დაესწრებიან, თუმცა ვინაობის გამჟღავნების სურვილი არც მათ აქვთ: „ვიყიდი ბილეთსაც და კონცერტზეც წავალ, არავინ არაფერს გვაძალებს“.

დირექციის პოზიცია

მეხუთე საჯარო სკოლის პედაგოგები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და დირექციასთან გვამისამართებენ.

დირექტორი ინგა ვარდიძე კი ბილეთების გაყიდვასთან დაკავშირებით სკოლაში რაიმე ტიპის იძულებას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს, რომ მსგავსი რამ მას შემდეგ რაც თავად სკოლის დირექტორია არასდროს მომხდარა.

„სასწაულ რაღაცეებს იგონებენ, ეს ცილისწამებაა! ასეთ პრობლემაზე სასაუბროდ ჩემთან არავინ მოსულა. დავინტერედებით ამ საკითხით, რადგან არ არის სასიამოვნო, როცა შენი სკოლის შესახებ ასეთი ინფორმაცია ჟღერდება“, – გვითხრა ვარდიძემ.

იგივეს აცხადებს სკოლის დირექტორის მოადგილე დაწყებით კლასებში რიტა კირკიტაძე: „ასეთი რამ არ ხდება, დაუშვებელია! ეს სკოლის კონცერტია, წელიწადში ერთხელ ტარდება, თუ ვინმეს ყიდვა უნდა ბილეთის ყიდულობს, თუ არა, ძალას ნამდვილად არავის ვატანთ“.

დირექციაში ირწმუნებიან, რომ არცერთ პედაგოგს და არც მოსწავლეს არასდროს იძულებით ბილეთები არ შეუძენია. უფრო მეტიც, სკოლის დირექტორი ამბობს, რომ კლასებში გასაყიდად ბილეთები არ შეაქვთ: „არ ვყიდით ბილეთებს მოსწავლეებზე“.

დირექტორისგან განსხვავებით, ანსამბლ „ლომსიას“ ხელმძღვანელი და ქორეოგრაფი სამსონ მენაბდიშვილი გვიდასტურებს, რომ 29–ე წელია კონცერტის ბილეთები სწორედ სკოლაში იყიდება: „სკოლა ბილეთების გაყიდვაში გვერდში გვიდგას. ზოგი მშობელი ამბობს, რომ არ გვინდა ყოველ წელს ცეკვის და სიმღერის კონცერტიო, მაგრამ უნდა უნდოდეთ. არ შეიძლება ქართველმა კაცმა ბავშვების ცეკვას და სიმღერას არ უყუროს, რას უნდა უყუროს აბა!“

მეხუთე სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ კონცერტის ბილეთების ყიდვას აძალებენ

მისივე თქმით, სკოლაში ბილეთები ძალდატანებით არ იყიდება: „მაგრამ ყველას ვეუბნებით, რომ ბილეთი უნდა იყიდონ. იმ ორ და სამ ლარს ჩიფსებსა და კოკა–კოლაში ხომ ხარჯავენ, ან ტელეფონში რიცხავენ. ვეუბნებით ცოტახანი ნუ გადარიცხავენ ამ ფულს მობილურში, ლარი ჩარიცხონ იქ და ბილეთი იყიდონ“.

ისევე როგორც სკოლის დირექცია, მენაბდიშვილიც გამორიცხავს, რომ პედაგოგებს კლასში დარჩენილი ბილეთების შესყიდვა უხდებათ: „ასეთი რამ არ ყოფილა. მითხარით თუ არსებობს ასეთი მასწავლებელი მე დავუბრუნებ მას თანხას. შეიძლება ისე თქვა მასწავლებელმა, რომ თქვენ თუ არ იყიდით, მე ავიღებ ბილეთებსო, მაგრამ ჩვენ არ ვაძალებთ ამას“.

სად მიდის კონცერტიდან მიღებული შემოსავალი

სკოლის დირექციასა და ანსამბლშიც აცხადებენ, რომ საანგარიშო კონცერტიდან სასწავლებლებს არაფერი რჩება.

