FM97.5 / LIVE

’’ტურისტული სასწაული’’ მესხეთში

მთავარისაზოგადოება » მოქალაქე ჟურნალისტები 09.05.2012
ახალციხეში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულების შემდეგ, აღდგენითი სამუშაოები კურორტ აბასთუმანში დაიწყება. ახალციხე საქართველოს მთავარი ისტორიული ტურისტული ცენტრი, აბასთუმანი კი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი უნდა გახდეს, - ამის შესახებ მესხეთში სტუმრად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა.

’’ტურისტული სასწაული’’ მესხეთში

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ახალციხესა და აბასთუმანს ესტუმრა. რაბათში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები პრეზიდენტმა ეკონომიკის მინისტრთან და არქიტექტორთან ერთად დაათვალიერა და განაცხადა, რომ ახალციხე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ტურისტული ქალაქი იქნება, რომლის კონკურენტად შეიძლება მხოლოდ რამდენიმე ქალაქი დასახელდეს.

- "ახალციხე იქნება მთავარი ისტორიული ტურისტული ცენტრი საქართველოში, ყოველგვარი კონკურენციის გარეშე. ამის კონკურენტია იტალიასა და ესპანეთში ერთი-ორი ადგილი და შეიძლება ჩრდილოეთ აფრიკაში ერთი ადგილი. ჩვენ კიდევ არ გვაქვს გაცნობიერებული, რა მასშტაბის ტურისტული სასწაული კეთდება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ტურისტული სასწაული", როგორც პრეზიდენტმა რაბათში მიმდინარე სამუშაოებს უწოდა, 7 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს. ქალაქ ახალციხეში ისტორიული ძეგლის რაბათის უბნის სარეკონსტრუქციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომელისთვისაც ცენტრალური ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 30 მილიონი ლარი, გასული წლის მაისში დაიწყო. სამუშაოებზე ათასამდე ადამიანია დასაქმებული და ასობით ხელშეკრულებაა გაფორმებული. საწყის ეტაპზე კომპანიებს ტენდერის საშუალებით არჩევდნენ, თუმცა, მას შემდეგ რაც, რაბათის ციხე ისტორიულ ძეგლად გამოცხადდა, ახალი სამშენებლო კომპანიები პირდაპირი მოლაპარაკებების წესით ირჩევა.
ახალციხის ისტორია მე-9 საუკუნიდან, სწორედ რაბათიდან იწყება. მე-13-მე-14 საუკუნეების მიჯნიდან ქალაქი სამცხის მთავარი რეზიდენცია ხდება. 1590 წლიდან სამხრეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში ექცევა და ახალციხის ფაშად გამაჰმადიანებული ათაბაგები ინიშნებიან. ერთ-ერთი მათგანი ციხეში მეჩეთსაც აშენებს. მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ახალციხის საფაშოს შეერთებით რუსეთის ხელისუფლება ინტერესდება და 1829 წელს, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით, ახალციხის საფაშოს ნაწილი რუსეთს გადაეცემა. ამ ისტორიიდან გამომდინარეა ის, რომ რაბათის ციხის ტერიტორიაზე, დღემდე გვეხვდება ქართული, თურქული და რუსული არქიტექტურის ნიმუშები. ბევრი, მიწაში დამალული, ძეგლი აღმოაჩინეს სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგადაც.

2007 წელს ქალაქის უძველეს, ისტორიულ უბანს "ტოლერანტობის სიმბოლო" უწოდეს. იმავე წლის დასაწყისში დასახლების შესასვლელში სახელწოდების აღმნიშვნელი ბილბორდიც გაჩნდა. "რაბათი - ტოლერანტობის სიმბოლო" - ქართულ და ინგლისურ ენებზე ეწერა ხიდზე გაკეთებულ ბილბორდზე და იქვე იდგა სარეკლამო დაფა, სადაც რაბათში არსებული ისტორიული და რელიგიური ძეგლები იყო გამოსახული. წარწერას ადგილობრივები არაერთგვაროვნად შეხვდნენ, ნაწილი აცხადებდა, რომ ტოლერანტობის სიმბოლოდ მთელი ქალაქი ითვლებოდა და არა მისი ერთი უბანი. გარდა ამისა, რაბათს - უძველესი ისტორიული უბნის სტატუსი უფრო შეესაბამებოდა, ვიდრე ტოლერანტობის სიმბოლოსი. გაღიზიანებას ისიც იწვევდა, რომ მაშინ უბანში მოშლილი ინფრასტრუქტურა და არაერთი სოციალური პრობლემა იყო.

