FM97.5 / LIVE

აწყურში წვიმის და დაღამების ეშინიათ

მთავარიეკონომიკა 14.02.2013
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში რვა ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. მეწყერის შედეგად დაზარალებულებს მხოლოდ სამი თვის ქირა გადაუხადეს. დაზარალებულები კომპენსაციას ითხოვენ.

აწყურში წვიმის და დაღამების ეშინიათ

რვა ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი

რამდენიმე თვეა გაღმა აწყურში მცხოვრები რვა ოჯახი უსახლკაროდაა დარჩენილი. მათ საცხოვრებელ სახლებს ბზარები პირველად, დაახლოებით, ორი წლის წინ გაუჩნდა. გასული წლის მაისში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კი უფრო შესამჩნევი გახდა და დღითითდღე მატულობდა. მეწყერმა უსახლკაროდ ჯერ სამი ოჯახი დატოვა. ისინი იმავე დასახლებაში ნაქირავებ ბინებში გადავიდნენ. სექტემბერში კიდევ ხუთი სახლი დაინგრა.

”ყველაფერი მიწასთან არის გასწორებული. რვა სული ვართ ოჯახში. 11 თვეა ქირით ვცხოვრობთ, მაგრამ ბზარები აქაც არის და საშიშია ცხოვრება. ერთხელ გამოვასწარით მეწყერს, დავრჩით ცარიელი, ახლა სად წავალთ არ ვიცი, - წუხს აწყურელი მარინა თაბაგარი და ამატებს, რომ ოჯახი შემოსავლის გარეშეა დარჩენილი, არცერთი წევრი არ მუშაობს და ვეღარც მოსავალი მოჰყავთ, - ახლა ამბობენ, რომ აწყურის ციხეს რესტავრაცია უნდა ჩაუტარდეს, მაგრამ იქ ხალხს არ მივუშვებთ. ჩვენ აქ სახლ-კარი არ გავქვს, კეთილი ინებონ, ჯერ ჩვენ დაგვეხმარონ და მერე მიხედონ იმ ციხეს. ”რაბათს” რომ აშენებდნენ, ღია ცის ქვეშ მაშინ დავრჩით და ჩვენთვის არავის მოუხედავს”.

”ჯერ მოვითხოვთ, რომ აუდიტი და კომისია მოვიდეს”

დაზარალებულები ამბობენ, რომ მთავრობამ მხოლოდ სამი თვის (ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი) ქირის ფული გადაუხადათ. ახლა არანაირ დახმარებას აღარ იღებენ. მათი მოთხოვნაა, ყველა ოჯახს საჭირო რაოდენობის კომპენსაცია დაურიგდეს, რომ სახლის შეძენა ან აშენება შეძლონ. ასევე, მოითხოვენ, რომ სპეციალურმა კომისიამ შეისწავლოს, რა სახის ზარალი მიადგა თითოეულ ოჯახს და კომპენსაციები ისე გასცენ.

”ჯერ მოვითხოვთ, რომ აუდიტი და კომისია მოვიდეს, აღწეროს სად რა მდგომარეობაა და კომპენსაციები იმის მიხედვით გადაგვიხადონ. საკარმიდამო ნაკვეთები დაგვიზიანდა, იმ ხეხილით და კაკლის ხეებით ვცხოვრობდით, იმ ვენახით ტონობით ყურძენი მოგვყავდა. მარტო სახლი ხომ არ არის მთავარი, საარსებო წყარო ხომ გვინდა? - ამბობს აწყურელი იზოლდა თაბაგარი და ამატებს, რომ დაზარალებულ ოჯახებს ახლა აღარც საქონელი ჰყავთ, - ბოსლები დაგვენგრა და მხოლოდ თითო სული საქონელი დავიტოვეთ, სადღა შეგვენახა?”

