FM97.5 / LIVE

ცალმხრივად მოგვარებული პრობლემა

მთავარიპოლიტიკა 20.05.2012
1 მარტიდან რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუქმდა. ადგილობრივებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი რუსეთში უვიზოდ შესვლის რეჟიმია

ცალმხრივად მოგვარებული პრობლემა

ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხებისთვის საქართველო-რუსეთის ურთიერთობების გაფუჭება სასიცოცხლო სახსრების შოვნის გზაზე გაჩენილ უამრავ პრობლემას ნიშნავდა. ადამიანები ყველაფერს აკეთებდნენ, რათა რუსეთში გასასვლელი “გზა” მოენახათ, რადგან ადგილზე სამუშაო არ ჰქონდათ.

1 მარტიდან რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ვიზის გარეშე შეუძლიათ შემოსვლა. ეს განაპირობა საქართველოს პრეზიდენტის ახალმა განკარგულებამ “ვიზების გაცემის, მათი მოქმედების ვადების გაგრძელებისა და შემცირების წესების შესახებ”. ადგილობრივები ამ ფაქტმა ძალიან გაახარა, რადგან იმედი გაუჩნდათ, რომ თავის მხრივ, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზებს რუსეთიც გააუქმებს.

ადგილობრივებს, გარდა რუსეთში სამუშაოდ სიარულის აუცილებლობისა, იქ ბევრი ნათესავები ჰყავთ. ცალმხრივმა უვიზო რეჟიმმა ისინი ძალიან გაახარა, რადგან მათ მოსანახულებლად ჩამოსვლას ნათესავები მაინც შეძლებენ ვიზის აღების გარეშე.

“შესაძლოა, ეს მხოლოდ უბრალო პოლიტიკური სვლაა, შესაძლოა მთავრობას უნდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამოკიდებულებას რუსეთმაც გადახედოს. ბუნებრივია, ეს კარგია ყველასთვის, ვისაც რუსეთში ნათესავები ჰყავს. სამშობლოში ზედმეტი წვალებისა და ხარჯის გარეშე ჩამოსვლას ისინი მაინც შეძლებენ. წელს ქალიშვილი უნდა ჩამოვიდეს სამ შვილთან ერთად, ვიზები რომ იყოს საჭირო, რამდენი ხარჯის გაწევა დასჭირდებოდა”, - ამბობს ახალქალაქის მცხოვრები სუსანნა ერემიანი.

თუ ახალქალაქელებისთვის ვიზების გაუქმება მათი ნათესავებისთვის ეკონომიას ნიშნავს, სახელმწიფოსთვის ეს ტურისტების მოზიდვის საშუალებაა. როგორც GHN გვაცნობებს, ბოლო სამი თვის განმავლობაში, წინა წლის მონაცემებთან შედარებით, რუსეთიდან შემოსული ტურისტების რიცხვმა 38%-ით მოიმატა.

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (BDI) ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 88% ამჟამინდელი ქართულ-რუსული ურთიერთობით უკმაყოფილოა. კვლევაში 3,141 ადამიანი მონაწილეობდა. გამოკითხულთა 49% მიიჩნევს, რომ რუსეთი საქართველოსთვის საფრთხის რეალური წყაროა, 30% კი დარწმუნებულია, რომ რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს, მაგრამ ეს საფრთხე გადაჭარბებულია.

გოარ ავაქიანი საქართველოს მთავრობის ინიციატივას მიესალმება, მაგრამ რუსეთის ვიზა მისთვის “თავის ტკივილადაა” ქცეული: “ბუნებრივია, მინდა, რომ ამ საკითხს რუსეთმაც გადახედოს. თუმცა გასაგებია, რომ ეს საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების საქმეა, მათ კი დაძაბული ურთიერთობა აქვთ. ვფიქრობ, ჯერჯერობით, სანამ ქვეყნებს შორის ურთიერთობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება, ამ საკითხის მოგვარების ცდა არ ღირს. ვცდილობდი ჩემთვის და ჩემი ვაჟისთვის ვიზა ამეღო მოწვევით, რათა ჩემი მრავალრიცხოვანი ნათესაობა მომენახულებინა და ამ საქმემ უამრავი დრო და ფული წამართვა, ქაღალდების სიმრავლეზე რომ არაფერი ვთქვათ და საქმე ბოლომდე მაინც ვერ მივიყვანე”.