„მენაბდიშვილი მოიჯარეა და ყოველ თვეში 220 ლარს იხდის. ფოიე გვაქვს მიქირავებული, სხვა ვალდებულება მას ჩვენთან არ აქვს“, – ამბობს ინგა ვარდიძე.

კონცერტის ფულით, მენაბდიშვილი მხოლოდ იმ დარბაზსა და სივრცეს არემონტებს, რომელსაც თავად იყენებს: „ამ ბოლოს მაგალთად იატაკი „გავლაკე“, – გვითხრა მან.

ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში 1 391 მოსწავლე სწავლობს. აქედან 585 დაწყებით კლასებშია. ანსამბლ „ლომსიაში“ კი 160 ბავშვი ირიცხება. მათი უმრავლესობა მეხუთე საჯარო სკოლის მოსწავლეა.

ბილეთები გასაყიდად ყველა კლასში შედის. საბოლოო ჯამში 1 000 ბილეთი მაინც უნდა გაიყიდოს. რადგან მესხეთის თეატრის დარბაზი 500 კაციანია, 2 ივნისს კი აქ კონცერტი ორჯერ გაიმართება, – შუადღეს პატარებისთვის და საღამოს უფროსკლასელებისთვის.

მენაბდიშვილი ამბობს, რომ 1000–ვე ბილეთი თითქმის ყოველთვის ეყიდება. ყველა გაყიდული ბილეთიდან მიღებული თანხის ოდენობა კი, თუ თითო ბილეთის ღირებულება 5 ლარია, ჯამში 5000–ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, მენაბდიშვილი ამბობს, რომ თავად კონცერტიდან მხოლოდ 300 ან 400 ლარი რჩება.

„1 000 ლარს თეატრის ქირაში ვიხდი. აქამდე წლების განმავლოაბში 800 ლარს ვიხდიდი და მაშინ ბილეთის ფასიც 4 ლარი იყო, წელს თეატრის ქირის გაძვირების გამო ბილეთიც 5 ლარი გახდა. გარდა ამისა, 300–400 ლარი აპარატურის მომსახურებისთვის გვინდა. დარჩენილი 300–400 ლარით კი გაჭირვბულებს ვეხმარები. ადრე მათ ფულს რომ ვურიცხავდი, ქვითრებს ვინახავდი, ბოლო დროს ხელზე ვაძლევ“, – ამბობს მენაბდიშვილი.

მისი თქმით, ის ბავშვები, რომლებსაც საშუალება არ აქვთ, კონცერტზე უფასოდ შევლენ: „ამას მასწავლებელი თავად გააკონტროლებს“.

მეხუთე სკოლის მოსწავლეების მშობლები ამბობენ, რომ კონცერტის ბილეთების ყიდვას აძალებენ

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

18.09.2017 ახალციხის საავადმყოფოში 40–მდე ბავშვი შეიყვანეს – ბაღებში ეპიდკვლევა დაიწყო

18.09.2017 ურექტორობის გამო, სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მთელი რიგი პრობლემები იქმნება

18.09.2017 ახალციხის ორ ბაღში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.09.2017 ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობა ჯავახეთის და ტბა არპის დაცულ ტერიტორიებს შორის

20.09.2017 ახალციხის პირველ სკოლაში სარემონტო სამუშაოები განახლდა

19.09.2017 რამ გამოიწვია მცირეწლოვნების მასობრივი მიმართვიანობა საავადმყოფოში, ჯერ ისევ უცნობია

19.09.2017 დისკუსია თემში მცხოვრებ ქალთა საჭიროებებზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

მეხუთე სკოლაში მშობლების ნაწილი ბილეთების გაყიდვის საკითხს ეხმაურება
სად იყიდით ბილეთებს 'ერისიონის'კონცერტისთვის
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში, პროტესტის ნიშნად, გაკვეთილები არ ტარდება
მეხუთე სკოლის პედაგოგები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
მეხუთე სკოლის მასწავლებელმა, რომელსაც მოსწავლეების ცემაში ადანაშაულებენ, სკოლის დატოვება გადაწყვიტა
ახალქალაქის მეორე სკოლის დირექტორს მშობლები უჩივიან
ახალქალაქის მე-5 სკოლას მოსწავლეები არემონტებენ