
სამინისტროს ინფორმაციით, ვარძიის ღრმთისმშობლის მიძინების ტაძარში 2016 წლის 31 ოქტომბერს მომხდარი ხანძრის შედეგად ჭვარტლის ფენით დაიფარა XII საუკუნის კედლის მხატვრობა: "არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საჭირო გახდა ტაძარში ჩატარებულიყო კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები".
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, თბილისის სამხატვრო აკადემიის კონსერვატორ-რესტავრატორების ჯგუფმა (პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი-ნანა კუპრაშვილი,კედლის მხატვრობის კონსერვატორი - ამარილი რავა,კედლის მხატვრობის რესტავრატორ-კონსერვატორები: სალომე ახალაშვილი, ალექსანდრე თოდუა,ელენე თორღვაიძე,ელენე ონაშვილი,ნუცა პაპიაშვილი,ალექსანდრე რუბაშვილი,გვანცა (ტასო) ფოცხიშვილი, საბა ციკოლია, ნანა ხუსკივაძე) ლონდონის კურტოს ინსტიტუტთან თანამშრომლობით ადგილზე მოახდინა მდგომარეობის აღწერა-შეფასება, გაკეთდა სხვადასხვა სახის ტესტები, რის შემდეგაც შემუშავდა მეთოდოლოგია და დაიგეგმა კედლის მხატვრობის გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოები. დაზიანებების შესწავლა და ჭვარტლის ფენისაგან გაწმენდა.
"რთული დაზიანებებიდან გამომდინარე სამუშაოები რამდენიმე ეტაპად დაიგეგმა. ამჟამად სამუშაოების პირველი და მეორე ეტაპი, რომელიც ჭვარტლის ფენის მხატვრობიდან მოცილებაა ნაწილი შესრულებულია და დაგეგმილია გადაუდებელი გაწმენდითი სამუშაოების მომდევნო, მესამე ეტაპი", – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების ცნობით, სამუშაო ჯგუფის მიერ თავდაპირველი შესწავლისას შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით ხდება კედლის მხატვრობის ჭვარტლის ფენის შემცირება/გაწმენდა. ასევე, აღნიშნული გაწმენდითი სამუშაოების მსვლელობისას კეთდება პროცესების დეტალური აღწერა/შეფასება და ფოტოფიქსაცია. ინტერიერში მუდმივად ხდება ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი-რეგულირება.


ვარძიის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ხანძარი 2016 წლის 1–ელ ნოემბერს, ღამით გაჩნდა; მწუხრის ლოცვის შემდეგ, გვიან ღამით, ვარძიაში მცხოვრებ ბერებს ეკლესიაში კვამლი დახვდათ;

ბერების ვარაუდით, სვეტიდან ანთებული სანთელი გადმოვარდა, ცეცხლი ჯერ ხალიჩას, შემდეგ კი ხის მაგიდას მოედო. ეკლესიის კედლის მხატვრობა ჭვარტლით დაიფარა;

იმავე დღიდან ვარძიის ტაძარი ტურისტებისა და მლოცველებისთვის დაიკეტა და პირველადი სამუშაოები დაიწყო – სპეციალისტებმა მხატვრობის მშრალი მეთოდით გაწმენდვა დაიწყეს;

პირველადი სამუშაოები ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდა;

ნახანძრალ ტაძარში სამუშაოები 2017 წლის პირველი მარტიდან განაახლეს;

დაუბრუნდება თუ არა მხატვრობა პირვანდელ სახეს, რესტავრატორებს გადაჭრით თქმა უჭირთ, ვინაიდან სანთლები პარაფინის შემცველობის იყო;

პროკურატურა მომხდარს სსკ–ის 188–ე მუხლით იძიებს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას გულისხმობს. საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის;

ვარძიაში, ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, მე–12 საუკუნეში, თამარ მეფის ბრძანებით აშენდა. ხანძრის დროს ჭვარტლმა, ტაძრის მთელი
მოხატულობა დაფარა. მათ შორის, თამარისა და გიორგი მესამის უნიკალური ფრესკა.
[sknews.ge]