სამხრეთის კარიბჭე. FM97.5 / LIVE

მუშების პროტესტი

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 08.05.2017
სამი დღის განმავლობაში, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე დასაქმებულმა მუშებმა, პროტესტის ნიშნად სამუშაოები შეაჩერეს. დასაქმებულები ბოლო სამი თვის ხელფასებს ითხოვდნენ. დღეიდან მუშაობა განახლდა, იმ პირობით, რომ 17 მაისს დავალიანებას დაურიცხავენ.

მუშების პროტესტი

3 მაისს, ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის მშენებლობაზე დასაქმებულმა 40–მდე თანამშრომელმა ტექნიკა გააჩერა და მუშაობა შეწყვიტა. მუშების პროტესტი სამი თვის სახელფასო დავალიანებამ გამოიწვია.

„რვა თვეა გზის სამუშაოები მიმდინარეობს და ხელფასებს თითქმის ყოველ თვეში გვიგვიანებდნენ, ბოლო სამი თვის ნამუშევარი საერთოდ არ აგვიღია. თითოს 9 000 ლარამდე გვაქვს ასაღები“, – გვითხრა ერთ–ერთმა დასაქმებულმა თემურ ინასარიძემ, რომელიც მშენებლობაზე სატვირთო მანქანით მუშაობს.

მისივე თქმით, იმ დღეს პროტესტის გამოსახატად მუშების მხოლოდ ნაწილი შეიკრიბა. მშენებლობაზე სულ 60–მდე ადამიანია დასაქმებული და კომპანიას ყველას დავალიანება აქვს.

„ყოველ თვეში გვპირდებიან ხელფასს მოგცემთო. იმის იმედად, რომ ვმუშაობდით, სესხი ავიღე ბანკიდან, ახლა კი ვეღარ ვიხდი“, – ამბობს თემურ ღვინიაშვილი და ამატებს, – „სამუშაოები ისეთი გამკაცრებული იყო, მთელი დღე უნდა გემუშავა. შესვენების საშაუალებაც არ გვქონდა“.

გაფიცულებს მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა სურდათ, თუმცა, ამ დღეს მათთან არავინ მივიდა. 3 მაისს, სამუშაოების შემსრულებელ კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალთან“, რომელსაც 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის ტენდერი 8.752.530 ლარით აქვს მოგებული, დაკავშირება ვერც „სამხრეთის კარიბჭემ“ შეძლო. ხელმძღვანელობაში ჯერ არ პასუხობდნენ, შემდეგ კი გათიშეს ყველა ის ნომერი, რომელიც მოვიპოვეთ.

ამ დღეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ყველა ხარჯისათვის თანხა უკვე ჩარიცხული აქვს და მუშებთან პრობლემა მას უნდა მოეგვარებინა.

მუშების პროტესტი

მუშებმა მუშაობა არც მეორე დღეს, 4 მაისს განაახლეს. ამ დღეს ისინი პროტესტის ნიშნად არ შეკრებილან, მაგრამ, ადგილზე არავინ გამოცხადდა და მთელი დღის განმავლობაში გაჩერებული იყო სამშენებლო ტექნიკაც.

4 მაისს, დღის ბოლოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანებას კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალი“ მომავალი კვირის ბოლომდე აუნაზღაურებდა: „კომპანიისგან ამის პირობა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მიიღო. პროცესი მუდმივი მონიტორინგის ქვეშაა და პრობლემას კონტრაქტორი კომპანია უახლოეს დღეებში გადაჭრის“.

მიუხედავად ამ განცხადებისა, სამუშაოები არც მესამე დღეს, 5 მაისს გაგრძელდა. ამ დღეს სამუშაოებზე დასაქმებულები ისევ შეიკრიბნენ და ისევ კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა მოითხოვეს. მალე გაირკვა კიდეც, რომ გაფიცულებთან შეხვედრას „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალისა“ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები აპირებდნენ.

შეხვედრა თავდაპირველად სოფელ ფარეხას მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გამართულიყო, იქ სადაც პროტესტის ნიშნად მუშები იყვნენ შეკრებილი. თუმცა, კომპანიის წარმომადგენლებმა ჟურნალისტების თანდასწრებით შეხვედრაზე უარი თქვეს. ადგილზე შეკრებილმა მუშებმა კი ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვეს.

„იციან, რომ აქ ხართ. ახლა დამირეკეს და მითხრეს, რომ არ მოვლენ, ვიდრე თქვენ არ წახვალთ“, –გვითხრა ერთ–ერთმა მუშამ.
„სამხრეთის კარიბჭე“ იძულებული გახდა, ტერიტორია დაეტოვებინა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში შეხვედრის ჩაშლის საშიშროება არსებობდა.

მუშების პროტესტი

ამის შემდეგ, მოლაპარაკება შედგა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მუშები მშენებლობას განაახლებენ, კომპანია კი დავალიანებას დაფარავს.

