![ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo] ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]](/uploads/posts/2017-04/1491591270_mesxeti_001.jpg)
„დამწვარი სახურავი გავწმინდეთ, მასალები ვიყიდეთ, მალე გადახურვას დავიწყებთ“, – გვეუბნება მესხეთის ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისგან ერთ–ერთი დაზარალებული თამარ გოგოლაძე.
თამარი ერთ–ერთია იმ სამი ოჯახიდან, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ. მესხეთის ქუჩის N27, N25 და N23–ში, სეთურიძეების, ასპანიძეებისა და ბერიძეების, გვერდიგვერდ მდებარე სახლებს, ცეცხლი 21 მარტს, გვიან ღამით მოედო. ხანძარი ჯერ N27 სახლის სახურავს გაუჩნდა და ქარის გამო, მალევე, მეზობელ სახლებზე გადავიდა. სამი, გვერიგვერდ მდგომი სახლიდან, განსაკუთრებით ორი, N27 და N25 სახლები დაზარალდა. სამივე სახლი ჩარეცხა წყალმა და სამივე სახლში დაზიანდა ავეჯი.
მერიამ ზარალი შეისწავლა და განაცხადა, რომ თითოეულ ოჯახს დაახლოებით 2500 ლარამდე ოდენობის თანხით დაეხმარებოდნენ. მომხდარიდან სამი კვირის შემდეგ, დაზარალებულებს არცერთი თეთრი არ მიუღიათ. ამიტომ, სახლების შეკეთებაც მხოლოდ მათ დაიწყეს, ვინც ამის სახსრები თავად გამოძებნა.
ასპანიძეების მსგავსად, დამწვარი სახლი ნამწვებისაგან უკვე გაწმინდეს მათ გვერდით მცხოვრებმა სეთურიძეებმაც. თუმცა, იმის გამო, რომ საკმარისი თანხა არ აქვთ, სახლის შეკეთებას ჯერ ვერ ახერხებენ: „ვფიქრობდით, მაღაზიიდან მასალა ვალით აგვეღო და მერე გადავუხდიდით, მაგრამ, არ გვაძლევენ, ახლა მერიის დახმარებას ველოდებით“.
ახალციხის მერიაში აცხადებენ, რომ მესხეთის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თანხა უახლოეს დღეებში დაერიცხებათ: „მხოლოდ რამდენიმე დოკუმენტი დარჩა მოსაწესრიგებელი“.
მესხეთის ქუჩისაგან განსხვავებით, დამწვარი სახლის შეკეთება ჯერ არ დაუწყიათ 2 აპრილს, კოსტავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისგან დაზარალებულებს. მამუკაშვილები სახლს დამწვარი სახურავისა და ხის კოჭებისგან ახლა ასუფთავებენ. მათი თქმით, მერიიდან, ზარალის შემსწავლელი კომისიიდან უკვე იყვნენ და ზარალიც დაითვალეს, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება რა თანხით დაეხმარებათ, არავის უთქვამს.
„იყვნენ მოსული, გვითხრეს, რომ დაგვეხმარებიან, ბანკში ანგარიშის გახსნაც მოგვთხოვეს. ჯერ აქაურობას ვასუფთავებთ და როგორც კი მერია ჩაგვირიცხავს თანხას, მასალასაც ვიყიდით“, – გვეუბნება თამარ მამუკაშვილი, რომლის სახლი ხანძრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდა.
როგორც მერიაში განმარტავენ, კოსტავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად მიღებული ზარალის შესწავლა ამ დრომდე მიმდინარეობს და მათაც, სავარაუდოდ, 2500–ლარამდე თანხით დაეხმარებიან.
მერიაში ამბობენ, რომ მამუკაშვილებს, რომლებიც კოსტავას ქუჩაზე გაჩენილი ხანძრისგან ყველაზე მეტად არიან დაზარალებული, 25 კუბურ მეტრ საშეშე მერქანსაც მისცემენ.
შეგახსენებთ, რომ ახალციხეში კოსტავას ქუჩაზე, ხანძარი 2 აპრილს გაჩნდა. მესხეთის ქუჩის მსგავსად, აქაც, ცეცხლი ერთი სახურავიდან მეზობელ სახლებზე გადავიდა, თუმცა, აქ 5 სახლის სახურავი დაიწვა. ჯამში, ორ კვირაში, ხანძრის ორმა შემთხვევამ, რვა ოჯახი აზარალა.
![ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo] ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]](/uploads/posts/2017-04/1491591247_mesxeti_02.jpg)
![ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo] ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]](/uploads/posts/2017-04/1491591227_mesxeti_04.jpg)
![ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo] ნახანძრალი ოჯახები დახმარების მოლოდინში [Photo]](/uploads/posts/2017-04/1491591275_meszeti_01.jpg)
[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]