ახალქალაქის მცხოვრების ანი მინასიანის აზრით, ეს დადებითი ნაბიჯია მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის: “ესაა არამხოლოდ პოლიტიკური სვლა, არამედ რუსეთში მცხოვრები თანამემამულეების დახმარების ხერხი. საქართველო 2008 წლის მოვლენებს ნელნელა ლახავს. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ სავიზო რეჟიმი მათთვისვე იყო საზიანო”.

რუსეთში სამუშაოდ სიარული ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის გადარჩენის საშუალებად ჯერ კიდევ XX საუკუნის 60-იანი წლებიდან იქცა. პირველი პრობლემები მათ 2000 წლის 5 დეკემბერს შეექმნათ, როდესაც საქართველოსა და რუსეთს შორის პირველად შემოვიდა სავიზო რეჟიმი. ამის მიზეზი მაშინ რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი ჩეჩენი “ბოევიკებისთვის” თავშესაფრის მიცემის ბრალდება გახდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ “დღევანდელი დღიდან რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს ყველა კატეგორიის მოქალაქისთვის ნებადართული იქნება სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტების გავლით, რომლებიც ღიაა საერთაშორისო მიმოსვლისთვის, მხოლოდ რუსული ვიზებით, რომლებიც საზღვარგარეთ გასვლისთვის მოქმედ ეროვნულ პასპორტებზე გაიცემა”.

2006 წელს საქართველომ სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის ცალმხრივ რეჟიმში გაამარტივა. მათ ნება დაერთოთ ვიზა პირდაპირ სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე აეღოთ. შესაბამისი განკარგულების თანახმად, საქართველოს შსს-ის სასაზღვრო პოლიციას ბრძანების შესრულება ქვეყნის ყველა სასაზღვრო საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე უნდა უზრუნველეყო.

სიტუაცია კიდევ უფრო 2008 წლის აგვისტოს ომისა და საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტის შემდეგ გაუარესდა. სავიზო ლგოტები ორივე მხარემ გააუქმა. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ, 2008 წლის 4 სექტემბერს მიხეილ სააკაშვილმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აღდგენის ბრძანებულებას მოაწერა ხელი. კერძოდ, ვიზების პირდაპირ საზღვარზე, ოფიციალურ გამშვებ პუნქტებზე მიღების საშუალება მათ კვლავ მიეცათ.

შერიგებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი მიხეილ სააკაშვილის 2010 წლის ოქტომბრის გადაწყვეტილება იყო. სავიზო რეჟიმი გაუქმდა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის. ამ ბრძანებულებას საქართველოს პრეზიდენტმა 2010 წლის 11 ოქტომბერს მოაწერა ხელი. დოკუმენტის თანახმად, ჩეჩნეთში, ინგუშეთში, ჩრდილოეთYოსეთში, დაღესტანში, ყაბარდო-ბალყარეთში, ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ადიღეში ჩაწერილი რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის გადაკვეთისას 90 დღიანი უვიზო რეჟიმი იმოქმედებდა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების ეს ახალი გადაწყვეტილება ქართული მხარის უკანასკნელი დათმობაა. საქართველოს მთავრობა, მოსახლეობა და განსაკუთრებით ეთნიკური სომხებით დასახლებული ჯავახეთის მცხოვრებლები რუსეთის მხრიდან საპასუხო დათმობებს ელიან.

[ქრისტინა მარაბიანი, ახალქალაქი]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

საქართველოს მოქალაქეებისთვის  უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა
საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას კენჭს 2 თებერვალს უყრიან
საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლა შეწყდა
საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით შეჩერდა
რუსეთში 24 საათში კორონავირუსით 216 ადამიანი გარდაიცვალა
რუსეთში საარჩევნო უბნები არ გაიხსნება
„ბორჯომის“ ექსპორტი რუსეთში უახლოეს პერიოდში აღდგება