რაბათის შესასვლელში არსებულ ბილბორდზე, რომლისთვისაც 7 200 ლარი დაიხარჯა, ახლა აღარაფერი ჩანს. ფერგადასულ წარწერას არა, მაგრამ „ტოლერანტობის სიმბოლოდ“ წოდებულ ახალციხის უძველეს უბანს, მალე ისტორიული იერსახე დაუბრუნდება. თუმცა, არა მხოლოდ… ტერიტორიაზე ახალი, თანამედროვე შენობა-ნაგებობებიც გაჩნდება და რაბათი მთავარი ტურისტული ცენტრი გახდება.

ადგილობრივი ხელისუფლება ტურისტებისა და დამთვალიერებლების პირველ ნაკადს უკვე აგვისტოში ელოდება, ამ დროისთვის იგეგმება გრანდიოზული მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულება.

აგვისტოს ბოლოს უკვე აღდგენილ-რესტავრირებული უნდა იყოს: მართლმადიდებლური ტაძარი, ჯაყელების სასახლე, ახალციხის მეჩეთი, მინარეთი, მედრესე, უძველესი აბანოები და ციტადელი, სადაც მაღალი დონის შეხვედრებისთვის სპეციალური დარბაზი და ოთხი აუზი განთავსდება და მოზაიკით მოპირკეთდება. აგვისტოს ბოლოსვე უნდა შეძლონ სტუმრებმა გასეირნება ციხის გარშემო შემოვლებულ ორი მეტრის სისქის გალავანზე, სადაც სასეირნო ბილიკები იქნება.

უნდა დასრულდეს ამფითეატრის მშენებლობა და მოეწყოს შადრევნები, კაფე-რესტორნები, ღია აუზები და სავაჭრო დახლები. შემოდგომის დამდეგს ახალდაქორწინებული წყვილები ხელის მოწერას რაბათში მოწყობილ ქორწინების სასახლეში შეძლებენ და სიყვარულის ხეივანში გაისეირნებენ. სტუმრებისა და ტურისტებისთვის რაბათში ოთხვარსკვლავიანი სასტუმროც შენდება, რომელსაც პრეზიდენტმა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმრო უწოდა.

რაბათში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში დასახლების ორ მთავარ ქუჩაზე ქვაფენილი უნდა დაიგოს. რესტავრაცია უტარდება დასახლების 36 სახლსაც. აღსანიშნავია, რომ რაბათის ცენტრალური ქუჩისთვის ქვაფენილი სიახლე არ არის. უძველესი ქვაფენილი ასფალტით რამდენიმე წლის წინ, იმ მოტივით გადაიფარა, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს მის აღსადგენად და მოსავლელად საჭირო სოლიდური სახსრები არ ჰქონდა.

რაბათში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, გრანდიოზული რეაბილიტაცია კურორტ აბასთუმანში დაიწყება. პრეზიდენტის განცხადებით, გერმანელი არქიტექტორების მიერ აშენებულმა კურორტმა, სადაც არაერთი ისტორიული, უნიკალური შენობაა, დაკარგული იერსახე და ფუნქცია უნდა დაიბრუნოს და საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი გახდეს: ’’ აქ კურორტების ქსელი იქმნება, რომელიც ბაკურიანით იწყება, შემდეგ მოდის ბორჯომი, ახალციხის სასწაული, თავისი შემოგარენით (ვარძია, საფარა, აწყურის ციხე და, რა თქმა უნდა, რაბათი, რომელიც ჩვენი ტურისტული ინდუსტრიის და ისტორიული მემკვიდრეობის გვირგვინია). შემდეგ გადმოვდივართ აბასთუმანში, სადაც უკვე გავაკეთეთ გზა. აბასთუმნიდან ასევე კეთილმოწყობილი გზით გადავდივართ საირმეში და ბაღდადის გავლით - ქუთაისსა და წყალტუბოში. აბასთუმანი ყველაფრის ცენტრშია. შედეგად ვიღებთ მსოლიფოში ყველაზე საინტერესო სპა კურორტების ქსელს’’.

აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი წლიდან დაიწყება. პრეზიდენტის დავალებით, წელს არქიტექტორებმა მისი შესწავლა-დაგეგმარება უნდა დაიწყონ. 2015 წლამდე, მოდერნიზაციის გეგმის ფარგლებში გათვალისწინებული ყველა პროექტი უნდა დასრულდეს. პირვანდელი სახით უნდა აღდგეს მე-19 საუკუნის შენობები და ძველი სანატორიუმები. აღდგენას დაექვემდებარება რომანოვების სასახლეში მდებარე აბასთუმნის დედათა მონასტერიც, რომელიც 2008 წლის 12 მარტს ნაწილობრივ დაიწვა. ისტორიული შენობა მე-19 საუკუნის ბოლოს ხის მასალისაგან აშენდა. შენობის უნიკალურობას ხაზს ისიც უსვამს, რომ მის აგებისას ლურსმანი გამოყენებული არ ყოფილა. აქ თავის დროზე სამეფო რეზიდენცია იყო.

ქვეყნის პირველი პირის დასახვედრად ახლომდებარე სოფლებიდან მოსულ მოსახლეობას და კურორტის მკვიდრებს პრეზიდენტმა მცირე ბიზნესების წამოწყებისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ მსგავსი პროექტები სამუშაო ადგილების გაჩენასაც გულისხმობს, სადაც ძირითადად ადგილობრივები საქმდებიან.

ზღვის დონიდან 1250 -1450 მეტრის სიმაღლეზე მდებარე კურორტის აღდგენას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერატორის და მისი ოჯახის დასასვენებლი ადგილი იყო და ’’კავკასიის მარგალიტს” უწოდებდნენ, ადგილობრივები წლებია ელოდნენ. სეზონზე ბინების გაქირავება უმრავლესობისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო კი ბოლო წლებში დამსვენებლების რაოდენობა თანდათან კლებულობს.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსგავსი პროექტები რეგიონს სიღარიბიდან ამოიყვანს. "ყველაზე ღარიბი ხალხი ცხოვრობდა აქ და დღესაც ცხოვრობს აქ. ეს არის ამ ხალხის ამოყვანა სიღარიბიდან, ორთქლმავლით. დაჭისრდება ხუთი, ექვსი, ათი წელი, რომ ბოლომდე გადავიდეს, მაგრამ გადავა", - განაცხადა პრეზიდენტმა მესხეთში ვიზიტისას.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


30.06.2020 საფეხური: როგორ ჩატარდება ეროვნული გამოცდები [აუდიო]

27.06.2020 აბიტურიენტებს საგამოცდო ბარათის ამობეჭდვა დღეიდან შეუძლიათ

26.06.2020 სამცხე–ჯავახეთიდან აბიტურიენტები სომხეთში წასვლას შეძლებენ – სომხური მედია

26.06.2020 სომეხი აბიტურიენტები ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად ერევანში ვერ მიდიან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.07.2020 პოლიციელებს ხელფასი 125 ლარით გაეზარდათ

01.07.2020 70 წელს ზემოთ პენსიონერებისთვის პენსია 30 ლარით იზრდება

01.07.2020 შშმ პირებს პენსია 30 ლარით ეზრდებათ

30.06.2020 სარო – დევების სამფლობელო

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

შეწყვეტილი რეაბილიტაცია თუ ფუჭი დაპირება [Photo]
გაცოცხლებული ისტორია რაბათში
ახალციხის ციხეში შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს პრეზიდენტმა მიმართა
რაბათში აბანოების რესტავრაციისთვის სპეციალისტებს თურქეთიდან მოიწვევენ
რაბათში ისტორიული აბანოების გაწმენდითი სამუშაოები დასრულდა
ინფრასტრუქტურის მინისტრმა აბასთუმანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა
ტოლერანტობის სიმბოლოდ წოდებული რაბათის უბანი ტოლერანტობის ფესტივალს მასპინძლობს [Photo]