FM97.5 / LIVE

პოლიტიკური განწყობები მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეში

მთავარიპოლიტიკა 20.03.2013
დაძლეული შიში და შეცვლილი განწყობები თუ კვლავ ”ნაციონალების” მხარდამჭერები ადიგენში; რას უთვლიან მერაბიშვილის მშობლიური სოფლიდან ივანიშვილს და როგორ ხედავენ ახალ პოლიტიკას არჩევნების შემდეგ ”ოცნების” გამარჯვებით გაოცებული ადიგენელები.

პოლიტიკური განწყობები მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეში

"ვინც მოვა ხელისუფლებაში, იმისი ვიქნებით”


ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში ისევ ეშინიათ, ოღონდ ამჯერად ”ოცნების”.

„რომელი ხელისუფლებაც მოვა, იმისკენ ვილაპარაკებთ“, - ამბობს უდის მკვიდრი ანიკო ჩილაშვილი.

მეზობელს ეთანხმება გვერდით მჯდომი ქალბატონიც.

„ვინც მოვა ხელისუფლებაში იმისი ვიქნებით, - გვითხრა მან და ვინაობის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა - ვინმე არ მოხსნან, არაფერი გვითხრან. ოჯახში კი არავინ მუშაობს, მაგრამ მაინც”.

ახალი მთავრობის პოლიტიკაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების, მასობრივი დაკითხვების, დაკავებული მაღალჩინოსნებისა და სახელმწიფოს პროგრამებზე ღიად საუბრობენ შუახნის ასაკის მამაკაცები, თუმცა, გამბედაობა საიმისოდ, რომ ვინაობა გაამჟღავნონ, არც მათ ჰყოფნით.

”რომ გითხრათ ვინ ვარ, მოვლენ დამიჭერენ და თქვენ მიშველით?! ”ოცნებიდან” კარდაკარ რომ დადიოდნენ, მაშინ ვუთხარი მათ, რომ ხმას ”ნაციონალებს” ვაძლევდი. შემდეგ 3 კაცი მოვიდა და კინაღამ მცემეს, ჩვენთან გადმოდიო”, - გვპასუხობს ერთ-ერთი მათგანი.

ახალი მთავრობის პროგრამებზე მსჯელობისას უდეში პირველ რიგში უფასო ხვნაზე აკეთებენ აქცენტს და აცხადებენ, რომ ახლა ბილეთების დარიგება სისულელეა, რადგან ვინც მიწა შემოდგომით მოხნა, ბილეთს ვერაფერში გამოიყენებს, ვისაც დასახნავი დარჩა, მისი დამუშავება უკვე გვიანია.

”ან მიწის უფსო მოხვნამ რა უნდა გვიშველოს?! ერთი ტონა კარტოფილიც რომ მოიყვანო, იცხოვრებ?! სამუშაო ადგილები უნდა შეიქმნას და ეს იქნება ქვეყნის წინ წასვლა, მაგრამ, ჯერ არაფერი კეთდება. შარშან ამ დროს, გაზაფხულზე, მშენებლობებზე ვმუშაობდით, ახლა ყველაფერი გაჩერებულია”, - ამბობს 50 წლამდე ასაკის მამაკაცი.

”ესენი მარტო იჭერენ”


უდელები ამბობენ, რომ ახალმა ხელისულფებამ მათ სოფელში გაზიფიცირების პროცესი შეაჩერა.

”ესენი მარტო იჭერენ. დასაჭერი უნდა დაიჭირონ, მაგრამ ყურადღება არ უნდა გადაიტანონ მხოლოდ დაჭერებზე”, - ამბობენ სოფელ უდეში.

რაც შეეხება მასობრივ დაკითხვებს, ფიქრობენ, რომ ბევრი მაღალჩინოსნის მიმართ კითხვები ნამდვილად ჩნდება, მაგრამ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში დაკითხულთა რიცხვი ათასებს ცდება, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ზეწოლა პოლიტიკური ნიშნით ხდება: ”მერაბიშვილი პასპორტის გამო რომ დაკითხეს, სისულელე იყო. სხვა საკითხებთან დაკავშირებით რაიმეზე იყო თუ არა დაკითხული, არ ვიცით”.

პოლიტიკური განწყობები მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეში

მსგავსება ყოფილ და ახალ ხელისუფლებას შორის


ნკალებად, მაგრამ უდეში წინახელისუფლების შეცდომებზეც საუბრობენ, თუმცა, ეს მხოლოდ ახალ ხელისუფლების დადანაშაულებასთან კავშირში.