სოფელ აწყურში 640 კომლი ცხოვრობს, აქედან, გაღმა აწყურში დაახლოებით 120 ოჯახია დასახლებული. ადგილობრივების თქმით, დასახლება მთლიანად მეწყერსაშიშ ზონაშია მოქცეული. განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობა დაახლოებით ერთი კილომეტრის სიგრძეზე და 300 მეტრის სიგანეზეა. სადაც მეწყერის საშიშოება უფრო დიდია. მათი თქმით, როცა წვიმიანი ამინდები დაიწყება, შესაძლოა მეწყერი ისევ ჩამოწვეს და სხვა ოჯახებიც დააზარალოს.

”ბზარები ჩემთანაც არის, მაგრამ ისეთი არა როგორც სხვა სახლებში. ნესტის დროს ძალიან იბზარება. ჩვენ კი არა, ვინც მართლა დაზარალებულები არიან, იმათ არაფერი ეშველათ და ჩვენ რა უნდა გვეშველოს?!” - გვეუბნება აწყურელი ლელა კოჩაძე.

ადგილობრივი ივანე ლაბაძე ამბობს, რომ 20 წელია, რაც სახლი ააშენა, მაგრამ მეწყერმა ბზარები მის სახლსაც გაუჩინა და ოჯახი საცხოვრებლად ნათესავთან გადავიდა.

”სახლში ვერ შევდივარ, მომთაბარე ტომებივით ხან აქეთ ვართ, ხან იქით. სიძესთან გადავედით ქალაქში, მაგრამ აქ საქონელი მყავს, მტკვარში ხომ ვერ გადავყრი, მოვლა ხომ უნდა?! ამის გამო ვრჩები აქ, მაგრამ ეგეც საშიშია. ველოდები კომპენსაციას, არც ქირის ფულს გვაძლევენ, მაგრამ პრობლემა მაგითაც არ მოგვარდება”, - ამბობს ივანე ლაბაძე.

ვაჟა ჩიტაშვილი: ”აუცილებლად დავეხმარებით, უბრალოდ მოსახლეობა ძალიან ჩქარობს”

ადგილობრივების თქმით, ძველი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები საქმის კურსში არიან. ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან, პარლამენტის წევრი ვაჟა ჩიტაშვილი დაზარალებულ მოსახლეობას რამდენჯერმე შეხვდა და დახმარებას დაჰპირდა.

”საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ფინანსთა მინისტრს წერილობით პირველად 2012 წლის ნოემბერში მივმართე, რათა ბიუჯეტში დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის თანხა გაეთვალისწინებინათ. ეს რომ არ მოხერხდა, 2013 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელი ცვლილებების შესახებ კიდევ მივმართე. პარლამენტში სიტყვითაც გამოვედი და ვკითხე, რატომ არ ხდებოდა ჩემს წერილზე პასუხის გაცემა და მოსახლეობის დახმარება. დამპირდნენ, რომ დაეხმარებოდნენ, მაგრამ ერთი თვე გავიდა და არაფერი სჩანს”, - ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ვაჟა ჩიტაშვილი და ამატებს, რომ მიმდინარე კვირიდან პარლამეტში ამ საკითხზე მოლაპარაკებებს ისევ გამართავს და იმედოვნებს, რომ იქიდან დადებითი პასუხით დაბრუნდება, - ეს კვირა იქნება გადამწყვეტი კვირა, ალბათ საბოლოოდ შევჯერდებით. აუცილებლად დავეხმარებით, უბრალოდ მოსახლეობა ძალიან ჩქარობს. თუმცა ეს ის საკითხი არაა, რომ უცებ გამგეობამ ან გუბერნიამ რაღაც თანხა გამოწეროს”.

მისივე თქმით, დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაცია იმ რაოდენობით უნდა გაიცეს, რომ მათ სახლის შეძენა ან აშენება შეძლონ.

”ამისთვის შეიქმნება სპეციალური კომისია, დადგინდება რეალური ფასები, რა ზიანი მიადგა თითოეულ ოჯახს და კომპენსაციები იმის მიხედვით გაიცემა. მანამდე კი ამ ტერიტორიაზე გეოლოგიური ექსპერტიზა ჩატარდა და დადგინდა, რომ მეწყერულ ზონაში ცხოვრება შეუძლებელია და სასწრაფო ევაკუაციაა საჭირო”, - ამბობს ვაჟა ჩიტაშვილი.

