"სამხრეთის კარიბჭე"–FM97.5 / LIVE

ირაკლი მელაშვილი 7 ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევაზე: უკურნებელი პოლიტიკური სენი

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.03.2017
"ქალაქს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საკუთარი შემოსავლები, საკუთარი ქონება, არ აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს საკუთარი განვითარების პრიორიტეტები, ხელგაწვდილი მოუწევს სიარული ნებისმიერი სასიკეთო წამოწყებისათვის აუცილებელი დაფინანსების მოსაპოვებლად".

ირაკლი მელაშვილი 7 ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევაზე: უკურნებელი პოლიტიკური სენი

7 თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის შესაძლო ჩამორთმევაზე, რაზეც რეგიონული განვითარების სამინისტროში მსჯელობის დაწყებას ადასტურებენ, ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი საუბრობს.

მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ახალი ინიციატივა - გავაუქმოთ თვითმმართველობა ქალაქებში. ნაბიჯი, რომელიც არ ჯდება იმ ქვეყნის განვითარების ლოგიკაში, რომელსაც დეკლარირებული აქვს დასავლური ღირებულებები, სწრაფი ეკონომიკური განვითარებისა და ქვეყნის მართვის დასავლური პრინციპების დამკვიდრების სურვილი.

ჯერ კიდევ წინა საუკუნის შუა წლებში ევროპა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა პრინციპზე, რომ განვითარებული თვითმმარველობის გარეშე დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია, იმიტომ, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობას ქვია, თვითმართველობა კი სწორედ ის რგოლია, სადაც ადგილობრივი პრობლემების გადაჭრაში საზოგადოების ჩართულობის ყველაზე მეტი ხარისხი მიიღწევა.

დასავლეთის სამყაროში, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული, არც ერთი სერიოზული პოლიტიკოსი თუ საზოგადო მოღვაწე აღარ კამათობს, რომ ნებისმიერი ეკონომიკურად ჩამორჩენილი ქვეყნის განვითარებაში ლოკომოტივის ფუნქცია სწორედ ურბანულ ცენტრებს აკისრიათ.

რას ნიშნავს ქალაქი, რომელსაც არ აქვს თვითმმართველობა? მას არ ჰყავს არჩევითი მმართველობა, ანუ ქალაქის მერს მოსახლეობა კი არ ირჩევს, მას მართველს, ადმინისტრაციის უფროსს უნიშნავენ. ასეთ ქალაქს არც თავისი საკრებულო ჰყავს. ის მხოლოდ წარმომადგენელს ირჩევს თემის ორგანოში, შესაბამისად ქალაქის პრობლემების გადაწყვეტით დაკავდებიან არა ამ ქალაქის მოსახლეობის მიერ არჩეული წარმომადგენლები, არამედ ფორმალურად სათემო მუნიციპალიტეტის ორგანოები, რეალურად კი - ცენტრალური ხელისუფლების ჩინოვნიკები. სწორედ მათი გადასაწყვეტი იქნება, თუ რა გაკეთდეს არათვითმმართველ ქალაქში, იმ ჩინოვნიკების, რომელთა დიდ ნაწილს ძალიან ზედაპირული წარმოდგენა ექნება ამ ქალაქის რეალურ პრობლემებზე. არა იმიტომ, რომ ეს ჩინოვნიკები აუცილებლად ცუდი ხალხი და არაპროფესიონალები არიან, არამედ იმიტომ, რომ შეუძლებელია, თბილისში, კაბინეტში მჯდომმა ადამიანმა, ერთნაირად კარგად იცოდეს, რა სჭირდება ზუგდიდს, გორს, ოზურგეთს, თელავს, მცხეთას და ა.შ. შეუძლებელია, მან ეს უფრო კარგად იცოდეს, ვიდრე ზუგდიდელმა, თელაველმა, გორელმა, ოზურგეთელმა, თელაველმა თუ მცხეთელმა.

როცა ურბანულ განვითარებაზე ვსაუბრობთ, ისიც კარგად ესმით ყველგან (საქართველოს გარდა), რომ ქალაქს, რომელსაც არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი, საკუთარი შემოსავლები, საკუთარი ქონება, არ აქვს შესაძლებლობა, განსაზღვროს საკუთარი განვითარების პრიორიტეტები, დაგეგმოს და განახორციელოს ინფრასტრუქტურული თუ ნებისმიერი სხვა ტიპის პროექტები. ასეთ ქალაქს ისევ ხელგაწვდილი მოუწევს სიარული ნებისმიერი სასიკეთო წამოწყებისათვის აუცილებელი დაფინანსების მოსაპოვებლად.

ქალაქებისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევა გამოიწვევს იმას, რომ ქალაქს აღარ ექნება იურიდიული პირის სტატუსი, აღარ ექნება საშუალება, განკარგოს ქონება, დადოს ელემენტარული ხელშეკრულებები, იმუშაოს ინვესტიციების მოსაზიდად, რაც მნიშვნელოვნად შეაფერხებს ქალაქების განვითარებას.

ხშირად გამიგია, რა დროს თვითმმართველობაა, როცა ადგილებზე ასეთი საკადრო პრობლემებიაო. უცნაური ლოგიკაა, რამდენი წელი დასჭირდება ცენტრალურ ხელისუფლებას ერთი მარტივი ჭეშმარიტების გასაგებად _ თუ რეგიონებში არ იქნა კარგად ანაზღაურებადი, საინტერესო და შემოქმედებითი სამუშაო, არც ერთი კვალიფიციური კადრი იქ არ გაჩერდება. რა პატრიოტული მოწოდებებითაც არ უნდა გამოვიდეს მთავრობა, თუკი ნიჭიერ, ენერგიულ და კრეატიული აზროვნების ადამიანს საკუთარი ნიჭის გამოყენების საშუალება რეგიონშივე არ მიეცა, მაშინ ის იქ არ გაჩერდება. ამიტომ, ადგილზე კვალიფიციური კადრების დამაგრება შეუძლებელი იქნება მანამდე, სანამ რეგიონებში არ გაჩნდება შესაბამისი ფუნქციები, სამუშაო, რომლის პირობებიც მაღალკვალიფიციური კადრების მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. ამისათვის თვითმმართველობები კი არ უნდა შეამცირო და მას ფუნქციები კი არ უნდა შეუკვეცო, არამედ პირიქით _ უნდა გაუზარდო.

ისე, ერთიც არის. თუკი კვალიფიციური კადრების არარსებობაა ერთ-ერთი არგუმენტი თვითმმართველი ქალაქების გასაუქმებლად, ალბათ, მაშინ შეგვიძლია ერთი რიტორიკული კითხვაც დავსვათ: რამ უფრო აზარალა ბოლო 20 წლის განმავლობაში ქართული სახელმწიფო _ არაკვალიფიციურმა მერებმა და გამგებლებმა, თუ ასეთივე პრეზიდენტებმა, პრემიერ-მინისტრებმა, მინისტრებმა და ა.შ.? არა მგონია, თუ ამ კითხვას მოსახლეობას დავუსვამთ, მათი უკმაყოფილება მაინცა და მაინც თვითმმართველობისკენ აღმოჩნდეს მიმართული. ჰოდა, ბატონო პარლამენტარებო და მთავრობის წევრებო, თქვენივე ლოგიკით, ხომ არ გვეფიქრა ცენტრალურ ხელისუფლებაში ბევრი თქვენი პოსტისა და თანამდებობის გაუქმებაზე?

დაბოლოს: ევროპასა და ამერიკას რომ თავი გავანებოთ, აგერ 120 წელი გავიდა, რაც ერთმა ბუმბერაზმა კაცმა ეს სიტყვები დაწერა:

„ერთი მითხარით, რა არ მოუცია ღმერთს ჩვენის ბედნიერებისათვის? ყოველისფერი უხვად გვაქვს, მხოლოდ არა გვაქვს ურთიერთშორისი განწყობილება... მეორე-გვარი მმართველობა იგია, საცა მთავრობას ხელთ უპყრია მარტო მთელის სახელმწიფოის საჭიროების საქმენი და ყოველივე სხვა კი საზოგადოებას დაუსაკუთრებია, მერე ასე, რომ ყოველს ნაწილს თავისნი ადგილობრივი საქმენი აქვს ხელშეუვალად მინდობილნი.

ეს საზოგადოების საჭიროების საქმენი, ადგილობრივად განაწილებულნი, განიგებიან უსათუოდ ადგილობრივთა მოხელეთა შემწეობით, რომელთაც ირჩევს თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა საზოგადოება და რომელნიც ამავე საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელნი არიან.
ამგვარს გამგეობას თვითმმართველობას უწოდებენ, რადგანაც ამ შემთხვევაში თითოეული ნაწილი ერთისა და იგივე სახელმწიფოისა თავის საკუთარს საქმეს თვით ჰპატრონობს, თვით უვლის და თვით ჰმართავს.