”ბევრი კანონი ერთ კაცზე ჰქონდათ მორგებული, მაგრამ ახლა ”ოცნებაც” იგივეს ცდილობს. რაც ხდებოდა 2003 წელს, იგივე ხდება ახლაც. მაგრამ წინა ხელისუფლება საქმესაც აკეთებდა, წლების წინ ჩვენ სოფლამდე მოსასვლელად საათზე მეტი დაგჭირდებოდათ, გზა გაგვიკეთა მერაბიშვილმა, გვაქვს შუქი წყალი”, - აცხადებენ უდელები, თუმცა ერთხმად გვეთანხმებიან იმაზეც, რომ ადიგენის მუნიციპალიტეტი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე უფრო უყურადღებოდ მიტოვებული და განადგურებული ინფრასტრუქტურის მქონე მუნიციპალიტეტია.

კითხვაზე თუ რატომ არაფერი გაკეთდა ადიგენში ”ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, გვპასუხობენ, რომ ”ყველა მინისტრი საკუთარ სოფელზე ზრუნვას ვერ დაიწყებს”.

თუმცა, უდეში ფიქრობენ, რომ ყოფილ ხელისუფლებას ქვეყნის წინსვლისთვის შენება აბასთუმნიდან უნდა დაეწყო, რადგან აქ ბორჯომზე დიდი პოტენციალია, მაგრამ ეს მხოლოდ საუბრის დონეზე დარჩა და ამ დრომდე ისევე როგორც ადიგენი, უყურადღებოდაა მიტოვებული აბასთუმანიც.

”გადაეცით ივანიშვილს, დააბრუნონ ისევ ისე სააკაშვილი და ყველაფერს გააკეთებს”, - აცხადებს უდეში მცხოვრები შუახნის მამაკაცი.

რას ამბობენ სოფელ არალში


არალში კი გვაბარებენ, რომ ივანიშვილს ვანოს დაკითხვებიდან გათავისუფლება ვთხოვოთ.

”ვანო ბოროტი კაცი არ არის და მოეშვნენ! ამ კუთხიდან ეგ ერთი კაცია და თავი დაანებონ! შეიძლება პატარა ხარვეზი ჰქონდა, მაგრამ ეგ არ ითვლება! უჭმელი არავინ არის, საქმესაც აკეთებდნენ და ჭამდნენ კიდეც”, - აცხადებს არლელი სტანისლავ ნადირაძე.

მერაბიშვილის მიერ უდესა და არალში დაგებულ გზაზე საუბრობენ არალშიც.

”ბევრი კარგი რამ გააკეთა ვანომ, მაგრამ ნახეთ წიგნი, სადაც წერია, თუ ვისი ფულით კეთდებოდა ეს ყველაფერი”, - ურჩევს თანასოფლელებს სიმონ მათოშვილი და ცდილობს აუხსნას მათ იმის შესახებ, რომ ”ქვეყანაში ბევრი რამ ”ნაციონალების” კი არა ივანიშვილის აშენებულია”.

მეზობელს სიტყვას აწყვეტინებს პეტრე ჩილინგარაშვილი: ”მერაბიშვილმა მესხეთი მსოფლიოს დაანახა, ახალციხის ციხე აღადგინა, მეტი რა გაეკეთებინა?! თოხნაში ხომ ვერ მოგვეხმარებოდა?!”

სწორედ ციხე-სიმაგრეებისა და გრანდიოზული შენობების აგება მიაჩნია ყოფილი ხელისუფლების მთავარ შეცდომად ფრიდონ ჩილინგარიშვილს: ”ციხე ვის რაში აინტერესებს, როცა ხალხი მშიერია?! მშიერ ადამიანს ვერაფრით გაახარებ. ”ნაციონალები” სოციალურ პირობებზე არ ზრუნავდნენ. 9 წლის განმავლობაში ვერც დაპირებული 100 დოლარი გახადეს პენსია. ბიძინას რომ ვუსმენ, ეტყობა, რომ ტყუილების ლაპარაკი არ იცის. რაც თქვა იმას გააკეთებს”.

რამ გაუტეხა ივანიშვილს სახელი


ივანიშვილის სჯერა შოთა ჩილინგარაშვილსაც, თუმცა ფიქრობს, რომ მის მთავრობას სახელი დიდი რაოდენობით გაცემული პრემიების რაოდენობამ გაუტეხა: ”ათი ათასობით ლარი გასცეს პრემიების სახით, არადა ხალხს ჰქონდა რწმენა, რომ ივანიშვილი სუფთა კაცი იყო”.