ადგილობრივი ხელისუფლების პოზიცია

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამბობენ, რომ სპეციალური კომისია უკვე შექმნილია და დამეწყრილი ოჯახების პრობლემას საბოლოოდ მოაგვარებენ. 12 დაზარალებული ოჯახი ფულად კომპენსაციას მიიღებს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ ხითარიშვილი ამბობს, რომ თითოეულ ოჯახს დაახლოებით 15-დან 20 ათასამდე ლარი სჭირდება.

”ამ ეტაპზე იმ მინიმალურ თანხას ითვლიან, რაც მათ დასახმარებლადაა საჭირო. დღეს 13 ოჯახია დაზარალებული, მაგრამ მთელ ფერდობზე, მცოცავ მიწაზე, გაცილებით მეტი ოჯახია დასახლებული და დღეს თუ არა ხვალ, ისინიც დადგებიან მსგავსი პრობლემის წინაშე”, - ამბობს ბესიკ ხითარიშვილი.

რა არჩევანს სთავაზობდნენ ადგილობრივებს

აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თქმით, დაზარალებულმა მოსახლეობამ ალტერნატიული ფართის ნაცვლად, თანხის მიღება თავად გადაწყვიტა.

”იყო შეთავაზებები, რომ აწყურში ყოფილი სასაზღვრო ჯარის ბინაში შესულიყვნენ, მაგრამ ამაზე უარი თქვეს, რადგან სოფლის მოსახლეობაა და საქონლის სადგომი უნდათ, ბოსტანი, ხეივანი და ასე შემდეგ. ასევე იყო შეთავაზება კახეთსა და ნინოწმინდაში გადასახლებაზე, რომელიც ამ ეტაპზეც განიხილება, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ეს ხალხი კომპენსაციას ითხოვს. ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, რომ ამ 12 ოჯახს პრობლემა მოუგვარდეს, - ამბობს აწყურის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული შუქრი გოგოლაძე და ამატებს, რომ შესაბამის სამსახურებში დოკუმენტაცია უკვე გადაგზავნილია, - კომისიას ნაწილობრივ შესწავლილი აქვს, დასკვნა დადებულია, დღე-დღეზე ველოდებით პასუხს”.

ვიდრე კომპენსაციების ამბავი გაირკვევა, დამეწყრილ ზონაში ახალ-ახალი ბზარები ყოველდღიურად ჩნდება. ჯერაც იქ მცხოვრები მოსახლეობა საკუთარ სახლში ღამეს შიშით ათენებს. უსახლკაროდ დარჩენილი და ქირით გასული ოჯხები კი ყოველ თვე ქირის ფულს ეძებენ და იმ იმედით ცხოვრობენ, რომ დაპირებულ კომპენსაციას მალე მიიღებენ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

13.10.2020 საფეხური: მესხეთის თეატრი – პანდემიისგან შექმნილი პრობლემები და სამომავლო გეგმები [აუდიო]

12.10.2020 ჭეჭლასა და დიდ ზანავში სწავლა საკლასო ოთახებში განახლდა

12.10.2020 ახალციხის ბაღებში სწავლა განახლდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

20.10.2020 ისრაელის ელჩი სამცხე-ჯავახეთის ტურისტულ ადგილებს მოინახულებს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აწყურში მეწყერისგან დაზარალებულები  კონპენსაციას მიიღებენ
დამეწყრილ აწყურში მცხოვრები მოსახლეობა დახმარებას დღემდე ელოდება
დამეწყრილ აწყურში უსახლკაროდ დარჩენილები  გადასახლებაზე უარს აცხადებენ
აწყურის დამეწყრილ ოჯახებს გასული სამი თვის ქირას არ გადაუხდიან
დამეწყრილი აწყურის პრობლემით ”ერთსულოვნება” დაინტერესდა
დამეწყრილი აწყური
აწყურში მეწყერით დაზარალებული რვა ოჯახი დევნილთა სამინისტროსგან დაფინანსებას ელოდება