ერთის სიტყვით, ამგვარის მმართველობის დედა-აზრი იგია, რომ ადგილობრივნი საქმენი თვით ადგილობრივთა მცხოვრებთა განგანიგებოდეს. ამგვარი მმართველობა მეტად ხელს უმართავს ქვეყნის კეთილდღეობასა: ხალხს აფხიზლებს, ხალხს ჭკუასა და გონებას უხსნის, რადგანაც საზოგადო მზრუნველობისათვის ხალისს უღვიძებს და საზოგადო საქმისათვის სწურთნის და ავარჯიშებს.“


ამ კაცის სახელი, რომ გვკითხო, თითოეულ ქართველს პირზე გვაკერია - ილია. ოღონდ ფაქტია, რომ იმ სატკივარის გაგება, რასაც ილია საუკუნეზე მეტი ხნის წინ წერდა, ცოტა ვინმეს თუ უნდა. იმ 25 წლის მანძილზე, რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, ქვეყნის პოლიტიკურ ელიტას (არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიციაა თუ პოზიცია) ილიას სახელი, იუბილისა და სადღეგრძელოს გარდა, არასდროს გახსენებია და, ბუნებრივია, მისი ნააზრების გაზიარებაზე წამითაც არ უფიქრია. მათთვის, ალბათ, ილია მოძველდა", – ამბობს ექსპერტი.

შეგახსენებთ, მთავრობა 12 თვითმმართველი ქალაქიდან შვიდისთვის სტატუსის გაუქმებას ფიქრობს. ეს ქალაქებია: ოზურგეთი, გორი, ამბროლაური, ახალციხე, თელავი და მცხეთა. მიზეზად ხარჯების დაზოგვას ასახელებენ.

გუშინ, 29 მარტს, 120–მა საზოგადოებრივმა და მედიაორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ '7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება, რეფორმის დეკლარირებული პრინციპებიდან გადახვევა და ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯია.

ამ განცხადების პასუხად, რეგიონული განვითარების სამინისტროში მსჯელობის დაწყება დაადასტურეს და ეს რამდენიმე არგუმენტით ახსნეს, მათ შორის იმით, რომ არ მოხდა მოქალაქეთა მეტი ჩართულობა თვითმმართველობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში; არ გაზრდილა მუნიციპალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ასევე, არ გაეზარდათ მუნიციპალიტეტებს საკუთარი შემოსავლები.

ახალციხეში, რომელიც თვითმმართველი ქალაქი 2014 წლის ივლისში გახდა და თემს გამოეყო, ახალ ინიციატივას ძირითადად უარყოფითად აფასებენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


22.04.2017 მოსწავლის ინიციატივა სოფელ დილისკას სკოლისთვის

20.04.2017 განათლების მინისტრი პირველ სკოლაზე:'სამწუხაროდ ხანდახან არაკეთილსინდისიერი კონტრაქორები იმარჯვებენ'

20.04.2017 ალექსანდრე ჯეჯელავა: ’ჩემი სურვილია დამსახურებლ პედაგოგს სქემა ჩამოვხსნათ’

20.04.2017 არაქართულენოვანი პედაგოგები ტრენინგების მშობლიურ ენაზე ჩატარებას ითხოვენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.04.2017 სომეხთა გენოციდის 102–ე წლისთავი ახალქალაქში [Photo]

23.04.2017 ახალციხეში გენოციდის 102–ე წლისთავს აღნიშნავენ [Photo/Video]

23.04.2017 ორშაბათს ახალციხეში ბუნებრივი აირის მიწოდება რამდენიმე საათით შეწყდება

23.04.2017 მაშველებმა გუბერნიის შენობის სახურავს აყრილი სახურავის ნაწილი მოაშორეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.04.2017 მზითევი, ‘უმძრახობის’ ტრადიცია და ცხოვრება მესხურ ოდაში [Photo/Video]

18.04.2017 ქვის ფურნე და ცეცხლზე შემომდგარი თუჯის ქვაბი – მესხების სააღდგომო მზადება [Video]

14.04.2017 'ხმა სოფლიდან':ოლესია პერევერზევი ნინოწმინდიდან [Audio]

10.04.2017 ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი თოკი [Video]

მსგავს თემაზე

პარლამენტის თავმჯდომარე 7 ქალაქისთვის სტატუსის გაუქმებაზე: დღეს ამაზე  პოზიცია ვერ მექნება
არასამთავრობოები: 7 ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება დემოკრატიის სტანდარტს შეამცირებს
კვირის აქცენტი: რისთვის სჭირდება ახალციხეს ქალაქის სტატუსი [Video]
რას მოუტანს ახალციხეს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი?
პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების იდეას არ ეთანხმება
რეგიონული განვითარების სამინისტრო: 7 მუნიციპალიტეტის გაყოფამ არ გაამართლა
ახალციხე თვითმმართველი ქალაქი ხდება