ბოლო დროს გაკეთებულმა განცხადებებმა დააბნია სიმონ აკოფაშვილი: ”ივანიშვილი ცალკე ყვირის, სააკაშვილი ცალკე, ნათელაშვილი კიდევ ცალკე. რომლის ლაპარაკი ვირწმუნოთ?! მაგრამ სააკაშვილი მაინც 100 პროცენტით მართალია ყველაფერში”.

არჩევნების შემდეგ კი სხვაგვარად დაინახა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები არალში მცხოვრებმა 56 წლის ქალბატონმა, რომელიც პრესასთან ინკოგნიტად რჩება: ”აქამდე გვეგონა, რომ წინა ხელისუფლება სწორად მიდიოდა, მაგრამ გამოჩნდა რომ ხარვეზებიც ჰქონდათ და ბევრსაც ჭამდნენ. ხვალ, რომ არჩევნები იყოს, ალბათ ”ნაციონალებს” მხარს აღარავინ დაუჭერს”.

მარინა ლაბაძის თქმით, ადიგენში ხელისუფლების ცვლილებას არავინ ელოდა: ”ხალხმა ამოისუნთქა, სიტყვის თქმისა და საქმის კეთების საშუალება მიეცათ. აქამდე ყველას პირობითი ჰქონდა. ახლა ბევრი გათავისუფლდა”.

არ ეთანხმება თანასოფლელებს არალში მცხოვრები ვანო მერაბიშვილი: ”წინა ხელისუფლების დროს ყველაფერი კარგად მუშაობდა, ხალხიც დასაქმებული იყო, ახლა უმუშევართა რიცხვმა იმატა. მაგალითად ჩვენ სოფელში გაზის პროექტი გააჩერეს”.

ადიგენში გაზიფიცირება არ შეჩერებულა


ადიგენის მუნუცუპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე აცხადებს, რომ ადიგენში გაზიფიცირების პროცესი არ შეჩერებულა. მისი თქმით, დასრულდა პირველი ეტაპი, რომლის ფარგლებშიც 22 კილომეტრი ცენტრალურ ტრასაზე, 13 კილომეტრი კი უდესა და არალში გაკეთდა.

”ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მეორე ეტაპი, სახლებში შეიყვანს ის, ვისაც ამის სრუვილი ექნება. ჯერ არ ვიცით მეორე ეტაპის განხორციელება როდის დაიწყება”, - ამბობს სხირტლაძე.

მისი თქმით, გაზისა და ნავთობის კორპორაციიდან ჩამოსულმა სპეციალურმა კომისიამ გაყვანილი ტრასის ვარგისიანობა უკვე შეამოწმა: ”იყო მცირე ხარვეზები, რომლებიც ჩაინიშნა და მალევე გამოსწორდება”.

პოლიტიკური განწყობები მერაბიშვილის მშობლიურ კუთხეში

ადიგენი ის ერთადერთი მუნიციპალიტეტი იყო არჩევნებამდე, სადაც ”ქართულ ოცნებას” საოფისედ ფართი არ მიაქირავეს და ამის გამო კარვის გაშლა მოუხდათ. გასული წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქ ”ნაციონალებმა” ხმების 68,87 პროცენტი მიიღეს, ”ოცნებამ” კი 26,66 პროცენტი. თითქმის სუფთად წააგო არჩევნები ”ოცნებამ” უდესა და არალში.

[თამუნა უჩიძე, ადიგენი]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბაქრაძე მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში, უდეში ამომრჩევლებს შეხვდა
ადიგენის გაზიფიკაცია არ გაჩერებულა
უდეს მცხოვრები:'კისრიდანაც რომ დამკიდონ, მაინც ვიტყვი, რომ 'ნაციონალების' მხარდამჭერი ვარ'
ვანო მერაბიშვილის მშობლიურ სოფელში  'ოცნებას' კონკურენტი აღარ ჰყავს
ვანო მერაბიშვილის თანასოფლელები: ‘ვანო მართალი კაცია, სასამართლოს შეგნებულად აჭიანურებენ'
ვანო მერაბიშვილის დაკავება - შეფასებები მშობლიური მხარიდან
დღის კითხვა: რა შეიცვალა ხელისუფლების შეცვლით ვანო მერაბიშვილის მხარეში [Video]