„გვითხრეს, რომ დოკუმენტებში ხარვეზები ჰქონდათ და აქამდე ვერ გვირიცხავდნენ. დაგვპირდნენ, რომ 17 მაისს აუცილებლად ჩაგვირიცხავენ. დაველოდებით, თუ დანაპირებს არ შეასრულებენ, ისევ შევაჩერებთ, სამუშაოებს“, – ამბობს ერთ–ერთი დასაქმებული თემურ ინასარიძე.

სამშენებლო კომპანია „ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალის“ წარმომადგენელმა გიორგი წერეთელმა, რომელიც ჩვენს ზარებს ორი დღის განმავლობაში არ პასუხობდა, ამ დღეს განაცხადა, რომ პრობლემა მოგვარდა. კითხვაზე, რატომ არ ურიცხავდა კომპანია მუშებს კუთვნილ ხელფასს, – წერეთელმა არ გვიპასუხა: „დავპირდით და დათქმულ დროს ისინი კუთვნილ ხელფასებს მიიღებენ. სხვა დეტალებზე ჩვენ მათ უკვე ვესაუბრეთ და სამუშაოებსაც გააგრძელებენ“.

ბათუმი–ახალციხის საავტომობილო გზის 8,5 კმ–იანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი 2016 წლის 16 იანვარს, 8.752.530 ლარზე გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებული შპს სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო "ჩელიაბინსკ ტრანსსიგნალის” საქართველოს ფილიალი გახდა. 8.5 კმ–იან მონაკვეთზე შესასრულებელი სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ 500 ათასი ლარით განისაზღვრა. სამუშაოები გასული წლის გაზაფხულზე დაიწყო. მშენებლობის დასრულებამდე ერთი კილომეტრის რეაბილიტაციაა დარჩენილი.


მუშების პროტესტი

ბათუმისა და ახალციხის დამაკავშირებელი ორი საავტომობილო გზა არსებობს. ბათუმიდან ხაშურის გავლით, ახალციხემდე დაახლოებით 320 კილომეტრია, რომლის დაფარვას ავტომობილით 6 საათი სჭირდება. ორჯერ მცირეა მანძილი ბათუმიდან ახალციხემდე გოდერძის უღელტეხილის გავლით. რეაბილიტაცია სწორედ ამ გზას უტარდება, თუმცა, არა მთლიან მონაკვეთს. Google.ge/map-ის მიხედვით, ახალციხე–ბათუმის საავტომობილო გზის მთლიანი სიგრძე 161 კილომეტრია, სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შეკეთდა გზის მონაკვეთი 150კმ-დან და 159კმ-ზე. ფაქტობრივად, საუბარია ეგრეთ წოდებულ, ფარეხის გზაზე, რომელიც იწყება ახალციხის გასასვლელიდან, რკინიგზის გადასასვლელიდან და მოიცავს მცირე მონაკვეთს ადიგენის ტერიტორიაზე.



მუშების პროტესტი


[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


18.11.2017 ახალციხეში ჰუმანური პედაგოგიკის ცენტრის წარმომადგენლები პედაგოგებს ხვდებიან

06.11.2017 გარემონტებულ პირველ სკოლაში შესაძლოა ანსამბლი "მესხეთი" ვეღარ დაბრუნდეს

06.11.2017 პირველ სკოლაში ინვენტარის შეტანა დაიწყეს

06.11.2017 ეროვნული გამოცდების ტესტებში ცვლილებები შევიდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.11.2017 ჰაკატონი “ინოვაცია ონლაინ მედიაში”

17.11.2017 შშმ მოსწავლეებმა სპექტაკლი „კონკია“ დადგეს

16.11.2017 „სამხრეთის კარიბჭემ“ სახალხო დამცველის ჯილდო მიიღო

15.11.2017 ახალციხეში რეპატრირებული მესხების შესახებ ფილმი აჩვენეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

26.05.2017 ისტორიული სოფელი ცხრა კომლით [Video]

27.04.2017 სოფელი სარო ახალი სიცოცხლის მოლოდინში [Photo/Video]

25.04.2017 სოფელ საროში 30–ოჯახიდან 5 ისევ მესხურ ოდაში ცხოვრობს [Video]

მსგავს თემაზე

ბათუმი-ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშები პროტესტს აგრძელებენ
ბათუმი–ახალციხის გზის მშენებლობაზე დასაქმებულები ამბობენ, რომ ხელფასს არ აძლევენ
ბათუმი–ახალციხის გზის რეაბილიტაციაზე დასაქმებულები პროტესტს წყვეტენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს სახელფასო დავალიანება აუნაზღაურეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებული მუშები დღეს ორი საათით გაიფიცნენ
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულებს დავალიანება ისევ ნაწილობრივ მისცეს
ბათუმი–ახალციხის გზაზე დასაქმებულები: „ხვალიდან გავიფიცებით“